“ლეიბორისტულმა პარტიამ” საწვავის საძვირე დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა საწვავის გაიაფების მოთხოვნით თბილისის ცენტრალურ უბნებში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობაში რამდენიმე ათეული ავტომანქანა მონაწილეობდა.
“ლეიბორისტული პარტიის” ერთერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ხელისუფლების კუთვნილებაში არსებული ნავთობკომპანიები ე.წ. სააკოილები კვლავ აგრძელებენ მოსახლეობის ძარცვას და, როდესაც საწვავის ფასი ქვეყანაში ერთ ლარს არ უნდა აღემატებოდეს, საწვავს კატასტროფულად ძვირად ჰყიდიან.
მისივე თქმით, საწვავის გაიაფებას “ლეიბორისტული პარტია” უკვე მეოთხე თვეა, უშედეგოდ ითხოვს, თუმცა ბრძოლა კვლავ გაგრძელდება, ვიდრე მონოპოლისტი კომპანიები “ვისოლი”, “რომპეტროლი”, „სოკარი” და “ლუკოილი” საწვავს არ გააიაფებენ.