ნაწილი 3.აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
24 საათი 06.02.10
ნაწილი 3.აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
იქ, სადაც აღარაფერი ხდება, ფოტოგრაფებიც აღარ არიან. აქედან ყველა წავიდა. აქ კი ყოველდღიური ცხოვრება და წარსული ნეკვალევი რჩება. მაგრამ, რა გადავიღო? რა იქნება საინტერესო? სად წავიდე? წინ გავუსწრო მოვლენებს? მივიღო გამოწვევა, რომელიც სინამდვილეში არაფერის მთქმელია? აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებად მოგზაურობა - აი, ეს არის სიახლე!
შესაძლებელია კი, დღეს ფოტოგრაფი თავისუფალი იყოს?
“დეპარდონი-მოგზაურობები” თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყევლაზე საინეტრესო ავტორის, ჰუმანისტური ფოტოგრაფიის სკოლის და ამ სკოლის დიდი მეტრების - რობერტ ფრანკის და უოლკერ ევანსის ტრადიციების ერთგული გამგრძელებლის, სააგენტო “მაგნუმის” წევრის და ცნობილი დოკუმენტალისტის - რეიმონ დეპარდონის ერთ-ერთი ყველაზე საინეტრესო წიგნია. წიგნი, რომელიც აფრიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში და აზიაში გადაღებული ფოტოების გარდა, ფოტოგრაფის პირად ჩანაწერებსაც აერთიანებს, რომელთა ერთობლიობაც მათი ავტორის საინტერესო პორტრეტს ქმნის. აფრიკაში დაწყებული ფოტოგრაფის მოგზაურობას, რომელიც 80-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელდა, 90-იანი წლების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოჰყვა...
მე არც ჩეხი ვარ, არც რუმინელი, არც ნათესავები მყავს და არც რაიმე განსაკუთრებული სხვა მიზეზი მაქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ. რა ვიცი ამ ქვეყნების შესახებ? მხოლოდ რამდენიმე დედაქალაქში ვარ ნამყოფი, მათ შორის ბერლინში 1962-1989-ში, პრაღაში და იან პალაჩში 1969-ში და ოსვენციმში 1980-ში. არის კი თუნდაც ერთი პატარა ქუჩის კუთხე, რომელიც მაინტერესებს ან კი, რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ამ ქვეყნებში?
არ მგონია, რომ ამდენი ფოტოების, ამდენი მოგზაურობის შემდეგ მე უკეთესი გავხდი. არ მგონია რომ ჩემ "ორეულზე" რამით უკეთესი ვიყო. იმ "ორეულზე", რომელიც ჩემი მშობლების ფერმაში იზრდებოდა. უკეთესი არ ვარ. უბრალოდ განსხვავებული ვარ. ჩემ მშობლებს ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამთ, მაგრამ ვიცი, რომ განიცდიდნენ, რომ მე ასეთი მეოცნებე ვიყავი, თავს ვაფარებდი კინო და ფოტოს სამყაროში. ალბათ ვერ ხვდებოდნენ, ვის დავემსგავსე. როდესაც შვილი გყავს, ყოველთვის ფიქრობ ვის უფრო ჰგავს იგი - დედას თუ მამას, რა აიღო ერთისგან და მეორესგან. მაგრამ, ხანდახან ასე არ ხდება ხოლმე. ამდენი რომ არ მემოგზაურა და შემთხვევით ასე რომ არ აწყობილიყო ჩემი ცხოვრება, მე ერთი სიტყვაძუნწი და ცოტა ველური გლეხი ვიქნებოდი. "შემთხვევამ" ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის. მაგრამ, იყო სურვილიც... მე არასდროს მიფიქრია, რომ კარგი ფოტოგრაფი ვიყავი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სურვილი მქონდა მიმეღწია სასურველი შედეგისთვის. მე ყოველთვის შეპყრობილი ვიყავი გამოსახულებით, ზუსტად არც ვიცოდი რა ტიპის გამოსახულებით და ალბათ ამიტომ ფოტოში და კინოში ერთდროულად ვმუშაობდი. ახლაც შეპყრობილი ვარ... თუ დიდი ხნის მანძილზე არაფერს ვაკეთებ ხოლმე, მეჩვენება რომ ავად ვხდები. თუმცა არ ვიცი რა ქვია ამ ავადმყოფობას...
ბუქარესტში მანიფესტაციის "დასაშლელად" ჩამოსულ მაღაროელთა შორის ჩემი პატარა ჩინური კამერა მხოლოდ ამ პატარა მომტირალ გოგონას აფიქსირებს.
ლაიპციგი. ქალაქიდან გავდივარ. სამხრეთისკენ მივემართები. წვიმს... პატარა გზებზე სევდიან სოფლებში შევდივარ. ეს სოფლები არც ღარიბია და არც მდიდარი. შაბათია. მამაკაცები მანქანებს რეცხავენ. რამდენიმე რუსული სატვირთო მანქანა მხვდება გზაზე. ისინი აქ ისე მშვიდად გრძნობენ თავს, თითქოს სახლში არიან. ახალგაზრდებს რომ ჩაუვლი, ხელს მიწევენ. ეს არის გერმანია.
ჩემი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება. ბერლინიდან 3 ათასი კილომეტრით ვარ დაშორებული. ჰაერი აქაც დაბინძურებულია, ქალაქის ცენტრში მდებარე ამ დამბაზე. ეგებ ღირდეს მეზღვაური იყო რუმინეთში? ალბათ უნდა დავბრუნდე აქ და უფრო დიდხანს დავრჩე. იუგოსლავიიდან ან იტალიიდან რომ წამოვიდე, სამ დღეში ჩამოვალ. არც ისე შორია აქაურობა...
იმედგაცრუება მოგზაურობის თანამდევი რამ არის. მზად უნდა იყოთ იმედგაცრუებისთვის. მოგზაურობისას ეს გარდაუვალია. იგი ეიფორიას, ენთუზიაზმს, დასაწყისის სიანთლეს და აეროპორტებს მოჰყვება ხოლმე. დგება რაღაც მომენტი და თქვენ გრძნობთ, რომ იმედი გაგიცრუვდათ. და მერე რა ხდება ხოლმე? ის, რომ ქვემოდან ზემოთ იწყებ ასვლას. ადიხარ ნელა და სწორედ აქედან იწყება ხოლმე ნამდვილი მოგზაურობა: მანამდე უხილავი დეტალები ხილული ხდება, ფოტოები თითქოს ცოცხლდებიან. ცხოვრება თითქოს თავიდან იწყება. ეს ყველაფერი სინათლედ, ადამიანებად, ხმაურებად, ჟესტებად იქცევა. ეს არის მოგზაურობა. ეგებ მოგზაურობა მხოლოდ სიტყვაა და სხვა არაფერი? ეგებ უბრალოდ პეიზაჟია, რომელიც იცვლება, მაშინ, როდესაც შენ არ მოძრაობ? ან ეგებ პირიქით?