პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მეორე ნაკადი - ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა. 102 უცხოელი გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ქართულ ოჯახებში გადანაწილდებიან.
24 საათი 17.08.10
პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მეორე ნაკადი - ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა. 102 უცხოელი გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ქართულ ოჯახებში გადანაწილდებიან.
პედაგოგთა მესამე ნაკადი 30 აგვისტოსთვის უნდა ჩამოვიდეს. წლის ბოლომდე საქართველოში სულ 1000 პედაგოგი ჩამოვა.
ინგლისურენოვან პედაგოგთა მეორე ნაკადს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა და 2010-2011 სასწავლო წლისათვის 1000 უცხოელი მოხალისეს ჩამოყვანა, რომელთა მშობლიური სასაუბრო ენაც ინგლისურია და რომლებიც სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლებად იმუშავებენ - დავით აღმაშენებლის მიერ ყივჩაღების გადმოსახლებას შეადარა. "როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 000 ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა შემდეგი 3 წლის განმავლობაში 10 ათასი ინგლისურის მასწავლებლის ჩამოყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით - იმ საქართველოსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დღეს აკონტროლებს. თუ აღმაშენებლის დროს კონკურენტუნარიანობა იზომებოდა, ძირითადად, სამხედრო კრიტერიუმებით, დღეს სამხედრო არის ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი არის განათლება. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში, რასაც გავაკეთებთ შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ნამდვილი საგანმანათლებლო რევოლუცია და მსგავსი არაფერი გაუკეთებია არც ერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანას," - განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში, "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის განმარტებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა ქართველი ბავშვი, 5 წლის და უფრო უფროსი, გახდება ინგლისურენოვანი. ანუ, ქართულის შემდეგ მათი მეორე ენა იქნება ინგლისური. "ამას მოყვება ის, რომ შემდგომ ეტაპებზე, გათვალისწინებით დღევანდელი მოთხოვნებისა, მათი შემდგომი ენები იქნება ჩინური, რეგიონის გათვალისწინებით არაბული და თურქული, რუსული, მაგრამ პირველი, მთავარი, მინიმალური მოთხოვნა ეს არის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, 5 წელზე უფროსი ასაკის და 16 წლის ჩათვლით, შემდგომ რამოდენიმე წელიწადში იქნება ინგლისურენოვანი და კომპიუტერის სრული მფლობელი. მე მიმაჩნია, რომ ყივჩაღების შემდეგ ასეთი დიდი გარღვევა საქართველოს არ ექნება, თუ ამას სწორად გავაკეთებთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.