24saati

მთავარი გვერდი »

ობამა ბირთვული იარაღის სერიოზულ შემცირებას აპირებს

03 მარტი 2010

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკული ბირთვული არსენალის მნიშვნელოვნად შემცირების წინადადების დაყენებას აპირებს.

ანონიმური წყაროს ცნობით, შემცირება მოხდება თეთრი სახლის ახალი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელების შეწყვეტისკენ არის მიმართული. იმავე ინფორმაციით, ახალი სტრატეგიის რეალიზებისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩვეულებრივ შეიარაღებას.

ბარაკ ობამა ახალ პოლიტიკას ქვეყნის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსთან უახლოეს მომავალში განიხილავს.

არსებული არსენალის გადახედვა "მარაგის მასშტაბურ შემცირებას გამოიწვევს, თუმცა საბიუჯეტო ინვესტიციების მეშვეობით ეფექტიანი და საიმედო შეიარაღება შენარჩუნდება," - შენიშნა ინფორმაციის წყარომ.

ამავე დროს, ახალი სტრატეგია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ამოცანების რეალიზებაში უფრო შორს წავა, ვიდრე აქამდე გადაგმული ყველა ნაბიჯი.

ზოგიერთი ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია, დაახლოებით, 1000 ერთეული იარაღის შემცირებას აპირებს. შეიძლება მოხდეს რაკეტებისა და ქობინების ჩამოწერა, რომლებიც ამჟამად საწყობებში ინახება.

აგრეთვე არსებობს ვარაუდი, რომ ობამას ადმინისტრაცია უარს იტყვის ჯორჯ ბუშის გეგმების განხორციელებაზე, რომლებიც ახალი თაობის რაკეტების შექმნას ითვალისწინებდა. ეს რაკეტები მიწისქვეშა სამიზნის გასანადგურებლად იქმნებოდა.

გასული წლის აპრილში პრაღაში მყოფმა ობამამ განაცხადა, რომ ატომური ბომბისგან თავისუფალი მსოფლიოს ხილვა სურს. მისი თქმით, პლანეტის სახელმწიფოებმა "ცივი ომის" წარმოებაზე უარი უნდა თქვან და ამას პირველი ამერიკა გააკეთებს.

ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბირთვული პოლიტიკის გადახედვა 2009 წელს დაიწყო და შედეგები უკვე წლის ბოლოსთვის უნდა გამხდარიყო ცნობილი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში შემოთავაზებული ზომები საკმარისად თამამი არ იყო.

ანალიტიკოსთა განცხადებით, მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ როგორ განსაზღვრავს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია იმ გარემოებებს, რომლებშიც ნებადართული იქნება ბირთვული იარაღის გამოყენება. ობამასა და გეითსის შეხვედრაზე, პირველ რიგში, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა.

აშშ-ს ახალი პოლიტიკა სწორედ იმ დროს განიხილება, როდესაც ვაშინგტონი მოსკოვთან სტრატეგიული იარაღის შემცირებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

რუსეთი და აშშ აცხადებენ, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევას ძალიან მიუახლოვდნენ და ახალი დოკუმენტი ჯერ კიდევ სსრკ-სა და ამერიკას შორის გაფორმებულ, უკვე ვადაგასულ შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკვე ტექნიკური დეტალების განხილვის ფაზაში შევიდა.

“რაც შეეხება სტრატეგიული იარაღის შემცირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ჩვენ ახლოს ვართ, რომ ყველა დეტალზე შევთანხმდეთ,” - განაცხადა პარიზში მყოფმა მედვედევმა.

ექსპერტთა თქმით, აშშ-სა და რუსეთის უთანხმოების მთავარი თემა კვლავ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაა.

რუსეთში ბევრი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირება უნდა დაუკავშირდეს აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განლაგება-არ განლაგების საკითხს. თუმცა ობამას ადმინისტრაციაში უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ ორი საკითხის დაკავშირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

მოსკოვი არ ეთანხმება ვაშინგტონის მტკიცებას, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ირანისგან თავდაცვისთვის და რუსეთს არ ეხება. ვაშინგტონის განცხადებით, სისტემებს არც მრავალრიცხვოვანი რუსული ბირთვული რაკეტებისთვის გზის გადაჭრის უნარი აქვს.