ფაბიო კაპელოს მიმართ ინგლისში ფრთხილი დამოკიდებულებაა. აშკარაა, რომ მან ინგლისის ნაკრები კარგად აათამაშა, მაგრამ სენიორ კაპელოს ჯერ არაფერი მოუგია.
შეიყვარებს თუ არა კაპელოს ბრიტანელი ქომაგი, ეს 2010 წლის მუნდიალის შემდეგ გამოჩნდება.
- თქვენი აზრით, ჩვენს ეპოქაში ფეხბურთელები თავისი ძირითადი სამუშაოდან რის გამო ცდებიან?
- მინდორზე ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ვითხოვ. მათი ცხოვრება საფეხბურთო მინვდრის მიღმა არ მაინიტერესებს. ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი სამუშაო. მის ცხოვრებას ფანები ადევნებენ თვალყურს და მათ შორის უამრავი ბავშვია. მინდა ვარჯიშებზე ჩემს ფეხბურთელებს გავაგებინო, რომ როდესაც ისინი ეროვნული ნაკრების მაისურს იცვამენ, მათი ცხოვრება უკვე მათ აღარ ეკუთვნით. ისინი საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან. ფეხბურთელები სამაგალითონი უნდა იყვნენ. ბავშვები მათ ლამის ღმერთის სტატუსს ანიჭებენ. დაუშვებელია, რომ ამ ბავშვებს ცუდი მაგალითი უჩვენონ.
- ესე იგი, თუ ფეხბურთელი უღირსი ადამიანია, ის ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს?
- თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. შეცდომა ვის არ მოსვლია. ხალხი, რომელიც ასე მწარედ აკრიტიკებს ზოგიერთ ფეხბურთელს, საკუთარ შეცდომებს რატომღაც ყურადღებას არ აქცევს.
- თქვენ იმ დონის სპეციალისტი ხართ, რომ ნებისმიერი გუნდი მიგიწვევდათ. რატომ გადაწყვიტეთ ინგლისის ნაკრებში მუშაობა?
- ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ინგლისის ნაკრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ინგლისელთა მწვრთნელობა ყოველთვის მინდოდა. მომწონს ის ატმოსფერო, რომელიც ინგლისის ნაკრების თამაშების დროს სტადიონზე სუფევს. მომწონს ინგლისური საფეხბურთო სტილი: სიმამაცე, ფიზიკური ძალა, ტექნიკა და პატივისცემა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინგლისელები მეტოქეს პატივისცემით ეპყრობიან. ინგლისში თამაშზე ახალგაზრდობაშიც ვოცნებობდი. იტალიის ნაკრების მიმართ კი არასდროს მქონია ინტერესი, რადგან მეტისმეტად კარგად ვიცნობ ჩემს ნაკრებს და ჩემს ხალხს.
- არ შეგეშინდათ ინგლისის ნაკრების ჩაბარების? ამ გუნდმა ხომ ევრო 2008-ის შესარჩევ ეტაპზე სრული ფიასკო განიცადა.
- რთული პერიოდი იყო. ფეხბურთელები საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. ხალხი შოკში იყო. თითქმის ახალი გუნდის აშენება დამჭირდა.
- ამას წინათ რუნიმ თქვა, რომ ფაბიო კაპელო მკაცრ მამას ჰგავს. ეთანხმებით?
- ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. შესაძლოა ამიტომაც ვტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას. იძულებული ვარ ვიყო მკაცრი, რადგან ნაკრებს თამაშისთვის მოსამზადებლად სულ რამდენიმე დღე აქვს ხოლმე.
- ესე იგი, ეს შედარება არ მოგწონთ?
- არა, რატომ? ძალიანაც კარგი შედარებაა. საკუთარი თავის დასაცავად კი ერთს ვიტყოდი: ვინც მე კარგად მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაც მიყვარს და იუმორსაც ვაფასებ.
- აფასებთ, მაგრამ არა გასახდელში.
- გასახდელი ჩემთვის სხვა, განსხვავებული სამყაროა. აქ ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. თამაშამდე ფეხბურთელებს ხუმრობის უფლებას არ ვაძლევ და მათგან სრულ კონცენტრირებას ვითხოვ. ინგლისის ნაკრებს არ უხდება ბრაზილიელთა სტილი, რომლებიც მატჩის წინ, მოთელვისას, ერთმანეთში ხუმრობენ. შესაძლოა, ბრაზილიელთათვის ეს მისაღებია - მათ ხომ ფეხბურთი ძალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, მაგრამ ინგლისელთა და იტალიელთათვის ასეთი რამ დაუშვებელია.
- გასახდელში ფეხბურთელებზე ბრაზობთ?
- ხანდახან. თუმცა აქაც ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. ეს ფორტეპიანოზე დაკვრას ჰგავს. ყოველთვის უნდა იცოდე, რომელ კლავიშს დააჭირო თითი. ზოგჯერ საჭიროა გაბრაზდე, ზოგჯერ კი სიმშვიდე შეინარჩუნო. ჩემი სამუშაო სტილი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ჩამომიყალიბდა. შესვენებისას ფეხბურთელებმა ორი-სამი წუთი მაინც უნდა გაატარონ სრულ სიმშვიდეში. დალიონ წყალი, გამოიცვალონ მაისური და თუ ვინმე სიმშვიდეს არღვევს, მას გავაჩუმებ. საუბარს მხოლოდ მაშინ ვიწყებ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ყველა დამშვიდდა.
- მოგვიყევით იმ პერიოდის შესახებ, როდესაც თქვენ თვითონ თამაშობდით ფეხბურთს.
- ახალგაზრდობაში მფრინავი ვიყავი, მერე კი ფეხბურთმა გამიტაცა და ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ნახევარმცველი ვიყავი, ვთამაშობდი იტალიის ნაკრებში და ინგლისელთათვის გოლიც გამიტანია. 1973 წელს ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც “უემბლიზე” გაიმარჯვა. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა ჩემი საფეხბურთო კარიერა. სამჯერ მივიღე მუხლის ტრავმა. ფეხბურთელების უმეტესობა ასეთი ტრავმების შემდეგ კარიერას ამთავრებს, მე კი ვითამაშე ისეთ კლუბებში, როგორებიც არიან “რომა”, “იუვენტუსი” და “მილანი”. გავხდი ჩემპიონი. ამ გამარჯვებების გამო დაუღალავად ვმუშაობდი. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ტრავმირებული მუხლით თამაში. ტკივილი სულ გაწუხებს - მოედანზეც, ვარჯიშებზეც, სახლშიც.
- მას შემდეგ ფეხბურთი შეიცვალა?
- ძალიან. მე რომ ვთამაშობდი, ფეხბურთელები ცდილობდნენ, საკუთარი ხელფასი შეეგროვებინათ, რაიმე ბიზნესი დაეწყოთ, რათა კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრება არ გასჭირვებოდათ. ახლა კი ფეხბურთელებს იმდენს უხდიან, რომ მათ უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული აქვთ. თანამედროვე ფეხბურთი შოუდ იქცა. ახლა მთავარია მოედანზე შოუ მოაწყო.
- ეს მწვრთნელებისთვის პრობლემა არ არის?
- რა თქმა უნდა, არა. ადამიანს უნდა ესმოდეს, როგორ სამყაროში ცხოვრობს. თანაც, მოდი, სიმართლე ვთქვათ. მწვრთნელებსაც ხომ დიდ ხელფასებს უხდიან და პირადად მე ეს ძალიან მახარებს.
- თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს უყვარდეთ?
- ზოგიერთ ფეხბურთელს მაშინ უყვარხარ, თუ ყველა მატჩში ძირითადში ათამაშებ. ის, ვინც სათადარიგოთა სკამზე ზის, შენზე კარგს არასდროს რა იტყვის. ერთხელ ერთმა იტალიელმა მწვრთნელმა მიამბო, თუ რაზე ისაუბრა თავის ფეხბურთელთან: “ბოს, შეიძლება თქვენთან საუბარი? - უკითხავს ფეხბურთელს, - ყოველდღე ბეჯითად ვმუშაობ, სწორად ვიკვებები, ოჯახშიც ყველაფერი წესრიგში მაქვს, ძირითადში კი ხან ვხვდები, ხან - ვერა. რატომ ხდება ასე?” მწვრთნელმა უპასუხა: “გინდა იცოდე, რატომ ხდება ასე? უბრალოდ, მინდა, რომ გუნდმა მოიგოს”. ნებისმიერ მწვრთნელს სურს გამარჯვება. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.
- ინგლისის ნაკრებთან მუშაობა უფრო ადვილია თუ უფრო ძნელი იმასთან შედარებით, რასაც თქვენ ელოდით?
- ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. როცა იგებ, ფიქრობ, რომ ყველაფერი ადვილია. შემდეგ კი, შესაძლოა, წააგო, თანაც ეს მსაჯის შეცდომის გამო მოხდეს და ყველაფერი საოცრად რთული და ჩახლართული გგონია.
- ინგლისის ნაკრებთან ახლა რის დახვეწაზე მუშაობთ?
- ინგლისის ნაკრები საკუთარ მოედანზე უკეთ თამაშობს, ვიდრე სტუმრად. მინდა ეს პრობლემა გამოვასწორო.