"კლივლენდი" "სან ანტონიოს" ხვდებოდა. რეგულარულის ერთი, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ლებრონ ჯეიმსის, ტიმ დანკანის, შაკილ ო`ნილის და კიდევ რამდენიმე ტიპის თამაშს უნდა ექცია მოვლენად.
24 საათი 11.03.10

"კლივლენდი" "სან ანტონიოს" ხვდებოდა. რეგულარულის ერთი, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ლებრონ ჯეიმსის, ტიმ დანკანის, შაკილ ო`ნილის და კიდევ რამდენიმე ტიპის თამაშს უნდა ექცია მოვლენად.
სასტარტო ხუთეულები - არც შაკი, არც ენტუან ჯეიმისონი, არც ტონი პარკერი და არც ის, ვინც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "სან ანტონიოში" იყო თითქმის ტიმ დანკანი და ვინც მთლად დანკანიც ვერ იყო.
საერთოდ, ხუთეულის შედგენისას, სასტარტოში ხუთი კაცის დაყენებისას ეჭვი შეგვაქვს ამ პერსონების არჩევის სისწორეში, მაგრამ როდესაც "სან ანტონიო" თამაშობს და როცა ხუთეულს გრეგ პოპოვიჩი აყენებს, ეჭვი მინიმუმამდე მცირდება - რასაც მწვრთნელი ირჩევს, ის ასარჩევია და ვისაც მწვრთნელი ხუთეულში აყენებს, ის ამას იმსახურებს.
ჩვეულებრივი მატჩი იყო. თითქმის ის, რაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც "სან ანტონიომ" სუპერფინალში მასტერკლასი ჩაუტარა "კავალიერსს" და დანკანი იყო ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო.
ლებრონმა ოთხმატჩიან სერიაში ერთადერთი დანქი გააკეთა და ისიც ბოლოს, როცა ბრიუს ბოუენმა, უბრალოდ, გაატარა ნორჩი ვარსკვლავი და ის, ვისაც უნდა ევარსკვლავა. დანკანმაც გაატარა, ჯეიმსმა კი იხალისა ერთი ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდით.
იმ ეპიზოდით "სპურსში" კიდევ ერთმა კარგმა ტიპმა იხალისა. იმ სერიაში ტეხასი არგენტინამ წარადგინა.
...და ბოლომდე წარადგინა.
"სან ანტონიო" ტიმის და ევა ლონგორიას მეუღლის გარდა, ყველაზე დიდმა არგენტინელმა გააჩემპიონა.
ტეხასში თამაშობდა, თამაშობს და, იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს ითამაშებს მანუ ჯინობილი.
არგენტინამ 2004 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქრო აიღო, ორჯერვე ყველაზე პრესტიზჟულ სახეობაში - ფეხბურთსა და კალათბურთში.
უფრო კალათბურთის ოქროს დაედო ფასი იმის გამო, რომ ამ ტურნირში ამერიკაც იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკელები ალაგებდნენ "ოცნების გუნდს", რომელშიც ბოლოს დანკანი, ლებრონი, კარმელო ენტონი, დუეინ უეიდი და კიდევ რამდენიმე სოლიდური ვინმე შევიდა.
ყველას "გადაუჯოკრა" ემანუელ ჯინობილიმ, რომელმაც ნახევარფინალში ოცნება რეალობად აქცია და ამერიკას ამერიკულად მოუგო.
"კალათბურთში ბევრი გამიკეთებია, მაგრამ ბევრი კიდევ მაქვს გასაკეთებელი და თუ რომელიმე კომპონენტში, რომელიმე ეპიზოდში ჩემზე ბევრად ახალგაზრდა მოთამაშისგან მივიღებ რჩევას... ესე იგი, ეგრეა საჭირო. ათენში თავი ღმერთი მეგონა, მაგრამ ის ერთი გაელვება იყო და თუ ვიღაცა მეტყვის, მანუ, აქ ამის გაკეთება არ იყო საჭირო ან ამ მომენტში შეცდომა დაუშვიო, ღმერთმანი, გამიხარდება", - ამბობს "სან ანტონიოს" სუპერვარსკვლავი მანუ ჯინობილი.
"კლივლენდთან" ლეო მესიზე პოპულარულმა, დიდმა არგენტინელმა 38 ქულა დადო. მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ ვეღარ მოასწრო. იმიტომ, რომ მოედანზე გუნდი იყო და ჯინობილი გრეგმა აღარ დატვირთა.
"კლივლენდმა" მოიგო და შედეგი ლებრონის, ჯეიმისონის, შაკის გარეშე აჩვენა.
"სან ანტონიომ" წააგო და დანკანის გვარის გასწვრივ არც 20 ქულა, არც 12 მოხსნა და არც 5 დაფარება არ ეწერა.
ჯინობილი კი აღმოსავლეთში ჩასული დასავლელის მეგავარსკვლავი იყო.
თავისი 38 ქულით, ფენომენალური კალათბურთით და იმითაც, რაც მარტო ძალიან მაგრებს ახასიათებთ - ჩემპიონის ხასიათით და გულით.
მანუმ იფრინა, ჩასატენი ჩატენა, რამდენიმე სუუუუუუუპერპასი გააკეთა და ძალიან არ გაუმართლა, რომ მისმა გუნდმა ვერ მოიგო.
"ლებრონი ლებრონია და იმას, რაც უნდა გააკეთოს, მაინც გააკეთებს. თუ ლებრონი ვერ თამაშობს, "კლივლენდში" სხვაც იტრიალებს, გუნდს რომ მოაგებინოს და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა მოედანზე ჯეიმსი. "კლივლენდი" მაინც ფავორიტია", - ამბობს პოპოვიჩი და ასი პროცენტით მართალია.
წლევანდელი "სან ანტონიო" ასაკოვანი, დაბერებული ხალხის გუნდია, სადაც, დანკანის გარდა, მარტო ჯინობილია, ვისაც მოგება უნდა და შეუძლია.
პარკერი ისე დაიმტვრა, რომ კოჭ-მუხლის მორჩენას ვერ ასწრებს და პირდაპირ დაშავებულებში გადადის.
ანტონიო მაკდაიესი დამტვრევის გარეშეც ბებერია და რიჩარდ ჯეფერსონის დამატება კი... ასეთი შეცდომა პოპოვიჩს დიდი ხანია არ დაუშვია.
მთელი შეხვედრის დროს ტიმს, სულ მცირე, სამი კაცი იჭერდა, პერიმეტრი მკვდარი ყო, ტონის საერთოდ არ უთამაშია, მანუ კი... მანუ იყო.
უბრალოდ, ბოლოს, როდესაც "კლივლენდში" ბევრმა ისეთმა ჩააგდო, ვისაც არ უნდა ჩაეგდო, ჯინობილის ძალიან კარგი თამაშიც არ ეყო მოგებას. წაგებული ამჯერადაც "სან ანტონიო" დარჩა.
ოღონდ არა ჯინობილი, რომელმაც ითამაშა ჯორდანივით, ბრაიანტივით, ჯეიმსივით და ყველაზე უფრო... ჯინობილივით. იმიტომ, რომ ფენომენი სხვანაირად ვერ თამაშობს.
როდემდე იქნება მანუ... ჯინობილი?
"კალათბურთი მართლა მიყვარს. კალათბურთი ჩემშია და კალათბურთში მანუა. ალბათ, ვერასოდეს დავივიწყებ მსოფლიო ჩემპიონატის იმ ფინალს, სადაც დამტვრეული ვიყავი, არგენტინა დავაღალატე და ჩემპიონები ვერ გავხდით... ყოველთვის მემახსოვრება ის წამები, როდესაც არგენტინამ ფინალში იტალიას მოუგო. უფრო მაგრები ვიყავით და ამიტომ მოვიგეთ. ის ფინალი ჩვენი იყო", - იხსენებს 2004 წლის ოლიმპიურ ფინალს ჯინობილი.
ის ფინალი მანუმ მოიგო.
და არგენტინამაც.
რეიტინგების, ავატარული ნომინაციების ქვეყანაში ყოველთვის იქნება და არის ოსკარის კალიბრის ჯილდოს ვერმიმღები, უკმაყოფილო და იმედგაცრუებული სუბიექტი.
ჯინობილი?
"მანუ განსაკუთრებულია. იცის, ვინც არის და რამდენად მაგარია. ტიმის გვერდით, გრეგის მითითებით ჯინობილი მაინც უნიკუმია. მანუს აქვს უნარი, ყველაფერი იმაზე უკეთესად, ლამაზად გამოიყვანოს, ვიდრე რეალობაში. ფინალში საუკეთესო გავხდი, ტიმი ყველგან საუკეთესოა, მაგრამ ამის ფონზე საუკეთესო მაინც მანუა", - ტონი პარკერი მართალია და ეს იმდენად ალალია, რამდენადაც "ლეიკერსი" ყოველთვის "ხიმკიზე" მაგარი გუნდი იქნება.
ჯინობილი არ აგებს.
იცით რატომ?
მანუ რომ მოედანზეა, ყველა იგებს, ყველა ბედნიერია და ყველამ იცის, რომ კალათბურთი სპორტის ყველაზე კარგი სახეობაა.
ვიგებთ, ვაგებთ, ვხარჯავთ ენერგიას, დროს, ნერვებს. ჯინობილი კი ისეთია, როგორიც ყოველთვის. არგენტინაში არის მანუ, არის მესი და არის დელ პოტრო. არის მთლიანად არგენტინაც, რომელიც სპორტით, ამ სამი კაცით ცოცხლობს. ყველაზე დიდი კი მანუა.
ბედნიერი ვარ, რომ ჯინობილის თამაში ათენში ვნახე. ამერიკასთან და ფინალში.
კალათბურთი ჯინობილია.
და მანუ კალათბურთია.