მელანომასთვის ახალ წამალს ცდიან
24 საათი 02.03.10
მელანომასთვის ახალ წამალს ცდიან
მისი მამაცი პაციენტი, 60 წელს გადაცილებული იტალიური წარმოშობის ქალბატონი, საგამოცდო ოთახში პასუხს უცდიდა: შეუჩერებს კი სასიკვდილო კანის კიბოს ექსპერიმენტული წამალი?
მაგრამ, როგორც კი ექიმმა კეი ფლაერტიმ მის სიმსივნეზე ჩატარებული უკანასკნელი კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების შედეგები წაიკითხა, ამის წარმოთქმა დამწუხრების გარეშე ვერ შეძლო.
"მისი მდგომარეობა გაუარესდა," - უთხრა მან პენსილვანიის უნივერსიტეტის მელანომას კლინიკის კლინიკური შემოწმების მედდას.
იმ 17 პაციენტის მსგავსად, რომლებზეც წამალი გამოსცადეს, პაციენტ ნომერ 18-ად წოდებული ქალბატონი რამდენიმე თვე თუ იცოცხლებდა.
მაგრამ ექიმი მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ამ წამალს თითქმის არაფერი ჰქონდა საერთო სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან და ის განკუთვნილი იყო პაციენტის სიმსივნის გენეტიკური მუტაციის ეფექტის რადიკალურად შემოსაბრუნებლად. მიღწეული შედეგი უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც, ზოგი ონკოლოგის აზრით, ნებისმიერი ტიპის კიბოს შეებრძოლებოდა.
ორი წლის წინ, შემოდგომის ერთ შუადღეს, როცა დოქტორი ფლაერტი თავის ოფისში დაბრუნდა, უკვე შემდგომ ნაბიჯზე დაიწყო ფიქრი: უფრო დიდი მასშტაბის ტესტირების ჩატარებამდე, სადაც მეტი პაციენტი მიიღებდა მონაწილეობას, მას ამ წამლის უფრო დიდი დოზებით გამოცდა სურდა. საჭირო იყო წამლის ხელახალი "აღჭურვა" (ეს ან გამოვიდოდა, ან არა), რაც უფრო ძვირადღირებული და რთული გახლდათ. მას მოუწევდა იმ ორ კომპანიასთან საქმის დაჭერა, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარი ჩადეს ამ წამალში და, ცხადია, მისი ამოღება უნდოდათ.
ის დაჟინებით უმტკიცებდა თავის კოლეგებს: "ეს საუკეთესო წამალი იქნება მათ შორის, რასაც ჩვენს ხელში გაუვლია."
ლაბორატორიებიდან უამრავი ასეთი წამალი მოედინება. ისინი ათწლეულობით კვლევისა და ფარმაცევტული კომპანიებისგან უპრეცედენტო ინვესტიციების შედეგად იქმნება. სწორედ ასეთი წამლებისგან (წამლებისგან, რომლებსაც რამდენიმე კვირით მაინც შეუძლიათ სიცოცხლის გახანგრძლივება) ნახულობენ ეს კომპანიები მოგებას.
მაგრამ ამ წამლების უმთავრეს გამოცდას ატარებს ექიმების პატარა ჯგუფი ისეთ პაციენტებზე, რომლებსაც განკურნების სხვა შანსი აღარ აქვთ.
ამ წამლის, სახელად PLX4032, გამოცდის არსი შემდეგში მდგომარეობს: მან უნდა აღწეროს ის აღმასვლა და დაღმასვლა, რაც, ბევრი ონკოლოგის აზრით, გენეტიკური ცვლილებების (რაც კიბოს იწვევს) გაგებაში უმნიშვნელოვანესია.
39 წლის დოქტორ ფლაერტის თანდაყოლილი ოპტიმიზმი და მეცნიერული ლოგიკის მიმართ ერთგულება (რაც საფუძვლად უდევს ამ მიღწევას) აძლევდა ძალას. კლინიკაში, სადაც ის აბებით სავსე პატარა ბოთლებს ურიგებდა პაციენტებს, რომლებსაც სიმსივნის გამო მკლავებსა და ფეხებზე შავი და ამობურცული ადგილები აქვთ, ექიმი ეუბნებოდა იმას, რისიც თვითონ სჯერა.
"სწორედ ეს არის ჩვენი საუკეთესო იარაღი," - ამბობს ის.
ბიოლოგებმა იციან, რომ ჯანსაღი უჯრედები კიბოვან უჯრედებად მაშინ იქცევიან, როცა გარკვეული გენები (რომელიც მათ ზრდას აკონტროლებს) მუტაციას განიცდის. ეს ხდება ან იშვიათი შემთხვევების, ან ორგანიზმში ტოქსინების - თამბაქოს კვამლის ან ულტრაიისფერი სინათლის შემოშვების გამო. ერთხელ მაინც თუ მოხდება ასეთი ცვლილება, ისინი მუდმივად გადასცემენ უჯრედებს ზრდის "სიგნალს".
ამიტომ, მკურნალობის დროს მთავარი პრობლემა მხოლოდ ის კი არ იყო, თუ სად დაიდო ბინა სიმსივნემ (მაგალითად, ფილტვები ან ნაწლავი), არამედ ისიც, ამ "მატარებელი" გენების რომელი წყება ასაზრდოებდა ამ კიბოვან უჯრედებს. ზოგის რწმენით, გენების სიგნალების მატარებელი პროტეინების დაბლოკვით წამალს სერიოზული გვერდითი მოვლენების გარეშე შეუძლია კიბოს განეიტრალება. დოქტორ ფლაერტის სჯეროდა, რომ "მიზნობრივ თერაპიულ რევოლუციასთან" ძალიან ახლოს იყო.
მელანომა, რომლითაც, World Health Organization-ის მონაცემებით, ყოველ წელს 132 000 ადამიანი ავადდება, თავის ადრეულ სტადიებში ადვილად განკურნებადია. მაგრამ, თუ ის კანქვეშ გავრცელდა, თითქმის ყოველთვის ფატალური შედეგები ახლავს. როცა 2002 წლის გაზაფხულზე, ჟურნალ "Nature"-ში გამოქვეყნდა სტატია მელანომაში მატარებელი გენებიდან ერთ-ერთის შესახებ, მისი წაკითხვის შემდეგ დოქტორ ფლაერტის ძალიან გაუჭირდა თავის შეკავება. იმ სტატიაში ეწერა, რომ, სიმსივნის ასობით ნიმუშის გაანალიზებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი და იგივე გენი განიცდიდა მუტაციას ნახევარზე მეტ მელანომაში, და კიდევ მცირე რაოდენობით სხვა კიბოვანი უჯრედები. მას B-RAF უწოდეს.
მისი აზრით, სხვადასხვა სახეობის კიბოში B-RAF-ის მუტაციის აღმოჩენა უდიდესი დამადასტურებელი საბუთი იყო, რაც კიბოს ისტორიაში შეუცვნიათ. წამალს, რომელიც დეფექტური გენის მიერ შექმნილ პროტეინს ბლოკავს, უდიდესი შედეგების მიღწევა შეუძლია პაციენტებისთვის - და მან იცოდა ამ წამლის შესახებ, რომელსაც ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლო.
"ჩვენ ამას უნდა ჩავებღაუჭოთ," - აქეზებდა ის თავის მენტორს, დოქტორ ლინ შაქტერს. საჭირო იყო წამალზე ისეთი ტესტის ჩატარება, რომლის ყურადღების ცენტრშიც B-RAF იქნებოდა. თუმცა, პირველი მცდელობა ჩავარდნისთვის იყო განწირული.
მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, პენსილვანიაში, მისი უფროსობის მხარდაჭერით, დოქტორმა ფლაერტიმ ასობით პაციენტი დაითანხმა ამ წამლის (დაამზადა გამიზნული თერაპიის პიონერმა და მას ამჟამად "ბაიერი" ფლობს) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად. მაშინ, როცა ეს წამალი კიბოს განსაზღვრული დროით აკავებს, იმუნოთერაპიას მისგან განკურნება შეუძლია. გავიდა წლები და მელანომას მხოლოდ ასეთი მკურნალობა შველოდა პაციენტებს, ისიც - ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებს.
დოქტორ ფლაერტის ბევრი კოლეგის აზრით, "ბაიერის" წამლის ჩავარდნამ გვიჩვენა, რომ მიზნობრივი თერაპიისთვის მელანომა შეუღწევადია. ბევრი სხვა ონკოლოგის აზრითაც, გაქარწყლდა ის წარმოდგენა, თითქოს გამიზნულ თერაპიას ნებისმიერი კიბოს მკურნალობა შეუძლიათ (როგორც ეს ამ აზრის მომხრეებს ეგონათ). დოქტორმა ფლაერტიმ მათ ყური არ უგდო.
"უბრალოდ, წამალი სწორად არ ავირჩიეთ, - დაჟინებით ამბობდა ის, - ამიტომ, ჩვენს პრინციპებზე კი არ უნდა ვთქვათ უარი."
PLX4032
მაშინ, როცა ზოგიერთებს სჯეროდათ, რომ დოქტორი ფლაერტი სულ ტყუილად ირჯებოდა, კალიფორნიის ქალაქ ბერკლიში მდებარე ბიოტექნოლოგიის პატარა კომპანია, სახელად Plexxikon, თვალს ადევნებდა მის მუშაობას.
მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ B-RAF მუტაცია ძალიან გავრცელებული რამ არის მელანომას სიმსივნეში, კომპანიის მეცნიერებმა ამისთვის მიზნობრივ პრეპარატზე დაიწყეს მუშაობა და 2006 წლის დასაწყისში დოქტორი ფლაერტი მიიწვიეს. დოქტორისთვის ძნელი იყო, ამის გამო გამოწვეული მღელვარება შეეკავებინა.
მისი რწმენით, პირველი მიზეზი, რატომაც "ბაიერის" წამალმა ვერ გაამართლა იყო ის, რომ კიბოვანი უჯრედების პროტეინებთან ერთად ის ჯანსაღი უჯრედების პროტეინებსაც ბლოკავდა და, თანაც, ცუდი გვერდითი მოვლენებიც ახლდა თან.
მედიკამენტი Plexxikon-გან, სახელწოდებით PLX4032, შეიქმნა იმისთვის, რომ B-RAF პროტეინს მხოლოდ კიბოვან უჯრედებში დაუკავშირდეს.
ცოტა ხნის შემდეგ, რაც დოქტორი ფლაერტი ამ წამალზე ადამიანის პირველი გამოცდის ხელმძღვანელად დაინიშნა, მედიკამენტში ინვესტიცია ჩადო შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა "Roche”-მ, რამაც ექიმი დაამშვიდა (მას ეგონა, რომ Plexxikon-ს წარმატების მისაღწევად რესურსი არ ეყოფოდა).
მაგრამ პარტნიორობამ ფინანსური რისკიც გაზარდა. მას შემდეგ, რაც Plexxikon რამდენიმე მილს გაივლიდა იმის იმედით, რომ საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების საკონტროლო ადმინისტრაცია (Food and Drug Administration) მას დაამტკიცებდა, Roche 700 მილიონი დოლარით შეეწეოდა ამ წამალს. პირველი დაბრკოლება დოქტორ ფლაერტის ხელმძღვანელობით ცდის სრულყოფა გახლდათ - "ფაზა 1". მისი მიზანი იყო იმ მაქსიმალური დოზის გამოვლენა, რისი ატანაც ადამიანს შეუძლია.
გამოცდა დაიწყო 2006 წლის სექტემბერში. სადაც კი შესაძლებელი იყო, დოქტორი ფლაერტი და მისი თანა-მკვლევარი, ნიუ-იორკში მდებარე Memorial Sloan-Kettering Cancer Center-ის ექიმი პოლ ჩეპმენი თანხმდებოდნენ, რომ პირველ რიგში B-RAF მუტაციის სიმსივნეს გამოიკვლევდნენ და ამ სიმსივნის მატარებლებს გამოცდაში მონაწილეობას სთავაზობდნენ.
დოქტორი ფლაერტი და დოქტორი ჩეპმენი პირველ სამ პაციენტს ყოველ დღე 200 მილიგრამს აძლევდნენ. ორი თვის შემდეგ არც გვერდით მოვლენებს ჰქონია ადგილი და არც რაიმე შედეგს, ამიტომაც დოზა გააორმაგეს. კიდევ ორი თვე გავიდა და - ისევ არაფერი. დამატებით სამ პაციენტს ახლა უკვე 800 მილიგრამი მისცეს.
როგორც კი სკანირების შედეგები მზად იყო, დოქტორი ფლაერტი გიჟივით ეცა მათ. ზოგიერთ პაციენტში სიმსივნე იგივე ზომის დარჩა. "იქნებ, რაღაცის დანახვას ვიწყებთ," - ცდილობდა, რამეს მიმხვდარიყო. მაგრამ შემდგომმა სკანირებებმა დაავადების პროგრესირება გამოავლინა. იმ დროისთვის, როცა დოზა ოთხჯერ გაზარდეს, დოქტორი ფლაერტი უკვე დაეჭვდა, მიზნობრივი თერაპიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილები მართლები ხომ არ იყვნენ. ზოგი პაციენტი, გამოცდის შემდეგ, სულაც, გარდაიცვალა.
დოქტორმა ფლაერტიმ და დოქტორმა ჩეპმენმა გააანალიზეს, რომ უფრო დიდი დოზები პაციენტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათ სისხლში აღარ გადადიოდა. "ფაზა 1-მა" თავის ოფიციალურ მიზანს მიაღწია: დადგინდა, რომ მაქსიმალური დოზის მიცემის შემთხვევაში, რომლის შთანთქმაც სხეულს შეუძლია, წამალი უსაფრთხოა. ამ გამოცდის მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ სიმსივნე შემცირდებოდა.
ხელახალი კურსი განკუთვნილი იყო წამლის ისე შესაცვლელად, რომ პაციენტებს უფრო დიდი დოზის მიღება შეძლებოდათ. 2007 წლის დეკემბერში კომპანიებმა გამოცდა შეაჩერეს. ისინი იცდიდნენ, სანამ "Roche”-ს ფარმაცევტები წამლის რეფორმულირებას მოახდენდნენ.
89 წლის ელმერ ბაქსბაუმი დოქტორ ფლაერტის მელანომას კლინიკას 2008 წლის გაზაფხულზე ეწვია. მას თან ახლდა სიძე, მარკ ლოვიცი, რომლის მამაც მელანომას დიაგნოზის დასმიდან ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. "ვიცით, რომ დიდი დრო არ დარჩენია," - უთხრა მან დოქტორ ფლაერტის.
დოქტორმა ფლაერტიმ მას იმუნოთერაპიულ გამოცდაში ადგილი შეუნახა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ბატონი ბაქსბაუმი დაბრუნდა, დოქტორმა ფლაერტიმ "Roche”-სგან ახალი PLX4032 მიიღო. კომპანიის თქმით, ამ ახალ წამალს ათჯერ მეტი პოტენცია ჰქონდა, ვიდრე მის წინამორბედს, და ისე იყო შეფუთული, რომ ორგანიზმს მისი უფრო იოლად შთანთქმა შეძლებოდა.
B-RAF-ის მუტაციაზე ბატონი ბაქსბაუმის სიმსივნემ დადებითი პასუხი აჩვენა. მაგრამ მომდევნი გამოცდებმა მას კოლიტი განუვითარა. თუმცა, 2008 წლის 30 სექტემბერს მან მაინც დალია პირველი PLX აბები.
როდესაც ოქტომბრის ბოლოს, ბატონი ბაქსბაუმი დოქტორ ფლაერტის კლინიკაში დაბრუნდა, მის კანზე დაზიანებებს უკვე ვეღარ შენიშნავდით. მაგრამ მთავარი მაინც შინაგანი სიმსივნე იყო. როცა ექიმმა სკანირების შედეგები იხილა, მას ეგონა, რომ სხვა ავადმყოფის საქმე აიღო. არავითარი სიმსივნის შესახებ იქ არ ეწერა.
შვებით ამოსუნთქვა
პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, თითქმის ყველა პაციენტმა დაიწყო გამოჯანმრთელება.
2008 წლის შემოდგომა იყო და დოქტორი ფლაერტი სიამტკბილობას განიცდიდა. ექვსწლიანი იმედგაცრუების შემდეგ, მისი რწმენა და ერთგულება ამ "გამიზნული" მკურნალობის წარმატების მიმართ, როგორც იქნა, გამართლდა. კიბოს ხუთ სხვადასხვა ცენტრში მისი თანამშრომლები ასევე აღფთოვანებულები იყვნენ.
ექვსი ექიმი ერთმანეთს თავიანთი პაციენტების კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების "მანამდე და შემდეგ" შედეგებს უგზავნიდნენ.
ერთ-ერთი იყო იუტას ქალაქ სენდის ავიახაზების პილოტი, 52 წლის მარკ ბანთინგი. ოქტომბერში, მისმა პირველმა სკანირებამ კიბო მის ძვლებში აღმოაჩინა. ეს ისეთი ფაზაა, რომლის შემობრუნებაც შეუძლებლად მიაჩნდათ. ორთვიანი წამლობის შემდეგ, ის გაუჩინარდა.
"აი, ეს მესმის!"- 17 დეკემბერს, პასუხად მისწერა დოქტორმა ფლაერტიმ ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორ ანტონი რიბასის სლაიდს.
"დარწმუნებული ხართ, რომ ეს იგივე პაციენტია?"- იკითხა დოქტორმა ჯეფრი სოსმანმა, ტენესის ქალაქ ნეშვილის Vanderbilt-Ingram Cancer Center-ის ექიმმა.
დეკემბრის ბოლოს, იმ პაციენტებს, რომლებსაც მუტაცია ჰქონდათ, სიმსივნე შეუმცირდათ. ექიმები ერთმანეთს ასწრებდნენ გრაფიკებისა და სტატისტიკების სლაიდების დამზადებას იმისთვის, რომ საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების საკონტროლო ადმინისტრაცია წამლის "ფაზა 2-ის" უფრო დიდ გამოცდაში დაერწმუნებინათ. ივნისში მათ თავიანთი აღმოჩენები ონკოლოგთა პრესტიჟულ შეხვედრაზე უნდა წარმოედგინათ. თუმცა, პირველ რიგში, დოქტორ ფლაერტის პასუხი უნდა გაეცა სასოწარკვეთილი სატელეფონო მესიჯისთვის, რომელიც ნიუ-ჯერსის ქალაქ ჯექსონის მცხოვრები, 42 წლის პაციენტ კრისტოფერ ნელსონისგან მოუვიდა. ეს მესიჯი ექიმმა შობა დღის შემდეგ მიიღო.
"ექიმო ფლაერტი, - ეწერა მესიჯში, - თქვენს ცდებზე მოხვედრა ძალიან მესაჭიროება."
როცა რამდენიმე თვის შემდეგ დოქტორმა ფლაერტიმ ბატონი ნელსონი იხილა, ცდებზე მის დასამტკიცებლად სისხლის ანალიზი აღარ სჭირდებოდა. მას ყვითელი თვალები ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი ღვიძლი მალე მწყობრიდან გამოვიდოდა. ექიმის აზრით, მას, მაქსიმუმ, ერთი თვის სიცოცხლე დარჩენოდა. მას შემდეგ, რაც მუტაციაზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მას წამალი გამოუწერეს.
წინა დოზა
გვერდითმა მოვლენებმა 1120 მილიგრამიან დოზაზე იჩინა თავი.
ხუთი თვის მანძილზე ბევრი პაციენტი იღებდა რეფორმულირებულ მედიკამენტს, მაგრამ ავადმყოფობის შებრუნების ნიშნები არავის გამოუვლენია. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ დოზის გაზრდით კიბოს უფრო ეფექტურად დაამარცხებდნენ. ზოგი პაციენტი დღეში 28 აბს იღებდა.
ქალაქ ოკლაჰომაში, 30 წლის კერი ადამსმა, ერთ დილას გამონაყარით დაფარულმა გაიღვიძა. ერთ ქალს კი ხელი ისე დაუსივდა, რომ მუშტის შეკვრა ვერ შეძლო. ფილადელფიელ პაციენტს საშინელი გულისრევა და დიარეა დაემართა, ბატონ ბანთინგს კი სახსრები ისე გაუშეშდა, რომ ქილას თავსახურის მოსახსნელად მეუღლეს აწვდიდა მაშინაც კი, როცა თავსახური თითქმის სულ მოხდილი ჰქონდა.
მომდევნო კონფერენციაზე ექიმები შეთანხმდნენ, რომ ძველი დოზა უნდა აღადგინონ. როგორც კი გვერდითმა მოვლენებმა კლება იწყო, ბევრმა პაციენტმა ირწმუნა, რომ კიბო დაამარცხა.
ბატონ ნელსონის ოთახში დოქტორი ფლაერტი სახეზე ღიმილით შეიჭრა. მას არასდროს უნახავს მელანომათი ასე დაავადებული პაციენტი, რომლის მდგომარეობაც ასე საოცრად გაუმჯობესდა.
მაისის შუა რიცხვებში, სანამ დოქტორი ფლაერტი ცდების მონაცემების წარსადგენად ორლანდოში (ფლორიდა) გაფრინდებოდა, თავის ბლექბერიზე მესიჯი მიიღო. ცდების მონაწილე პირველი პაციენტი, ელმერ ბაქსბაუმი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი კიბო ტვინამდე გავრცელდა.
დოქტორმა ფლაერტიმ იცოდა, რომ, როცა საქმე ტვინს ეხებოდა, იქ წამალი უძლური იყო. მაგრამ საერთოდ, ბატონი ბაქსბაუმის სხეულის რომელიმე ნაწილში თუ შეაჩერა წამალმა კიბო? ვაითუ, სხვა პაციენტებსაც შეუბრუნდეთ ავადმყოფობა?
ბატონი ბაქსბაუმი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს იყო 8 თვის წინ.
"სწორი კომბინაცია"
კვირების მანძილზე, როცა ორლანდოში (ფლორიდა) ონკოლოგთა ყოველწლიური კონფერენცია იმართება, PLX4032-ზე გამოცდილ პაციენტთაგან ბევრს შეუბრუნდა ავადმყოფობა. ერთი გარდაიცვალა. ბატონმა ნელსონმა იმედი დაკარგა.
მელანომას შეჩერების ამ წამლის უნარზე დოქტორმა ფლაერტიმ ხალხს უთხრა, რომ "ის, დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ იჩენს თავს."
"იმედი მქონდა, რომ მეტი დრო გვექნებოდა," - თქვა დოქტორმა გრანტ მაკ’არტურმა, საგამოცდო ჯგუფის ექვსი ონკოლოგიდან ერთ-ერთმა.
თუმცა, რომ შევაჯამოთ, PLX4032 კიბოს აჩერებს მის უჯრედებში იმ განსაკუთრებული პროტეინის დაბლოკვით, რომელიც მის გამრავლებას იწვევს. თუ ასეთ "მიზნობრივ" წამლებს ხანგრძლივი სარგებლის მოტანა შეეძლოთ, მაშინ, ბევრი ონკოლოგის რწმენით, მათი სხვებთან კომბინირება იყო საჭირო. "ჩვენ მხოლოდ სწორი კომბინაციის პოვნა გვესაჭიროება," - თქვა დოქტორმა ფლაერტიმ.
პრობლემა ის იყო, რომ მაშინ, როცა PLX4032 ბლოკავს პროტეინს, რომელსაც ერთი მუტირებული გენი ქმნის, მეორე მუტაცია უკვე კიბოს ზრდას იწვევს. ამ მუტაციის ამოცნობა თუ მოხერხდება, ონკოლოგების აზრით, მისი პროტეინის დაბლოკვასაც შეძლებენ.
ყველაზე სასარგებლო მიღწევა იქნება, თუ PLX4032-ის კომბინაციას მოახდენენ იმ ექსპერიმენტულ წამლებთან, რომელთა მიზანსაც სხვა მუტაციები წარმოადგენენ.
მაგრამ ფარმაცევტული კომპანიების სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს თითოეული წამლის ინდივიდუალური ტესტირება მანამ, სანამ მის კომბინირებას მოახდენენ სხვა წამლებთან. დოქტორ ფლაერტის სურდა ფარმაცევტული ინდუსტრიის დარწმუნება იმაში, რომ კომბინაციის გზას, რომელიც ნამდვილად გაამართლებდა, უსწრაფესად იპოვიდნენ, თუ თავიანთ სტანდარტულ ბიზნეს პროცედურას შეცვლიდნენ.
მწარე აბი
16:40-ზე ბატონი ნელსონი თავის მეუღლესთან ერთად მელანომას კლინიკაში (პენსილვანია) იცდიდა.
"კიბო ისევ იღვიძებს," - თქვა დოქტორმა ფლაერტიმ.
მაგრამ ექიმმა მათ ახალი იმედი ჩაუსახა. ერთი თეორიის მიხედვით, მუტანტი B-RAF პროტეინი ახერხებს, რომ კიბოს უჯრედებში სხვა პროტეინი გაააქტიუროს. უნდა ჩატარებულიყო ახალი ცდა, სადაც გამოცდიდნენ GlaxoSmithKline-ის მიერ შექმნილ წამალს, რომელიც ამ მეორე პროტეინს ბლოკავს.
ასეთ მიზნობრივ წამლებს მელანომას "მიძინება" რომც შეეძლოთ, მსგავსი დაავადებისგან განსაკურნებლად აუცილებელი გახდებოდა ხუთი ან კიდევ მეტი წამლის კოქტეილი. და თუნდაც ერთმა წამალმა რომ მიაღწიოს ბაზრამდე, ამისთვის 10 წელი იქნება საჭირო.
"ჩვენ ამ ყველაფრის სწრაფად გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ მათ ეს თავისებურად რომ გააკეთონ, შედეგის გამოღებას წლები დასჭირდება," - ჩიოდა დოქტორი ფლაერტი თავის კოლეგებთან იმეილებსა და სატელეფონო ზარებში.
მან იცოდა, რომ ასეთი იმედგაცრუება მელანომას სპეციალისტების მიღმა იყო ჩამარხული. დოქტორი ფლაერტი ალიანსის გასაფორმებლად აქეზებდა მელანომას წამყვან მკვლევარებს, რომლის წყალობითაც ფარმაცევტული კომპანიებისთვის უფრო იოლი და იაფი დაჯდებოდა ერთსა და იმავე დროს მრავალი ცდის ჩატარება.
მაგრამ Roche-ს წარმომადგენელმა დოქტორ ფლაერტის უთხრა, რომ რაც უფრო სწრაფად დაამტკიცებდნენ B-RAF-ის წამალს გასაყიდად, მით უკეთ დაკმაყოფილდებოდა პაციენტების ინტერესები. "კონცენტრაცია სწორედ ამაზე უნდა მოვახდინოთ," - დაჟინებით ამბობდა ის.
სიკვდილი ოჯახში
ნოემბრის შუა რიცხვებში ექიმთან დანიშნულ შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ ბატონ ნელსონს კისერსა და გულის შიგნით სიმსივნე შეუმცირდა. "არ ხარ აღელვებული?"- სიხარულით იკითხა მისის ნელსონმა.
"ბედნიერი ვარ, შერლ, - დინჯად თქვა ბატონმა ნელსონმა, - მაგრამ, როგორ გგონია, რამდენი ხანი გასტანს ეს?"
რამდენიმე კვირის შემდეგ, Glaxo-სთან შეხვედრაზე, როცა დოქტორმა ფლაერტიმ კვლავ დაუჭირა მხარი კომბინაციური ცდების ჩატარებას, კომპანიის წარმომადგენელმა გადაკვრით ახსენა, რომ კომპანია ასეთი ცდის სპონსორობას აპირებს. ამისთვის კომპანიას პრაგმატული მიზეზი ჰქონდა: სავარაუდოდ, Roche B-RAF-ის წამალს პირველი დაამტკიცებდა, მაგრამ მის კომბინირებას, რასაც უკეთესი სამუშაოს შესრულება შეუძლია, უკვე Glaxo უხელმძღვანელებდა. აშკარა ხდებოდა, რომ ასეთ წამლებს ბაზრებზე მხოლოდ კომბინირების შემთხვევაში გაიტანდნენ.
"კულტურა იცვლება," - დაეთანხმა Glaxo-ს წარმომადგენელი.
მაგრამ, ეს ყველაფერი დაგვიანებული იყო ბატონი ნელსონისთვის. 5 იანვარს, პენსილვანიაში, მისის ნელსონმა საკაცით გააქანა ის ექიმთან. სამი დღის შემდეგ, სასწრაფო დახმარებამ ის ადგილობრივ საავადმყოფოში, უიმედო ავადმყოფებთან ერთად დააწვინა.
როცა გამოიღვიძა, მისის ნელსონმა ნათესავებს უთხრა, რომ თავს დალოცვილად გრძნობდა, რადგან მან უფრო დიდხანს იცოცხლა, ვიდრე ეგონა. "უკვე ერთი წელია, სხვა სურვილი აღარ მაქვს," - თქვა მან.
"ერთი წელი"- ფიქრობდა დოქტორი ფლაერტი, როცა ახალი ამბები შეიტყო. ცხადია, ეს არ არის ტრიუმფი. მაგრამ ეს იყო რაღაც, რაზეც რაიმე დიდის აშენება შეიძლება.
Novartis და Bristol- Myers დათანხმდნენ, რომ თებერვლის ბოლოს კომბინაციურ ცდებთან დაკავშირებით ტელე-კონფერენციას გამართავენ. მან თავის ელექტრონულ კალენდარზე თარიღები შეამოწმა. Pfizer-თან შეხვედრაც მოსალოდნელი იყო.
ემი ჰარმონი
ფილადელფია