RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ბერების ღვინო - ჯოჯოხეთური სასმელი შოტლანდიელებისთვის

კოფეინისა და ალკოჰოლის ნაზავს დამაგრეველი შედეგები მოაქვს

24 საათი 16.02.10

კოფეინისა და ალკოჰოლის ნაზავს დამაგრეველი შედეგები მოაქვს

კოუტბრიჯი, შოტლანდია - რატომ არის მატონიზირებელი ღვინო “ბაკფასტი” ასე მიმზიდველი მყიდველებისთვის და იმავდროულად ასე ამაზრზენი პოლიტიკოსებისთვის?

მიზეზი, შესაძლოა, სასმელის განსაკუთრებული რეცეპტი იყოს - კოფეინისა და ტკბილი ღვინის ნაზავი ჭარბი ენთუზიაზმით შეპყრობილ მყიდველებს ერთდროულად ათრობს და ენერგიას მატებს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მიზეზი ამ სასმელის უცნაური მეტსახელების სიმრავლეა - მაგალითად, “სახლის მსხვრეველთა წვენი” (“Wreck the Hoose Juice”, სადაც “hoose” ინგლისური სიტყვის “house” (სახლი) შოტლანდიური ვერსიაა). კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი სასმელის ეგზოტიკური წარმომავლობაა - მას წმინდა ბენედიქტეს ორდენის ბერები ინგლისის ერთ-ერთ სააბატოში ამზადებდნენ.

რაც არ უნდა იყოს მისი პოპულარობის მიზეზი, “ბაკფასტი” შოტლანდიაში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების სიმბოლო გახდა იმ დროს, როდესაც ქვეყანა მათი გადაჭრის გზებს ეძებს. “შოტლანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ალკოჰოლის მოხმარება ზიანის მომტანი და მავნებელია. ეს ეხება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ოჯახებს, თემებს და მთელს შოტლანდიელ ერს,” - ნათქვამია შოტლანდიის მთავრობის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში.

“ბაკფასტი” ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, არასრულწლოვანთა საპატიმროში მოხვედრილი 172 ადამიანიდან 117-მა დანაშაულის ჩადნამდე ალკოჰოლი მიიღო, ხოლო ამ უკანასკნელთა 43 პროცენტმა თქვა, რომ “ბაკფასტი” დალია. ტიპიური საცხოვრებელი კორპუსიდან გატანილი ნაგვის შემოწმებამ აჩვენა, რომ გადაგდებული ნივთების 35 პროცენტს “ბაკფასტის” ბოთლები შეადგენდა. პოლიციის წარმომადგენლებმა სტრატკლაიდის ინდუსტრიულად დეპრესიულ რაიონში “ბი-ბი-სის” ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ეს სასმელი 5638-ჯერ არის მოხსენიებული 2006-2009 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიშებში (აქედან, 114 შემთხვევაში ბოთლი იარაღად იყო გამოყენებული).

სასმელის დისტრიბუციით დაკავებული კომპანიის “J. Chandler & Company” წარმომადგენლის თქმით, “ბაკფასტი” შოტლანდიის ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე ერთ პროცენტზე ნაკლებს იკავებს და მასზე ყურადღების გამახვილება უსამართლოა. მთლიანად ბრიტანეთმა, როგორც იქნა, აღიარა, რომ ალკოჰოლიზმი ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უფრო სერიოზულია, ვიდრე უბრალო ქეიფებით გამოწვეული შეშფოთება. ქვეყანა ასევე ხვდება, რომ ამ პრობლემის დასაძლევად 2005 წელს მიღებული ზომები (როდესაც პაბებს 24-საათიანი მუშაობის უფლება დართეს, რათა სამუშაო საათების მიწურულს ადამიანების მიერ ალკოჰოლის უზომოდ მიღება აეცილებინათ თავიდან) უშედეგო აღმოჩნდა. ინგლისში ეს პრობლება სერიოზულად დგას, მაგრამ შოტლანდიაში მდგომარეობა უარესია.

საშუალოდ, 16 წელზე ზემოთ ასაკის თითოეულმა შოტლანდიელმა 2007 წლის მანძილზე 12 ლიტრი სუფთა სპირტის ეკვივალენტი დალია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მერვე ადგილზეა (ინგლისში ეს რიცხვი სულ მოსახლეზე 10 ლიტრს შეადგენს). მთავრობის შეფასებით, ალკოჰოლის უზომო მოხმარება შოტლანდიას წლიურად 3,6 მლრდ. აშშ დოლარი უჯდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და სოციალური პრობლემებისა და პროდუქტიულობის დაქვეითების შედეგად.

ის, რაც ერთ ადამიანს უკეთეს ხასიათზე აყენებს, სხვა ადამიანისთვის შემაშფოთებლად ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა. სასმელში სპირტის შემცველობა 15 პროცენტს აღწევს და ამდენად ის უფრო ძლიერია, ვიდრე ღვინის სახეობათა უმეტესობა. გარდა ამისა, თითოეული 750-მილილიტრიანი ბოთლი იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც კოკა-კოლის რვა ქილა. აშშ-ში საკვები პროდუქტებისა და წამლების ხარისხის კონტროლის უწყება კოფეინის შემცველი ალკოჰოლური სასმელების აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ასეთი სასმელები ადამიანებს ალკოჰოლის მიღების შედეგად, თავაშვებულს, ხოლო კოფეინის და შაქრის მიღების შედეგად - ჰიპერაქტიურს, აღელვებულსა და აგრესიულს ხდის.

“გაგაგიჟებს,” - თქვა ამას წინათ “ბაკფასტზე” საუბრისას ჯეიმს გრიმსონმა, რომელიც კოუტბრიჯის ცენტრში მდებარე პაბთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. “ აქ შაბათობით ამდენი ჩხუბი ამ სასმელის გამო ხდება,” - თქვა უმაირ ანსარმა, რომელიც ქალაქში მუშაობს.

სარა ლაიალი

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი