ობიექტურობა, კომპეტენტურობა, გამჭვირვალობა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსში, სახელწოდებით “ახალი ქართული პიესა", გამარჯვებულები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში დაასახელეს. ეს უწყება კონკურსს პირველად ამოუდგა მხარში, რამაც საპრიზო ფონდზეც იმოქმედა.
წლევანდელ კონკურსში შეტანილ ცვლილებებზე გაზეთ “24 საათის" 11 თებერვლის ნომერში ვწერდით. შეგახსენებთ, რომ ჟიურის წევრებისა და კონკურსანტების ვინაობა ანონიმური აღარ იყო. ამ უკანასკნელთა უმრავლესობა პრემიების გაცემის პროცესს არ დასწრებია და დარბაზში კონკურსის მეორე ეტაპზე მოხვედრილთა სრული თექვსმეტკაციანი შემადგენლობა არ გვინახავს.
ხელოვანებს შორის მათი მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების მოსმენისა და გაანალიზების უნარი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. უმრავლესობას დამარცხების აღიარება უჭირს, მაგრამ ეს “აღიარება" გარდაუვალი იქნება მაშინ, როდესაც ესა თუ ის კონკურსი გამორჩეული იქნება ობიექტურობით, კომპეტენტური ჟიურის წევრებითა და გამჭვირვალობით. ამათგან თითოეულზე ქვემოთ ვისაუბრებ.
ობიექტურობის მიღწევა რთულია, მით უფრო საქართველოში და განსაკუთრებით კულტურის სფეროში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველას ერთმანეთი სჭირდება. მიუკერძოებელი რომ დარჩე, საჭიროა არსებობდეს რაღაც სქემა, კრიტერიუმები, რომლებითაც ისარგებლებ და საუკეთესოების გამოვლენაში ხელს არაფერი შეგიშლის. მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება და თითოეული მისთვის ოპტიმალური წესებით სარგებლობს. განსხვავებული აზრი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ, კონკურსების შემთხვევაში, საუკეთესოები მართლაც საუკეთესოები უნდა იყვნენ. ამით “ახალი ქართული პიესის" კონკორსის შედეგებს ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ, ვამბობ იმას, რომ რჩეულების გამოვლენის წესი და სტრუქტურა, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო და უფრო უნდა დაიხვეწოს. თორემ, ის ფაქტი, რომ აღნიშნული კონკურსი, რომლის ორგანიზების აუცილებლობაშიც ეჭვი არავის ეპარება, დაინტერესებას იწვევს, ამას მასში მონაწილეთა რაოდენობაც მოწმობს.
წლევანდელ კონკურსში, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი პიესა შევიდა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებლისა და კონკურსის ორგანიზატორის, მანანა ანთაძის განცხადებით, ჟიურიმ 76 პიესა განიხილა და მეორე ეტაპზე გადასვლის უფლება მხოლოდ 16 ნაწარმოებს მისცა.
საკონკურსო ნამუშევრების ეტაპებად განხილვა - აი, კიდევ ერთი სიახლე, რომლის აუცილებლობაც ბუნებრივად გაჩნდა. სამი გამარჯვებული, როგორც ვიცი, ქულებით გამოავლინეს.
რა იგულისხმება ობიექტურობაში? უპირველესად, არჩევანის თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი ზეწოლის, ნაცნობებისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე. მანანა ანთაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჟიურის წევრები არჩევანში მეტად თავისუფლები მაშინ იყვნენ, როდესაც შემფასებელთა ვინაობა ანონიმური იყო... “ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს თამამად აფიქსირებდნენ ფურცლებზე, რომლებიც ფონდის არქივში ინახება და სხვების აზრს ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ", - თქვა ორგანიზატორმა. ეს განცხადება მან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააკეთა. არადა, კონკურსის დონეს, როგორც წესი, ჟიურის წევრთა ვინაობა განსაზღვრავს. ეს ფატქორი ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაზეც მოქმედებს. ამ პრინციპით ჟიური ფარული არ უნდა იყოს. კონკურსანტს უფლება აქვს იცოდეს: 1. ვის “უგდებს" ხელში საკუთარ ნაწარმოებს; 2. რამდენად კომპეტენტურია ჟიური. გამჭვირვალეობაში კი ვგულისხმობ იმას, რომ კონკურსის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ყველა ეტაპი გაცხადებული უნდა იყოს.
რა განიხილეს ჟიურის წევრებმა, რომლებიც ენთუზიაზმზე მუშაობენ? მათ ყველა პიესის წაკითხვა შეძლეს თუ არა, არ ვიცი. ფაქტია, რომ მათი უმრავლესობის სიმპათია გადაიხარა ავტორისკენ, რომელიც პროფესიით მსახიობია. ოთარ ქათამაძე მუშაობს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში, სადაც გოგა თავაძის მიერ ცოტა ხნის წინათ დადგმულ სპექტაკლში “ბანანისა და კომშის პუდინგი, კონიაკითა და რომით" ანრი გუგუას როლი განასახიერა (ამის შესახებ გაზეთ “24 საათის" 2009 წლის 2 დეკემბრის ნომერში ვწერდით). მან დაწერა პიესა “აივანი", რომელმაც “ახალი ქართული პიესის" კონკურსის გარდა, რუსთაველის თეატრისა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით ორგანიზებულ “ახალ ტალღაშიც" გაიმარჯვა.
“სახლი აივნის გარეშე გალიად იქცევა", - წერს ოთარ ქათამაზე, რომლის პიესაში აივანი, როგორც ერთი მთლიანის ნაწილი, ოჯახის წევრებისა და მათი წინაპრების თავშეყრის, წარსულთან და მოგონებებთან დაკავშირებული ადგილია. ავტორი ნაცნობსა და განცდილს ალეგორიულად მოგვითხრობს. აუქციონზე გაყიდულ აივანს შეიძენენ მეზობლები, რომლებიც მთელი სახლის დაპატრონებას მოიწადინებენ. ამ მინიშნებითაც, ვფიქრობ, ნათელია ის, რაზეც დებიუტანტი დამაჯერებლად მოგვითხრობს. თემის აქტუალობის თვალსაზრისით, სხვა პიესები უფრო გამოირჩეოდნენ. თუმცა, გამარჯვებულებს ავლენს ჟიური, რომელმაც III ადგილის (1000 ლარი) მფლობელად ეს ავტორი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ მეორე პრემია არ გაიცა, მაგრამ პირველ ადგილზე ორი გავიდა. 3000 ლარი გადაეცათ იმათ, რომლებიც კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ. მათი პიესები ქართული თეატრების სცენაზე ხშირად იდგმება და ხელწერითაც გამოირჩევიან. ესენი არიან: თამარ ბართაია და ირაკლი სამსონაძე.
“ახალი ქართული პიესის" კონკურში მონაწილეთა და გამარჯვებულთა პიესების შესახებ, ტენდენციებსა და თემებზე, რომლებიც გამოიკვეთა და პრობლემატურია, ვრცლად მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.