ნორვეგიის ქალაქ მერაკერში ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი (6-14 მარტი) დაიწყო. პირადგუნდურ პირველობაზე კონტინენტის უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობენ.
24 საათი 11.03.10

ნორვეგიის ქალაქ მერაკერში ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი (6-14 მარტი) დაიწყო. პირადგუნდურ პირველობაზე კონტინენტის უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობენ.
მათ შორის ორი ქართველია - ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე.
ნინო სალუქვაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატებზე (პნევმატური პისტოლეტიდან სროლა) 1982 წლიდან მონაწილეობს და პირადგუნდურში 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული (ბოლო ორი წელიწადია, მეორე ადგილს იკავებს), ევროპის ჩემპიონატზე 12 მარტს დაიწყებს ასპარეზობას, მეორე დღეს კი მას ლევან ქადაგიძეც შეუერთდება.
ნორვეგიაში გამგზავრებამდე სალუქვაძემ და ქადაგიძემ ათდღიანი შეკრება ერევნის ტყვიის მსროლელთა ბაზაზე გაიარეს, 5 მარტს კი საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯეს ძალა და წარმატებასაც მიაღწიეს. საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობა გაუწია ნინო სალუქვაძის ტირმა.
სალუქვაძემ მეოცედ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის პრიზიც დაიმსახურა.
საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში
ვაჟები
1. ლევან ქადაგიძე 572 ქულა
2. გიორგი ბურჭულაძე 560
3. გია სვანიძე 552
ბიჭები
1. შოთა გირგვლიანი 554
2. გიორგი ბერიშვილი 552
3. გიორგი წაწალაშვილი 550
ქალები
1. ნინო სალუქვაძე 383
2. ნინო უჩაძე 374
3. თამილა ასათიანი 370