“ქრისტიან-დემოკრატები” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს და ჯანდაცვის, აგრეთვე, ოჯახის დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩამოყალიბებას ითხოვენ.
ამის შესახებ “ქრისტიან-დემოკრატმა” დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც თანამდებობა დატოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო უწყების ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ არის დანიშნული, სწორედ შესაფერისი მომენტია, რათა ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროების მართვის სტრუქტურა მოწესრიგდეს.
“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კულტურის სამინისტროს გამოეყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, “ქრისტიან-დემოკრატები” ამბობდნენ, რომ ეს არაფრის მომცემი და გაუაზრებელი ცვლილება იქნებოდა და თუ რაიმეს შეცვლაა საჭირო მთავრობის სტრუქტურაში, სწორედ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობა უნდა გაიმიჯნოს”,-აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ხელოვნურად არის შექმნილი გიგანტური უწყება, რომელიც ადმინისტრირებას უწევს სრულიად განსხვავებულ სფეროებს, რის გამოც მართვა არაეფექტურია და თავად სფეროც ზარალდება.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ჯანდაცვა დღეს ყველაზე დაკნინებულ მდგომარეობაშია და მისი დაფინანსება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, არ იძლევა სერიოზული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საშუალებას.