„მინდა გავცდე ოთხივე სეზონს...“
21 ივლისი, 2016
0
print

ნანა ლომიძე

მეხუთე სეზონი სხვა განზომილებაა და აქვე არსებობს პარალელურ რეჟიმში. სახლი გამჭვირვალეა. მინის მიღმაც მთებია. ის, რომ აქ უნდა დავიძინოთ, ცოტა სიზმარივითაა, სუნთქვა გეკვრის რაღაცის მოლოდინში. რვანი ვართ. მეგზურს გამოვყევით. მეგზური კი ერთ-ერთი იმ სამთაგანია შიშველი ხელებით რომ...

სახლის აშენება მთაში დღეს არავის უკვირს. შესაძლოა, ეს ძალიან კომფორტულიც იყოს, თანამედროვე სტანდარტებით, მაგრამ არ ჰქონდეს ის, რაც “თვალისთვის უხილავია”. მერე ვიგებ, რომ თურმე ეს სახლი, რომელიც ყაზბეგის რაიონში, სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2 360 მეტრზეა, (სასტუმრო, ”მეხუთე სეზონი”) ხელით არის ნაშენი, იმ ქვებით, რაც იქ არის ჯუთაში მიმობნეული. ქვებს თვეობით, სათითაოდ ეზიდებოდნენ და სულ თავდებოდა - ხელით თხრიდნენ, მიწიდან იღებდნენ. მარხილი ზევით ვერ ავიდოდა, ერთი კაცი ზემოდან ყრიდა, შემდეგ ხელის მარხილით ეზიდებოდნენ იმ ადგილამდე, მერე ცხენზე გადადიოდა საქმე. თბილისიდან სამანქანო გზა მხოლოდ სოფლამდე მიდის, ჯუთამდე. აქედან ერთი კილომეტრია ფეხით, აღმართი. ფანჯრის მინები, სახურავი, უნიტაზიც კი ხელით აიტანეს, დანარჩენი ფუეგოს ამოქონდა, ცხენს. თითქმის ყველაფერს კიდებდნენ, რაც შეეძლო რომ წამოეღო - ცემენტი, რკინები, ხის მასალა... ფუეგოც გავიცანი, ესპანურად ცეცხლს ნიშნავს თურმე - მოწითალო ფერის ფუეგო. სამი წლის იყო როცა მოიყვანეს.

გაზი, დენი, წყალი - ყველაფერი მიწაშია გაყვანილი. ეს არის დაახლოებით 800 მეტრი სოფლიდან და ყველაფერი ცალ-ცალკე გათხარეს, რომ ბუნებას ზედმეტად არ შეხებოდნენ. სამი კაცი მუშაობდა (გელა, მამა და შავლეგო) არ იყო საშუალება რომ მუშა ხელი დაექირავებინათ. ეს იყო ადამიანურ საზღვრებს მიღმა გადასული შრომა. გარდა ამისა, ეს ფინანსურადაც რთულად განსახორციელებელი იყო... მაგრამ, შეგნებულად იყო ეს რთული გზა არჩეული. ეს სახლი სამი კაცის შექმნილია შიშველი ხელებით... სწორედ ამიტომ მომნუსხა - სახლი, რომელიც თითქოს დგას და თითქოს არცა დგას, იმდენად იქაურია, იმ ყველაფრის გამტარია. ამ სახლის პატრონი გელა არაბულია. “პოეზიაში გავიზარდე. ჩემს ოჯახში არც ერთი დღე არ გასულა, რომ არ ყოფილიყო საუბარი პოეზიაზე, ლექსზე, ზოგადად სიტყვაზე, ან რაღაც გამორჩეულ თქმაზე. ბიძაჩემი პოეტია, სულ პოეზიასთან გვქონდა შეხება. ვაჟა ფაველა პირველი დიდი წიგნი იყო, რაც წავიკითხე და რაც შემოვიდა ჩემში. ხევსურები და პოეზია თითქმის ერთმანეთში გადახლართული ამბავია. ხევსური პოეზიის გარეშე არ არსებობს.”

არ აქტიურობს, არ იბეჭდება, ლექსების პატარა კრებულიც კი არა აქვს გამოცემული. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის თავის პოეზიასთან ერთად დაიბადა, იცხოვრა და ერთხელაც - ‘’...რაღაც ეტაპზე რომ ვეღარ ამოვისუნთქე , ბოლოს ჩემდაუნებურად რაღაც დავწერე და ამოვისუნთქე. ვთქვი, რომ ეს აუცილებლობა იყო ჩემთვის. სხვანაირად არ შემეძლო, თორემ ისე, ლექსი მომინდეს - ასე ვერ დავწერ. შიგნით აფეთქება უნდა მოხდეს, რომელიც გადმოიღვრება და წამოვა. ისე უნდა მოვიდეს, რომ თავი ვერ შეგაკავებინოს, და ჯობია საერთოდ არ დაწერო, თუ შეგიძლია ამის შეკავება.”

“აფეთქებები როდის ხდება?”,

“მაგას ვერ განსაზღვრავ, აფეთქებები თავისით მოდის და მაგას ვერ გააჩერებ... იმიტომ, რომ შეიძლება ელიავას ბაზრობაზეც დაწერო ლექსი და შეიძლება ჯუთაში ვერ დაწერო. თითქმის არც ერთი ლექსი არ მაქვს ჯუთაში დაწერილი. იქაურობა უკვე პოეზიაა, იქ თვითონ ლექსში ვცხოვრობ შიგნით’’. 

გელა არაბული თბილისში ჩავწერე, ახლობელთან აივანზე ვისხედით და ვსაუბრობდით. იქ, ზემოთ ვერ მოვიხელთე, სულ რაღაცის კეთებაში და ამბავში იყო, თანაც მისი ტემპო-რიტმი სწრაფზე ოდნავ უფრო სწრაფია. მთაში სიარული უყვარს, ხეტიალი, თუმცა მთამსვლელი არასოდეს იქნებოდა. “იმათზე ფეხის დადგმა მაინცდამაინც არ არის ჩემი მიზანიო.” “მთებზე ავიდე, დავდგე და რაღაც გამარჯვების შეგრძნება მქონდეს, ალოგიკურია ეს ჩემთვის იმიტომ, რომ არასოდეს არ მინდა იმაზე გავიმარჯვო, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.’’

“გასაქცევი ადგილი?”

”არ გავრბივარ აქედან, გასაქცევად არ მივდივარ, არ მიყვარს არაფრისგან გაქცევა, არსად არ გავრბივარ, უბრალოდ რაღაცები ამომდის ყელში. ამდენი ნეგატივია ირგვლივ და არავის აქვს სურვილი, რომ ეს ნეგატივი უბრალოდ თქვას და დამთავრდეს ეს იქნებ როგორმე. ამიტომაც, კარგი საშუალებაა მთაში ხეტიალი, ცხოვრებაც, ბუნებასთან რაც უფრო ახლოს ხარ, უფრო ხვდები რამდენად მრავლფეროვანი შეიძლება იყოს შენი ცხოვრება და რამდენად ერთფეროვნად ხარჯავ ამ დროს, როცა ხარ გამოკეტილი ამ ბეტონის კონსტრუქციებში და სულ ყველაფერი ირგვლივ ისეა შეკრული შენს გარშემო, რომ ერთ ნაბიჯსაც არ გადგმევინებს განსხვავებულად. მთაში მეტი თავისუფლებაა, აქ ისიც კი დაგეგმილია, საიდან უნდა შემოვიდეს ნიავი. იქ ასე არაა, იქაურობას ეს არ გააჩნია.”

იქ წასვლის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თითქოს რაღაც ენერგეტიკული წრე შეიკრა, თითქოს დავიძინეთ და ყველამ ერთი და იგივე სიზმარი ვნახეთ, რომელსაც გამოღვიძებულები იმავე სიზმარში ვუყვებოდით და ვუზიარებდით ერთმანეთს.

“აქ იმდენად კარგია, ასე მგონია რაღაცას ვაშავებთ’’. მართლა ასე იყო. ყოველდღიურობიდან იზოლირებული, ყოფითი მარწუხებისგან გათავისუფლებული, იდუმალი, მისტიური, პოეტური. “ჩემთვის პოეზია უფრო ცხოვრება გახდა, ვიდრე ლექსები, და პოეტურად ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექსების წერა და მათი გამოქვეყნება. შინაგანი მდგომარეობაა პოეზია და არა ლექსები. ლექსები უფრო ზედაპირია ამ ყველაფრის რასაც გამოხატავს ადამიანი, პოეზიაც იმიტომ არსებობს, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უფრო პოეტური გახადოს.”

“ბოლო ლექსი?... ზამთრის სეზონისაა”

“ღამდება,

ცივა,

ჩრდილოეთის ქრიან ქარები,

ჩემი დღეები

თავისთავის იქცნენ ჭამადად.

ჭიუხებიდან სხვა სივრცეში შევიპარები,

თუ უშენობამ ამინდიც არ დამიავადა...

როცა არა ხარ

არ შემოდის

ის,

სხვა,

სეზონიც,

არავის არ ვთვლი

დამნაშავედ

მე რომ ესე ვარ,

ვაგდივარ როგორც სალოცავნი,

უხუცესონი,

და ნისლიც მხოლოდ, დრო და დრო თუ შემომესევა...”

“იმდენად აქტიური ცხოვრება მაქვს, იმდენად მუდმივ ცვლილებებში ვარ, ერთი და იმავე ხასიათის განცდები არ მქონია და კიდევ მინდა ბევრნაირად ვიცხოვრო.”

ბევრგან მუშაობდა, სხვადასხვა ადგილებში. ბანკშიც უმუშავია, უკან მიბრუნების სურვილი არ ჰქონია. შემდეგ - ტურიზმის ბიზნესში. მერე თავად გააკეთა პატარა კომპანია და ძირითადად, სულ მოგზაურობდა საქართველოს გარშემო, ტაო კლარჯეთი, ჰერეთი, ყაზბეგი, თუშეთი, სვანეთი... მოგვიანებით, თავის სპეციალობით მუშაობდა - პროფესიით გეოგრაფია და რუკებისა და ნავიგაციის კომპანიაში გეოგრაფად მუშაობდა. ვერსად ვერ გამოიკეტა ოფისში, იქაც არ გაჩერებულა, სხვადასხვა პროექტებს აკეთებდა, რაც საზღვარგარეთ მოგზაურობასაც მოიცავდა. ხანდახან თვეობით მიდიოდნენ მთაში და ტურისტულ მარშუტებს გეგმავდნენ და მარკირებას აკეთებდნენ. მოგვიანებით, პატარა საცხობიც გააკეთა, რამაც მოიტანა იმის საშუალება, რომ ოჯახი ფინანსურად უზრუნველეყო. 

...და გაჩნდა ელემენტარული საშუალება, რომ ჯუთაში სახლის მშენებლობა დაეწყოთ გელას და მამამისს - გუჯა არაბულს. მიწების დამტკიცება, ნახაზები, მთელი დავიდარება გაიარეს და შეიქმნა სახლი, სასტუმრო. სასტუმროს არც ეძახის. არადა, მეორე წელია ისე ფუნქციონირებს, როგორც სასტუმრო - უამრავი ტურისტითა და ადამიანებით სავსე.

“სასტუმროა, მაგრამ სახლს ვეძახი. ყველაზე კარგად, ალბათ, იქ ვარ ჩემს სახლში, ზევით, როცა მეგობრები და არამარტო მეგობრები არიან ჩემ გარშემო, რომლებიც “კაიფობენ” იმ ყველაფრით, ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს. ჩვენ დავიწყეთ ამის შენება როგორც სახლის... დღესაც რომ მოდიან სტუმრები, მგონია, რომ ყველა პირადად ჩემთან სახლში მოდის. სასტუმროს ტიპის მომსახურეობა არც გვაქვს, უფრო ოჯახური ტიპის მომსახურეობაა და ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში”

მამა მაშინ დაეღუპა, როცა სახლის მხოლოდ კარკასი იყო. ‘’ყველას შეუძლია იყოს დეპრესიული, უამრავი მიზეზი მოძებნოს თავის თავში, გარემოც ხელს გიწყობს ამაში... მაგრამ, დრო არ მაქვს დეპრესიაში ვიყო, ამის საშუალება არ მაქვს არასოდეს და არც ვაძლევ თავს ამის უფლებას. თუნდაც მამაჩემის გარდაცვალების მერე ჩემ თავს ვერ მივეცი იმის უფლება, გავტრაგიკულებულიყავი და მგლოვიარე ტიპი გავჩითულიყავი მუდივად. განა არ მტკიოდა, უბრალოდ ვიცი მამაჩემს არ მოეწონებოდა ასეთი შვილი. საქმის გაგრძელებას საღი გონება ჭირდება. ჩემი ტრაგედიები, ჩემი საკუთრებაა. ვთვლი, რომDდეპრესია სისუსტეა’’.

ახლაც სამნი არიან - გელა, მისი ბიძაშვილი შავლეგო წიკლაური და შავლეგოს დედა ციო არაბული. Bბევრს შრომობენ. საბუღალტრო ციფრებს და ამგვარ ამბებსაც თავად აგვარებს, ამას ისეთი სიყვარულლით აკეთებს, რომ პოეზია და ციფრები საერთოდ არ უშლის ხელს ერთმანეთს. სიყვარულია მისთვის მამოძრავებელი. ამას ყველა იქ ამსვლელი გრძნობს. ”სიყვარული არის მთავარი მამოძრავებელი ძარღვი ყველაფრის იმიტომ, რომ თუ არ გაქვს ეს გრძნობა, ზოგადად არაფერს აზრი არა აქვს. თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, ბევრი არაფერი გამოვა იმ საქმისგან. სული არ ექნება. სიყვარულით ნაკეთები საქმე სულ სხვაა.”

მისი ცხოვრება ნახტომებისაგან შედგება და აი, ის... ახტომისას, ჰაერში რომ ხარ და სუნთქვა გეკვრის, სწორედ ეს შეგრძნება გაჯადოებს და გიზიდავს მასში, თითქოს შენც მასთან ერთად აფრინდი, უხილავი ფრთებით. ქროლვა და ჭენება მისი ცხოვრების სტილია... ნახტომიდან ნახტომამდე... ბევრისთვის საქმე, შემოქმედებითი ცხოვრება, კიბეზე ასვლას გავს, საფეხურიდან – საფეხურზე. მისთვის ყველაფერი ეს, უბრალოდ და მარტივად, არაჩვეულებრივი მომხიბვლელობით ხდება. “თავისუფლება ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნიაო”, მითხრა.

“შიშები”?

‘’რაღაც შიში ყოველთვის არსებობს, შიშმა მშიშარად არ უნდა გაქციოს, არ ღირს შიშებში ცხოვრება.”

ისეთი ადამიანები უყვარს, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ზრახვებს, ნამდვილები. “როგორც კი ვხედავ ადამიანს, რომელიც იმალება რაღაც ნიღაბის უკან, აღარ მიჩნდება სურვილი იმ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელების. იმდენად პატარაა ცხოვრება და იმდენად ხანმოკლეა ამ საწყალ ცხოვრებაში კიდევ ნიღაბს ამოეფაროს ადამიანი... ასეთ ადამიანთან საერთოდ არ მიღირს არაფრის კეთება, მირჩევნია ისევ იმ მართალ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა, რომლებიც ვერ შებილწა ამ ცხოვრებამ და ურჩევნია იმ თავის სიმართლეში იყოს, თუნდაც მძიმე იყოს ეს სიმართლე. ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე სხვა რამეები.”

იქ, ზევით, პაპამისის ნაქონი ხევსურული სამოსი უკიდია, გაგუა არაბულის. ბებიის შეკერილი. მამამისსაც ეცვა ის პერანგი და მერე მემკვიდრეობით გელას დარჩა. მთის ჯოხები უდევს სამოსთან. მამამისის გაკეთებული. სანადიროდ რომ დადიოდა, მაშინ მიქონდა. გასაოცარი მონადირე ყოფილა გუჯა არაბული. გელა არასოდეს არ გაყოლია სანადიროდ, შეგნებულად. “ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვესროლო ჯიხვს”. გუჯა არაბული ტრადიციული ხევსური იყო. იცოდა, რომ ზამთრის პირას უნდა მოეკლა ეს ჯიხვი იმიტომ, რომ მთელი ზამთარი ამით ოჯახი გამოეკვება. ქარაფებზეც ყოფილა გადასული, საიდანაც ჯიხვი გამოუყვანია, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია... გუჯა არაბულზე კიდევ ცალკეა მოსაყოლი. ხევსურული ტიპაჟი იყო, ფეთქებადი ხასიათის და საოცრად ენერგიული, ვერასოდეს ვერ ჩერდებოდა ერთ კონდიციაში, “არ მახსოვს მე ეგ წამოწოლილი მენახოს სადმე.”’

გელაც ნამდვილი ხევსურია, თუმცა, ნამდვილი ხევსურის ტრადიციების ჩარჩოებში არ ჯდება. “მე არ ვარ ტრადიციული ადამიანი. ტრადიცია არის კონკრეტული ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოქმედება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რაც იმ კონკრეტული ჯგუფისთვის იყო მისაღები. მათ თავის შეხედულებები ქონდათ, ბევრი რამ იცვლება, მით უმეტეს, საქრთველოში, ბევრი ტრადიცია არის გადასახედი. იმდენად ჩარჩენილი ვართ იმ ტრადიციებში, იმდენად ვიხვევთ მარწუხებად გულზე და მოქმედებაში, ხანდახან აბსოლუტურ აბსურდში ვცხოვრობთ ამის გამო..”

“სამომავლოდ?”

“უამრავი ლამაზი რამის გაკეთება შეიძლება იმ სივრცეში, პატარ-პატარა ფესტივალების, გამოფენების, სალექციო კურსების გაკეთება შეიძლება... ხელოვნებასთან ახლო და საზოგადოებისთვის სასარგებლო ბევრი რამის ქმნა შეიძლება. მინდა ეს სივრცე არ იყოს მარტო ჩემი კერძო საკუთრება, სადაც სხვებს არ შეეძლებათ ამოსვლა და თუნდაც დატკბობა.მინდა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს იქაურობა, ვისაც კი აინტერესებს. ღობეც კი არა აქვს იქაურობას’’.

დილა? არასოდეს არ ვგეგმავ დილას განსაკუთრებით „მეხუთე სეზონში“ იმიტომ, რომ იქ ამინდის მიხედვით იწყება ცხოვრება”.

ეს არც ტური იყო და არც ტურისტული ჯგუფი. რაღაც გამორჩეული შემთხვევითობა იყო. ჰო, კიდევ ჰამაკიც იყო მთავარი პერსონაჟი, ელიავაზე დამონტაჟებული რკინა მინივენზე დავაბით. “ჰამაკურადაც” ვიცხოვრეთ, მუსიკაც იყო, ცეკვებიც, კარავი, წითელი ცა... და იყო კიდევ, სადღაც.. “ცაზე ლურჯი კესანე...“ დაკრეფილი დეკა და ყვავილების რაღაც გასაოცარი, სულ სხვა სურნელი. და უკვე აქ ჩამოსულს, ეჭვი აღარ მეპარება, რომ მეხუთე განზომილება არსებობს.

ნანა ლომიძე