RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ნოინერის ორი ოქრო და ერთი ვერცხლი

ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე მაგდალენა ნოინერმა სამი მედალი მოიგო - ორი ოქრო და ერთი ვერცხლი.

24 საათი 03.03.10

მაგდალენა ნოინერმა ვანკუვერში სამი მედალი მოიგო
მაგდალენა ნოინერმა ვანკუვერში სამი მედალი მოიგო

ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე მაგდალენა ნოინერმა სამი მედალი მოიგო - ორი ოქრო და ერთი ვერცხლი.

გერმანულ გამოცემა spiegel-ისთვის მიცემულ ინტურვიუში ნოინერი განვლილ ოლიმპიადასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

- ფრაუ ნოინერ, მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ თავისი კლუბის მარკეტინგის განყოფილებაში სიხარულით მიგიღებდათ სამუშაოდ.

- ეს სერიოზულად თქვა?

- ჰიონესი სერიოზული ადამიანია.

- არ ვიცი, რას გავაკეთებ ათი წლის შემდეგ, მაგრამ ასეთ სამუშაოზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.

- ასეთი შემოთავაზება ნათელყოფს, თუ რაოდენ უყვარხართ გერმანელებს.

- გამოგიტყდებით და, ვანკუვერში ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. საბედნიეროდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც არ კითხულობს იმას, რაც მის შესახებ იწერება. მირჩევნია, ჩემს მამულში ჩავიკეტო და აჟიოტაჟს გავერიდო. სწორედ ამიტომ მაქვს კარგი სპორტული შედეგები.

- გერმანიაში, თქვენი სახლის წინ, უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, სანამ ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდით. ახლა რა იქნება?

- განვლილი სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში ფანებისთვის “არას” თქმა. 2007 წელს, როცა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ჩემს გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა, ვიფიქრე, ეს მალე ჩაცხრება-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა კი, გაზაფხულის ბოლოს, ჩემი სახლის ირგვლივ დიდი გალავანი იქნება.

- დიდი გალავანი - მეტისმეტად ძვირი ხომ არ გიჯდებათ წარმატება?

- არა. ნებისმიერ მედალს აქვს თავისი მეორე მხარე. წარმატებული ადამიანი საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა. მთავარია, თავად როგორ მიუდგები ამას. პოპულარობას ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ადრე ჩემთვის ბიატლონი მხოლოდ სპორტი იყო, ახლა ეს ჩემი პროფესიაა და როგორც პროფესიონალი, ისე ვმოქმედებ.

- ამ ოლიმპიურ თამაშებზე ხომ არ გაგიჭირდათ იმ ზეწოლასთან გამკლავება, რომელსაც უთუოდ გრძნობდით?

- რა თქმა უნდა. თუმცა, განსაკუთრებულ ზეწოლას ვერ ვგრძნობდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემგან ბევრს ელიან და ამ განწყობით ჩამოვედი ოლიმპიურ თამაშებზე.

- თავად თქვენ თუ ახდენდით საკუთარ თავზე ზეწოლას?

- არა. მე დავისახე მიზანი და ვიცოდი, რომ ამ მიზნის მიღწევა რეალურია. ოლიმპიური თამაშების წინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ოქროს მედლის მოგებას ვაპირებ და როცა მოვიგე, გამიხარდა. საკუთარ თავზე დიდხანს ვმუშაობდი, სტარტის წინ თავს მშვიდად ვგრძნობდი და ეს ჩემს შედეგებზეც აისახა.

- მართლაც. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდით, თითქოს არაფერი გაღელვებდათ, თითქოს 17 წლის გოგონა ყოფილიყავით…

- დიახ. ერთ დროს მართლაც ყველაფერი ასე იყო. ასეთი შინაგანი სიმშვიდით მოვიპოვე ჩემი სამი ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, 2008 წელს უკვე ძალიან გამიჭირდა, როდესაც მუდმივად მიწევდა იმის მტკიცება, რომ ჩემს მიერ მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შემთხვევითი არ ყოფილა.

- როგორც ვიცით, მთელი წლის განმავლობაში ფსიქოლოგთან მუშაობდით. ძნელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, როცა სულ რაღაც 23 წლის ხარ?

- არა, მით უმეტეს, როცა იცი, რომ სპეციალისტს ფსიქოლოგიურად ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის. მე მშვენივრად ვიცოდი, რომ დიდი პოტენციალი მაქვს. გასული წლის განმავლობაში ფსიქოლოგთან ყოველ კვირას დავდიოდი და ეს ძალიან დამეხმარა.

- თქვენს ფსიქოლოგს თუ ელაპარაკეთ, როდესაც ესტაფეტაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეთ?

- არა. ფსიქოლოგს უკანასკნელად ოლიმპიადაზე წამოსვლის წინ შევხვდი. რაც შეეხება ესტაფეტას, ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. ახლა ჩვენი ნაკრების ყველა წევრს აქვს მედალი. მე კი ერთი მედლით მეტი მექნებოდა თუ ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს. მარტინა ბეკი კი სამშობლოში მედლით ბრუნდება და ეს ძალიან კარგია.

- მიგაჩნიათ, რომ დაუმარცხებელი ხართ?

- კონკურენცია დიდია. თუმცა, ახლა იმდენად კარგ ფორმაში ვარ, რომ მეტოქეებს ალბათ დავამარცხებ და მსოფლიო თასსაც მოვიგებ.

- 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში თუ მიიღებთ მონაწილეობას?

- არ ვიცი. ჯერ ახალგაზრდა ვარ. შესაძლოა, სპორტში 2018 წლამდეც კი დავრჩე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კარიერა გაცილებით ადრე დავამთავრო. წინასწარ რა გითხრათ... ბიატლონი სიამოვნებას მანიჭებს და სანამ ასე იქნება, კარიერას არ დავასრულებ.

- ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე 23 წელი შეგისრულდათ. არასდროს გიფიქრიათ, წყალსაც წაუღია ყველაფერი, საუკეთესო წლები სპორტს შევწირე?..

- არა, არასდროს. ათი წლიდან ბიატლონში ვვარჯიშობ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და არ ვნანობ. ცხადია, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვარჯიშების გამო მეგობრებთან ერთად წვეულებებზე ვერ დავდივარ, მაგრამ ვარჯიში სიამოვნებას მანიჭებს. ერთ მაგალითს მოგიტანთ და თავად განსაჯეთ. დილით ვიღვიძებ და უნდა ვივარჯიშო. ზაფხულის ნებისმიერი დღეც რომ ავიღოთ, ავდგები და ან თხილამურებით ვვარჯიშობ, ან ტეყეში უნდა ვირბინო. მამაჩემი ბანკში მუშაობს და მთელ დღეს ოფისში ატარებს. მგონი ჩემი სამუშაო ჯობია.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი