თურქეთმა საფრანგეთი გააგდო, არჩევნების საკითხშიც ცოტა დალაგდა აქ ყველაფერი, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი მეძავების მთელი საკალათბურთო გუნდი ვნახეთ (12-კაციანი განაცხადი ჰქონდათ შევსებული) და დღის მეორე ნახევარში ჯერ ამერიკის ნაკრებით ვისიამოვნეთ და მერე, თითქმის მეოთხედ-ნახევარი, ახალი ზელანდია რუსეთს უგებდა.
24 საათი 08.09.10

თურქეთმა საფრანგეთი გააგდო, არჩევნების საკითხშიც ცოტა დალაგდა აქ ყველაფერი, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი მეძავების მთელი საკალათბურთო გუნდი ვნახეთ (12-კაციანი განაცხადი ჰქონდათ შევსებული) და დღის მეორე ნახევარში ჯერ ამერიკის ნაკრებით ვისიამოვნეთ და მერე, თითქმის მეოთხედ-ნახევარი, ახალი ზელანდია რუსეთს უგებდა.
მოკლედ, საინტერესო დღე იყო.
ჩონსი ბილაპსს, კევინ დიურანს და “დრიმ თიმის” დანარჩენ წევრებს თურქეთში ყველაზე ცოტა ფანი ჰყავთ. დამღლელი და მოსაბეზრებელია იმ გუნდის მხარეს იყო, რომელიც ყველა შემთხვევაში მოიგებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც უნდა. უბრალოდ, გავა მოედანზე და მოიგებს. სხვაზე უკეთ თამაშობს კალათბურთს, სხვაზე უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს და ჰყავს დიურან-ბილაპსის არაჩვეულებრივი ტანდემი. ამერიკამ ანგოლას 121:66 მოუგო და რუსებმა ახალ ზელანდიას 78:56 გადაურბინეს.
ამერიკელებს დარბაზთან უზარმაზარი ტრანსპარანტებით ათამდე თურქი დახვდა, დიურანმა ავტოგრაფსესიაც მოაწყო და მაიკ კჟიჟევსკის ბრიგადაც არენაზე რამდენიმე პირადი მცველის თანხლებით შევიდა. ცოტა ხანში ანგოლაც მოიყვანეს. სათამაშოდ, უფრო გასართობად მოიყვანეს და ჩვენც კარგად ვიხალისეთ.
ამერიკამ დაიწყო, პირველ წუთზე 9 ქულა გააკეთა, დიურანმა ოკლაჰომიდან მიატენა რომელიღაც ანგოლელს და ბოლომდე გვარიანად გაერთო მთელი დარბაზი. წაუვიდა სროლა ჩონსის, ლამარ ოდომი ხსნიდა ყველაფერს, რასაც სხვები აფუჭებდნენ. ბექპასები, ფეიქები, ლამაზი დრიბლინგი, ტიმ ჰარდევეის სტილში ურთულესი ქროსოვერები - ამერიკამ მომენტებში წაისთრითბოლა და ანგოლამაც რამდენიმე ეფექტური ეპიზოდით დატოვა თურქეთი.
ამერიკამ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. 18 ჩაგდებული სამიანი, ორი მოთამაშე, რომელმაც 40 წუთში, სულ მცირე, 5 შორი სროლა 50 და მეტპროცენტიანი სიზუსტით გამოიყენა (ბილაპსი - 7-ში 5 და ერიკ გორდონი 6-ში 5), ერთ მატჩში აღებული ქულა, ზუსტი პასი (30), შეცდომა (5) პასებთან შედარებით და უმაღლესი მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ამერიკას ჯერ ერთხელ მოუშალეს ნერვები. ბრაზილიასთან კჟიჟევსკის ნაკრებმა ძალიან იწვალა ბრაზილიასთან, რომელმაც მერე, დაღლილმა, სლოვენიასთან წააგო და მერვედფინალში არგენტინა გამოიწერა. ბილაპსი ჩემპიონატის საუკეთო პლეიმეიკერია, დიურანი, ალბათ, საერთოდ საუკეთესო გახდება და კჟიჟევსკის ანგოლასთან წუთშესვენება არ აუღია. მოთამაშეებს მარტო ანგოლას ტაიმაუტებზე ან ფიბას სარეკლამო პაუზების დროს ცვლიდა და რომ არ შეეცვალა, მაინც დიდი უპირატესობით მოიგებდა.
დიურანმა 19 წუთში 17 ქულა აიღო, ჩონსიმ ამდენივეში ორით მეტი გააკეთა და მერე სხვებმა შეასრულეს. უფრო გართობის ელემენტები ჭარბობდა და მაინც ეს ყველაფერი ლამაზი იყო. ალბათ, ეს არის კალათბურთი და არა ის მაზოხიზმი, რომელსაც უფრო ხშირად ვუყურებთ. ჩვენს ერთ-ერთ მწვრთნელს თამაშისთვის რომ ეყურებინა, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენდა და ძალიანაც გაუკვირდებოდა, ამერიკამ წუთშესვენება რომ არ აიღო.
მერე იყო კირკ პენის მკვდარი, უფერული და დაგვიანებული შოუ რუსეთთან, პერო კამერონის გაცილება დიდი კალათბურთიდან და საშა კაუნის მეგადაცვა დაბალ ზელანდიასთან. რუსეთმა ორივე ფარი წალეკა, ზელანდიაც მიაყოლა და ამერიკასთან სუპერმატჩიც “გაინაღდა”. რუსები სტამბულში ბოლო მატჩს მაიკის მეგაგუნდთან კარგი განწყობით, მაგრამ უშანსოდ ჩაატარებენ.
რუსებს მძიმე გუნდი ჰყავთ ანდრეი კირილენკოს, ვიქტორ ხრიაპას და რომელიმე შავკანიანი (ჯეი არ ჰოლდენი ან კელი მაკკარტი) რუსის გარეშე, მაგრამ მაინც იგებენ. მთელ ტურნირზე რუსეთმა უკვე 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი 40 წუთი წააგო - თურქეთთან და იქაც შეეძლო ნაკლები წაეგო ან, საერთოდ, მოეგო ფავორიტისთვის. უბრალოდ, რამდენიმე ლიდერს თამაში არ წაუვიდა და დროდადრო მსაჯებიც სცოდავდნენ.
ახალ ზელანდიასთან რუსეთმა 41 მოხსნა გააკეთა, ზელანდიამ - 26 და თუ პირველ მეოთხედში დევიდ ბლატის ბრიგადამ 9 სამქულიანიდან ერთადერთი ჩააგდო, მერე ესეც დალაგდა და რუსებმა სწრაფი კალათბურთი ითამაშეს.
რუსები დარბაზში ბლომად იყვნენ, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ლიტველი ფანია. უბრალოდ, ბევრნი არიან და კარგად ერთობიან. ძირითადად მთვრალები და გამაგრილებელი სასმელების პლასტმასის ბოთლებში ნამდვილად არ უსხიათ ის, რაც უნდა ესხათ. რუსული კაიფი მაინც სხვაა და დიურანი და დანარჩენი ამერიკელები, ალბათ, იმითაც იხალისებენ, მასტერკლასს რომ ჩაუტარებენ.
ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც იყო. კირკ პენი ბურთისთვის სერგეი მონიას ებრძოდა, ორივე წაიქცა და როცა პერო კამერონი რუსის ასაყენებლად დაიხარა, ანდრეი ვორონცევიჩმა ზელანდიის კაპიტანს თავში წამოარტყა. რუსების ლიდერმა ტექნიკური დაირტყა და ზელანდიამ იმ მომენტში ოდნავ შეამცირა ჩამორჩენა. რუსები 16:21 რომ ჩამორჩნენ, მერე სამი წუთი 10:0 მოიგეს, კაუნმა და მოზგოვმა მოსახსნელი მოხსნეს და თამაშიც იქ დამთავრდა. თან, პირველი ტაიმის ბოლოს პენის უკვე სამი ფოლი ჰქონდა მიღებული. რუსეთმა მოიგო. ვორონცევიჩმა სამივე სამიანი ჩასვა და მატჩი 18 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა. კირკ პენის ანგარიშზე 21 ქულა და 6-დან 5 აცილებული სამიანი იყო.
მალე ორი მატჩი დაიწყება. ორიდან ერთ 40 წუთში ნამდვილი კალათბურთი იქნება - ბრაზილია არგენტინას დაეჯახა და ლიტვა უპრობლემოდ მოუგებს ჩინეთს. იაო მინის გარეშე ჩინეთი მერვედფინალში გაძვრა და დიდიე დროგბას ქვეყანას მადლობა უნდა გადაუხადოს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოტ დ`ივუარმა პუერტო რიკოს მოუგო და ჩინეთი ჯგუფიდან გაიყვანა.