დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბადაგაძე ~ლეიბორისტული პარტიის~ ერთერთი ლიდერის სოსო შატბერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
ბადაგაძემ შატბერაშვილი ცილისმწამებლურ განცხადებებში დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაადანაშაულა.
სასამართლოს მეშვეობით კი, ბადაგაძე ცდილობს შატბერაშვილი აიძულოს საკუთარი 80 ათასი დოლარის ღირებულების ~ტოიოტას~ მარკის ჯიპი და ევრორემონტიანი ბინა გაყიდოს.
“ვაიძულებ, ჩემსავით ბანკის კრედიტით იყიდოს იაფფასიანი მანქანა და “საქართველოს ბანკის” გლდანის ფილიალიდან გამოტანილი იპოთეკური სესხის საშუალებით ოროთახიან ~ხრუშოვკის~ ბინაში იცხოვროს”, – განაცხადა ბადაგაძემ.
კობა ბადაგაძესთვის იოსებ შატბერაშვილი უკვე არა “ვინმე, არამედ რაღაც არის” და გულნატკენია, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები გაკეთდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მიუხედავად ემოციებისა, სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა ბადაგაძეს სთხოვა, მისი კოლეგის შეფასებებს უფრო თავშეკავებულად შეხვდეს.
“ასეთი ემოციებით მე გული ნატკენი კი არა, გახეთქილი მექნებოდა”, – დასძინა მაჭავარიანმა.