31 აგვისტოს დაიხურა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, ბობოლა საფეხბურთო კლუბებმა ზაფხულში ფულის ხარჯვაზე უარი არ თქვეს.
24 საათი 03.09.10

31 აგვისტოს დაიხურა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, ბობოლა საფეხბურთო კლუბებმა ზაფხულში ფულის ხარჯვაზე უარი არ თქვეს.
სანამ საუკეთესო ხუთეულის ქვეყნებში განხორციელებულ ტრანსფერებზე გიამბობდეთ, გაგაცნობთ იმ ხუთი კლუბის ვინაობას, რომლებმაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად იაქტიურეს.
1.”მანჩესტერ სიტი” - 146 მილიონი გირვანქა სტერლინგი
2.”რეალი” - 81 მილიონი
3.”ბარსელონა” - 72 მილიონი
4.”იუვენტუსი” - 50 მილიონი
5.”ზენიტი” - 48 მილიონი (ნევისპირული გუნდის ტრანსფერებში ზამთარში განხორციელებული შენაძენებიც იგულისხმება).
ინგლისი
ბრიტანეთში სატრანსფერო სეზონის მთავარ გმირად “მანჩესტერ სიტი” იქცა. ხელგაშლილობით “ქალაქელებმა” თვით რომან აბრამოვიჩიც კი დაჩრდილეს. წესით, მომავლ სეზონში “სიტიმ” კარგი ფეხბურთი უნდა აჩვენოს. ეს გუნდი მაღალი კლასის რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდა: ალექსანდრ კორალოვი, დავიდ სილვა, იაია ტურე, მარიო ბალოტელი, ჯერომ ბოატენგი და ჯეიმს მილნერი. მაგრამ ეს მხოლოდ ხმაურიანი ტრანსფერების ჩამონათვალია. მანჩესტერულმა გუნდმა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, თუმცა, მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. სხვა კლუბები “სიტის” ფონზე ჩრდილში აღმოჩნდნენ.
იტალია
იტალიური სატრანსფერო სეზონის მთავარი მოქმედი გმირი, წესით, ტურინის “იუვენტუსი” უნდა ყოფილიყო. ამ გუნდმა ახალ ფეხბურთელებზე 50 მილიონი დახარჯა, თუმცა, “ბებერმა ქალბატონმა” ეს თანხა თანაბრად გაადაანაწილა და საშუალო დონის ფეხბურთელები იყიდა. “მილანმა” კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზა. “როსონერიმ” ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და რობინიოსთან გააფორმა კონტრაქტი. რონალდინიოსა და პატოსთან ერთად ეს ორი ფეხბურთელი “მილანის” შეტევას თითქმის შეუჩრებელს გახდის. იტალიაში აგრეთვე გამოირჩა “ჯენოა”. ჩვენთვის ეს კლუბი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ ამ კლუბში გადავიდა კახა კალაძე. ქართველ მცველთან ერთად “ჯენოამ” ლუკა ტონი და რაფინიაც იყიდა. “ინტერმა” კი სატრანსფერო პერიოდი ჩააგდო.
ესპანეთი
ესპანეთში, როგორც მოსალოდნელი იყო, “რეალისა” და “ბარსელონას” ომმა სატრანსფერო ბაზარზე გადაინაცვლა. “ბარსამ” დავიდ ვილია და ხავიერ მასკერანო შეიძინა, აგრეთვე ბრაზილიელი მცველი ადრიანო. “რეალის” მთავარი შენაძენი ჟოზე მოურინიოა, თუმცა, მწვრთნელი ტრანსფერებში არ ითვლება. მოურინიომ “სამეფო კლუბში” სამი ჰედირა, მესუთ იოზილი, ანხელ დი მარია, პედრო ლეონი, რიკარდლო კარვალიუ და სერხიო კანალესი მიყვანა, სამაგიეროდ გუნდიდან წავიდნენ გუტი და რაული.
გერმანია
გერმანიაში სატრანსფერო პერიოდმა მშვიდად ჩაიარა. ყველაზე მეტად “ვოლფსბურგმა” იაქტიურა. “მგლებმა” გერმანიაში დააბრუნეს დიეგო, რომელმაც გასული სეზონი ტურინის “იუვენტუსში” ჩააგდო.
საფრანგეთი
ფრანგული ჩემპიონატი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. საფრანგეთში განხორციელებული ტრანსფერებიდან აღსანიშნავია იოან გურკუფის “ლიონში” გადასვლა.
ზაფხულის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი
1.დავიდ ვილია (“ვალენსიადან” “ბარსელონაში”) - 40 მილიონი
2.დავიდ სილვა (“ვალენსიადან” “სიტიში”) - 32 მილიონი
3.ჯეიმს მილნერი (“ასტონ ვილადან” “სიტიში”) - 30 მილიონი
4.მარიო ბალოტელი (“ინტერიდან” “სიტიში”) - 28 მილიონი
5.ანხელ დი მარია (“ბენფიკადან” “რეალში”) - 25 მილიონი
კლუბები, რომლებმაც ყველაზე ძვირად გაყიდეს ფეხბურთელები
1.”ვალენსია” - 84 მილიონი
2.”ინტერი” - 53 მილიონი
3.”ბენფიკა” - 50 მილიონი
4.”ბარსელონა” - 45 მილიონი
5.”ლივერპული” - 38 მილიონი