24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაძლოა, სპეციალური რეზოლუცია მიიღოს

09 მარტი 2010

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაძლოა, სპეციალური რეზოლუცია მიიღოს. ასამბლეა ოსლოში  ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჟოაო სუარესთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ოსლოში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მნიშვნელოვან რეზოლუციას წარადგენს.

მისივე თქმით, ოსლოში დაგეგმილ სხდომის დღის წესრიგი  დღევანდელ შეხვედრაზე შემთანხმდა.

რეზოლუციის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული თემატიკა, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების იძულების მექანიზმები და ეუთო-ს მანდატის აღდგენის საკითხები განიხილეს.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რათა კონფლიქტების დარეგულირების პროცესი დაჩქარდეს.

ამასთან, ეუთო-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე მონიტორინგთან დაკავშირებით.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან. 

დაგეგმილია შეხვედრა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისს 10 მარტს დატოვებს და სომხეთში გაემგზავრება.