"...МамьМамьМамьМамьМамьМамь...”
24 საათი 06.02.10

"...МамьМамьМамьМамьМамьМамь...”
ანდრეი ვოზნესენსკი
ცოტა ხნის წინ მომიწია სერგეი მინაევის მორიგი პროგრამის - “პატიოსანი ორშაბათის” - (ნრგ-ზე) მწვავე დისკუსიის (სტალინის შესახებ) ყურება... მონაწილეობდნენ, ცხადია, ალექსანდრე პროხანოვი, სერგეი კურგინიანი - ერთი მხრივ - და პოლიტოლოგი პოლიაკოვი და ადვოკატი ბორშჩევსკი - მეორე მხარე. ტიპიური დისკუსიური კომპლექტი გახლდათ. პოლემიკის საგანი იყო მეტროს სადგური “კურსკაია-კოლცევაია”, სადაც, მცირე ხანია, აღადგინეს სტალინისეული სტრიქონი, რომელსაც დამატებით მიუმატეს სტრიქონი ლენინზეც, ხოლო მავანმა სახელდებულმა არქიტექტორმა თავს იდო სადგურის ჰოლში ხალხთა ბელადის ძეგლის აღდგენა, რათა ისეთივე პანორამა შექმნილიყო, “როგორიც ჰქონდა თავდაპირველად მხატვარს”.
პროხანოვი ამტკიცებდა, რომ სტალინის სახელი - ესაა საერთო-სახალხო სიწმინდე და ბაირაღი ეგზომ სასურველი მოდერნიზაციისა, ანუ, პროხანოვისებურად, რუსეთში მოდერნიზაციისთვის საჭიროა ცენტრალიზმი და მათრახი. და აი, მე, ცოდვილმა, ვიგუმანე: არადა, მართლაც ხომ ასეა. სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, XXI საუკუნეში ასეთი რამეები საჭირო არაა, პირიქით, მავნებელიცაა. იქ განვითარებისთვის აუცილებელია თავისუფლება, ინიციატივა, თვითმმართველობა, მაგრამ რუსეთი საკუთარი, მუდამ თანამდევი, წარმოების აზიატური საშუალებებით - სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა. პროხანოვი არ ტყუის, ცენტრალიზმისა და მათრახის გარეშე რუსეთი ვერ გაძლებს.
ერთი კია, პროხანოვი ყველაფერს ბოლომდე არ ამბობს. შესაძლებელია, იცის, მაგრამ სათქმელს ბოლომდე არ გვიმხელს. არადა, რა თქვა? კამათის სიფიცხეში თითქოს სიტყვა წასცდა, რომ დესტალინიზაცია, ბრძოლა სტალინის წინააღმდეგ არის ბრძოლა თვითონ რუსეთთან. თავს ვერ დავდებ, რომ ყველაფერი სიტყვასიტყვით მახსოვს, მაგრამ თეზისის დედააზრი ასეთი იყო. და აქედან გამომდინარეობს, რომ სტალინი - ესაა საკუთრივ არსი რუსეთისა; არა რაღაც მასზე მიწებებული, როგორც ტალახი, არამედ თვით მისი არსი. თუ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ საცნაური ხდება აზრი ცნობილი გამონათქვამისა: მიზანში ამოღებული ჰქონდათ ბოლშევიზმ-სტალინიზმი, მოახვედრეს კი - რუსეთს. იმის გამო მოახვედრეს, რომ ესაა ერთი მთლიანობა, ვითარცა სული და სხეული.
სტალინი - ესაა რუსეთის კვინტესენცია, მთელი მისი აზროვნების მაქსიმუმი. არადა, მართლაც ასეა. სტალინის ეპოქისეული ცენტრალიზაცია ყველაზე უმაღლესი დონისაა რუსეთის მთელი ისტორიის მანძილზე. მარადიული სოციალისტურობა რუსული სახელმწიფოსი, კერძო საკუთრების ინსტიტუტის მერყეობა, სტალინმა აიყვანა კერძო საკუთრების მიმართ ზიზღამდე, “კაცუნების” სიძულვილამდე, მათეული ცხოვრებისა და სიცოცხლის ნებისმიერი ოდენობით გახარჯვის ზომამდე... “დიადი მიზნების” მისაღწევად ყველაფერი ეს იმ სიმაღლეზე აიყვანა, რაც მიუღწეველი იყო ივანე მრისხანეებისა და პეტრე პირველებისათვის. უნდა ითქვას - სტალინი არის ივანე მრისხანისა და პეტრე პირველის სიმბიოზი, რუსული მბრძანებლის არქეტიპი: იზოლაციონისტურ დესპოტიზმს პლიუს ხელკეტური მოდერნიზაცია.
გავაგრძელოთ თხრობა. რუსულმა მესიანიზმმა, ანუ მარადიულმა სწრაფვამ, თავს მოახვიოს მსოფლიოს და, უპირველეს ყოვლისა, “დამპალ დასავლეთს” რაღაცნაირი დიადი “ჭეშმარიტება”, “უეჭველად ქრისტიანული”, აპოგეას მიაღწია სტალინის ზეობისას, პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ფორმით. რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური პრეტენზიები სრულად დაკმაყოფილდა სტალინის ქმედუნარიანობით: რომელ მეფესა და იმპერატორს დაესიზმრებოდა, რომ მათი სამფლობელოს საზღვრები ევროპის ცენტრს მიაღწევდა, გერმანიას შუაზე გახლეჩდა, კრემლის გავლენის ქვეშ მოექცეოდა ჩინეთი, აფრიკა და მილიონობით კომუნისტური აგენტი მთელ მსოფლიოში? ახლა ანტიდასავლური პათოსი?! ბათუ-ყაენს მხოლოდ ოცნებაში შეეძლო იმგვარი მასშტაბის ლაშქრობა-თარეში, რაც 1945 წელს შეძლო სტალინმა. ცუდუბრალოდ როდი მიეახლებიან ჩვენი პატრიოტები, მონარქისტები და მართლმადიდებლები, როგორც წესი, სტალინიზმს, რამეთუ ამგვარი რუსეთის გათავისება და შეყვარება ნიშნავს სტალინის აღიარებასა და თაყვანებას.
სტალინი რუსეთის სახე და წმინდანთა თანა შერაცხილია. არა მოცისფრო “სამება” რუბლიოვისა, არამედ სტალინის პორტრეტი - ტალახითა და სისხლით შექმნილი ხატი მისი. რუსეთის მთელი ისტორია, მოკიდებული ბათუ-ყაენიდან (ხოლო რუსეთის ისტორია სახელდობრ ბათუ-ყაენიდან და არა კიევიდან იწყება!) სტალინს ქმნიდა. რუსეთმა სტალინის ხატება საუკუნეების განმავლობაში გამოკვეთა, გამოსახა და შვა ბოროტება. დოსტოევსკი ნიადაგ “რუსული ქრისტეს” მოლოდინით სასოობდა. და ისიც იშვა: “რუსული ქრისტე”, სტალინი, რომელსაც დღეს შემთხვევით არ გამოსახავენ წმინდანის ნიმბით! დოსტოევსკის გულს უძმარავდა მთელი ეს საშინელი წინათგრძნობანი, საიდანაც სათავეს იღებს მისეული რყევები და სიღრმისეული ძიებანი. მას სურდა, თავი დაერწმუნებინა, რომ ბოროტება რუსეთში გარედან მომდინარეობს, მას არ სურდა იმის დანახვა, რომ ბოროტება თვით რუსეთშია, რომ თვით რუსეთია ბოროტება.
დავფიქრდეთ, რა მოუტანა მსოფლიოს რუსეთმა. კაცობრიობის არებობის მანძილზე ყველაზე უაღმატესი კაცთმოძულეობის იდეა - ბოლშევიზმი, რომელმაც, როგორც ჭირმა, ნახევარი პლანეტა მოიცვა. ყველაზე უფრო მეტად ვინ გათელა ადამიანი, მისი თავისუფლება, სული და აზროვნება, ვიდრე რუსეთმა? ხოლო რუსები - ამ ბოროტების მსხვერპლნი და მძევალნი; არცთუ იშვიათად, ყველაფერ ამის თანამონაწილენი, ნებსით თუ უნებლიეთ.
აი, რა იმალება სტალინის ირგვლივ მიმდინარე პოლემიკებში. გსურს, შეიცნო რუსეთი, გსურს, ბოლოსდაბოლოს, გამოემშვიდობო სამარადჟამოდ ილუზიებსა და “ლიტერატურშჩინას” - მიაპყარი მზერა სტალინს. მიაპყარი საჩინონი თვისნი “გულაგს”. ესაა მთელი სიმართლე და მისი არსი, რუსეთი უნიღბოდ. ეს არაა რუსოფობია, რამეთუ ძველ რუსეთთან ამჟამინდელ რუსეთს არავითარი შეხება არა აქვს, რადგანაც ის, ვიმეორებ, სათავეს კიევიდან კი არა, ნოვგოროდიდან კი არა, ურდოსაგან იღებს.
რატომ გადაიქცეოდა ხოლმე უმეტესწილად ებრაელ დისიდენტთა ანტისტალინიზმი რუსეთის კრიტიკად? უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ სხვა მხრიდან ყველაფერი თვალსაჩინოა. ესაა მათი დიდი უპირატესობა. ჩვენ ხომ ყველას რუსეთი დედასამშობლოდ გვესახება, ჩვენ ინტერესებს მისეულ ინტერესებთან ვაიგივებთ - ეს კი მზერას გვჭრის, გვაბრმავებს, ხოლო ებრაელთ მზერა არ უბნელდებათ. ის, რაც ებრაელისათვის დაუნჯებული დასკვნაა დამკვირვებლისა, რუსი კაცისათვის - ტრაგიკული გამონათებაა პიროვნებისათვის თვალშეუდგამი მოსალოდნელი შედეგებით.
შესაძლებელია თუ არა სტალინის აღორძინება, როგორც ეს ნებავს იმავე პროხანოვს? თუკი სტალინი აპოგეაა, რუსეთის იმპერიის პიკი, მაშინ ეს ნაკლებად სავარაუდოა. თავისი გაგებით აპოგეა უნიკალურია. მას შემდგომ იწყება გარდაუვალი დაქვეითება, ჭაობი-უძრაობა, ენტროპია. ერთობ ბევრი ენერგია, რწმენა, ბიომასალა, გენოფონდი, სისხლი და ცრემლი დაიხარჯა მისი მიღწევის საბაბით. ასეთი რამ არ მეორდება. ქვეყანამ მიაღწია უმაღლეს პიკს, სრულად გამოამზეურა საკუთარი სახე, თავისი “იდეა” - და ყველაფერი დამთავრდა, ქვეყნის ისტორია გასრულდება, იღვენთება.
ეს ასეა, თუკი ვსაუბრობთ ისტორიის შესახებ ევროპული შემეცნების კვალობაზე, მაგრამ აქვს კი რუსეთს ამგვარი ისტორია? არსებობს ის ის ამგვარ ისტორიაში? აქვს კი რუსეთს, საზოგადოდ, ისტორია ევროპული თვალსაზრისით? ესე იგი, ისტორია, საერთოდ?
გავიხსენოთ მეოცე საუკუნის დასაწყისი, არაჩვეულებრივი ვერცხლის საუკუნე. ვიღაცამ ბრძანა, “სამი დის” პერსონაჟ ქალებს რომ ეხილათ მომავალი “გულაგი”, ჭკუიდან შეიშლებოდნენო. ვერცხლის საუკუნის მკვიდრთ, სავარაუდოა, ეჩვენებოდათ, რომ რუსეთის საშინელი ისტორიის აპოგეა უკვე ჩავლილი ეტაპია: აბა, რაღა უნდა მოხდეს “ოპრიჩნინას” ზეობისა და პეტერბურგის კატორღული მშენებლობის უარესი? თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელი ყოფილა უფრო შორს წასვლაც. თურმე წინ გველოდებოდა საგანგებო კომისიის (ფკ) დახვრეტილთა ორმოები, “ბელომორკანალი” და ციმბირის ტყის ჭრა-კაფვითი სამუშაოები, მილიონობით მსხვერპლი. და აი დღეს, ახალ “ვერცხლის საუკუნეში”, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სტალინის დაბრუნება შეუძლებელია, რადგან რუსეთის ტირანიის ლიმიტი ამოწურულია. ხომ არ შევცდებით ჩვენც, გასული საუკუნის დასაწყისის რუს ევროპიელთა დარად? ეგებ, მთელი ისტორია რუსეთისა, ესაა წრიული მარადმდინარება, ბნელ ტყეში უგზოუკვლოდ ხეტიალი ან ქარბუქიან სტეპში ბორიალი იმდენად, რამდენადაც უმრავლესობას არა აქვს ნორმალური წარმოდგენა პიროვნული ფასეულობის, თავისუფლებისა და კულტურის შესახებ, არა აქვს ღირსეული ცხოვრების ორიენტირი, ეგებ განწირულნი ვართ უსასრულოდ უკან-უკან სვლისათვის, დროის მიღმური ცხოვრებისათვის?..
რუსეთი ისტორიული ანომალიაა, შობილი ურდოს მძლავრობისაგან, დაფუძნებული რუსულ იდეალზე, რაღაც შავი ხვრელისა თუ ბერმუდის სამკუთხედის მსგავსზე. აქ არაა არაფერი მკვიდრი და მუდმივი, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი მომთაბარეობს, ყველაფერი მღვრიეა; უცვლელია მხოლოდ ბიუროკრატიული დესპოტიზმი, რაც ერთგვარ კონსოლიდირებას ახდენს ამ დრტვინვისას და კიდევ მსახვრალი ანარქია, როგორც ერთადერთი ალტერნატივა დესპოტიზმისა. თათართა ურდოებმა, გადაქელეს რა რუსეთი, შეერივნენ რა მის თავდაპირველ ევროპულ საწყისებს, მოსპეს ყველა ორიენტირი და ზედნაშენი, - კულტურული და ფსიქოლოგიური, დაბადა წყობის, სახელმწიფოებრიობის, გონებისა და სულის ქიმერები. საკუთრივ, აი ესაა ე.წ. “აზიატჩინა”, რაც არის არა აზია, არამედ რაღაც ნაჯვარი, ნარევი, ეკლექტიკა, რაც მშობელია ფასეულობებისა და წეს-განგებათა მარადიული გაორებისა, ჩვენ რომ ვნათლავთ ყბადაღებულ რუსულ “ფართო ბუნებად”...
აცნაურებთ თუ არა, რომ საუბარი სტალინზე, რუსეთზე კვლავდაკვლავ შემოგვიბრუნდება საკუთარ თავზე საუბრით? აი, პორტრეტი, ჩვენეული “ფსიქო”, გარეშე თვალით აღბეჭდილი (გერმანული გამოცემა, 1916 წელი): “...ერთი მხრივ, - ძველ სლავს (“ველიკოროსი”) აქვს არცთუ მცირე, დადებითი, გულისამაჩუყებელი ზნე-ჩვევების წყება, რითაც იგი კეთილმოსურნედ განგაწყობთ მათ მიმართ. მეორე მხრივ, - მათთან ძალუმადაა სიმხეცისა და უსინდისობის გამოვლინებანი, ასე რომ, შეუძლებელია იმის გაცნობიერება, თუ როგორ ხდება ესოდენ განსხვავებული ხასიათის ნიშნების თანაარსებობა ერთ ინდივიდუმში. რუსულ ხასიათში ვპოულობთ კონტრასტს - მელანქოლიის, წმინდა რუსული კეთილსულიერებისა და აზიატური მომთაბარეთათვის დამახასიათებელ უმკაცრეს სისხლისმსმელთა ინსტინქტებს. რუსულ ხასიათში ამგვარი წინააღმდეგობების შესაცნობად, მივუბრუნდეთ რუსების ისტორიული განვითარების პროცესს. თავისი საფუძვლით რუსული ხასიათი შეპირობებულია თათართა უღლის გავლენით, რუსეთში გამეფებული მმართველობის დესპოტური ფორმითა და, პირველ რიგში, ბატონყმური ცხოვრების წესით. ამ სამმა მომენტმა რუსთა ნაციონალურ ცხოვრებას საუკუნეთა განმავლობაში საგანგებოდ უარყოფითი დაღი დაასვა, ზემოქმედება იქონია მათი ხასიათის ჩამოყალიბებაში”.
ჩვენ გვიყვარს იმის მტკიცება, რომ დასავლეთში ცუდად გვიცნობენ, არ ესმით ჩვენი. კარგით რა, მშვენივრადაც გაგვიგეს და თანაც დიდი ხნის წინათ! ამ გერმანულ აბზაცში ჩატეულია მთელი დოსტოევსკი თავისი მიტენკებითა და როგოჟინებით, მათეული კონტრასტებით. იგივე “განმათავისუფლებელი მეომრები”, რომლებიც ქალებს აუპატიურებდნენ ბერლინში 45 წელს, შემდეგ გერმანელ ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ გემრიელი სალდათური ფაფით, უკეთებდნენ მათ ნაირ-ნაირ სასტვენებს. ის კი არადა, თვით რუსეთი - ხან ფიოდორ მიხაილოვიჩის სახით აბრუებს კაცობრიობას ძმური “საყოველთაო იდეით”, ხან შემოგეფეთებათ უნიკალური მასობრივი მკვლელობებით, ხოლო გაფრენები კოსმოსში სრულიად თავსებადია მოსახლეობის უმრავლესობის არსებობასთან; და ამან არ უნდა განგვაცვიფროს, რამდენადაც რუსეთი ქვეყანა კი არა - ფანტასმაგორიაა, თანაც საშიში, მსწრაფი იმისა, რომ მთელ მსოფლიოს თავს მოახვიოს მისეული; დიახ, საკუთრივ, ხოლო რუსები - ეს არაა ერი, ნორმალური გაგებით, არამედ ფანტასმაგორია...
ჩვენ, რუსებს, არ გაგვიმართლა. თათართა ურდოებმა ჩვენგან თავიანთი მსგავსი რამ შექმნეს, სული დაგვიმახინჯეს, გადაგვაქციეს სისხლიან კატლეტებად. ურდომ ჩვენ ევროპულ ფესვებს მოგვწყვიტა, დაანგრია ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩამოყალიბებისა და კერძო საკუთრების ინსტიტუტების შექმნის პროცესები. აქედან მომდინარეობს ჩვენეული მოუწყობლობა და შურიან-მტრული მიმართება იმათთან, ვინც მოახერხა ცხოვრების მოწყობა, პირველ რიგში, ჩვენ ახლო მეზობლებთან - დასავლეთთან, ევროპასთან. შემთხვევითი არაა, რომ როდესაც საბჭოთა ჯარები შევიდნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, ისინი იმდენად ძარცვით კი არ იყვნენ დაკავებულნი, რამდენადაც სხვისი სიმდიდრის განადგურებით, ბოღმას ანთხევდნენ მარადიული რუსული მოუწესრიგებლობის გამო.
აი, ლევ კოპელევი 1944 წლის დასასრულს იგონებს: “პირველი პრუსიული სოფლები გროსს-კოზლაუ და კლიაინ-კოზელი იწვოდა. მძღოლი იძულებული იყო, სვლა-გეზი ქუჩის შუაგულისკენ მიემართა: ქუჩის ორივე მხარეს კრამიტსახურავიანი სახლები მცხუნვარედ ინთქებოდნენ ცეცხლში... იფერფლებოდა და ხრჩოლავდა ცეცხლმოკიდებული ეკლესიის წინ მდგარი მაღალი ხე. ხალხი არ ჩანდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ გავდიოდით ცეცხლოვან გვირაბს ვიწრო, მრუდე ქუჩით. სუნთქვა ჭირდა სიცხისაგან და ყველაფერი ეს შემზარავად დამთრგუნველი იყო: ცვიოდა ნაპერწკლები ცეცხლის ალისა, მუგუზლები თავს გვეცემოდა...
- აქ რა, მძლავრი შეტაკება მოხდა?
- რა ბრძოლა, ისე გარბიან, ვერც კი ვეწევით... სამოქალაქო პირი არავინ დარჩენილა.
- მაშასადამე, დანაღმეს, ცეცხლი წაუკიდეს?
- ვინ? გერმანელებმა? არა... არავითარი ნაღმები, ჩვენებმა გადაწვეს...
- რატომ?
- ეშმაკმა უწყის, ისე, უაზროდ, სისულელით..."
არავითარი სულელობით, არამედ ამოუძირკვავი შურით, სიძულვილით ამ მყუდრო, მკვიდრად ნაშენი სახლებისა, რომელთა სათავსებში უხვად იყო შებოლილი ხორცეული და ძეხვები... სიძულვილითა და შურიანობით ნორმალური ადამიანური ცხოვრების მიმართ, სუფთა ტუალეტებისა და საკუთარი ღირსების პატივისმცემელთა მიმართ...
აი, ჩვენი კლასიკოსის, ალექსანდრ კუპრინის 1908 წლის ჩანახატი: “მახსოვს, ხუთი წლის წინათ მწერლებთან - ბუნინთან და ფედოროვთან ერთად ერთი დღით იმატრას ვსტუმრობდით. უკან გვიანი ღამით მოგვიწია მგზავრობა. მატარებელი სადგურ ანტრეაზე ჩამოდგა და წასახემსებლად ჩამოვსხედით. გრძელი მაგიდა გავსებული იყო ცხელი კერძებითა და ცივი საუზმეულით. იქ იყო ახლად დაჭერილი ორაგული, შემწვარი კალმახი, ცივი როსტბიფი, რომელიღაც გარეული ნადირის ხორცი, პატარა, ერთობ გემრიელი “ბიტოჩკები” (მრგვალი კატლეტი) და სხვ. ყველაფერში გამოსჭვიოდა სისუფთავე, წესრიგიანობა, მადის მომგვრელი გარემო... აქვე მაგიდის კიდეებთან აზვინული იყო პატარა თეფშები, ეწყო დანა-ჩანგალი და ხონჩებში პური.
თითოეული მომსვლელი მიდიოდა მაგიდასთან, ირჩევდა თავისდა გემოვნებით, მიირთმევდა, რამდენიც ენება, შემდგომ მიდიოდა ბუფეტთან და საკუთარი კეთილმოსურნეობით იხდიდა ზუსტად ერთ მარკას (37 კაპიკი)... არავითარი თვალყური, სრული ნდობა. ჩვენი რუსული გულები, ასე ძალუმად მიტმასნილნი პასპორტთან, უბანთან, უფროსი მეეზოვის იძულებით მზრუნველობასთან, საყოველთაო თაღლითობასთან და ეჭვმიტანილობასან, სრულიად დათრგუნული აღმოჩნდნენ ამგვარი მასშტაბის ურთიერთნდობითი რწმენით, მაგრამ როდესაც დავბრუნდით ვაგონში, ჩვენ გველოდა წარმტაცი სურათი ჭეშმარიტი რუსული ჟანრისა. საქმე ისაა, რომ ჩვენთან ერთად მგზავრობდა ორი საიჯარო მუშაკი, ქვათა მასალის სპეციალისტები. ყველასთვის ნაცნობია კულაკის ამგვარი ტიპი მეშჩოვის მხარის კალუჟის გუბერნიიდან: ფართო, გასიპული, ყვრიმალებიანი წითელი სიფათი, კარტუზს გარეთ გადმოფენილი ქერა თმები, მეჩხერი წვერი, ფლიდი გამოხედვა, ხუთგროშიანი სანთლის მადლით მოსილი ღვთისნიერება, მხურვალე პატრიოტიზმი და ზიზღი ყველაფერ არარუსულისადმი - ერთი სიტყვით, კარგად ნაცნობი, ჭეშმარიტად რუსული სახე. ერთ რამედ ღირდა იმის მოსმენა, როგორ აბუჩად იგდებდნენ ისინი “უბადრუკ” ფინელებს:
- აი, სულელთა მოდგმა, ბრიყვები... როგორი შტერები არიან, დალახვროს ეშმაკმა! მე კი საკადრისად მივართვი ბრინწი; რომ დავითვალო, სამი მანეთისა და შვიდი გრივენის რამეები შევუჭამე მაგ სალახანებს... ეჰ, ვიგინდარები! ცემა აკლიათ, როგორც ჩანს, მაგ ძაღლისშვილებს! რა უნდა თქვა კაცმა, ჩუხონცები არიან, რაღა...
მეორემაც აიტაცა მისეული ტონი, თან სიცილით იჭაჭებოდა:
- მე კი... განგებ ჭიქა გავტეხე, მერე ავდექი და თევზეულში ჩავაფურთხე.
- ეგრე მოუხდებათ მაგ არამზადებს! მაგათ ოხტში უნდა ამოხვიდე!..”
ამ ეპიზოდში ყველაფერია. შემზარავი, ბრიყვული ავადმყოფობა, რუსული იმპერიალიზმი, ამჟამად “გაზპრომითა” და ფეხბურთით ძალმოსილი. და ცხოველური ზიზღი ელემენტარული ყოფითი კულტურის მიმართ, “ჩუხონცების” წესრიგიანობისა და საკუთრივ მათდამი (როგორ ორგანულად ჩადგებოდა ეს წყვილი ტალინში ბრინჯაოს ჯარისკაცის დამცველთა რიგებში!). და ლოთბაზარა-მაწანწალური უპატივცემლობა სხვისი საკუთრებისადმი, ანუ, ვაწყდებით ნორმალურ ბოლშევიზმს; თანაც, უნდა აღინიშნოს, ჩვენს წინაშეა არა “ლიუმპენები”, არა “პროლეტარები”, არა ლოთბაზარა-მაწანწალები - ჩვენს თვალწინ კულაკები დგანან. მინდა ვთქვა, რომ რუსეთში ბოლშევიზმი არა მხოლოდ ლენინური სექტის პოლიტიკური დოქტრინაა, არა ფითრი, რუსულ ხეს მიწებებული... ეს მოვლენა არც სოციალურია და არც კლასობრივი, ესაა მთლიანად რუსული ცხოვრებისეული მოვლენა, მისი ნაყოფი. რუსეთში ბოლშევიზმი ფსიქოტიპია და, ღმერთმა არ ქნას, გენოტიპი იყოს. ესაა ნაციონალური ნიშან-თვისება, რისი თქმაც კი საშინელებაა...
კუპრინის მიერ დასურათხატებული იმ ორი უტიფარისთვის მსასოებლად აუცილებელია სტალინი. არა ნიკოლოზ მეორე, არა თუნდაც ნიკოლოზ პირველი, არამედ სახელდობრ სტალინი, მეფე - თავხედ-უდიერი. ისინი მას ელიან, მისით სასოობენ. უბრალოდ, სტალინს არ შეეძლო, ამგვარ ადამიანურ “ჰუმუსზე” არ აღმოცენებულიყო.
კუპრინმა 1908 წელს (!) წარმოგვისახა ორი აბსოლუტურად საბჭოური ტიპის ადამიანი. უნებლიეთ ეთანხმები მონარქისტ ვლადიმირ კარპეცს, რომელსაც ნიადაგ უყვარს ერთი რამის გამეორება: საბჭოური - ესაა რუსული. საინტერესოა, უღირთ კი რამედ რუსეთის თეთრკანიან ადამიანებს, ევროპული წყობის პიროვნებებს, ჩაებღაუჭონ ცნებას - “რუსი”, ამტკიცონ საკუთარი უფლებამოსილება ამ ცნებისა? ხომ არ დადგა დრო რაღაც ახალი, საკუთარი იდენტურობის ფორმირებისა, რაც დაფუძნებული იქნება საყოველთაო ღირებულებებსა და რეგიონალიზმზე? უნდა ვაღიაროთ, რომ ცნება “რუსი” მყარად აქვს მონოპოლიზირებული “აგრესიულმორჩილ” უვიც ბრბოს. რუსული იდენტურობა, როგორც ასეთი, ჩამოყალიბდა რუსეთის - იმპერიისა და ეკლესიის - მიერ, ერთ-ერთ თვისეულ, მთვარ სამაგრად. ჰოდა, მოვიშოროთ, გადავაგდოთ ეს სამაგრი! თუმცა ეს უკვე სხვა თემაა...
სამწუხაროდ, ერთობ მიჭირს, ვირწმუნო რუსი ხალხისა, როგორც რაღაც ერთიანი მთლიანისა, იმის მერე, რაც მას ავნეს. ძნელია, ირწმუნო მისი ისტორიული არსებობის საფუძვლიანობა, თქვა, რომ ის გონიერებით გამოირჩევა. მხოლოდ ერთი რამ გვინერგავს რაღაცნაირ, ერთობ საფრთხილო იმედს: სტალინის პიროვნების განდიდების სანაცვლოდ მკრთალ შუქურად გაკიაფდა მისი ანტიპოდის - გენერალ ვლასოვის სახელი.
ვინ არის ვლასოვი? ნიჟეგოროდელი გლეხი, რომელშიც, მიუხედავად ყველაფრისა, შემორჩენილი იყო სწრაფვა ევროპული ღირებულებისადმი, ანუ თავისუფლების, საკუთრების, უფლებათა მიმართ. სტალინს კი არ აღუდგა ვლასოვი, უბრალოდ, გაილაშქრა ისტორიული რუსეთის საწინააღმდეგოდ, რომლის არსსაც კონცენტრირებულად გამოხატავდა სტალინი. გადაიკითხეთ 1944 წელს დაწერილი ვლასოვისეული პრაღის მანიფესტი. მასში რუსეთი არ ფიგურირებს, ესაა სრულიად ახალი ქვეყნის პროექტი, არა იმპერიული, არამედ ფედერაციული და დემოკრატიული, რომელმაც უწინდელი ქვეყნისა მხოლოდ სახელწოდება მიიღო მემკვიდრეობად. ამ ახალმა ქვეყანამ მხოლოდ მეყსეულად გაიკიაფა 1917 წლის თებერვალში და გაიწნეხა ორი ლოდის, ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკის მიერ წამოწყებულ სამოქალაქო ომში. ზუსტად ასევე, თვალის დახამხამებასავით გამოკრთა ვლასოვური გამათავისუფლებელი მოძრაობა - და გაიწნეხა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფიგურას - ჰიტლერსა და სტალინს - შორის...
საკითხავი ისაა, საკმაოა თუ არა დღეანდელ იმ რუსთა რიცხოვნება, რომელნიც სიკვდილის პირას არიან მიწევნილნი რუსეთის გამო, რამდენისთვისაა აუცილებელი მის ადგილზე ახალი ქვეყნის (ან, უფრო მეტიც - რამდენიმე ქვეყნის) დადგინება - დემოკრატიულისა და თანამედროვისა? ჯერჯერობით მხოლოდ ერთ რასმე ვხედავ: რუსების უმრავლესობა კვლავ გვევლინება კოლექტიურ, იმპერიულ-ბოლშევიკურ უტიფარ, უდიერ მასად. ჰო, არ დამავიწყდეს, ზემოხსენებულ მინაევის სატელევიზიო გადაცემაში, მიმდინარეობდა ტელემაყურებელთა ინტერაქტიური გამოკითხვა სამი პოზიციის დასაფიქსირებლად: “სტალინი - დამნაშავე”, “სტალინი - გმირი” და “სტალინი - ნიჭიერი მენეჯერი”. უმრავლესობამ ხმა მისცა გზავნილს - “სტალინი - გმირი”. გმირი, არც მეტი, არც ნაკლები. ამ ხალხს უსტალინოდ ვერ გაეძლებათ, მის გარეშე ამ ხალხის ცხოვრება საზიანოა, სისხლსავსე არაა. მათ უწყიან: მხოლოდ ახალ სტალინს ხელეწიფება შეუცნობელი, ნგრევის პირას მდგარი არსებობის შემობრუნება, იგი შეაკავშირებს თავისი ნებით ცხოვრებისეულ აზრებსა და სტიმულებს. მათ არ ძალუძთ, იცხოვრონ და იმუშაონ მსოფლიო ძალმოსილების მქონე უტოპიური ბოდვისა და მათრახის გარეშე. მათ ჰაერივით სჭირდებათ დიადი სახელმწიფოს სიამაყე და ნებისმიერი დონის უფროსობის წინაშე მოცახცახე შიში, შენივთებული მესიანისტურ ყოყოჩება-მედიდურობასთან. მხოლოდ ეშმაკმა უწყის. უკვე მერამდენე თაობა ნაღვლობს, სასოობს ნამდვილი პატრონის მოლოდინით; მათ მობეზრდათ ყოველგვარი სიმულირებანი, პუტინის ტიპის იმიტაციები. ეგებ, მართალნი არიან პატრიოტული წინასწარმეტყველნი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ უთქვამს მსოფლიოსთვის უმთავრესი სათქმელი? შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ახლახანსღა გამოჩნდა ყველაფერ ამისთვის შესაბამისი, სათანადო ადამიანური მასალა - მრავალსაუკუნოვანი, ურჯუკი, ღვთის გარეგანი, უმოწყალო სელექციის რეზულტატი?!
რუსეთის გარდაქმნა არ შეიძლება. მისი მხოლოდ გაუქმებაა შესაძლებელი - ცხადია, უსისხლოდ და ცივილიზებულად. ის არასდროს გახდება ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო. როგორც არ უნდა ჩამოიფაროს რუსეთმა ევროპეიზმის მარმაში და მოიკაზმოს, ის თავის თავში მუდამ იქნება ტირანიის, ბოროტებისა და აგრესიის მატარებელი, ველური, მოყიჟინე სტეპი; პესიმისტები ამტკიცებენ, რომ რუსების უმრავლესობის გარდაქმნა-გადასხვაფერება შეუძლებელია. მასის ფსიქოტიპი ჩამოყალიბებულია, ის არაჩვეულებრივად მდგრადია. ხალხს კვლავ უყვარს სტალინი და სურს, იზეიმოს 9 მაისის დღესასწაული. ჰოდა, მაშასადამე, ის, ხალხი, კვლავ მზადაა, იყოს მუშა პირუტყვი და საზარბაზნე ხორცი. ისმის კითხვა: საჭიროა კი ამგვარი ხალხის “ხსნა”? ღირს მის “გადასარჩენად” რაიმე ღონისძიება გატარდეს? ყოველივე იმის შემდგომ, რაც მოხდა XX საუკუნეში, დროა, ფხიზლად შევხედოთ რუსეთსა და რუსებს, რომელნიც იმთავითვე იყვნენ რუსეთის მსხვერპლნი, ხოლო შემდგომ მისი ფანტასმაგორიის თანამონაწილენი შეიქმნენ; თანამონაწილენი დროის მიღმურობისა... კი, არსებობენ “სხვაგვარი რუსები”, თუმცა მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ... ისინი მაინც არიან, ეს ურთიერთდაშორიშორებული, განცალკევებული ატომები მომავლისა, ვაი-ვაგლახად გასიებული, გათქვირებული მასა ჩამორჩენილი, დახავსებული უმრავლესობისა და თვით აზრობრივი საფუძვლები იმპერიული პირამიდისა. მხოლოდ მათი არსებობით შემიძლია, როგორღაც გავამართლო ჩემი საქმიანობა და საკუთარი არსებობა ამ ქვეყანაში.
ალექსეი შიროპაევი
თარგმნა ოლეგ გოლიაძემ
ალექსეი შიროპაევი - თანამედროვე რუსი მწერალი და პუბლიცისტი. აქტიურად იბეჭდება ნაციონალისტურ და მემარჯვენე-რადიკალურ ოპოზიციურ გამოცემებში. მისი წიგნებიდან გამოსარჩევია “ხალხის საპყრობილე: თვალთახედვა რუსეთზე”. ა. შაროპაევის წერილები ხშირად ქვეყნდება ბლოგ livejournal-ში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც რუსეთში,
ისე მის ფარგლებს გარეთ.