ჩვენ ლიტველები ვართ და ამ საღამოს გამარჯვებას ერთად აღვნიშნავთ - ასე ქომაგობენ ლიტველი გულშემატკივრები თავის საყვარელ გუნდს და ლიტვის ნაკრებს ისე მუხტავენ, რომ კესტუტის კემზურას გუნდი სასწაულებს ჩადის.
24 საათი 03.09.10
ჩვენ ლიტველები ვართ და ამ საღამოს გამარჯვებას ერთად აღვნიშნავთ - ასე ქომაგობენ ლიტველი გულშემატკივრები თავის საყვარელ გუნდს და ლიტვის ნაკრებს ისე მუხტავენ, რომ კესტუტის კემზურას გუნდი სასწაულებს ჩადის.
ლიტველების შემხედვარე შეგშურდება იმის წარმოდგენა, თუ როგორ ახერხებს გულშემატკივარი და გუნდი თამაშის მსვლელობისას ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბდეს და ასეთად დარჩეს მატჩის ბოლომდე.
ლიტველ ფანობას ერთი ვიკინგის ტიპის წვერიანი მედოლე ხელმძღვანელობს, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის არა მარტო გულშემატკივრებს, არამედ ლიტვის ნაკრების შეტევებსაც დირიჟორობს. სწორედ მისი დიდრონი დოლის ბრახუნით იწყება ლიტველთა იერიშები და მისსავე რიტმით სრულდება. რიტმსაც სანიმუშოდ იცავს ვიკინგის ტიპის დირიჟორი, როცა სწრაფი შეტევაა საჭირო სწრაფად უბრახუნებს, ხოლო როცა ნელი ტემპია აუცილებელი, ნელა. ეს ატმოსფერო მთელ დარბაზზე ვრცელდება და ნეიტრალურ გულშემატკივარსაც ლიტვის გუნდის მიმართ უჩენს სიმპათიებს. ამიტომ იზმირში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ლიტვის ნაკრებს ჰყავს და ამ გუნდის მაისურიც ყველაზე დიდი წარმატებით იყიდება.
ვიკინგის ტიპის ექსტრავაგანტული დირიჟორი გუშინ თურქეთის ტელევიზიამაც აჩვენა და მასთან ადგილობრივები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. აქედან გამომდინარეობს თურქების კეთილგანწყობა ლიტველთა მიმართ. ლიტველები ხომ თურქების მსგავსად თავდავიწყებით ქომაგობენ თავიანთ გუნდს და ეტყობა თურქებსაც ეს მოსწონთ მათში. სწორედ ესაა მიზეზი, რომ თურქი გულშემატკივრების დიდი არმია ლიტველთა საქომაგოდ დადის კალათბურთის დარბაზში. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს წვერებიანი დირიჟორია ლიტვის ნაკრების წარმატებათა ავგაროზი.
ამ არნახული ატმოსფეროს ფონზე ლიტველებმა ერთიმეორის მიყოლებით დასცეს, ჯერ მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი, შემდეგ კი საფრანგეთიც ზედ მიაყოლეს, რომელიც მანამდე ჯგუფის ლიდერი იყო და ყველაზე სწრაფ და ორგანიზებულ კალათბურთს თამაშობდა D ჯგუფის გუნდებს შორის. პირადად მე არ მახსენდება, როდის წააგო ესპანეთმა ბოლოს თამაში, როცა სამი მეოთხედის შემდეგ 11 ქულას იგებდა? ლიტვამ ეს მოახერხა. პირწმინდად გაანადგურა მსოფლიო ჩემპიონი და ბოლო მეოთხედი 14 ქულის სხვაობით მოუგო.
არადა ლიტვის ნაკრები ის გუნდი არაა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინავდა. ლიტვას აკლია 7 სუპერვარსკვლავი - დარიუშ და კშიშტოფ ლავრინოვიჩები, რამუნას შიშკაუსკასი, ჟიდრუნას ილგაუსკასი, შარუნას იასიკიავიჩუსი, შტომბერგასი, არვიდას მაციაუსკასი - ანუ მთელი გუნდი და ლიტვის ნაკრები მაინც პირველია.
როცა ლიტვა ესპანეთთან 14 ქულას აგებდა, ჩემი ლიტველი კოლეგა გედიმინასი მეუბნებოდა - ლიტვას ამ ჩემპიონატზე დიდი მიზნები არ დაუსახავს. აქ ახალგაზრდული გუნდით ჩამოვედით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ძირითადი შემადგენლობის ბიჭები გვყოლოდა. ხომ ხედავ ფარქვეშ ჩვენი 15 ნომერი რობერტას იავტოკასი ვერ დგას მარკ გასოლის წინაშე და გასოლიც აკეთებს იმას, რაც მოესურვება. რაცაა ეგაა რა. ამიტომ ჩვენი მიზანია აქ, რაც შეიძლება მეტი თამაში ჩავატაროთ, გუნდი შეთამაშდეს და დაბალანსდეს, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ მივიღოთ გამოცდილება და ოლიმპიური თამაშებისთვის კარგი გუნდი მივიღოთ. ისე კაცმა რომ თქვას, ამ შემადგენლობასაც აქვს თავისი პლუსი. ეს ბიჭები ახალგაზრდები არიან და მოტივაცია სხვებზე მეტი აქვთ. ეს კი ბევრს ნიშნავს - მითხრა გედიმინასმა და უნდა ვაღიარო, რომ გუნდისთვის, რომელიც ტურნირზე მხოლოდ შეთამაშებისთვის მონაწილეობს, ლიტვა ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და სწორედ ამ მოტივაციის ხარჯზე გადის ფონს.
ესპანეთთანაც და საფრანგეთთანაც ლიტველები 14 ქულას აგებდნენ და ორივე თამაში მოიგეს. მათი გამარჯვება ძირითადად მოძრავმა გამთამაშებლებმა განაპირობეს, რომლებსაც ზურგს უმაგრებდა ლიტველთა ვარსკვლავი ლინას კლეიზა. ეს კაცი საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა. ამ ჩემპიონატზე საშუალოდ 21 ქულას აგროვებს. მოკლედ, ლიტველებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს და მერვედფინალში პუერტო-რიკოს შეხვდებიან.
ტურნირზე ცელქი ბიჭის როლს ასრულებს კანადის ნაკრები. უაზროდ აგებს სუსტთან და ნერვებს უშლის გრანდებს. სტივ ნეშის გარეშე დარჩენილმა კანადამ პირველივე დღეს ისეთი სენსაცია გამოაცხო, რომელიც ტურნირზე აღარ განმეორდება. წააგო ლიბანის გუნდთან და ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. მომდევნო ორი შეხვედრა კი კანადელებმა სასოწარკვეთილებმა ითამაშეს. წაეპოტინენ ლიტვას და უკანასკნელ წამზე სამქულიანი რომ ჩაეგდოთ მოიგებდნენ კიდეც, მაგრამ ააცდინეს. შემდეგ საფრანგეთსაც დაეჭიდნენ და მთელი თამაშიც სწორად წარმართეს, მაგრამ ბოლოს ფიზიკურმა კონდიციებმა უმტყუნა კანადას და აქაც მოეცარა ხელი. საბოლოოდ სტივ ნეშის თანამემამულეები იმდენად გადაიღალნენ, კირკ პენის ახალ ზელანდიასთან უკვე 32 ქულის სხვაობით დამარცხდნენ და ტურნირსაც უსახელოდ გამოეთიშნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი სიურპრიზი ახალი ზელანდიის გუნდია. ზელანდიელებს ერთი ვარსკვლავი - კირკ პენი ჰყავთ. ის ტურნირზე საშუალოდ 29 ქულას აგროვებს. არის კიდევ ბებერი კამერონი, რომელიც მოედანზე თავისი ავტორიტეტის გამო უფრო გამოდის, ვიდრე ფიზიკური კონდიციების, მაგრამ რამდენიმე კარგ გადაცემას და რამდენიმე ქულას მაინც აგროვებს. დანარჩენი გუნდი ახალგაზრდა და გამოუცდელია, მაგრამ ზელანდიამ იმდენი მოახერხა, რომ ფლეი ოფის საგზური მოიპოვა, რაც მათთვის პროგრამა მაქსიმუმი იყო ამ ჩემპიონატზე.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებია. ესპანელებს რაღაც აკლიათ. შეიძლება მოტივაცია, შეიძლება პაუ გასოლი ან იქნებ გადაღლილობა აწუხებთ, ძნელი სათქმელია, მაგრამ რაღაც უნიათოდ თამაშობენ, უჭირთ მოძრაობა, სისწრაფითაც ვერ დაიკვეხნიან. მოკლედ ესპანეთმა ტურნირზე ორი თამაში წააგო და D ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. კაცმა რომ თქვას ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატიც მძიმედ დაიწყეს და შემდეგ ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ მაშინ გუნდს პაუ გასოლი ჰყავდა, რომელიც NBA-ში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში, ბოლო სამი წელია ფინალურ სერიას თამაშობს. ახლა პაუ არ თამაშობს და ესპანეთსაც ძალიან უჭირს. სავარაუდოდ ესპანელებს ძალიან გაუჭირდებათ შორს წასვლა. მარკ გასოლი ძალიან კარგი ცენტრია, მაგრამ თავისი ძმის კალიბრის ნამდვილად ვერ არის.
საფრანგეთს არ ჰყავს ტონი პარკერი. “სან ანტონიოს” სუპერვარსკვლავმა თურქეთში თამაშზე უარი თქვა და ნაკრებს მცხუნვარე მზე და ზღვა ამჯობინა. ფრანგები მაინც კარგად გამოიყურებიან. ძირითადად კარგი ფიზიკური კონდიციების გამო, მაგრამ ფლეი ოფში მათაც გაუჭირდებათ, რადგან საფრანგეთი არც თვითონ თამაშობს და არც სხვას ათამაშებს. შესაბამისად მოკლებულია შემოქმედებით კალათბურთს. მარტო ჯაჯგურით კი დიდი მიზნების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე დასვენებაა. ტურნირის 16 საუკეთესო გუნდი სტამბულში მიემგზავრება და ხვალიდან იწყება მთავარი მოვლენა - ფლეი ოფი.