24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

“ხალხის პარტიის” ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართა

09 მარტი 2010

“ხალხის პარტია” საქართველოს პარლამენტისგან მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ხალხის პარტიის” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მათ შორის “კონსერვატიული” და “ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციაზე კობა დავითაშვილმა განაცხადა, დღევანდელი აქციის მიზანს საკანონმდებლო ორგანოზე ზეწოლის განხორციელება წარმოადგენს, რათა პარლამენტმა 12 მარტამდე “ხალხის პარტიის” მიერ წარდგენილი კანონპროექტები განიხილოს.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა 4 ძირითად საკითხს მოიცავს. ესენია: მცირე მეწარმეებისათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება; პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემა, ადგილობრივ არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესება და საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლების სრული პარიტეტი.

კობა დავითაშვილის განცხადებით, ის და მისი კოლეგები ამ მოთხოვნებისთვის ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ და ყველანაირად ეცდებიან, დასახულ მიზანს მიაღწიონ.