ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მედიის წარმომადგენლებს საქმიანობის შესახებ მორიგი ყოველკვირეული ანგარიში წარუდგინა.
2 მარტიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონებში გასვლა დაიწყო. პირველად ისინი თელავში ჩავიდნენ, სადაც ახმეტის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 4 მარტს კი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სიღნაღში დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღისა და ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და წინასაარჩევნო გეგმები განიხილეს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესზე და ცესკო-ს სამუშაო ჯგუფების როლსა და საქმიანობაზე.
5 მარტს ცესკო-ს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFEშ) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მემორანდუმს შეიმუშავებს. მემორანდუმის მიზანია, ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსგავსი მემორანდუმი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაფორმდა ცესკო-სა და ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.
ასევე, 5 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ცესკო-ს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარმოადგინა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს მსგავსი ტიპის შეხვედრები.
6 მარტს კომისიაში პოლიტიკურ პარტიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები და სიების მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესი. ცესკო-ს საქმიანობის გამჭვირვალობის ფარგლებში, ვებგვერდზე გამოქვეყნდება ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით ცესკო-ში შემოსული წერილები და წერილებზე გაცემული პასუხები.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ კვირაში ცესკო საჯაროდ განსახილველად 2010-2011 წლების სამოქმედო სტრატეგიას გამოიტანს. მომავალი კვირიდან კი გააგრძელებს რეგიონებში გასვლებსა და წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევიან.