ცოტნე გამსახურდიას დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც “ინტერპრესნიუსს” ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის ავადმყოფობაა.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლოში უთხრეს, რომ მოსამართლე დღეს დილით ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი.
ამასთან, ცოტნე გამსახურდია დღეს საქალაქო სასამართლოში მოყვანილი ჰყავდათ. პროცესის დასწყებას ელოდებოდნენ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები.
ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე აპირებდა 12 შუამდგომლობის დაყენებას, მათ შორის აღმკვეთი ღონისძიების, დაპატიმრების თავდებობით შეცვლას. ცოტნე გამსახურდიას თავდებში დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩაუდგება.
დღევანდელი სასამართლო სხდომა დანიშნული იყო საქმეზე, რომელშიც დავით ბაჯელიძეა დაზარალებული. გამსახურდიას ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
მანამდე სასამართლოში შევიდა საქმე, სადაც გამსახურდიას ჯაშუშობაში ედება ბრალი. ეს საქმე ეხება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს. აღნიშნულ საქმეს დაემატა 1998 წლის 21 ნოემბრის ინციდენტი, რომელიც პოლიციელ ლევან სანიკიძესა და ცოტნე გამსახურდიას შორის მოხდა. ადვოკატ ქეთი ბექაურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს სანიკიძემაც და გამსახურდიამაც დაზიანებები მიიღეს. მისი განმარტებით, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამსახურდიას ბრალი აქვს წაყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების მუხლით, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ამასთან, ცოტნე გამსახურდია გათავისუფლების მოთხოვნით 2009 წლის 25 დეკემბრიდან პერმანენტულად შიმშილობს.