აქსარაი სტამბულის ყველაზე კრიმინალური უბანია.
24 საათი 07.09.10

აქსარაი სტამბულის ყველაზე კრიმინალური უბანია.
მეძავების, ნარკომოვაჭრეების, ქურდების, მკვლელების სავანე. აქ ყვავის ტრეფიკინგი და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაუბედურებელი ხალხი იყრის თავს. მათ შორის ბევრია ქართველიც, რომელთა ძირითადი საქმიანობა ნარკოტიკების მოხმარება, მეძავეობა და ქურდობაა. დღე არ გავა, რომ აქსარაიდან ერთი ქართველი მაინც არ წაასვენონ სამშობლოში, - ამბობენ აქაური, თურქი ქართველები.
როგორც ყველა კრიმინალურ უბანს, აქსარაისაც მრავლად აქვს სავაჭრო წერტილები. ის ბაზრებით და კაფე-რესტორნებით არის სავსე. ცოტა ზემოთ სტამბულის ძველი მონათა ბაზარია, სადაც დღესაც ვაჭრობენ ტრეფიკინგის მსხვერპლი მონებით. ამ საქმეში ძირითადად აფრიკელი შავკანიანები არიან ჩართული. აქსარაიში მათი კვარტალიც არსებობს, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობაც ყვავის, მაგრამ თურქეთის მთავრობა უძლურია, გადამწყვეტი ზომები მიიღოს. ის აფრიკელებს დეპორტაციას ვერ უკეთებს, რადგან ეს ძალიან ძვირი უჯდება. მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი ორკვირიანი თურქული ციხეა, რომლის შემდეგ კრიმინალები აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
აქსარაი თაღლითების სავანეც არის. აქ ღამის კლუბში ან დისკობარში შესვლა რეკომენდებული არ არის, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან დაიხარჯები, მეორეც, გამოუცდელ კაცს, რაიმე მიზეზით, პასპორტს გამოართმევენ და შემდეგ აიძულებენ, მისი გამოსასყიდი გადაიხადოს.
სტამბული კონტრასტების ქალაქია. მაგალითად, აქსარაის გარშემო დიდი სიმდიდრე აკრავს. აია სოფიის დიდებული ტაძარი და ბოსფორის სრუტესთან მდებარე მსოფლიო საპატრიარქო, სადაც მართლმადიდებელთა მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი იღვწის. საპატრიარქოს მთავარ ტაძარში იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები და მაცხოვრის სამსჭვალი ინახება. ამ დიდი ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად ტაძარს მრავალეროვანი სტუმარი ჰყავს. მაგალითად, ბერძნებთან მატჩის წინ საპატრიარქოს ეწვია ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები გუნდი. არ ვიცი, მოილოცეს თუ არა კათოლიკე ესპანელებმა ტაძარი, მაგრამ ბერძნებთან მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და დამაჯერებლად მოიგეს თამაში, ისე რომ საბერძნეთის ნაკრებს გამარჯვების მინიმალური შანსიც კი არ ჰქონია.
ესპანელები სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე. სხვანაირი იყო მარკ გასოლიც, უფრო მსუბუქი და მობილური. აქტიურობდა დაცვაში და შედეგს აღწევდა შეტევაში. შესაბამისად, ესპანეთს არ გასჭირვებია მეოთხედფინალში გასვლა, სადაც მისი მეტოქე სერბეთის ნაკრები იქნება. სერბებს უაღრესად ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათი მთავარი ფიგურაა ოკლაჰომას ცენტრი ნენად კრსტიჩი, რომელიც ფარქვეშ ძალიან აქტიურია და, სპეციალისტთა აზრით, ესპანეთ-სერბეთის დაპირისპირება სწორედ ამ ორი ცენტრის - გასოლი-კრსტიჩის პაექრობა იქნება და ვინც უფრო შედეგიანად ითამაშებს ფარქვეშ, სწორედ მის გუნდს გაუღიმებს ფორტუნა.
მეოთხედფინალში გავიდა ტურნირის მასპინძელი თურქეთის ნაკრები. თურქებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და ამ ჩემპიონატის სულისჩამდგმელები არიან. სწორედ მათ გარშემოა შექმნილი აჟიოტაჟი, რომელიც ყოველ წუთს გვახსენებს, რომ სტამბულში იმართება მსოფლიო პირველობა კალათბურთში. აქსარაის სავაჭრო ცენტრებიც თურქი კალათბურთელების მაისურებით არის აჭრელებული და ტელევიზიითაც მათ სარეკლამო რგოლებს უშვებენ ყველაზე ხშირად.
განსაკუთრებული წარმატებით თურქეთის ნაკრების ლიდერები - ერსან ილიასოვა, თურქოღლუ და აშიკი სარგებლობენ. სწორედ მათი მაისურები იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, სტამბულის საფეხბურთო კლუბ "გალათასარაის" ატრიბუტიკასთან ერთად, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. "გალათასარაის" სტამბულში საკუთარი ოთხსართულიანი მაღაზია აქვს, რომელიც ასევე უდიდესია ევროპაში.
მოკლედ, დღევანდელი თურქეთის სპორტული ნაწილი ამ ხალხის გარშემო ტრიალებს. თურქებმა დღემდე ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. მერვედფინალში მათ 18 ქულის სხვაობით მოუგეს ტონი პარკერის გარეშე დარჩენილ საფრანგეთის ნაკრებს და ამ შეხვედრაშიც თურქების ლიდერებმა გამოიჩინეს თავი. მეოთხედფინალში თურქეთი სლოვენიის ძლიერ გუნდს ეთამაშება. სლოვენიელებმა წინა ეტაპზე ავსტრალია დაამარცხეს 27 ქულის სხვაობით. მათი მთავარი ფიგურაა გამთამაშებელი დრაგიჩი. სწორედ მისი განეიტრალება მოუწევთ თურქებს. თურქეთის ნაკრების მწვრთნელს ბოგდან ტანიევიჩს იმედი აქვს, რომ სლოვენიელებს დაამარცხებს ფარის კონტროლით და მსროლელთა შედეგიანობით.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი ბრაზილიისა და არგენტინის დრამატული დაპირისპირებით, სპლიტერი-ვარეჟაოსა და სკოლას დუელით დავტკბეთ.