დღეს "ხუთჯვაროსნები" ნავსის გატეხვას შეეცდებიან
24 საათი 03.09.10

დღეს "ხუთჯვაროსნები" ნავსის გატეხვას შეეცდებიან
დღეს, ათენში, უფრო ზუსტად კი საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბან პირეოსში, "გეორგიუს კარაისკაკისის" სტადიონზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის მორიგ ევროკამპანიაში ჩაებმება. "ხუთჯვაროსნები" ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებული სტარტის აღებას ჩვენთვის ძალზე წარუმატებელ (სანკრებო შედეგების თვალსაზრისით) ქვეყანაში შეეცდებიან. ათენში ჩვენმა ნაკრებმა ორჯერ ითამაშა. ორივეჯერ ოფიციალურ, საკვალიფიკაციო ტურნირში და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა. პირველად ეს 1997 წელს მოხდა, როცა ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მასპინძლებთან პირწმინდად დამარცხდა ანგარიშით 0:3. მეორედ, 2006 წელს საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლა გაუმართა მასპინძელთა გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დათმო მატჩი. მაშინ ჩვენს გუნდს დროებითი მწვრთნელი, გაიოზ დარსაძე თავკაცობდა. საერთოდ, ბერძნებთან ოთხ ოფიციალურ მატჩში ოთხივეჯერ მარცხი ვიწვნიეთ, რაც არც თუ სახარბიელო შედეგია. ასეთი უარყოფითი ბალანსი თვით მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ იტალიასთანც კი არ გვაქვს, ერთხელ ოფიციალური შესარჩვეი მატჩი ფრედ, 0:0 დავასრულეთ და "სკუადრას" ქულა ავართვით. იმედია, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი არა დამთრგუნველად, არამედ, დამატებით მოტივაციად იმოქმედებს ქართველ ფეხბურთელებში და ნავსსაც გავტეხავთ.
დღევანდელი ფორმაციის საბერძნეთის ნაკრებზე საუბარი ცოტათი ძნელია. წარუმატებელი სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როცა ბერძნებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს, გუნდი მთავარ მწვრთნელთან, გერმანელ ოტო რეჰაგელთან ერთად წამყვანი ფეხბურთელების ნაწილმაც დატოვა. ახალი დამრიგებელი, პორტუგალიელი ფერნანდო სანტუში არა იმდენად უმკაცრეს სათამშო დისციპლინაზე, (როგორც ამას რეჰაგელი ქადაგებდა), არამედ, უფრო სწრაფ ტემპში თამაშზე და შეტევაზე მეტად ორიენტირებულობაზე აკეთებს აქცენტს. ახალი დამრიგებლის ხელქვეით ბერძნებმა ერთადერთი თამაში ჩატარეს - ბელგრადში სერბებთან და ბევრისთვის მოულოდნელად, 1:0 გაიმარჯვეს. თქმა არ უნდა, რომ დღევანდელ ელადელები საკუთარ გუნდს ფავორიტად მიიჩნევენ და მათთვის მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება. სხვათა შორის, ბერძნულმა სპორტულმა მედიამ პორტუგალიელ მწვრთნელს კონსპირაცია დაურღვია და გამოაქვეყნა იმ 11 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც, ჩემი ბერძენი კოლეგების აზრით, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ თამაშს. სიფაკისი, სეიტარიდისი, სპიროპულოსი, პაპადოპულოსი, პაპასტოპულოსი, კაცურანისი, სამარასი, კარაგუნისი, ტოროსიდისი, გეკასი, სალპინგიდისი - ასეთი იქნება, ბერძენი ჟურნალისტების აზრით, სანტუშის რჩეული თერთმეტი ფეხბურთელი და ეს გუნდი 4-4-2 სისტემით ითამაშებს.
"ქართველები სუსტები სულაც არ არიან. მათ ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც საბერძნეთში თამაშობდა და ბერძნულ ფეხბურთსაც კარგად იცნობს. და მაინც, ჩვენ შინ ვთამაშობთ და 3 ქულა მაინც უნდა ავიღოთ" - ეს ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილ "არისში" მოთამაშე მეკარის, სიფაკისის სიტყვებია.
ქეცბაიას კი ეს ცოდნა რას მოუტანს, დღეს გამოჩნდება. ჩვენი ნაკრები გუშინ ესტუმრა ათენს, მანამდე კი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ჩაატარა ორდღიანი საწვრთნელი შეკრება. საკადრო პრობლემები ყველა ფორმაციის საქართველოს ეროვნულის "აქილევსის ქუსლია". ამჯერად ნაკრებს ტრადიციულად ვერ ეხმარებიან ყენია, კანკავა, მჭედლიძე, რომლებსაც ტრავმები არ აქვთ მოშუშებული. მეტნაკლებად კარგად არის დაკომპლექტებული უკანა ხაზი. აღსანიშნავია, რომ ნაკრების კაპიტანმა, კახა კალაძემ ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი საათით ადრე გააფორმა კონტრაქტი გენუის "ჯენოასთან" და გაურკვევლობით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები დაივიწყა. ანალოგიურად, ბოლო დღეს, 31 აგვისტოს "დაბინავდა" ზურაბ ხიზანიშვილიც, რომელიც გაისად ინგლისურ "რედინგში" ითამაშებს. ფეხის კოჭთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს ქართველ ვუნდერკინდად შერაცხულ ჯანო ანანიძეს, თუმცა, ფეხბურთელი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მისი მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იქნება.
"ძნელია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა დავისახო მიზნად. მით უმეტეს, რომ ბოლო შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს ერთი თამაშიც კი არ მოუგია. და მაინც, ვიცრუებ რომ ვთქვა, პოლონეთ-უკრაინაში მოხვედრაზე არ ვფიქრობ მეთქი. რთულია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ეს პირეოსშიც გამოჩნდება" - ასეთი კომენტარი მისცა საბერძნეთის რადიოს საქართველოს ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, რომელსაც პირეოსში პირადი რევანშიც აქვს ასაღები. ერთი წლის წინ თემურ ქეცბაია სწორედ პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს და ამ გუნდმა წარმატებით გადალახა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ბარიერი. თუმცა, რაღაც გარუკვეველ ხმებს აყოლილმა "ოლიმპიაკოსის" შეფობამ ეს შედეგი არად ჩააგდო და ქართველ მწვრთნელს კონტრაქტი გაუწყვიტა. საპასუხო სვლა თემურ ქეცბაიაზეა…