RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

რა ყოფილა ეს ბანანი?!

ევასა და კლეოპატრას ოინები აბისინიური ვირის წარმოშობის ფონზე

24 საათი 13.02.10

ევასა და კლეოპატრას ოინები აბისინიური ვირის წარმოშობის ფონზე

ჩვენებურმა ვირმა თუ არ იცის ხურმა რა ხილია, ეს დიდყურა მით უმეტეს ბანანის ბაიბურშიც ვერ იქნება, აი, მის აბისინურ თანამოძმეს კი “სამოთხის ხილის” ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდება და ნერწყვსაც გადაყლაპავს. იმ აბისინურ სახედარს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ბანანზე ალბათ დაუსრულებლად გვიამბობდა და ბევრ ისეთ რამეს გვეტყოდა, რაზეც ამ ჩვენებურ ვირს წარმოდგენაც არ აქვს. გვიამბობდა, მაგალითად, იმ ლეგენდაზეც, რომელიც აფრიკაში, ეკვატორის ორთავ მხარეს გავრცელებულა: ღმერთმა ადამიანის შექმნამდე დედამიწაზე ბანანი დარგო თუ დათესა. მერე დიდხანს იცადა, სანამ მისი ნაყოფი უგემრიელესი არ გახდებოდა, ფოთლები კი სულ უფრო მეტად გაიზრდებოდა. ბოლოს, დრო რომ მოვიდა, როგორც ხუტუს ტომის წარმომადგენლებიც გადმოგვცემენ, “ბანანის შემქმნელმა ადამიანიც ჩასახა”. ამას ტოონგას ტომის წარმომადგენლებიც გვიდასტურებენ და იქვე დასძენენ, აი, ამიტომაცაა, რომ ადამიანის ნაყოფი, ბანანის მსგავსად, ცხრა თვეს მწიფდებაო.

აფრიკის ცენტრში მოგზაური ბანანთან დაკავშირებით ბევრ საინტერესოსა და თავშესაქცევ ამბავს მოისმენს და გადაეყრება კიდეც. მაგალითად, იქაური ქალები, შვილი რომ არა და არ ეძლევათ, ბანანს ევედრებიან, შთამომავლობა გვაჩუქეო; ევედრებიან, რადგან ბანანი მათ ფალოსს აგონებთ და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიაჩნიათ. ეგ კი არა, ზაირიში, ბალუბასა და ბუმბას ტომის გაუთხოვარი ქალების ტრადიციული მორალი ვერაფერს საძრახისს ვერ ხედავს იმაში, თუ ისინი ერთმანეთის თვალწინ თავდავიწყებით ბანანით იცელქებენ და იცუღლუტებენ. რა გიკვირთ, მამაზეციერმა ბანანს ამიტომაც მისცა ეს ფორმა და ზომა, როგორიც ისააო.

ბანანი ნაყოფიერების სიმბოლოაო, რომ ვამბობთ, ესეც გავიხსენოთ - სუაჰილის ტომის ხალხს ღრმად სჯერა, ბანანი მამაკაცურ ძალას აორმაგებსო. ამიტომაც იქაური კაცები, სანამ ერთ-ერთი ცოლის სარეცელს მიადგებოდნენ, სულ ცოტა, ორ-სამ ბანანს გეახლებიან, ვენდას ტომის ქალები კი საქმროებს ქორწილში ბანანებს ჩუქნიან, რათა საქორწინო ღამეს ვალდებულებას თავი კარგად გაართვანო.

ახლა საქორწინო სარეცელს აღარ იკითხავთო, გეტყვით ალბათ ის აბისინური ვირი და თავადვე მოგვახსენებს, საქმრო საცოლეს ბანანის ვეება ფოთლის ზეწარს დაუფენს, რომელიც სიგანეში ერთი, სიგრძეში კი სამი მეტრიაო. ასეთივე ფოთოლზე, რომელსაც ცეცხლთან ახლოს სადეზინფექციოდ აჩერებენ, ახალშობილსაც აწვენენ.

ახალშობილმა, ისე როგორც პირველმა ადამიანმა, ცხოვრება ბანანების გარემოცვაში უნდა დაიწყოსო. ამას უკვე ზულუს ტომის წარმომადგენლები ამბობენ.

ის აბისინური ვირი კი, ლაპარაკი რომ შეეძლოს, იმასაც გაიხსენებდა, ადამისა და ევას ცხოვრებაში საბედისწერო როლი ვაშლმა კი არა, სწორედ ბანანმა ითამაშაო.

ევასი არ იყოს, კლეოპატრაც ბანანით აცდუნებდა და ხიბლავდა მარკ ანტონიუსს. ლეგენდის თანახმად, კლეოპატრა თავის გამიჯნურებულ სახელგანთქმულ რომაელ მხედართმთავარს დესერტად ამ დელიკატესით უმასპინძლდებოდა. ამიტომაც ბანანით დამზადებულ ერთ-ერთ საწრუპავს დღეს “მარკ ანტონიუსის კოქტეილი” ეწოდება.

ასეა თუ ისე, ახლა ზოგი მკვლევარი “სამოთხის ხილში” ბანანს გულისხმობს, თუმცა ეს საკამათო ჩანს, რადგან არც ძველ ეგვიპტელებს და არც ძველ ებრაელებს ბანანზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუმცა იგი ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კულტივირებულ მცენარედ ითვლება.

ბანანის სამშობლოდ მკვლევარები მალაის არქიპელაგის კუნძულებს მიიჩნევენ, იქიდან ბანანი ინდოეთში გავრცელდა, მერე კი…

ბანანზე პირველი წერილობითი წყარო, ჰალის ენაზე ბუდისტურ კანონს რომ ასახავს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VI საუკუნეებს განეკუთვნება. ერთ-ერთი პირველი ტექსტი, რომლებშიც ბანანია ნახსენები, ინდური ეპოსები მაჰაბჰარატა და რამაიანაა. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ ინდოეთში მოგზაურობის დროს ერთ შეძლებულ ოჯახში სტუამრობისას ტრადიციული ინდუისტური ტრადიციის თანახმად “პრასადი” მოგვიწყვეს, როცა ხილი და ტკბილეული ლანგრით კი არა, სწორედ ბანანის ვეება ფოთოლზე დაწყობილი მოგვართვეს, ეს კი სლავური “პურითა და მარილით” გამასპინძლების ტოლფასი, ანალოგიური თუ ეკვივალენტური ტრადიციაა. ინდოელები ირწმუნებიან, რომ ბანანის ფოთლით მორთმეული სადილი საკვებს თავისებურ გემოს აძლევსო.

ბანანთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიცია, ლეგენდა, მიდგომა თუ დამოკიდებულება არსებობს. ბანანი გარკვეულწილად პოლიტიკურ ციებ-ცხელებასაც დაუკავშირდა. მაგალითად, 2005 წელს კენიაში კონსტიტუციის პროექტის მიღების მხარდამჭერებმა რეფერენდუმში თავიანთ სიმბოლოდ ბანანი გამოიყენეს, ფაშისტურ გერმანიაში კი ამ ხილს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს. მაშინ, 1930 წელს იქაურმა ფაშისტებმა ბანანი არაპატრიოტულ ხილად გამოაცხადეს და მის შესაძენად განკუთვნილი ვალუტა სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. ეს ამბავი რომ გაემართლებინათ, დიდი კამპანია გააჩაღეს და ავტორიტეტული პროფესორები ბანანის მავნებლობაზე გაფრთხილებებით გამოდიოდნენ. ირწმუნებოდნენ, ბანანი ნაწლავების გადახლართვას იწვევსო. ამასთან, ხილის გამყიდველებს ავალდებულებდნენ, რომ თავიანთი მაღაზიების აბრებთან გამოეფინათ პლაკატები წარწერით: “ნამდვილი პატრიოტი გერმანულ ვაშლს მიირთმევს”.

ამ ყველაფერმა თუ აფრიკის კონტინენტზე მობინადრე დიდყურა აბისინურ ვირამდე ჩააღწია, ალბათ ჯერ გაოგნდა, მერე კი აღშფოთებული მთლად გაგიჟდა, გადაირია და აყროყინდა, აბა, თქვე გერმანელო ფაშისტებო, თქვენ რა იცით, ბანანი რა ხილიაო. არადა, იმ აბისინურმა სახედარმა და მისმა იქაურმა თანამოძმეებმა და სხვა შინაურმა ცხოველებმა ბანანის ფასი თუ გემო ნამდვილად კარგად იციან, იმდენად კარგად, რომ მას დამწიფებასაც არ აცლიან და სადაც გადაეყრებიან, მკვახესაც გემრიელად მიირთმევენ. გლეხები ბანანს აჭმევენ მსხვილფეხა რქოსან საქონელსაც, ხოლო მისგან დამზადებულ ფქვილს კი ღორების საკვებადაც იყენებენ. ბანანი ბროილერებში ულუფების შემადგენელი ნაწილიცაა, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო რამაა, თანაც რას და როგორ აღარ ამზადებენ მისგან: ეგრეთ წოდებულ თაფლს, კეტჩუპს, ჩიპსს, ნაყინს, ჯემს, ფქვილს, ჩირს თუ ნაირგვარ სასმელს, მათ შორის ლუდს და ღვინოსაც კი. ერთი სიტყვით, ბანანს მოწყვეტისთანავე ხილადაც შეექცევიან და მას წვენსაც ადენენ, ხარშავენ, წვავენ და ათასგვარი კერძის თუ ნამცხვრის დასამზადებლადაც იყენებენ.

კულინარულ წიგნში თუ ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ბანანისგან ორასამდე კერძს ამზადებენ, განსაკუთრებული სიმრავლით კი სალათები და დესერტები გამოირჩევა.

ახლა ამ ყოველივეს კვებით ღირსებებს არ იკითხავთ. მაგალითად, გამომშრალი ბანანის ზოგი სახეობის ყოველ 100 გრამზე 359 კალორია მოდის. ბანანში ყველა სხვა ხილზე სამჯერ მეტი კალიუმია. ბანანი უხვად შეიცავს ნაირგვარ ვიტამინებს, ნახშირწყალს, ცხიმს, კალციუმს და ორგანიზმისთვის სხვა საჭირო მრავალ ნივთიერებას. ამიტომაცაა, რომ ბანანი დოპინგივით მოქმედებს ადამიანზე და, შეიძლება ითქვას, თვალის დახამხამებაში აღუდგენს მას ძალას, ენერგიასა და მხნეობას. ამიტომაცაა, რომ ჩოგბურთელები ტაიმაუტებისას ბანანს ეძალებიან, მარათონელები კი პირდაპირ რბენისას შეექცევიან მას, რადგან იგი ენერგიის შეუცვლელი წყაროა.

ბანანი მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი საკვებია. ფილიპინებზე, მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე ბანანის წლიური მოხმარება 40 კილოგრამზე მეტია, სამოაში, კომორის კუნძულებზე და ეკვადორში 73-დან 85 კილოგრამამდე მიირთმევენ, ბურუნდიში კი, ეტყობა, ყველაზე კარგად უწყიან, რა ხილია ბანანი, რადგან თითქმის 190 კილოგრამს ნთქავენ.

მაგრამ ბანანი, 500-მდე ნაირსახეობას რომ მოიცავს, ხილი სულაც არაა. ბოტანიკოსები ირწმუნებიან, ბანანი ამიტომ და იმიტომ... ბალახიაო.

ბალახია თუ ხილი, ღმერთმანი, მართლაც კარგი რამაა და მას მხოლოდ საკვებად სულაც არ გამოიყენებენ. აბისინურ ვირს რომ ჰკითხოთ, მაგალითად, ძალიან შეაქებს იმ თოკს, რომელიც სწორედ აბისინური ბანანისგან მიუღიათ, დაუგრეხიათ და ის სახედარი დაუბამთ. ეგ კი არა, აბისინური ბანანისგან მიღებული საზღვაო ბაგირები და სათევზაო ბადეები მთელ დუნიაზე თავისი სიმტკიცით განთქმულა, რომლებიც არც ლპება. ბანანის ღეროს იყენებენ ტექსტილის წარმოებაშიც, ტივებისა და ნავების მშენებლობაში, შავი საღებავის მისაღებად. ბანანის ყველა ნაწილი გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში. ბანანის ყვავილი უებარი რამაა დეზინტერიის, კუჭის წყლულისა და ბრონქიტის განსაკურნებლად. მისი ნაყენი ნამდვილი მისწრებაა ნერუვლი აშლილობისას და ეპილეფსიის სამკურნალოდ, სისხლდენის შესაჩერებლად, სისხლის წნევის დასარეგულირებლად; ბანანის ახალი ფოთლები იოლად ახორცებს ჭრილობებს და დამწვრობასაც მალამოდ ევლინება; ბანანისგან ამზადებენ საპონსაც, სახლის სახურავსაც, მაგრამ ყოველივეს ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს.

ადამიანმა ბანანის გამოყენება ჯერ კიდევ სამოთხის ბაღში ცხოვრებისას დაიწყო, როცა ადამმა და ევამ მისი გემო გასინჯეს, რამაც მათ თვალები აუხილა, ბოროტება და კეთილი შეაცნობინა და საკუთარი სიშიშვლეც დაანახა. მაშინ ადამმა და ევამ, ბევრი აფრიკელის რწმენით, თავიანთი სიშიშვლე ლეღვის კი არა, ბანანის ფოთლით დაფარეს. ეტყობა, ამ ამბავმა შთააგონა ამერიკული წარმოშობის გაფრანგებული სახელგანთქმული მულატი მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი, შავ ვენერად მონათლული ფოლი-ბერჟერის ვარსკვლავი - ჟოზეფინა ბეიკერი. მაშინ, 1927 წელს ეს მზეთუნახავი თავის ორ რევიუში საცეკვაოდ ლამის დედიშობილა, ბანანის ნაყოფებით “შეკერილ” ქვედა ბოლოთი გამოვიდა. ამგვარად, ჟოზეფინამ სამოთხის ხილი, ცოტა არ იყოს, გააშარჟა, მაგრამ ამით არც “შავ ვენერას” მიდგომია ჩრდილი და არც ბანანის ღირსებები შელახულა. პირიქით - ორივეს პოპულარობას უფრო შეუწყო ხელი.

მართლაც უმშვენიერესი ჟოზეფინა ბეიკერი ერთადერთი სულაც არ იყო, ვინც ბანანი ხელოვნებაში გამოიყენა. მაგალითად, გავიხსენოთ როკ მუსიკის ამერიკული ჯგუფის The Velvet Underground სადებიუტო ალბომის ყდა, რომელზეც სახელგანთქმულმა ამერიკელმა მხატვარმა და კინორეჟისორმა ენდი უორჰოლმა ნახევრადდამპალი ყვითელი ბანანი გამოსახა, მერე კი იგი ყველა დროის ყველაზე სახასიათო და ცნობად გარეკანად აღიარეს.

ხელოვნება ხელოვნებად, მაგრამ გადაჭარბებული სულაც არაა სუაჰილური ლეგენდა, რომლის მიხედვით ერთი ზღვაოსანი, რომელიც ხომალდის ჩაძირვის მერე დაუსახლებელ კუნძულზე რობინზონ კრუზოსავით მარტოდამარტო მოხვდა, არაფრის ნაკლებობას არ უჩიოდა, რადგან იქ ბანანი ყვაოდა და ხარობდა.

ავთანდილ გურასაშვილი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი