24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

გიორგი ბარამიძე ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტს ჟოაო სუარესს შეხვდა

09 მარტი 2010

სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტს ჟოაო სუარესს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხეო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ფართოდ წარმოდგენილი იყოს საერთაშორისო საზოგადოება, რადგან ეს იქნება საქართველოსათვის დემოკრატიის გამოცდა და ასევე,  საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ დავუშვათ რუსეთის მორიგი აგრესია საქართველოს მიმართ.

“ვიმსჯელეთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე. მაქსიმალურად ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება,  იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს  არჩევნები, რადგან ეს იქნება დემოკრატიის გამოცდა და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ არ დავუშვათ რუსეთის მორიგი აგრესია, რადგან რუსეთი აპირებს არჩევნები არეულობისთვის გამოიყენოს და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ძალებს დესტაბილიზაციის შექმნის შესაძლებლობა”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სუარესმა განაცხადა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი საქართველოთი დაიწყო, რადგან საქართველო მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს საპარლამენტო ასამბლეისთვის. მან აღნიშნა, რომ ეუთო-ს პოზიცია უცვლელი რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო-ს მისია საქართველოში უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი გაკეთდება კონსესუსის მისაღწევად ამ საკითხთან დაკავშირებით.

“ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში საქართველოდან, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და ავღნიშნავთ იმ პროგრესს, რაც ბოლო წლების მანძილზე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით იყო. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ დევნილების საკითხს და მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებაში დევნილების პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ჩვენი მიზანია მშვიდობის შექმნა კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით”, - განაცხადა ჟოაო სუარესმა.