მიუხედავად იმისა, რომ ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსია, ყველაზე მაღალანაზრაურებად სპორტსმენად 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით მარია შარაპოვა რჩება.
24 საათი 26.08.10

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსია, ყველაზე მაღალანაზრაურებად სპორტსმენად 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით მარია შარაპოვა რჩება.
ამერიკულ ჟურნალ "ფორბსის" დათვლით, შარაპოვამ ერთი წლის განმავლობაში საკუთარი კაპიტალი 24.5 მილიონი დოლარით გაზარდა. საგულისხმოა, რომ მან ამ თანხიდან მხოლოდ ერთი მილიონი გამოიმუშავა სხვადასხვა ტურნირის საპრიზო ფონდებიდან. დანარჩენი ჰონორარებსა და სარეკლამო კომპანიებზე მოდის.
აშშ-ის ღია პირველობა აგვისტოს ბოლოს დაიწყება, მანამდე კი ერთგვარი ორთაბრძოლები კორტს მიღმა გაჩაღებულა, ისიც "ფორბსის" წყალობით.
ამერიკული ჟურნალის ექსპერტები შარაპოვას კომერციული ნიჭით აღფრთოვანებას ვერ ფარავენ - ტრავმების მიუხედავად, მაინც ახერხებს მდიდართა შორის უმდიდრესი იყოსო და იქვე მიუთითებენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რეიტინგში პირველი სერენა უილიამსია, ფულის შოვნით რუს ჩოგბურთელს მაინც ვერ შეედრებაო.
და მაინც, საიდან მოდის მილიონები? Nike, Sony Ericsson, Canon, Colgate-Palmolive, Motorola, Prince, Tiffany, Tag Heuer და Land Rover. ეს ის ბრენდებია, რომელსაც რეკლამირებას უწევს შარაპოვა. მარტო "ნაიკთან" დადებული რვაწლიანი ხელშეკრულებით რუსი ჩოგბურთელის საბანკო ანგარიში 70 მილიონი დოლარით გაიზრდება. გარდა ამისა, საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც აქვს.
კომერციულად ყველაზე წარმატებულ სპორტსმენთა სამეულში არიან დები - სერენა და ვინუს უილიამსებიც, რომელთა ქონება ერთი წლის განმავლობაში, შესაბამისად, 20.2 და 15.4 მილიონით გაიზარდა.
ტურნირებზე გამარჯვებით მიღებული მილიონებით მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის სერენას - 32.7 მილიონი დოლარი. ვინუსის მონაგარი 27.3 მილიონია.
მართალია, "ფორბსის" ნუსხაში ფიგურირებენ ინდიკარის მრბოლელი დანიკა პატრიკი (ამერიკელ ქალბატონს ყველა დროის საუკეთესო მრბოლელად მოიხსენიებენ. ერთნი მას ფორმულა 1-ში გადასვლასაც უქადდიან. სამეფო რბოლებში აშშ-ის დიდი პრიზის დაბრუნების შემთხვევაში ფორმულა 1-ის იმპრესარიოს ბერნი ეკლსტოუნს საკუთარ სარბოლო სერიაში ამერიკელთა მოსაზიდად დანიკა პატრიკიც შეუგულებია. რედ.), ფიგურული სრიალის ვარსკვლავი კიმ იუ ნა და გოლფის სამი დიდოსტატი, რომელთა შემოსავლები ასევე მილიონებით განისაზღვრება, მაგრამ ყველაზე შემოსავლიან სახეობად მაინც ჩოგბურთი რჩება.
"ფორბსის" მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა ათეული:
1. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი)
24.5 მილიონი
2. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი)
20.2
3. ვინუს უილიამსი (ჩოგბურთი) 15.4
4. დანიკა პატრიკი (ავტორბოლა) 12
5. კიმ იუ ნა (ფიგურული სრიალი)
9.7
6. ანიკა სორენსტამი (გოლფი) 8
7. ანა ივანოვიჩი (ჩოგბურთი) 7.2
8. ელენა იანკოვიჩი (ჩოგბურთი) 5.3
9. პაულა კრიმერი (გოლფი) 5.2
10. ლორენა ოჩოა (გოლფი) 5