გუშინ, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა.
24 საათი 03.03.10
გუშინ, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა.
ამჯერად “ქორები” ჩიკაგოს სტუმრობდნენ და ადგილობრივ “ხარებს” დაუპირისპირდნენ. ჯორჯიელთა უპირატესობა სრული და უპირობო იყო. მაიკ ვუდსონის შეგირდებმა მეტოქე თითქმის უშანსოდ დატოვეს და ანგარიშით 116:92 გაიმარჯვეს.
ჯორჯიელთა ძირითადი ხუთეულის ოთხმა კალათბურთელმა შედეგიანობის მხრივ ათქულიან ზღვარს გადააბიჯა. “ქორებმა” ამ თამაშში მეტოქე ფარზე პირწმინდად დაჯაბნეს. სტუმრებმა 63-ჯერ მოხსნეს ფარიდან ბურთი, მაშინ როდესაც “ხარებმა” მხოლოდ 37-ჯერ.
ატლანტური გუნდის შემადგენლობაში გამოირჩეოდნენ ალ ჰარფორდი და ჯოშ სმითი. “ქორების” ძირითადმა ცენტრმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჰარფორდის ანგარიშზე 15 ქულა და ფარიდან მოხსნილი 10 ბურთი იყო. რაც შეეხება ჯოშ სმითს, მან თამაში 17 ქულით და ფარიდან მოხსნილი 18 ბურთით დაასრულა.
ურიგოდ არც ზაზა ფაჩულიას უთამაშია.
მეტიც, ასეთი თამაში ზაზას 17 თებერვლის შემდეგ არ უჩვენებია. მაშინ ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მოგებულ მატჩში 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. “ჩიკაგოსთან” შეხვედრაში ზაზამ ანალოგიური შედეგი აჩვენა.
ფაჩულია მოედანზე 18,27 წუთით გამოჩნდა და 8 ქულა შეაგროვა: 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო. ფაჩულიამ მეტოქის ფარზე 3 ბურთი მოხსნა, საკუთარზე კი - 4, რასაც თითო ჩაჭრა-პასიც მოაყოლა და თავისიანთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ამ გამარჯვებით ატლანტელებმა აღმოსავლეთში მესამე ადგილი განიმტკიცეს, მომდევნო მატჩს კი “ქორები” ფილადელფიაში ჩაატარებენ.