ახალი წელი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირად სასურველი დღესასწაულია, რომლისთვისაც ადამიანების უმეტესობა საჩუქრებს, ან იმ ნივთებს ყიდულობს, რომლის ყიდვაც დიდი ხანია, სურდა. საჩუქრით და ახალი ნივთის ყიდვით კი ყველა ცდილობს, რომ დამდეგ წელს სიახლით შეხვდეს.
24 საათი 31.12.09
ახალი წელი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირად სასურველი დღესასწაულია, რომლისთვისაც ადამიანების უმეტესობა საჩუქრებს, ან იმ ნივთებს ყიდულობს, რომლის ყიდვაც დიდი ხანია, სურდა. საჩუქრით და ახალი ნივთის ყიდვით კი ყველა ცდილობს, რომ დამდეგ წელს სიახლით შეხვდეს.
მაგრამ არსებობს რაღაც-რაღაცეები, რომელთა შეძენასაც ვერ შეძლებთ, თუ ძალიან მდიდარი ადამიანის შვილი არ ხართ, რომელიმე წარმატებული კომპანიის აქციების სოლიდურ პაკეტს არ ფლობთ, ნავთობსაბადო არ გეკუთვნით, ან კი, შუა საუკუნეებში, ოკეანეში ჩაძირული გემი და მასზე არსებული განძი არ აღმოგიჩენიათ.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, ყოველწლიურად, სხვადასხვა კომპანიები ახალ შედევრებს ამზადებენ, რომლებზეც ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ თვალი თუ დარჩება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს შედევრები უსაშველოდ ძვირი ღირს. აბა, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც "ბუგატი ვეირონს" შეიძენს, უფრო ძვირს ჯიბის ტელეფონში გადაიხდის. ან კი, სათამაშოში, თუნდაც არაჩვეულებრივში, ათეულობით ათას დოლარს გაანიავებს? რა თქმა უნდა, არა!
რაღა ბევრი გავაგრძელოთ და დღეს ისეთ ტექნოლოგიურ შედევრებს გაგაცნობთ, რომლებიც წელს შეიქმნა და რომლებსაც მხოლოდ ძალიან მდიდრები თუ შეიძენენ, ან, ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სახით არსებობს. ესე იგი, რომლებსაც საახალწლოდ ვერც საჩუქრად იყიდით და ვერც საკუთარი სიამოვნებისთვის:
1 კანადურმა კომპანია "ემპერორ უორკსტეიშნმა" კომპიუტერული თამაშების ფანატებისთვის არაჩვეულებრივი მოწყობილობა დაამზადა, რომელ(და არა თან)ზე დაჯდომისთანავე, ამ სათამაშოს ნაწილი ხდები და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მას თავი დაანებო და სხვა რამეზე გადაერთო.
ჯდებით სავარძელში და "ემპერორი" მაშინვე მყარად გაფიქსირებთ. მოწყობილობას უამრავი საშუალება (მაგალითად, სამი მონიტორი) აქვს იმისათვის, რომ თავი თამაშის გარემოში იგრძნოთ. რბოლაში მონაწილეობთ? მაშინ შემხვედრი ჰაერის ნაკადსა და მოსახვევის დროს გადატვირთვებს იგრძნობთ. ნუ, ნებისმიერი ავარია ყოველგვარი ფატალიზმის გარეშე ჩაივლის, მაგრამ თუ ჯუნგლებში რაიმე მისიას ასრულებთ და გაგიწვიმდათ, თქვენც დასველდებით. მოკლედ, კანადურმა კომპანიამ ისეთი სათამაშო შექმნა, რომელიც სინამდვილესთან უამრავი ეფექტით მაქსიმალურად მიგაახლოებთ.
მაგრამ ეს სათამაშო რომ 40 000 დოლარი ღირს?..
2 სატერფულებიანი ორადგილიანი წყალქვეშა ნავი როგორ მოგწონთ, რომელსაც გამჭვირვალე კოკპიტი აქვს?
მოისვით გვერდზე თანამგზავრი და ათვალიერეთ წყალქვეშა სამყარო. მაგრამ ასეთი რამ ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ამ მინი სუბმარინს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს. პროექტი კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაამუშავეს. მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ აპარატის წარმოების შემთხვევაში, მისი ღირებულება 30 000-70 000 დოლარის ფარგლებში მოექცევა. საკმაოდ ძვირია, მგრამ არა იმდენად, რამდენიც აჟამად არსებული მინი წყალქვეშები ღირს...
3 "ბუგატი ვეირონ 16.4 გრან სპორტი" ყველაზე სწრაფი ღია ავტომობილია მსოფლიოში - მისი მაქსიმალური სიჩქარე
407 კმ/სთ-ს აღწევს.
კომპანია მას მხოლოდ 150 ცალს დაამზადებს, რომელთაგან, 40-ზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. ამ ავტომობილს ყველაზე მიუწვდომელს კი ის გარემოება ხდის, რომ ის 1.4 მილიონი ევრო ღირს...
4 მობილური 3 მილიონ დოლარად. რა სისულელეა? ამ ტელეფონს ლივერპულელი სტიუარტ ჰიუზი 10 თვის განმავლობაში აკეთებდა.
ოსტატმა ბაზისად "აიფონ 3G" გამოიყენა, რომელიც 271 გრამი ოქროთი და 136 ბრილიანტით (სულ 68 კარატით) მოავარაყა. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ მართლა ღირებულა 3 მილიონი. მაგრამ, ვის რად უნდა ასეთი ტელეფონი? მუშტარი ალბათ ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში გამოინახება...
5 ელექტრომობილი "აუდი e-ტრონი". გერმანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი ფრანკფურტის გამოფენაზე წარადგინა და ყველა გააკვირვა იმით, რომ მაბრუნი მომენტის გრაფაში წარმოუდგენლად დიდი რიცხვი - 4 500 ნიუტონმეტრი ეწერა. მაინც, რატომაა ასეთი ავტომობილის შეძენა შეუძლებელი? ჯერ ერთი, მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა. მეორეც, წარმოუდგენელია, რომ ოთხი ძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 313 ცხენის ძალას არ აღემატება, 4 500 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებდეს.
პრეს რელიზში დაშვებულ შეცდომას დავაბრალოთ ყველაფერი? მაგრამ ის ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს თავად "აუდის" წარმომადგენლებს არ შეემჩნიათ, ან პრესკონფერენციაზე ამის შესახებ კითხვა მაინც არავის დაესვა? ინგოლშტადტელები კი აქამდე სდუმან...
6კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლები სწრაფი ტემპით ავითარებენ სამგანზომილებიან ტექნოლოგიებს და შორს არაა ის დრო, როდესაც ასეთი ტექნოლოგიებით დამზადებული კომპიუტერები და მონიტორები მასობრივ ბაზარს მიაღწევენ.
ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერები კი უფრო შორსაც მიდიან და ისეთ სამგანზომილებიან სისტემას გვპირდებიან, რომლის მეშვეობითაც, საგნებზე შეხებაც შესაძლებელი იქნება. მაგალითად, შეხვალთ ჰოლოგრაფიულ სივრცეში, სადაც წვიმა მოდის და ტანზე წვეთების დაცემას იგრძნობთ...
7 ავსტრალიურმა კომპანია "ენტეჩომ" მარტივი მფრინავი თეფშის მოქმედი პროტოტიპი შექმნა. საფრენი აპარატის მოქმედების პრინციპი მარტივია და საერთო არაფერი აქვს უცხოპლანეტელთ ჰიპოთეტურ სატრანსპორტო საშუალებასთან, რომელზეც უამრავი ლეგენდა დადის.
ავსტრალიური "თეფშის" კონსტრუქსია ისეთია, რომ ზედა ნაწილში ჰაერს იწოვს და ქვედა ნაწილში არსებული საქშენებიდან დიდი წნევით გამოსტყორცნის, რაც აფრენის საშუალებას აძლევს. ამ აპარატის ყიდვაც იმიტომაა შეუძლებელი, რომ ის ჯერ არ იწარმოება.
8 რამდენად ხშირად ხდება, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალების შექმნის შესახებ გებულობთ?
ახლა სწორედ ამის დროა - ავსტრალიურმა კომპანია "სკარპარმა" სკეიტბორდის მისებური ვერსია (პაუაბორდ) დაამზადა, რომელსაც ხმელეთზე თითქმის ნებისმიერი სახის უგზოობის პირობებში შეუძლია თქვენი ტარება. ტარება იმიტომ, რომ ის მოტორიზებულია (მინიატურული შიდაწვის ან ელექტრო ძრავით) და ორი მუხლუხებიანი გამწევი გააჩნია. ეს მოტორიანი დაფა 60 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების საშუალებას იძლევა. მას კომპაქტური მართვის პულტი აქვს, რომელსაც აჩქარების და დამუხრუჭების ფუნქციები ევალება. მართვის პულტი "მხედარს" ხელში უჭირავს და თითებით იძლევა ბრძანებებს.
"პაუაბორდი", თუ მის საწარმოებლად "სკარპარმა" ინვესტორს მიაგნო, სულ რაღაც 2 000 აშშ დოლარი ეღირება და აქედან გამომდინარე, ჩვენს სიაში ყველაზე ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა...
9 დაბოლოს, კოსმოსური ტურიზმი. თუ 2012 წელს 200 000 დოლარს გაიმეტებთ და შესაბამის განაცხადსაც გააკეთებთ, კოსმოსის ზღვარზე ფრენის საშუალება მოგეცემათ.
ამ თავგადასავალს ბრიტანულ-ამერიკული კომპანია "ვირჯინ გალაქტიკი" გპირდებათ, რომელმაც ახლახანს, საზოგადოებას თავისი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი, "სპეისშიპ თუ" წარუდგინა. მოკლედ, თუ ფული გაქვთ, 2012 წლამდე მოითმინეთ...