“საქართველოს კეთილი ნების ჟესტი, რუსეთის ბატონობა”, - ამ სათაურით აქვეყნებს “გარიდიანი” დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ბადრიძის წერილს.
სტატიის ქართულ ვერსიას ვებპორტალი ~ფორინპრესი აქვეყნებს. როგორც ბადრიძე წერს, შეცდომაა იმის ფიქრი, თითქოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის გარდა ვინმე ბატონობს.
საქართველოს ელჩი ეხმაურება Guardian-ში გამოქვეყნებულ ჯორჯ ჰუიტის სტატიას საქართველოს შესახებ.
“გასაოცარია, როდესაც ჰუიტი თითქმის არ ახსენებს რუსეთს: ქვეყანას, რომელსაც ამ ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული, აიძულებს იქ დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და, რომელმაც სასტიკი ეთნიკური წმენდის კამპანიებით საკუთარი სახლებიდან თანმიმდევრულად გამოდევნა აფხაზეთის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი – 350 000-ზე მეტი ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანები. თუკი თქვენ მხოლოდ იმ ადამიანების მოსაზრებებს მოისმენთ, რომლებიც სახლებიდან არავის გამოუყრია, ანუ პატარა უმცირესობას, ეს ეთნიკურ წმენდას ლეგიტიმაციას სძენს? იმ დევნილი ადამიანების აზრს რა ვუყოთ, რომლებიც საქართველოში დღემდე ბანაკებში ცხოვრობენ?~, - ნათქვმია გიორგი ბადრიძის სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა ცნობილია – ყველამ ერთად მშვიდობით უნდა იცხოვროს.
~პრობლემა ის არის, ამას როგორ მივაღწიოთ. პრეზიდენტი სააკაშვილი განწყობილია იმ ადამიანების გულებისა და გონების მოსაგებად, რომლებიც ამ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა იგი ასევე განწყობილია, რომ ისინი, ვისაც ეთნიკურ წმენდას უწყობდნენ, საკუთარ სახლებში დააბრუნოს. საქართველომ მათ ზეთისხილის რტო გაუწოდა. იმედი მაქვს, ისინი მას მიიღებენ. სწორედ კრემლია, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყველაფერს მართავს და სხვაგვარად ფიქრი გულუბრყვილობა და შეცდომაა”, - აცხადებს ბადრიძე.
საქართველოს ელჩი ჰუიტის მიერ სტალინის შესახებ გამოთქმულ აზრსაც პასუხობს და აცხადებს, რომ სტალინის ქართველ ნაციონალისტად წარმოდგენის მცდელობა პათეტიკა და ისტორიული ფაქტების სასტიკი დამახინჯება.
“ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ველიკორუსულმა, შოვინისტურმა პოლიტიკამ ის რუსეთის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ლიდერად აქცია. დარწმუნებული ვარ, ჰუიტს მისი ნათესავებისთვის აფხაზეთში მხოლოდ სიკეთე სურს, თუმცა სამწუხაროა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ილუზორული დამოუკიდებლობის ეიფორიით შეპყრობილს, მას არ სურს იმის დანახვა, რომ ეს ადამიანებისგან დაცლილი ტერიტორიები სინამდვილეში რუსეთის საომარი ზონის, ჩრდილოეთ-კავკასიის ნაწილებად იქცა, სადაც მასობრივი უმუშევრობა, კორუფციის ბატონობა და ადამიანთა საბაზისო უფლებების დაცვა რუსული სტანდარტებითაც კი კატასტროფულია”, - ნათქვამია სტატიაში.