RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

ლადიკუნა, ძე ვაჟოიასი

ვაჟოია სვანიძეს ამ ბოლო დროს დააკლდა თვალს, თუ არა მაგისთანა უბადლო მონადირე და შორსმჭვრეტელი კაცი მეორე არ მოიძებნებოდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ტოლაში და მის საზღვრებს გარეთაც, რაღა თქმა უნდა.

24 საათი 13.02.10

ვაჟოია სვანიძეს ამ ბოლო დროს დააკლდა თვალს, თუ არა მაგისთანა უბადლო მონადირე და შორსმჭვრეტელი კაცი მეორე არ მოიძებნებოდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ტოლაში და მის საზღვრებს გარეთაც, რაღა თქმა უნდა.

ნაკომუნისტარი "პერესტროიკელების" მმართველობის პერიოდში ვაჟოიას მაკე ძროხას გამოთაყვანებულმა მეზობელმა უშველებელი სახრე ისე სასტიკად გადაუჭირა, რომ საცოდავმა საქონელმა წელი ვეღარ აითრია და ჭირიც მოგვჭამა. დამნაშავემ ჯერ დანაშაული დამალა, მერე ენა ისე დაატრიალა, თითქოს ცილი დასწამეს. ასეთი შეურაცხყოფა ვაჟოიასთვის ჯერ არავის ეკადრებინა და აენთო კაცი.

იმ უტრანსპორტობის დროს, როცა თბილისელები სამსახურში ფეხით დავდიოდით და ლილოს თერთმეტლარიან ფეხსაცმელს სამ კვირაში ერთხელ ვცვეთდით, ვაჟოია რაჭიდან ჩამოვიდა და ჩვენი გაზეთის - "კავკასიონის" რედაქციაში მოვიდა. სამსახურში მისულმა რედაქტორის მაგიდასთან მჯდომი მომჩივანი რომ დავინახე, გაოცებისგან მოურიდებლად შევყვირე, რავა ბრძანდებით ვაჟოია ბიძია, აქ რამ მოგიყვანათ-თქვა. ამ მართალი კაცის საქციელით აღფრთოვანებული რედაქტორი სულ მთლად გადაირია, შენ საიდანღა იცნობო. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ვაჟოიას ვაჟი ლადიკუნა ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი გახლდათ; მართლაც ზღაპარივით სანატრელ რაჭაშიც ნამყოფი ვიყავი უკვე და სვანიძეების დიდებულ ოჯახში ალალი ხვანჭკარაც დაგემოვნებული მქონდა დათვის კოტლეტის თანხლებით.

ვაჟოია სვანიძის საქციელი იმიტომ იყო საკვირველი, რომ მას იმ ქაოტურ დროსაც კი სჯეროდა თავისი ქვეყნის და იმ ყიამყრალა კაცისთვისაც უნდოდა ენახებია, რომ სამართლის პოვნა მაშინაც კი შეიძლებოდა. ასეთი ზნეობრივ-მოქალაქეობრივი პოზიცია ახლაც კი იშვიათია.

- სამართალი თუ ვერ ვიპოვე, ჩავალ და თავს მოვაჭამ იმ არაკაცს, - გვეუბნებოდა ვაჟოია, რომელიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აპირებდა საკუთარი ძალების გამოყენებას. ამას მის მეზობელს კი არა, მტერსაც კი არ უსურვებდა კაცი.

მაშინვე დაიბეჭდა "კავკასიონში" ვაჟოიას ძროხის ამბავი. წაიღო ის გაზეთი ვაჟოიამ სოფელში და სამართალიც იპოვა. დამნაშავე ჯერ შეარცხვინა, მერე სინდისზე შეაგდო. მან კი ბოდიშიც მოიხადა და მერე სინდისშეწუხებულმა ძროხის საფასურიც აანაზღაურა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, რომ სამართლის მაძებარმა კაცმა "კავკასიონს" მიმართა მაშინ, როცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ იქ მისი შვილის მეგობარი მუშაობდა.

სოფელი ტოლა რაჭის დასაწყისში, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს ზემოთ მთაზეა შეფენილი. სოფელში ორი ნაბიჯის ტოლა სწორ ადგილსაც ვერ ნახავთ, მაგრამ იქ სტუმრობას არაფერი სჯობს. განსაკუთრებით საამო საცქერია რიონის ხეობა სისხამ დილით, მზის ამოსვლისას, ნისლის გაფანტვის დროს. ზემოდან დაჰყურებ, როგორ ნელნელა წვება ნისლი დაბლა ხეობაში, როგორ ათავისუფლებს წითელსახურავებიან მწვანე ფერდობებს თეთრი ბურუსისაგან, როგორ წარმოქმნის თეთრ მდინარეს რიონის თავზე და მერე როგორ მდორედ მიუყვება რიონის კალაპოტს ქუთაისისკენ. ბურუსში ნამყოფი სილამაზის გამოღვიძებამ ჭკუაზე თუ არ შეგშალათ, ცოტა ხანში ნისლის მდინარის კუდსაც დაინახავთ, რომელსაც ბოლოში ოქროს ბრჭყვიალა ბეჭედივით მოჰყვება რიონში არეკლილი მზის პირველი მოციმციმე სხივთა კონა. ნისლი სადღაც იკარგება და აჰა, თქვენს პატარა თვალებში საკვირველად ეტევა რიონის ოქროსფერი მდინარე, მზის დიდებული სტუმრობა, რაჭის თავმდაბალი მასპინძლობა და უმშვენიერესი ცის ახლო მეზობლობა. აქ გაზარდა ვაჟოია სვანიძემ თავისი ორი ვაჟი და ერთი ქალი. შესახედაობით ერთმანეთზე უკეთესები, ბუნებით ძველ უღალატო ქართველთა დარი.

ლადიკუნასთან პირველი სტუმრობისას ჩვენი რაჭული ზღაპარი ტყეში შეშაზე წასვლით გაგრძელდა. ლადიკუნამ ხარები ურემთან მოაბრძანა, უღელი დაადო და მოფერება დაუწყო. თავ-პირი რომ ლამის აულოკა, ზურგს გაუყვა და დიდი რუდუნებით დაფხანა. ბოლოს ხელი ლაჯებში ამოუთათუნა და ხართ საქებარი ლირიკა "თქვენ გენაცვალეთ"-ი დაამთავრა.

დავიძარით თოფით, წალდებით და ცეცხლის სურნელით შეკმაზული რაჭული საგზლით. რაც უფრო მაღლა მივიწევდით, მით უფრო სუფთად გვეჩვენებოდა მშვენიერება. თურმე, ყოველი მოსახვევი ბუნების ახალ-ახალ საოცრებას მალავდა. წინ ბაბუშარადან დევნილი ჩვენი მეგობარი ზური ბეჭვაია მიიზლაზნებოდა ღვედით კისერზე ჩამოკიდებული და ღიპზე ჩამოდებული თავის სიგრძე თოფით. მერე ლადიკუნა მიუძღვებოდა მორჩილად თავდახრილ ხარებს. მე კი ძლიერ შევაწუხე ურმის ფიცარნაგი აქეთ-იქით წრიალით, არაფერი გამომრჩეს-თქო. ხრამი იმდენად გაიზარდა და გზა იმდენად დავიწროვდა, რომ ურემზე ჯდომა სახიფათო გახდა. ერთ-ორ ადგილას კი მიწა ისე ჩაშლილიყო, ჩოჩიალა ურმის ცალი მხარე ჰაერში რჩებოდა.

- ჭკვიანი ხარები თუ არ გყავს, ამ ადგილებში აუცილებლად გადაიჩეხებიან, - გვითხრა ლადიკუნამ.

- მერე, ახლა მეუბნები მაგას? უყურე ამ რაჭველს, სად შემომიტყუა? - დაიწყო მაიმუნობა ბეჭვაიამ.

- აბა, ბიჭო! კაცი რუსის ტყვიას გადაურჩი და რაჭაში გღუპავენ, გონია? - ავყევი მეც, მაგრამ ლადიკოს ჩვეულებისამებრ ყურიც არ შეუბერტყავს. ის არასოდეს აჰყოლია ჩვენს ლაყაფს. თუ ძალიან შევწუხდებოდით მისი ჩათრევის მცდელობით, შევეცოდებოდით ხოლმე, და გულშემატკივრულად გვიღიმოდა. მაშინ ბავშვივით საყვარელი ხდებოდა ეს მთასავით კაცი. ხო ასეთი უწყინარი იყო, მაგრამ ერთთავად მებრძოლი და შემტევი ხდებოდა, როცა საქმე საქართველოს და ქართველობას ეხებოდა. ეს ორი მცნება მისთვის აბსულუტურად ხელშეუხებელი იყო და, რა თქმა უნდა, დღესაც ასეა.

ერთხელ სტუდენტობის დროს ნასვამი მეგობრები საღამოს რუსთაველზე სიმღერ-სიმღერით მოვდიოდით. მაშინ მძიმე წლები იყო და "შავლეგო", "ჩემო კარგო ქვეყანა", "მრავალჟამიერი", თუ, თუნდაც, "ტრულაილა" გამვლელებსაც ახარებდა. ამიტომ თამამად ვმღეროდით, მაგრამ ლადიკუნა ხმას არ იღებდა და ღიმილით გვიყურებდა. სასტუმრო ივერიას რომ გავუსწორდით, უცბად რომელიღაც ჩვენთაგანმა თქვა:

- ე, ბიჯო, ახლა მაინც გავჩუმდეთ, იან გილანია ჩამოსული, ყველაზე მაღალ ნოტას იღებს მსოფლიოში, - ამის თქმა იყო და გაჩუმებულები "ივერიას" მივაშტერდით.

- რაიო?! - იყვირა ლადიკუნამ, - ვინ იან გილანია ჩამოსული!? მაგის გულისთვის სიმღერას რავა წყვეტთ?! ვინ აგდია, ერთი მაგის... - ლადიკუნასგან გინება რომ არასოდეს გაგვიგია, ისე შეუკურთხა იმ საცოდავ ვოკალისტს, თითქოს, ყველა ჩვენი უბედურება მის სიმღერას მოეტანოს. მერე გაგულისებულმა ესეც არ იკმარა და "შავლეგო" ისეთი კივილით შემოსძახა, იან გილანს მართლაც შეშურდებოდა.

მოგვიანებით ავღანელთა ბატალიონში დიდი ენთუზიაზმით ჩაეწერა. ღრმად სჯეროდა, რომ აფხაზეთის ომში ძალიან მალე გავიმარჯვებდით. სხვა შედეგი მისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო და ხმამაღლა ამბობდა, თავზე ქალის ნიფხვები უნდა ჩამოვიცვათ, თუ ამას ვერ გავაკეთებთო. ცხადია, არც ჩემს სკეპტიციზმს იზიარებდა. სისტემატური ინფორმაციების შემდეგ იმის თაობაზე, რომ ბრძოლით აღებული პუნქტი დღის განმავლობაში ხელიდან ხელში რამდენჯერმე გადადიოდა, ჩემთვის ეს ომობანას არასერიოზული თამაში იყო და მეტი არაფერი. კარგად მესმოდა, რომ ომში გაუწვრთნელი საძმოების, გამოუცდელი მოხალისეების და სახელდახელოდ შექმნილი კერძო საბრძოლო შენაერთების ქაოტური მიმოსვლა უიმედობის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლადიკუნას ამის გაგონებაც არ სურდა. თვენახევრიანი წვრთნის შემდეგ ავღანელთა ბატალიონის წევრი სამი მეგობარი სოხუმში გადაგვსხეს. ომში საახალწლო ზავი დაგვხვდა და ჩვენ მშვიდად გავაგრძელეთ ვარჯიში. ცხადია, ყველაზე მეტს ლადიკუნა დარბოდა, ხტოდა, მუშაობდა, კითხულობდა. მას სამართლიანი კაცის ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი და დიდიან-პატარიანა ყველა პატივს სცემდა. მისი 46 ზომის უმძიმესი ჩექმების ბრახუნი კი ყველას გულს უხეთქავდა. თანაც უშველებელ ნაბიჯებს დგამდა და სანამ ოთახის მინიანი კარების სახელურს მისწვდებოდა, კარის ძირს უნებლიედ მისი ჩექმის წვერი ეხეთქებოდა და კარები ისეთი ბრახუნით იხსნებოდა, მართლა დაბომბვა გეგონებოდათ. ამიტომ კორიდორში ღამის ყარაულიდან დაბრუნებული ლადიკუნას ჩექმების ხმას რომ გავიგონებდით, ოთახში ყველას ვაღვიძებდით, ლადიკუნა მოდის-თქო, რომ კანტუზია არავის მიეღო. ასე ფხიზელი თვალყურით ველოდით მის შემობრახუნებას და მერე მშვიდად ვიძინებდით. თვითონ კი გაიკვირვებდა ხოლმე, რა არის, რა ყველას გღვიძავთ, დაიძინეთ დროზეო.

უსამართლობას თუ შეამჩნევდა, უფროსებსაც არ ერიდებოდა. ერთ ღამეს ჩვენი განყოფილების სერჟანტი ბატონი ელგუჯა ოთახში შემოვიდა და ბეჭვაიას აღვიძებდა, შენი პოსტზე წასვლის დროაო. ზური თავს იცავდა და იმისას ასახელებდა, ვისი მორიგეობაც უნდა ყოფილიყო. რა ვქნა, ის არ დგებაო, წამოცდა ბოლოს ელგუჯას.

- აპა, ჩვენ გვჩაგრავ, შე გლახა!? - წამოფრინდა ლადიკუნა და ჩექმებში ორივე ფეხით ერთდროულად ჩახტა, - თუ არ დგება, მე განახებ ახლა, როგორ უნდა წამოაგდო, - უღრიალა სერჟანტს და ოთახიდან გავარდა.

ძალიან შეგვეცოდა ის საწყალი ჯარისკაცი, რომლის საწოლს ლადიკუნამ წიხლი ჰკრა და მიწისძვრასავით შეაზანზარა.

- რას ქვია, პოსტზე არ მიდიხარ, სათამაშოდ კი არ ვართ აქ ჩამოსული, - უკივლა მწოლიარეს და ქეჩოში კვრით წამოაგდო.

- რას მერჩი, ძმაო! როგორ არ მივდივარ! არავის გავუღვიძებივარ და რა ვქნა, - უპასუხა შეშინებულმა.

- ფუი! ელგუჯა, შენ განახებ ახლა სეირს, - გამობრახუნდა ლადიკო და ელგუჯას ეცა, - ესაა, არ მიდისო?! შევარცხვინე შენი სერჟანტობაც და კაცობაც, - მიახალა პირში და ოთახიდან გააგდო, წადი ახლა და დააყენე ის კაცი პოსტზეო.

ამასობაში ბეჭვაია საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. გაბრაზებულმა ლადიკუნამ იფიქრა, პოსტზე წასასვლელად ემზადებაო და შეუტია, შენ სა მიბოჩიალობ, ბიჯო, დაეგდე ადგილზე, თუ არა, განახებ სეირსო. ბეჭვაია უცებ ჩაწვა, ჩემსკენ გადმობრუნდა და მიჩურჩულა, მეფსია, ბლიად, რა უნდა ამასო. მერე ორივე იმხელაზე ავხარხარდით, კინაღამ ლადიკუნაც ავიყოლიეთ.

ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფეხი მოვიტეხე და მწყობრიდან გამოვედი. მეორე დღეს კი ჩვენი ბიჭები ლაბრაში პირველ ბრძოლაში წაიყვანეს. მოლოდინის სიმწარის გახსენებაც არ ღირს. კიდევ კარგი, ლაბრა აიღეს და ყველანი უვნებელნი და გახალისებულები დაბრუნდნენ. ლადიკუნას იქაც უჩვენებია მეგობრობის მაგალითი.

შეტევაზე გადასულებს ტყვიამფრქვევის კაკანი გაუგიათ და ხელისგულივით თოვლში ჩაწოლილან. ყველა ისვრის, თურმე, ბეჭვაიას გარდა, რომელსაც ტყვიები გათავებია და სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, რომ სიმაღლეზე გამაგრებული ტყვიამფრქვევის მსხვერპლი არ გამხდარიყო. ლადიკუნას ვინ დაასწრებდა.

- ვხედავ, ბიჭო, ეს ორმეტრიანი ლადიკო ამ პატარა კაცს გადამახტა თავზე, ჩამიწვა წინ, გადამეფარა და ტყვიები გადმომიგდო, ჩატენეო. ხელები გაყინული მქონდა და რა მექნა, "რაჟოკს" ჩქარა ვერ ვტენიდი. ლადიკომ ისროლა, ისროლა და უცებ მომიტრიალდა, რას ბოჩიალობ, ბიჭო, ამდენხანს, ჩატენე დროზეო. ნეტა არაფერი ეთქვა. იმისთანა სიცილი ამიტყდა, სულ დამივარდა დატენვის ტემპი, - გვაცინებდა კაზარმაში დაბრუნებული ბეჭვაია.

შეშის მოჭრის და ურემზე დაწყობის შემდეგ საღამოს მოწითალო მზით განათებულ პატარა მდელოზე ჩვენი პატარა ვახშამი გავშალეთ და ეს ამბები მოვიგონეთ. დღისით ოქროსფრად მოელვარე და საღამოს წითელფერ გადაკრული კლდის მწვერვალები ჩვენი ტყის პირდაპირ უშველებელ ხევს გაღმა რომ აღმართულიყვნენ, თითქოს, ჩვენს სიხარულს იზიარებდნენ და გვამშვიდებდნენ თავისი სიდიადით, რომლის წინაშე ყველა უბედურება არარაობად გვეჩვენებოდა. სახლში დაბრუნებულებს, მწვერვალთა სიმშვიდით დაიმედებულებს, ტყე-ღრეთა სიმდიდრით გალაღებულებს, ხარ-ურმის უკვდავებით გაცოცხლებულებს ლადიკუნას უტკბილესი თამარი ბებოს ჩუმად ნათქვამი რომ შემოგვეგება, სადა ხართ, ბოშო, ამდენხანსო, კინაღამ ავტირდით ხალხი.

მერე ფეჩზე და ბუხრის ნაკვერცხალში გამზადებულ ვახშამს რომ შემოვუსხედით, კარები ჭრიალით გაიღო და ლადიკუნას დინჯი მეზობლები შემოლაგდნენ. გაუგიათ სტუმარი ჰყავსო და ჩვენს სიხარულში თავიანთი წვლილიც შეიტანეს. მართლაც საკურნებელი პურის ჭამა გაგვიმართეს კუთხური სადღეგრძელოებით, იუმორით, სიმღერით: "დაალიეე დაა დაადგიი თაასიი"; მაგრამ თქვენ რომ ის ღვინო გაგესინჯათ, საუკუნე თასს ხელიდან არ გაუშვებდით. აკი, იმ სიმღერასაც ასე აგრძელებდნენ: "ჰოიი! დალიე, დაალიე".

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი