24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

“დაიცავი საქართველოს” ოფისში ლევან გაჩეჩილაძისა და კახა კუკავას შეხვედრა მიმდინარეობს

09 მარტი 2010

“დაიცავი საქართველოს” ოფისში ლევან გაჩეჩილაძისა და “კონსერვატორ” კახა კუკავას შეხვედრა მიმდინარეობს.

კახა კუკავას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა ლევან გაჩეჩილაძის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხია.

თავად გაჩეჩილაძემ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა, მონაწილეობას პრაიმერის ინიციატორი პარტიების მიერ დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში, ლევან გაჩეჩილაძე აცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

“ჯერ არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას სოციოლოგიურ კვლევაში. გუშინ ჩამოვედი თბილისში და ჯერ პროცესებს დავაკვირდები. რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებასაც მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

პრაიმერის ინიციატორი პარტიები, რომლებიც თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვას გეგმავენ, აცხადებენ, რომ ლევან გაჩეჩილაძე აღნიშნულ პროცესში ჩერთვას მიესალმებიან.