- ეს მრგვალი მაგიდა ძალიან ძველია.
24 საათი 06.03.10
- ეს მრგვალი მაგიდა ძალიან ძველია.
ძვირფასი არ არის, მაგრამ ისტორიულია, ჩვენი რელიკვიაა. ილიას გამოცემა რომ მზადდებოდა, კომისია აქ, ამ მაგიდასთან მუშაობდა გამოცემაზე.
ხშირად მოდიოდა სტუმრად ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა… ვაჟა პაპაჩემთან მეგობრობდა. ეს ტახტიც იმდროინდელია, ეს ფარდაგიც… იშვიათია… აი, ეს არის პირველი რენტგენის აპარატი, რომელიც პაპაჩემმა ჩამოიტანა. ეს სადიაგნოსტიკოც იყო და სამკურნალოც… ნახეთ, ამ რენტგენზე გადაღებული სურათი, ძვალი რა კარგად ჩანს. აი, ეს პაპაჩემია, შუაში. ავადმყოფმა დახატა. ეს ილიას გამოშვების რეკლამაა. აქ ილიას ხელნაწერია, პატარა ლექსი - “აგერ, მერცხალიც ჭყივის...” ილიას მთელი არქივი ჩვენთან ინახებოდა, მოგვიანებით კი ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა.
აი, ეს პაპაჩემია. პაპა ფსიქიატრი იყო, ნევროპათოლოგი, რენტგენოლოგი. იცოდა ელექტროფიზიოლოგიაც… ახლა წამობრძანდით აქეთ. ეს კაბინეტი პაპასი იყო… ზოგჯერ ჩემი შვილიშვილები სხედან, ამ ძველ ნივთებთან კომპიუტერიც დგას... აი, ეს არის რევმატიზმის, სახსრების, სხვადასხვა დაავადების სამკურნალო აპარატურა. შიგ ადამიანი ჯდებოდა, თავი კი ამოყოფილი ჰქონდა. ამ აპარატზე ყველა ფიზიკოსი გიჟდება. ნახეთ, რა ლამაზია. ყველა მუზეუმი გვთხოვს, რომ მივყიდოთ, მაგრამ როგორ მივყიდით. ეს ხომ მუზეუმია - ჩვენი კერძო მუზეუმი. ბევრი უცხოელი მოდის. როგორღაც იგებენ, რომ არსებობს ასეთი კერძო მუზეუმი, სადაც ნახავენ არა მარტო სამუზეუმო ნივთებს, არამედ მე-19 საუკუნის თბილისურ ცხოვრებას და თანაც ცოცხალს… ეს ხომ თან ბინაა, თან - მუზეუმი.
“გიდი,” რომელიც თითოეულ ფოტოსთან ჩერდება და ყველას ისტორიას გვიყვება, ამ სახლის პატრონია და აქ, ამ საოცარ სახლ-მუზეუმში ცხოვრობს. ეს უმშვენიერესი ქალბატონი მანანა გედევანიშვილია, დიმიტრი გედევანიშვილისა და თამარ ციციშვილის ქალიშვილი. როგორღაც თავისთავად გვაბრუნებს იქ, წარსულში, 1900-იან წლებში.
ეს სახლი 1900 წელს გერმანელი არქიტექტორის - მილერის პროექტით აშენებულა. სახლი მანანა გედევანიშვილის პაპას ეკუთვნოდა, ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ გედევანიშვილს, რომელიც ილიას თანამოაზრე და უმცროსი მეგობარიც ყოფილა. თბილისის გუბერნიიდან ერთად იყვნენ არჩეული რუსეთის დუმაში. პარლამენტში რამდენიმე ქართველიც იყო, მათ შორის ნიკო ნიკოლაძეც.
პარლამენტში ილია აირჩიეს. მიხეილ გედევანიშვილი ერთდროულად რამდენიმე დარგის დიდი სპეციალისტი და ზოგიერთის დამაარსებელიც იყო. მაგალითად, რენტგენის აპარატი თავად შეუძენია პარიზში და თავისივე სახრებით ჩამოუტანია. მანამდე მთელ იმპერიაში არსად ყოფილა ეს აპარატი. ამას დაამატა ელექტროფიზიოლოგიური მკურნალობის აპარატურა. საკუთარ სახლში, პირველ სართულზე, საავადმყოფოც მოაწყო. ქალაქის მუნიციპალიტეტმა ის კოჯრის ქუჩაზე ახლად გახსნილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორად დანიშნა - ეს იყო პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელიც მიხეილ გედევანიშვილმა ევროპულ დონეზე მოაწყო და სადაც ის ევროპული მეთოდებით მკურნალობდა.
ამ სახლში პირველი ქართული საბავშვო ბაღიც არსებობდა, რომელიც მიხეილ გედევანიშვილის მეუღლემ ანასტასია გედევანიშვილმა 1908 წელს დააარსა. ანასტასია გედევანიშვილს რუსეთის მთავრობამ უფლება არ მისცა, მაგრამ მან არალეგალურად მაინც გახსნა საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღს აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი ხელმძღვანელობდნენ. პატარებს გაჭირვებული ოჯახებიდან იაკობი თურმე სტიპენდიებსაც უნიშნავდა. ეზო ვარდებით იყო სავსე, პატარა აუზიც ჰქონდათ. ამ ბაღში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები ასწავლიდნენ. ყველაფერი აქ, ამ სახლში ხდებოდა, ქიაჩელის ქუჩაზე.
მიხეილ და ანასტასია გედევანიშვილებს ოთხი შვილი ყავდათ - შალვა, ქეთო, კოტე და დიმიტრი.
- შალვა გედევანიშვილი ცნობილი რეჟისორი იყო. ის იყო რენე-კლერის მოწაფე და საფრანგეთში ბევრ ცნობილ რეჟისორთან უმუშავია. აი, ფოტოზე ნახეთ - მიხეილ ჭიაურელი და შალვა გედევანიშვილი. თბილისში რომ დაბრუნდა, მიხეილმა შესთავაზა, მასთან ემუშავა. ასეთი თხოვნით შალვასთვის კოტე მარჯანიშვილსაც მიუმართავს, მაგრამ მას კინემატოგრაფია აინტერესებდა.
რამდენიმე ფილმი ერთად გადაიღეს. ჭიაურელი იყო რეჟისორი, შალვა - დამდგმელი. შემდეგ შალვამ გადაიღო “ქეთო და კოტე”. ის ამ ფილმის დამდგმელი რეჟისორია. ხედავთ, აი, აქ აფიშას აწერია: “დამდგმელი რეჟისორი შალვა გედევანიშვილი”. რატომღაც მას ტაბლიაშვილის ფილმად თვლიან.
შალვა გედევანიშვილის დამსახურება და მიღწევა იყო, რომ მან პირველმა შექმნა ქართული თოჯინური ფილმი. შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებზეც მუშაობდა. ეს ფილმები ძალიან პოპულარული იყო. შალვა ფილმებში თამაშობდა კიდეც.
მიხეილ გედევანიშვილის მეორე ვაჟი, დიმიტრი (მანანა გედევანიშვილის მამა) აღიარებული მეცნიერი იყო - ბერიტაშვილის სკოლის წარმომადგენელი, ფიზიოლოგი. მისი შრომები და აღმოჩენები საზღვარგარეთაც იყო ცნობილი და ფიზიოლოგიის ოქროს ფონდშია შესული.
...26 წლის ახალგაზრდა ყმაწვილი საკუთარ სახლში, მამის მიერ გახსნილ საავადმყოფოში მუშაობს. ახალგაზრდა ფიზიოლოგია, მომავალი მეცნიერი. პაციენტები ყოველდღე მოდიან, მისაღებში ბევრი ხალხია… ერთ დღესაც შემოვა 18 წლის ულამაზესი გოგონა, რომელიც ამ საავადმყოფოში აპენდიციტის ოპერაციას გაიკეთებს... ის თამარ ციციშვილია, ქართული კინოს მომავალი ვარსკვლავი.
ამ შეხვედრის მერე დიმიტრი გედევანიშვილი და თამარ ციციშვილი მალე დაქორწინდებიან.
- ამ სახლში რომ შემოვიდა, დედა 19 წლის იყო. მეტეხის ხელოვნების მუზუმში მუშაობდა, მთელი საქრთველო ჰქონდა მოვლილი. იღებდა ტაძრებს, ფრესკებს, მუშაობდა თემებზე, წერდა დისერტაციებს. ერთხელ, შემთხვევით, სიკო დოლიძემ ნახა და სინჯებზე მიიწვია. “დარიკო” გამოვიდა თუ არა, დედა ვარსკვლავი გახდა და არა მარტო საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში, რადგან ფილმი ექვსი თვე ეკრანიდან არ ჩამოდიოდა. საიდან აღარ იღებდა წერილებს. ციმბირიდანაც კი… ქუჩაში ვერ დადიოდა, სულ მილიციით იყო გარშემორტყმული. მალევე გამოვიდა მიქაბერიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ქაჯეთი”, რომელშიც დედამ ნესტან-დარეჯანი ითამაშა. ერთი სახალისო ამბავი მომხდარა: როდესაც ქაჯეთის ციხის კარი იღებოდა და დედა ჩნდებოდა, მისი გარეგნობით ყველა იხიბლებოდა. ტარიელს თამაშობდა მსახიობი კოხტა ყარალაშვილი. კადრი ასეთი იყო: ჩანდა ნესტანი და უცებ ტარიელის სახე უნდა ეჩვენებინათ. როცა ოპერატორმა მსახიობს კამერა მიუშვირა, ტარიელის სახეზე არავითარი აღტაცება არ იყო. გავიმეოროთო, - უთქვამს რეჟისორს. დედა რამდენჯერმე გამოვიდა, მაგრამ ტარიელს რეაქცია არ ჰქონდა. ვერა და ვერ გამოხატა აღტაცება. კიდევ ერთხელ ვსინჯოთო და ამ დროს ვიღაცამ დაიძახა: “ტარიელ, ჩანახ! ტარიელ, ჩანახ!” ჩანახის ხსენებაზე ტარიელი გაიბადრა, სახე გაუბრწყინდა. ჩქარა გადაიღეთო, - დაიძახეს. ამაზე მთელი სტუდია ანეკდოტებს ყვებოდა.
შემდეგ იყო ფილმები “დაგვიანებული სასიძო”, “აკაკის აკვანი,” “ქეთო და კოტე”… რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრშიც მუშაობდა - “კლეოპატრაში” ითამაშა პიერ კობახიძესთან და გიორგი შავგულიძესთან ერთად. დედა ოქტავიას თამაშობდა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა როგორც მსახიობს, როგორც ლამაზ ქალს… პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, მხატვრები ხატავდენენ. მე ყველაზე მეტად მიყვარს გუდიაშვილის მიერ დახატული პორტრეტი.
ეს დედაჩემის დედაა, გერმანელი ქალი. პაპაჩემმა ოდესაში გაიცნო და შეირთო ცოლად. დედაც ოდესაში დაიბადა. ასე რომ, დედა ნახევრად გერმანელია... თამარ მეფის ეს პორტრეტი ყველაზე პოპულარულია. ქეთევან მაღალაშვილმა დახატა. კარგად იცნობდა დედას და უთხრა: თამარ მეფის პორტრეტი შემიკვეთეს. იცოდე, შენს სახეს და თამარის ფრესკას ვიყენებ. შევაერთებ და შეგიძლია ჩათვალო, რომ შენი პორტრეტიაო. მართლაც ძალიან ჰგავს დედას.
ეს რუსი მხატვარი გაბაია. ცნობილი მხატვარი იყო. მანაც დახატა დედა. დიდი პორტრეტია, ტრეტიაკოვის გალერეაშია გამოფენილი. “დარიკო” რომ გამოვიდა, გოგლა ლეონიძემ ბევრი ლექსი მიუძღვნა. აი, ერთ-ერთი:
“თუმც გლეხურ ჩითში ისიმალება, მაინც მიაგნებს პოეტისთვალი,სდგას სილამაზის გაბრწყინვალებახელში დამბაჩით თავადის ქალი,რად უნდა ტყეში თოფი სახმარად,სროლა, თავდასხმა, მალვა, მარადდღე,მისი ხომ ერთი ღიმილიც კმარა, რომ მთელი ჯარიგანიარაღდეს…”
1937 წელი. ქსანი.
დედა ბუნებით მშვიდი იყო. უყვარდა სტუმრების მიღება. არაჩვეულებრივად ამზადებდა ყველაფერს - ლამაზად, გემრიელად. კარგად ცეკვავდა.
ქალბატონი მანანა გედევანიშვილი საინტერესო მთხრობელია. კარგად იცის ის ეპოქა, თბილისური ცხოვრება… ამ სახლში თანამედროვე და ძველი დიზაინის შერწყმაც გაოცებს. ეს ძველი თოჯინები თურმე 20 წლის წინაა პარიზში შეძენილი. სახლში გრიგოლ ორბელიანის მაგიდაც დგას, სავარძლებიც, უძველესი ტელეფონიც და ეს ყველაფერი იმ ეპოქაში გაბრუნებს...
აქვეა საავადმყოფოს აბრები წარწერებით: “შესახვევი”, “საოპერაციო”… მაგიდაზე ხარჯთაღრიცხვის წიგნიც კი დევს.
- როდესაც ილია გარდაიცვალა, პაპაჩემმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ გამოსცემდა მის თხზულებებს. ეს გამოცემა აქ დაიბეჭდა, 1914 წელს. მან გადაწყვიტა, აკადემიური გამოცემა მოემზადებინა. შეკრიბა კომისია. თვითონ იყო რედაქტორიც და გამომცემელიც. ეს წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. მხოლოდ ხელმოწერებით გავრცელდა, არ გაყიდულა.
აი, ეს ჩვენი გერბია, ეს კი - სოსო გედევანიშვილის პორტრეტი. ოციან წლებში ის კულტურის მინისტრი იყო. დრამატურგიაშიც მუშაობდა.
ეს პორტრეტი სიდამონ ერისთავმა დახატა… გვაქვს გედევანიშვილების სიგელი, რომელსაც ხელს აწერს ორი მეფე და ორი კათალიკოსი - ერეკლე მეორე, გიორგი მეთორმეტე, ანტონ პირველი და ანტონ მეორე… ეს გრიგოლ ორბელიანის სავარძლებია, მისი ნივთებია. იმ სახლში, სადაც ახლა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია, პაპაჩემი, თავისი ოჯახით, ხუთი წელი ცხოვრობდა. ეს სახლი ჯერ დამთავრებული არ იყო და ილიამ ხუთი ოთახი დაუთმო. ხუთი თუ ექვსი წელი ერთად ცხოვრობდნენ. ეს ილიას ფაქსიმილეა - ჩვენ დაგვრჩა რელიკვიად.
1977 წელს ჟურნალ “დროშაში” ერთი საინტერესო ეპიზოდი დაიბეჭდა. თამარ ციციშვილს ერთი გლეხის ოჯახში ნიკო ფიროსმანის ნახატი - “შველი” აღმოუჩენია. მაშინ, როცა მთელი ოჯახი სოფელ გლდანში ისვენებდა, ეს შედევრი ლურსმნით ყოფილა მიკრული კედელზე. ქალბატონ თამარს უთქვამს: ეს დიდი მხატვრის სურათია და დაგვითმეთო. რას ამბობთ, ეს სურათი “თეთრი დუქნიდან” წამოვიღეო, უპასუხია იმ გლეხს. ჩამოუხსნია და მიუცია. ეს იყო 1949 წელს. ფიროსმანის ეს ნახატი დღეს საცავში ინახება.
ამ სახლ-მუზეუმს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს, უფრო ხშირად - უცხოელები. ბევრჯერ ყოფილან პოლონეთისა და ნორვეგიის ელჩები. ერთხელ, თურმე ინკოგნიტოდ ჩამოსული იუგოსლავიის დედოფალიც მობრძანებულა.
მანანა გედვანიშვილი აგრძელებს ამ ოჯახის ტრადიციებს. “ყველაფერი ისეა, როგორც მაშინ…” - ამბობს ქალბატონი მანანა. ეს ბუხარიც ასე ყოფილა, ეს ულამაზესი შირმაც, რომელიც მანანას მამიდას - ქეთოს ამოუქარგავს. მანანამ ამ ყველაფერს ერთად მოუყარა თავი - ფოტოები, საბუთები, ხელნაწერები, პორტრტები მოაწესრიგა, კედლებზე განალაგა და ამ არაჩვეულებრივ სახლში ჩვეულებრივად ცხოვრობენ.
ამ არაჩვეულებრივი სალონის პატრონს, ქალბატონ მანანას საოცარი თვისება აქვს - თითქოს თავად ქმნის “სალონს” და სადაც არ უნდა წავიდეს, თან დააქვს ეს “სალონი”.
- პაპაჩემის შემდეგ ამ სახლში მეხუთე თაობა ცხოვრობს. 2002 წელს სახლი მუზეუმად ვაქციე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამეცვა. გარდა ამისა, რამდენი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა - პაპაჩემი, დედაჩემი, მამაჩემი, ბიძები... ამ ადამიანების ცხოვრება ნამდვილად იმსახურებდა იმას, რომ ეს სახლი მუზეუმად ქცეულიყო. ახალგაზრდები წამდაუწუმ იცვლიან სახლებს. სახლის ისტორიული ფასეულობა კი მის სიცოცხლეშია - იქ ოჯახმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ასე ინახება ერის ისტორია.
ნანა ლომიძე