RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

შანსი განათლებისა და ინტეგრაციისთვის

ცოტა რამ ახლო წარსულიდან

24 საათი 11.03.10

  •   aa
    ჯვარის სათემო განათლების ცენტრი გარემონტებამდე და შემდეგ
  •   aa
  •   aa

ცოტა რამ ახლო წარსულიდან

ყველაფერი პატარ-პატარა რეგიონალური სათემო განათლების ცენტრების ისტორიით დაიწყო, გერმანიაში, 1953 წელს.

გამრჯე და ინიციატივიანი მეურნე გერმანელები, რომელთაც ერთნაირი ყოფითი თუ სოციალური პრობლემები ჰქონდათ და მათი მოგვარება ცალ-ცალკე უჭირდათ, გაერთიანდნენ და ამ პრობლემებთან გამკლავება საერთო ძალებით, ორგანიზებულად გადაწყვიტეს. თემის ლიდერების ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი მალე გამოიღო და გამოცდილებაც იმდენი დაგროვდა, რომ მისი გაზიარების და სხვათა თანადგომის შესაძლებლობაც გაჩნდა. სწორედ მათი იდეების პოპულარიზაციისათვის და მსოფლიო არენაზე გასასვლელად შეიქმნა საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი, რომელსაც გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო ფუნქციები გადაებარა. აქედან ჩაეყარა საფუძველი უამრავ კეთილ ინიციატივას, რეალურად გაწეულ დახმარებას, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებმა ამ ორგანიზაციისაგან წლების მანძილზე მიიღეს და მისი აქტიური თანადგომით სარგებლობენ დღესაც. მათ შორის გახლავთ საქართველოც.

როცა ქვეყანას და ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ, როცა თითქოს სრულიად მარტო ხარ უზარმაზარი და უკომპრომისო სამყაროს წინაშე, თითოეული კეთილად ნათქვამი სიტყვა თუ გზავნილი, თითოეული კონკრეტული ნაბიჯი თანადგომისა, განსაკუთრებით ძვირფასი და ღირებული ხდება. უფრო კი მაშინ, როცა ამ სიტყვას გამოცდილი ადამიანებისგან ისმენ, როცა ისინი მრავალგზის აპრობირებულ და ეფექტურ მეთოდებს გთავაზობენ და სწორედ იმ სატკივარზე გწამლობენ, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებს და გტკივა...

დიდი ხანია, სამწუხაროდ, მართლაც, დიდი ხანია სტკივა საქართველოს საკუთარ მიწა-წყალზე დევნილთა პრობლემა. ამ პრობლემის პოლიტიკურ ასპექტებს, ჩვენ რა თქმა უნდა, არ შევეხებით. ეს პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოღვაწეთა პრეროგატივაა და ისინი თავის მხრივ საკუთარ საქმეს თავადვე “იქმან”, მაგრამ სანამ პოლიტიკოსები რეალურ შედეგებს მიაღწევენ, სანამ სამართალი თავის გზას იპოვის, ჩვენს წინაშე ათასობით, მრავალათასობით უსახლ-კარო და ულუკმაპურო ადამიანი დგას, რომელსაც თავზე ჭერი და დასაქმება სჭირდება არსებობისთვის.

2002 წელს თბილისში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის კავკასიის ფილიალი შეიქმნა dvv international. კავკასიის რეგიონში არსებული, სხვადასხვა მიზეზების გამო შევწროებული თუ დევნილი მოსახლეობის თანადგომაც სწორედ თბილისის ფილიალიდან ხდებოდა. მოგვიანებით კი მსგავსი ფილიალები ბაქოსა და ერევანშიც გაიხსნა და კავკასიური საზრუნავიც შესაბამისად გადანაწილდა. მაგრამ შემდეგ დევნილთა რიცხვი საქართველოში თანდათან გაიზარდა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად 4,5 მილიონიან ქვეყანაში ნახევარი მილიონი შეადგინა. ამიტომ მეგობარი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

2009 წლის ზაფხულში ევროკავშირმა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, სტაბილურობის ინსტრუმენტის ფარგლებში დახურული კონკურსი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად ის საერთაშორისო ორგანიზაციები მიიწვია, რომელთაც დევნილთა თუ ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კუთხით მუშაობის გამოცდილება გააჩნდათ. კონკურსში, სხვა ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო dvv international-მაც. სწორედ სტაბილურობის ინსტრუმენტის ფარგლებში dvv international-მა, პარტნირო ორგანიზაციებთან ერთად მიიღო თითო-თითო მილიონი ევრო ორი პროექტის განსახორციელებლად: “დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვემო ქართლის რეგიონში” და “დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში”. ორივე პროექტს ფაქტიურად ერთი და იგივე არსი და მიზანი აქვს, რაც ამ რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებასა და ინტეგრაციაში, აგრეთვე მათთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას გულისხმობს, თუმცა არის განმასხვავებელი ფაქტორიც. dvv international-ი პროექტს - „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში” - ახორციელებს ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია ACF-თან პარტნიორობით, ხოლო პროექტს „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ახორციელებს ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია ACF-ი. პროექტში მისი პარტნიორი ორგანიზაციები არიან: dvv international და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA.

სწავლა არასოდეს არის გვიან

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ სახალხო უნუვერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის ბიუროს თანამშრომელს, პროექტის “დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში”. კოორდინატორს, დავით ჯიქიას:

- ბატონო დავით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების არსსა და მიზნებზე ზოგადად ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მოდით, ახლა უშუალოდ იმ სამუშაოებს შევეხოთ, რასაც ისინი კონკრეტულად მოიცავენ. როგორ ეხმარებით დევნილებს?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დევნილთათვის რეალური დახმარების გაწევას გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნულ რეგიონებში პროექტის ფარგლებში იხსნება ე.წ. სათემო განათლების ცენტრები, რომლებიც ჩასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო განათლების მიღებას სთავაზობს. პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში 90-იან წლებში მიმდინარე კონფლიქტებისა და 2008 წლის ომის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ახალ თემებში. ამ მიზნის მისაღწევად, მათი ახალი კოლექტიური განსახლების ადგილებში (ჯვარი, სენაკის სამხედრო დასახლება, სენაკი-მენჯი, კოდა, შაუმიანი, ქვემო ბოლნისი, ხიხანი) განხორციელებული იქნება თემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, მმართველობის გაუმჯობესებაზე, თემის წევრების დამატებით განათლებასა და მათ ქმედითუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები.

პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ აღნიშნულ სოფლებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. პროექტის ბენეფიციართა შორის იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

მსგავსი პროექტი სახელწოდებით “ზრდასრულთა განათლების ცენტრები სამცხე-ჯავახეთში - უმცირესობათა ინტეგრაციის შანსი” 2006-2008 წლებში ახალციხესა და ახალქალაქშიც განვახორციელეთ და იგი იქ მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე იყო ორიენტირებული. პროექტს მოსახლეობიდან სეროზული გამოხმაურება და აქტივობა მოჰყვა და შედეგიც იმდენად წარმატებული მივიღეთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც საგანმანათლებლო ცენტრებს ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ. მიღებული ცოდნის საფუძველზე პროგრამის მონაწილეებმა ახლად შესწავლილი ხელობით საკუთარი საქმეები წამოიწყეს და გარკვეული შემოსავლის წყაროც გაუჩნდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთშიც ამ გამოცდილებას დავყრდნობოდით. იმედი გვაქვს, აქაც ასევე გაამართლებს.

პრაქტიკული სამუშაოები ქვემო ქართლში 2009 წლის აგვისტოში დავიწყეთ, ხოლო სამეგრელოში - 2009 წლის სექტემბერში. პირველ რიგში სათემო განათლების ცენტრებისათვის საჭირო შენობებზე ვიზრუნეთ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, კოდასა და ჯვარში მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული ნაგებობები გავარემონტეთ და უახლესი ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღვჭურვეთ. ხოლო შაუმიანსა და სენაკში მუნიციპალიტეტებთან გაფორმებულ მემორანდუმებზე დაყრდნობით, აღნაგობის უფლებით მივიღეთ მიწის ნაკვეთები, სადაც ახალი, ერთ სართულიანი შენობები ავაგეთ, რომლებიც ასევე სრული სერვისით აღიჭურვა. პროექტის შემდეგი ეტაპი რეგიონებისდა მიხედვით დევნილთა საჭიროებების გამოსავლენად კვლევების ჩატარება გახლდათ. ეს იყო რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები, რომელთა საფუძველზეც პრიორიტეტები განისაზღვრა და პროგრამის შესაძლებლობებიც სწორედ ამ პრიორიტეტებისკენ მივმართეთ. შემდგომი ეტაპი ცენტრებისათვის ადმინისტრაციული მუშაკებისა და პედაგოგთა პოზიციებზე ვაკანსიების საჯაროდ გამოცხადება იყო. მიუკერძოებლობისა და მეტი გამჭვირვალეობისათვის ინფორმაცია ინტერნეტსაიტებზე განვათავსეთ, დევნილთა დასახლებულ პუნქტებსა თუ თავშეყრის ადგილებზე გავაკარით განცხადებები, წალენჯიხის მინიციპალიტეტმა თავად შემოგვთავაზა დახმარება და ადგილობრივი ტელევიზიის “ჯიხას” საშუალებით თვენახევრის განმავლობაში რეგიონის მოსახლეობას აცნობებდა ვაკანსიების შესახებ, მოკლედ, ყველას მივაწვდინეთ ხმა და შედეგმაც არ დააყოვნა: მსურველთა იმდენი განაცხადი შემოვიდა, რომ საკმაოდ გართულდა საუკეთესოთა შერჩევა. ჯამში, ოთხოვე ცენტრში 40-მდე ადამიანი შეირჩა.

დაბინავებისა და საორგანიზაციო საკითხებმა 2010 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გასტანა, იანვრის ბოლოს კი ორივე რეგიონში არსებული ცენტრები ოფიციალურად გავხსენით. კოდაში საგანმანათლებლო ცენტრების საზეიმო გახსნას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც ესწრებოდა. მეცადინეობები თებერვლიდან დაიწყო.

- ქვემო ქართლსა და სამეგრელოშიც ისეთივე აქტივობაა, როგორც სამცხე-ჯავახეთში? როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტები?

- ჯერ-ჯერობით მეტ-ნაკლებად... მაგალითად, ჯვარის სათემო განათლების ცენტრი ბევრად აქტიურია სხვა ცენტრებთან შედარებით, მაგრამ ამით რაიმე დასკვნების გაკეთება ახლა ნაადრევია. პროექტებმა ეს-ესაა აიღეს სტარტი და თანდათან მოიკრებენ ძალებს. როდესაც მონაწილეთა პირველი ნაკადები სასურველ განათლებას მიიღებენ და მოსახლეობა დარწმუნება პროექტების რეალობაში, მსურველი უფრო და უფრო მეტი გამოჩნდება.

- მაშინ მომავლის გეგმებსაც შევეხოთ, რას ითვალისწინებს პროექტები ამ მხრივ?

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: მათ შორის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კურსების მრავალფეროვნების ზრდა. შაუმიანში ადგილობრივმა სომხურენოვანმა მოსახლეობამ ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვა, ამიტომ მოგვიწევს ქართული ენის კურსების გახსნაც. სენაკში ყოფილი აგრარული პროფსასწავლებლის ბაზაზე სულ მალე საგაზაფხულო და საშემოდგომო ღია გრუნტების დამუშავების შემსწავლელი კურსები გაიხსნება, აგრეთვე სათესლე მეურნეობის კურსები, რისთვისაც სასწავლებელს ტრაქტორს შევუძენთ და ყველა საჭირო ინვენტარით აღვჭურვავთ. კიდევ ერთი პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე კი ფუნქციონირებას დაიწყებს თმის სტილისტისა და ოფის-მენეჯერის კურსებიც. ვთვლი, რომ ამ პროექტების ერთი-ერთი დადებითი ფაქტორი ისიცაა, რომ მის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებს (ამ ეტაპზე სენაკსა და ჯვარში) გარკვეულ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებასაც აღმოვუჩენთ. სამომავლოდ განსაზღვრული გვაქვს აგრეთვე ადგილებზე საგანმანათლებლო ცენტრების მდგრადობის უზრუნველყოფაც, რაც მათთვის ფუნქციების შენარჩუნებასა და მათი საქმიანობის გაგრძელებას გულისხმობს. გაგრძელდება აგრეთვე რაიონული მუნიციპალიტეტებისათვის საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროექტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც მათთვის ტრენინგების ჩატარებას და დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციაში დახმარებას გულისხმობს. ამიტომ ტრენინგების ციკლი არა მხოლოდ თემის ლიდერებისათვის, არამედ მუნიციპალიტეტებისთვისაც ჩავატერეთ.

-ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ორივე პროექტი ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩასახლებული დევნილების ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს თანაბრად მოიცავს და მათი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ამ ადამიანებს საგრძნობლად გაუადვილებს ახალ საცხოვრებელ გარემოში ინტეგრაციასა და დასაქმებას?

- დიახ... ამის მიღწევას მაქსიმალურად ვცდილობთ...

-წარმატებებს გისურვებთ...

ბოლოთქმა

ძალიან ძნელია, შენს ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე იყო დევნილი და ყველფერი დაიწყო თავიდან...

ძალიან ძნელია, შენს თავში იპოვო ძალა, რომელიც უკიდეგანო სივრცეში უყველაფროდ დარჩენილს გაიძულებს იცოცხლო, იბრძოლო გადარჩენისთვის...…

და რა კარგია, როცა ასეთ დროს არსებობენ მეგობრები.

მიენდე მათ და იპოვე თავი შენი...

მსურველი

ბევრად მეტია...

ზვიად დევდარიანი, (CiDA) სამოქალაქო განვითარების სააგენტო, გამგეობის თავმჯდომარე:

ჩვენი ორგანიზაცია 2005 წელს დაფუძნდა და დღემდე თექვსმეტამდე პროექტი აქვს განხორციელებული. 2009 წლიდან საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გავაფართოვეთ და ორი დიდი პროექტით სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში შევედით. რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტს, მას სამი პარტნიორი ორგანიზაცია ვახორციელებთ: სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international), ესპანური საერთაშორისო ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”(ACF) და ჩვენ. პროექტის ფარგლებში ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, რუსთავის არეალით შემოიფარგლება. რუსთავში CiDA მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს, რადგან ამ ქალაქში დევნილთა ჯერ კიდევ ძველი ნაკადის დასახმარებლად შემოვედით და არა მხოლოდ სოციალურ- ეკონომიკურ, არამედ განათლების და ინტეგრაციის საკითხებსაც მოვიცავთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად კი შიდა ქართლიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის ახალი ნაკადი შემოემატა რუსთავს. მართალია, მათი რიცხვი დიდი არ არის, სულ რამოდენიმე ოჯახია და ისინიც კერძო სექტორში არიან განსახლებულნი, მაგრამ ახალ პროექტში რუსთავის ჩართვა მაინც მიზანშეწონილი შეიქმნა: შეთავაზებები, რომლებსაც ახალი დევნილებისთვის ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, ძველი დევნილებისთისაც ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ამის საფუძველზე ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე რუსთავში ჩამოყალიბდა სათემო განათლების ცენტრი, რომელიც დევნილებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც აძლევს შესაძლებლობას, კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვადასხვა პროფესიებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ მოსახლეობაში ინტეგრაცია პროექტის უმთავრესი საზრუნავია. ასე, რომ დევნილებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც სასწავლო ჯგუფებში ერთად არიან და ახალ პროფესიასაც ერთად ეუფლებიან. მართალია, პროექტის განხორციელება აგვისტოდან დაიწყო, მაგრამ მოსამზადებელი და ორგანიზაციული სამუშაოების (შენობის შერჩევა, რემონტი, თანამედროვე ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა) გამო საგანმანათლებლო ცენტრები მუშაობას იანვრიდან შეუდგნენ. სწავლების დაწყებას წინ უსწრებდა მცირე საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილთა დაინტერესებას და მოზიდვას. შედეგი კი იმაზე დიდი მივიღეთ, ვიდრე ველოდით: რუსთავის საგანმანათლებლო ცენტრში კურსების გავლის მსურველთა 400 განაცხადი შემოვიდა. დაკომპლექტთა ჯგუფები და უკვე დაიწყო კომპიუტერის, ინგლისური ენის, საბუღალტრო აღრიცხვის, მცირე ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის შემსწავლელი ჯგუფების მეცადინეობა. ამ ჩამონათვალს მალე სტილისტის, მინანქარზე მუშაობის, ელექტრიკოსის, მანქანების შემკეთებლის და სხვა ხელობათა შემსწავლელი კურსებიც დაემატება. მოგეხსენებათ, ასეთი პროფესიების დაუფლება საგანმანათლებლო ცენტრის შენობაში, შეუძლებელია. მაგალითად, მინანქარზე მუშაობას სპეციალური ღუმელი სჭირდება, სტილისტს - სალონი და ა.შ. ამიტომ ამჟამად ხელშეკრულებებს ვაფორმებთ შესაბამის სპეციალისტებთან, რომლებსაც შესაბამის ხელობათა დაუფლების მსურველებს გავუგზავნით.

საგანმანათლებლო ცენტრს კიდევ რამდენიმე დამატებითი ფუნქცია აქვს: დევნილებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც იგი უფასო იურიდიულ კონსულტაციას და ფსიქო-სოციალურ დახმარებას სთავაზობს. ამგვარი დახმარების მიღება არამარტო ოფისშია შესაძლებელი, არამედ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებზეც, სადაც მათ ჩვენი იურისტები თავად მიაკითხავენ.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სასწავლო კურსები, ძირითადად, ზრდასრულ ადამიანებზეა გათვლილი, მაგრამ გვაქვს ასევე ახალგაზრდული პროგრამებიც, რომელთა ფარგლებში 16-24 წლის ვაჟებსა და გოგონებს კლუბურ აქტივობებს ვთავაზობთ. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი, სადაც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე საჯარო დებატები მოეწყობა, ჩატარდება ეკოაქციები, სპორტული ღონისძიებები. შესაძლოა შეჯიბრი თავად საგანმანათლებლო ცენტრებს შორისაც გაიმართოს.

ასე, რომ გეგმებიც და აქტივობაც საკმაოდ დიდია. მართალია, პროექტით 80 ადამიანის გადამზადება იყო გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად 400 დარეგისტრირდა და მსურველი კიდევაც ბევრია. რეგისტრაცია ამ ეტაპზე შევაჩერეთ, რადგან ჩვენი რესურსები, თუნდაც მაქსიმალური მობილიზებით, 400 ადამიანსაც ძლივს გასწვდება, ამიტომ ჯერ-ჯერობით ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ. გვინდა, რომ გაზაფხულზე კურსებზე მიღება განვაახლოთ. ვნახოთ, რამდენად წარმატებულად წავა პროექტი. მოგეხსენებათ, მისი დონორი ევროკავშირია და მათ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული პროექტის გახანგრძლივების საკითხიც.

მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ

რიჩარდა მაქსფილდი, (ACF) მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ, აღმოსავლეთ საქართველოს ბაზის ხელმძღვანელი:

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” 1994 წლიდან კავკასიაში ლტოლვილების მხარდაჭერისა და სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამდენად, ჩვენს სამოქმედო საზღვრებში საქართველოც შედის, სადაც ამჟამად ძველი დევნილებისთვის და 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთათვის ვმუშაობთ, კერძოდ, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ დახმარებას, აგრეთვე მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას ითვალისწინებს. არსებობს კიდევ ერთი პროექტი, “იუნისეფის” დაფინანსებით, რომელიც წყლის მომარაგების და სისტემის რეაბილიტაციას ემსახურება სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, მცხეთა-თიანეთის იმ დასახლებებში, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ დევნილები განათავსა.

ქვემო ქართლში კი, სადაც ჩვენ dvv international და CiDA-სთან ერთად ვმუშაობთ, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ცენტრების ჩამოყალიბებას და სოფლის მეურნეობის დახმარებას. დევნილთა ინტეგრაციის მიზნით იქმნება იძულებით გადაადგილებული პირებით და ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც ერთად იღებენ განათლებას. აგრეთვე ყალიბდება სათემო ცენტრები, თავისი თემის ლიდერებით, რომლებიც ამა თუ იმ უბანისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ადგენენ. პროექტის შესაძლებლობებიც შემდგომ სწორედ მათ მიერ გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით წარიმართება. პრიორიტეტები კი ყველგან სხვადასხვაა: ზოგან საჭირო პროფესიების შესწავლას ითხოვენ, ზოგან წყლის პრობლემის მოგვარებას, გზის დაგებას, გარე განათების გაკეთებას და ა.შ. საბედნიეროდ, დაინტერესება და აქტივობა საკმაოდ დიდია და ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტებითა თუ სხვა საჭირო სპეციალისტებით, მათი მოთხოვნების შესასრულებლად ვქირაობთ. მაგალითად, შაუმიანში გვთხოვეს გარე განათების გაკეთება სკოლიდან კომპაქტურ დასახლებამდე, ამიტომ ჩვენ შესაბამის სპეციალისტთა ჯგუფის დაქირავება მოგვიწევს.

მინდა ავღნიშნო, რომ დევნილთა განათლებისა და ინტეგრაციის ეს პროექტი ნამდვილად საჭირო და სასარგებლო პროექტია, დაინტერესება დიდია, ნდობაც მაღალი აქვს. თუმცა 18 თვე იმისათვის, რომ დევნილებს პრობლემები მოვუგვაროთ, საკმარისი არ არის. გადასწყვეტია დევნილთა დასაქმების უმწვავესი პრობლემაც, არადა მხოლოდ დასაქმებაა მათი სტაბილური შემოსავლის წყარო. ჩვენ კი ისეთ პროექტებს, როგორიცაა მეფუტკრეობის ან მერძევეობის შესწავლა, ამ დროის განმავლობაში შეიძლება საფუძველი ჩავუყაროთ, მაგრამ იმისათვის, რომ შექმნილმა ჯგუფებმა დამოუკიდებელი მუშაობა შეძლონ, მხარდაჭერა კიდევ იქნება საჭირო. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია ყოველმხრივ შეეცდება, რომ მსგავსი პროექტები შენარჩუნდეს და გამრავალფეროვნდეს კიდეც.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი