თანამედროვეობის უმდიდრესი სპორტსმენის ქორწინებამ ერთგულების გამოცდას ვერ გაუძლო.
24 საათი 26.08.10

თანამედროვეობის უმდიდრესი სპორტსმენის ქორწინებამ ერთგულების გამოცდას ვერ გაუძლო.
გოლფის ლეგენდარული ოსტატის, ამერიკელი ტაიგერ ვუდსისთვის, რომლისთვისაც ამქვეყნად მოუგებელი არაფერი დარჩა და საკუთარი ყვანჯით ასეულობით მილიონი იშოვა, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულმა სკანდალებმა თავისი შედეგი გამოიღო. პლანეტის უმდიდრესი სპორტსმენი ორშაბათს ცოლს - ელინ ნორდეგრენს გაეყარა. არცაა გასაკვირი, შვედმა მოდელმა მეუღლეს 18 (!) საყვარლის ყოლა არ აპატია.
გაყრის ცერემონიამ პანამა სიტის საოლქო სასამართლოში, მშვიდ ატმოსფეროში, რამდენიმე წუთს გასტანა (ელინ ნორდეგრენმა სამი სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ლონდონიდან რვა ადვოკატი აიყვანა, ტაიგერმა კი ერთი). ტაიგერ ვუდსის პირად ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ყოფილი თანამეცხედრეები მომხდარის გამო წუხილს ვერ ფარავენ: "იძულებული ვართ, გულისტკივილით განვაცხადოთ, რომ ჩვენი ქორწინება ჩაიფუშა. ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთს საუკეთესო სურვილებით დავშორდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმრად აღარ ვიწოდებით, ჩვენი ორი შვილისთვის კვლავაც მშობლებად ვრჩებით, რომელთა ბედნიერება გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო და დარჩება ჩვენთვის".
ვარსკვლავურ წყვილს ორი შვილი ჰყავს - სამი წლის ქალიშვილი სემ ალექსისი და წლინახევრის ვაჟი ჩარლი აქსელი.
ვუდსმა და ნორდეგრენმა შვილებზე მეურვეობა თანაბრად გაინაწილეს. გარდა ამისა, ელინმა ყოფილი მეუღლის გვარის დატოვება არ ისურვა. გაყრის სხვა წვრილმანები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
რეიტინგების შედგენის ცნობილი გამოცემის "ფორბსის" (Forbes) მონაცემებით, ტაიგერ ვუდსის ქონებამ 2009 წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვუდსი ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.
გაყრის შედეგად გოლფის დიდოსტატს საკუთარი საბანკო ანგარიშების ათეულობით მილიონით შეთხელება მოუწევს. ჟურნალი "ფიფლ" (People) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაყრის შედეგად ელინ ნორდეგრენი, სავარაუდოდ, 100-დან 500 მილიონამდე დოლარს მიიღებს!
ქორწინების შენარჩუნების შემთხვევაში ტაიგერ ვუდსი ელინს კაპიტალში მონაწილეობის პირობას აძლევდა, რაც, თავის მხრივ, ამერიკელს სანიმუშო მეუღლის იმიჯისა და მრავალრიცხოვანი სარეკლამო ხელშეკრულებების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. ერთადერთი, რაც ელინს მოეთხოვებოდა, ღალატის წვრილმანების გახმაურებისგან თავის შეკავება იყო. შვედ მოდელს ნერვებმა უმტყუნა.
…ტაიგერ ვუდსი ყურადღების ცენტრში მოექცა შარშან, ნოემბერში, როდესაც საინფორმაციო წყაროებში სპორტსმენის მხრიდან მრავალგზის ღალატის შემთხვევები გახმაურდა. ყველაფერი კი დაიწყო ნიუ იორკის ერთ-ერთი ბარის მიმტანთან რეიჩელ იუჩიტელთან სასიყვარულო ურთიერთობით. იმხანად გოლფის ფენომენი ავტოავარიაშიც მოყვა, რამაც მისდამი ინტერესი უფრო გაამძაფრა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ წლეულს, თებერვალში, ტაიგერმა საკუთარი საქციელის გამო მეუღლეს საქვეყნოდ მოუბოდიშა და იქვე აღიარა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში სექსუალური დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად მკურნალობის კურსს გადიოდა.
ექვსწლიანი თანაცხოვრება გაყრით დასრულდა.