თავისუფლების კვირა, ან მადლობა პრეზიდენტს!
01 მაისი, 2015
5102
print

ქეთევან იგნატოვა

სამწუხაროდ, გაზეთის რედაქტორი წერილების გამეორების კატეგორიული წინააღმდეგია. რამდენჯერმე მიცდია, მითხოვია, საკუთარი, თითქოსდა საკმაოდ მყარი არგუმენტები მომიყვანია, მაგრამ არც ერთხელ არაფერი გამომსვლია. არადა ახლა, ჩემს მიერ რამდენიმე თვის წინანდელ “მგზავრის წერილებს” სიამოვნებით გავიმეორებდი. თუ არ მეშლება, მაშინაც საფრანგეთიდან ვიყავი ჩამოსული და ახლაც. მაშინაც, ახალდაბრუნებულს, ბევრი რამ სხვაგვარად მომხვდა გულზე, თვალში. მაშინაც და ახლაც, ჩემდაუნებურად, ისეთ რამეებზე დაფიქრება, ჩაწვდომა, ისეთი რაღაცების გაგება, გაანალიზება მომინდა, რაზეც ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებაში ვცდილობთ არც ვიფიქროთ, შეძლებისდაგვარად ნერვები არ ავიშალოთ და ისედაც გამოლევის პირას მისული მოთმინების მარაგი (ფიალა) სულ არ ამოვწუროთ. მაშინაც, ერისადმი, ბერისადმი, საზოგადოებისადმი, მთავრობისადმი, ნებისმიერი რიგითი მოქალაქისადმი და თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი თავისადმიც უამრავი, სამწუხაროდ დღემდე დიდწილად უპასუხოდ დარჩენილი კითხვა დამებადა და ახლაც… არა და არ გამეორდეო! რა უნდა ქნა, თუ ამ ბედკრულ ქვეყანაში, წლიდან წლამდე, გაზაფხულიდან გაზაფხულამდე, მოგზაურობიდან მოგზაურობამდე, დაბრუნებიდან დაბრუნებამდე… არაფერი იცვლება?! თუმცა, იცვლება, როგორ არ იცვლება? ამ ჩამოსვლაზე თბილისი, შარშანდელთან შედარებით კიდე უფრო გაქაჯებულ-გაკეკელკებული, კიდევ უფრო პროვინციული, მოუვლელი, დეპრესიული, უხალისო, იმედგაცრუებულ-მოტყუებულ-გაპამპულებულ-აგდებული და ამისგან ღრმად შეურაცხყოფილი და რაღაცნაირად მტკივნეულად დადუმებული მომეჩვენა… სადღაც გადაკარგული გაზაფხული, მიმალული მზე, რატომღაც, ნაკლებად აყვავებული ხეები, სევდიანი ან აგრესიული, უღიმილო სახეები, ნაგავი, საცობები, კიდევ უფრო მომატებული ქუჩის მათხოვრები, კატასტროფული გაჭირვება, ლარის ვარდნა, გაორმაგებული კრედიტები, გაძვირებული კვების პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები… და შემაშინებელი, დამთრგუნველი, არაფერ კარგზე არმეტყველი, სრული სიჩუმე. დადუმებული, დათრგუნული საზოგადოება და სადღაც, თითქოს დროსა და სივრცეში დაკარგული, ვირტუალურ უსასრულობაში გამქრალი, მიმალული ხელისუფლება. არ ვიცი რატომ, მაგრამ, საკმაოდ მკაფიოდ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უთავო, უპატრონო, ყველასგან მიტოვებულ-განწირულ, არავისთვის საყვარელ, ღირებულ ქვეყანაში დავბრუნდი. პირველი ჩემი კითხვაც - “სად არიან? რას შვებიან?” დავსვი და ის იყო, მოკლე და ლაკონური პასუხი - “არაფერს” მივიღე, რომ საკრალური მეშვიდე მინისტრი გადადგა, უფრო სწორად კი, გადადგომა აიძულეს და…

გაზაფხულს ჩვენც გავახსენდით! მზემაც გამოანათა!

საქართველოს მთავრობას კონსტიტუციის მიხედვით, დროებით, უფლებამოსილება შეუწყდა და ქვეყანამაც, თუნდაც სულ რაღაც ერთი კვირით, თავისუფლად ამოისუნთქა და ტოტალური უვიცობის, იდიოტიზმის, თავხედობისა და სიცრუის ჰეგემონიისგან ცოტა მაინც დაისვენა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიხაროს! ეს რა საგაზაფხულო არდადეგები მოგვიწყო! ეს რა მოულოდნელი და ამისგან, კიდევ უფრო საამო დასვენება გვაჩუქა! ნუთუ არ დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ბედნიერებაა, როდესაც თუნდაც შვიდი დღის მანძილზე დაზუსტებით იცი, რომ მაგალითად პაატა ზაქარეიშვილი ან ხადური, ან სუბარი… (მთელ მინისტრთა კაბინეტს ხომ არ ჩამოვთვლი) შენი მინისტრები აღარ არიან, ქვეყნისა და შენ ბედს არ განკარგავენ. თუნდაც დროებით, მაგრამ ამ ერთ კვირაში, ჩვეული სიძლიერითა და მონდომებით ხომ ვერაფერს გააფუჭებენ, გააუფასურებენ, დააზიანებენ, მოშლიან, მოარყევენ… თუ უპატრონობაა, დივერსია-საბოტაჟის ელფერის მქონე მაგათ მინისტრობა-მმართველობას ბარემ სრული უპატრონობა არ ჯობია?! შვიდი ღამე ოდნავ მაინც მშვიდად დავიძინებთ, მზეც შეგვერგება და გაზაფხულიც. უკვე მესამე წელია, თავჩაქინდრულები, როგორც იქნა, თავმოყვარედ წელში გავსწორდებით, გავიშლებით, ამოვისუნთქებთ და გვეცოდინება, რომ ერთი კვირა (მთელი ერთი კვირა!) ამ უუნაროებისგან ვისვენებთ! წარმოგიდგენიათ, რამდენ სრულ სისულელეს, ტყუილს, დემაგოგიას, თავხედობას, თუნდაც დროებით, არ მოვისმენთ?! წარმოგიდგენიათ, ინტელექტუალურ-ზნეობრივ-ესთეტურ როგორ განტვირთვას მოვიწყობთ?! თანაც როგორ გვჭირდებოდა… ნამდვილად გადავიღალეთ! დაგვღალეს. დაღლილობისგან არც სურვილები, აღარც ოცნებები, აღარც იმედები აღარ გვქონდა. განა ასე შეიძლება?! ქართველებისთვის ასეთი დამახასიათებელი და ყველა გაჭირვებაში უებარი იუმორიც კი აღარ გვყოფნიდა. დაღლილობისგან აღარც ერთმანეთში ვკამათობდით, აღარც გვაინტერესებდა რა… ტელევიზორის ყურება რომ ყურებაა და მაგ მინისტრების უმეტესად უტიფარი, უმეტყველო, უაზრო სახეების დანახვა აღარ გვინდოდა. ან შეიძლება, გვინდოდა, მაგრამ აღარ შეგვეძლო. ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად აღარ შეგვეძლო…

ახლა კი დავისვენებთ, ძალას, მოთმინებას, გამძლეობას, იუმორს… შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად (შვიდი დღე მეცოტავება!) აღვიდგენთ და თავდაცვის მინისტრად მოვლენილ თინა ხიდაშელს (ისე, კი დაიმსახურა! ამდენი ტანჯვა კი უნდა დაუფასდეს!), სპორტის ახალ მინისტრს (ამ თანამდებობაზე ლერი ხაბელოვი მინდა დაინიშნოს, ან ამბარცუმა! ამბარცუმა მირჩევნია), ეკონომიკის მინისტრად დაბრუნებულ შეუცვლელ ხადურს, თავისი “სუბარებით”, არჩევნებამდე რამენაირად კიდევ გავუძლებთ. გავუძლებთ კი? არ ვიცი, არ ვიცი… ძნელი იქნება… გადაღლილები ვართ!

აი, პრეზიდენტს, მის მიერ ასე დიდსულოვნად, ასე თამამად, ასე კეთილშობილად ნაბოძებ თავისუფლებისა და დასვენების კვირისთვის სულ მთლად მარილი რომ მოეყარა და ბარემ პარლამენტისგანაც, ან თუნდაც სულ რამდენიმე დეპუტატისგანაც რომ დასვენების საშუალება მოეცა ჩვენთვის, მაშინ კი თავისუფლებასა და ბედნიერებას უფრო სრულყოფილი და დარწმუნებული ვარ, უფრო შედეგიანი სახე მიეცემოდა. ეცადეთ, ჩვენი უსაზღვრო ბედნიერება წარმოიდგინოთ, თუნდაც ერთი კვირა ხალხის რჩეული, დიდი დეპუტატის, კურტანიძის ანალიტიკურ სიბრძნეებს, ბესელიას თავხედურ, თვითდაჯერებულ კაკანს, კობახიძის უბადრუკობას (ისე, ამასობაში კი გაკეთდა, შეძლებისდაგვარად გალამაზდა!), გუგული მაღრაძის ინგლისურს (ბესელიამ ამეცადინა?), საგანელიძის საცოდაობას (რატომღაც, მის ჯანმრთელობაზე ვღელავ), ქანთარიას ბინდით მოცულ მზერას… თუ არ დავინახავდით, არ გავიგონებდით?! აი სრულყოფილი თავისუფლება, დასვენება მაშინ იქნებოდა!

ეგება გავთამამდეთ, გავბედოთ და ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს, მაქსიმალური მოკრძალებითა და წინასწარი მადლიერებით შევევედროთ, რომ აღმასრულებელი იდიოტებთან პარალელურად, საკანონმდებლო იდიოტებისგანაც დაგვასვენოს? თუნდაც ერთი კვირა, თუნდაც სულ რამდენიმე დღე… ვიმყოფინებთ. რამენაირად, შევეცდებით, ვიმყოფინოთ! გადავიღალეთ! და თუ კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა, ხალხის მოთხოვნით, ეგება დავარღვიოთ? რა მოხდა? პოლიტპატიმრების, განსაკუთრებულად “სახიფათო” პოლიტოპონენტების პატიმრობაში ყოლის შემთხვევაში, კონსტიტუციას, დღისით-მზისით, სრულიად უპრობლემოდ თუ ვარღვევთ, მთელი ერის ტოტალური იდიოტობა-უზნეობა-უნიათობის პატიმრობაში ყოლის შემთხვევაშიც რომ დავარღვიოთ, რა დაშავდება? ვთხოვოთ, შევევდროთ, საჭირო რაოდენობა ხელმოწერები შევაგროვოთ, ხმა მივაწვდინოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ, გადაღლილებისა და მოტყუებულების მდგომარეობაში შევა, თხოვნას შეისმენს…

სულ ერთი კვირა, ბატონო პრეზიდენტო… რა მოგივათ?! სულ რაღაც შვიდი მშვიდი დღე აჩუქეთ თქვენ ერს, თქვენ ამომრჩეველს და მოგვანიჭეთ იმის უკიდეგანო ბედნიერება, რომ ბესელიები-კურტანიძეები-ჯაჭვლიანები-საგანელიძეები-ტყემალაძეები ჩვენი სახელით საუბარს, თუნდაც დროებით, ვერ ბედავდნენ, თუნდაც სულ მოკლე ხნით ჩვენ არ წარმოგვადგენდნენ… ჯერ, ბოლომდე, არც ასე ვართ გაქაჯებულ-დაკნინებულ-გამო… დავიღალეთ!...

არ ვიცი, პრეზიდენტი შეისმენს თუ არა კუთვნილი დასვენების თაობაზე მისადმი მიმართულ ჩემ, თქვენ თხოვნას, მაგრამ, ხომ ნათქვამია, იმედი უკანასკნელი კვდებაო… იმედი ვიქონიოთ და მანამდე კი უკვე მონიჭებული, მთავრობის გარეშე, თავისუფლების კვირა მაქსიმალურად შევირგოთ, ძალების, რესურსების აღსაღდგენად გამოვიყენოთ და გაზაფხულის ამინდით, აყვავებული იასამანის სურნელით და რაც მთავარია, უმაგათობით დავტკბეთ… თუნდაც ერთი, სულ რაღაც ერთი კვირა!

P.S. ისე, სრული სერიოზულობით… სკოლაში, ინსტიტუტში თუ შემოდგომის, ზამთრის, საგაზაფხულო არდადეგები არსებობს, ბავშვებს, სტუდენტებს თუ ასვენებენ, ამ საბრალო, გადაღლილმა საზოგადოებამ, რა დააშავა ამისთანა? გაამოიჩინონ გონივრულობა, დიდსულოვნება და შემოიღონ, დააკანონონ და მთელ წელზე თანმიმდევრულად გადაანაწილონ ერთკვირიანი უმთავრობო, უმინისტრო-უპრემიერმინისტრო, ერთკვირიანი უპარლამენტო, ერთკვირიანი უმერიო, ერთკვირიანი უპროკურატურო, ერთკვირიანი უსასამართლო… არდადეგები. ჩვენც დავისვენებთ, დრო და დრო ამოვისუნთქებთ, წელში გავსწორდებით, ფსიქოლოგიურად განვიტვირთებით, ინტელექტუალურად მოვძლიერდებით და ქვეყანასაც უმაგათოდ სულ არაფერი დააკლდება, ოდნავაც არაფერი დაეტყობა… ყველა ამ ინსტიტუციას ხომ მაინც ერთი, დაუღლელი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე, ბრძენი კაცი მართავს და?...

ქეთევან იგნატოვა