24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას “კარდაკარის” აქტივისტებზე ზეწოლის გააქტიურებაში ადანაშაულებს

09 მარტი 2010

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ხელისუფლებას რეგიონებში პროგრამა “კარდაკარის” აქტივისტებზე ზეწოლის გააქტიურებაში ადანაშაულებს. ამ ინფორმაციას სააგენტო ‘’ინტერპრესნიუსის’’ ავრცელებს.

მოძრაობის ხულოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ვაჟა ზოიძის ინფორმაციით, ფუშრუკაულის საკრებულოს რწმუნებული ომარ აბაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან მოძრაობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა `კარდაკარში~ მონაწილეობაზე, ~ურჩ~ ფუშრუკაულელებს კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება; ამასთან, რწმუნებული მოძრაობის წევრს ილია აბაშიძეს ხელს უშლის პროგრამის განხორციელებაში.

“ანალოგიურ უკანონობას სჩადიან სოფელ ოშანახევის გამგებელი სოსლან აბაშიძე და სოფელ ძირკლაძეების რწმუნებული გურამ თავართქილაძე; ისინიც, აბაშიძის მსგავსად, მოსახლეობას მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა პროგრამა `კარდაკარში~. სოფელ ოშანახევშიც ~სასჯელის ზომად~ სოციალურ დახმარების მოხსნა გამოიყენება”, - აცხადებს ზოიძე.    

მისივე თქმით, დაბა ხულოში პოლიციის გამომძიებელი ჯუმბერ ბოლქვაძე პროგრამის მონაწილე რამინ თავართქილაძეს დაემუქრა და ~კარდაკარის~ ჩატარება აუკრძალა.

მოძრაობა ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირინა ფილიპიას ინფორმაციით, სოფელ ზემო ქვალონის რწმუნებულმა ვახტანგ აბაკელიამ მოძრაობის  წევრს თამარ კორძახიას  პროგრამა `კარდაკარის~ ანკეტები დაუხია და საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მოძრაობის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ახალკაცი კი აცხადებს, რომ ალის საკრებულოს სოფელ ბროლის მოსახლეობა, სოციალური დახმარების მოხსნის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მუქარის გამო, ვერ ახერხებს პროგრამა `კარდაკარში~ მონაწილეობას.

მოძრაობა საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სოსო ოსიაშვილის ცნობით, მოძრაობის აქტივისტმა ნელი მესტვირიშვილმა პროგრამა `კარდაკარის~ განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა  მხრიდან მუქარის გამო შეწყვიტა.