RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

მდუმარე ქვები

4 ივნისის "უიკენდის" პირველი გვერდი თითქოს უკვე მოძველებული მოწოდებით შემოგვცქერის:

24 საათი 13.06.10

4 ივნისის "უიკენდის" პირველი გვერდი თითქოს უკვე მოძველებული მოწოდებით შემოგვცქერის:

"გავანადგუროთ ლენინი!". ეს მოწოდება, ასე ვთქვათ, სქელტანიანი გაზეთის სიღრმეში მიუთითებს, სადაც გამოქვეყნებულია ოლეგ პანფილოვის ამავე სათაურის სტატია. ეს წერილი წარმოადგენს საბჭოთა აბსურდის უკვე ჩვეულ მიმოხილვას ავტორისათვის ახლობელი დეტალების გამოყენებით: ტაჯიკეთის უახლესი ისტორიული დრამა და დღევანდელი რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სურათი.

სტატიის ბოლოს კი ოლეგ პანფილოვი, შეიძლება ითქვას, შეუმზადებელი კატეგორიულობით მიმართავს ხერხს, რომელსაც მუსიკაში "მოლტო კრეშენდო" ჰქვია - გადმოცემის ტონი ერთბაშად იწევს თავბრუდამხვევ სიმაღლეზე და ავტორი უკვე მთელი ხმით შემოგვძახებს, რომ ლენინი "უნდა განადგურდეს, როგორც კიბოს უჯრედები, როგორც ეპიდემია, როგორც ტუბერკულოზის ჩხირი, რომელიც საზოგადოებას ხელს უშლის წყნარად და თავისუფლად სუნთქვაში".

ამ პათოსს თავისთავად და რაღაცნაირი სიზარმაცით ვეთანხმები, ის არც იქნებოდა ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო, რომ არა ერთი ადგილი: "ლენინის ძეგლის თითქმის ყოველი აღების შემდეგ მოიძებნებოდნენ ხოლმე გულჩვილი ადამიანები საბჭოთა ინტელიგენციიდან, რომლებიც სინდისს იშველიებდნენ და ამბობდნენ, რომ ისტორიას ფაქიზად უნდა მოვეპყრათ. ანუ, როგორც მე მესმის, უნდა ვაღიაროთ, რომ რეპრესიები და გოლოდომორი ისტორიის ჩვეულებრივი პროცესია? ... ეს ბოდვა დაახლოებით იმას ჰგავს, ექიმებმა რომ დაიწყონ მტკიცება, არ უნდა ამოვკვეთოთ კიბოს სიმსივნე, რადგან ის ავადმყოფის ისტორიაში ბუნებრივი პროცესიაო"...

ამ სიტყვებმა მომაგონა ორი ფრაზა, რომელიც - პირდაპირ ვთქვათ - უმეცარმა ყმაწვილებმა დაწერეს (ან, როგორც ახლა ამბობენ, დაპოსტეს) ინტერნეტის სოციალურ ქსელ "ფეისბუკში". ფრაზა პირველი: "ლენინის ლანძღვა მოდიდან გამოვიდა". ფრაზა მეორე: "რუსეთი ჩემთვის არის ლენინის, ტროცკის, კაგარლიცკისა და სხვა ინტელექტუალების სამშობლო". ცნობისათვის: 1958 წელს დაბადებული ბორის კაგარლიცკი ცნობილია რამდენიმე ანტიგლობალისტური ხასიათის ნაშრომით, მოსკოვის მთავრობის დეპუტატობითა და კომუნისტ გენადი ზიუგანოვის წინააღმდეგ რაღაც წვრილმანზე დაწყებული და უშედეგოდ დამთავრებული სასამართლო პროცესით. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ლენინსა და ტროცკის გვერდით მისი მოხსენიება ავტორზე ერთობ ცუდად მეტყველებს.

მაშინაც კი, თუ ამ კურიოზულ ფრაზებში ზოგადი ტენდენციის კონკრეტულ გამოვლენას დავინახავთ (უმეცრება და უგემოვნებობა კი ყოველთვის უფრო ადვილად მიგვითითებს ზოგად ტენდენციაზე), შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სინამდვილეში ლენინი უკვე განადგურებულია. იგრძენით საფრთხის ვერაგი ბუნება? - მეხსიერებიდან ამოძირკვამ თითქოს მოაშინაურა ეს ურჩხული...

მოშინაურება და მოთვინიერება ერთგვარი გულგრილობის გაჩენას გულისხმობს. აი ეს არის საშიში: გულგრილობის დრო ჯერ არ დამდგარა. გავიხსენოთ ზემოთ უკვე მოყვანილი ციტატის ფრაგმენტი: "მოიძებნებოდნენ ხოლმე გულჩვილი ადამიანები საბჭოთა ინტელიგენციიდან, რომლებიც სინდისს იშველიებდნენ და ამბობდნენ, რომ ისტორიას ფაქიზად უნდა მოვეპყრათ". არა მგონია, ვიღაცისთვის გაუგებარი იყოს, რომ, მაგალითად, საქართველოს ნეიტრალიტეტის მოთხოვნა, ფაქტობრივად, მოპოვებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავს. იგივე ვითარებაა აქაც: რის ვაივაგლახით გადაგდებული მონური უღლის ძველი ჭირი დღეს უკვე ნეიტრალიტეტის, დაბალანსებულობის, ზოგადად, ზნეობის მოთხოვნით იკვლევს გზას ჩვენი გულებისკენ.

საზოგადო დისკუსიებისას, როცა მეტ-ნაკლები წარმატებით განიხილავენ ვიღაცის ნათქვამს, ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ვინმე გამორჩეულად კორექტული და მორიდებით იკითხავს: "ვერ გავიგე, რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება? ფრაზის შინაარსმა, თუ იმან, რომ ფრაზა რუსულად წარმოითქვა?". აბა, უთხარი, რუსულმა ენამ-თქო! - მაშინვე ჩაგწერენ რაღაც საშინელ სიაში... თუმცა ესეც არაა ახალი: განა თვით პანფილოვს არ მოიხსენიებენ "ცნობილ რუსოფობად" რუსი ულტრანაციონალისტები? რა გასაკვირია, ჩვენც თუ გაგვიწყრებიან ისინი, ვინც ლიბერალურ ღირებულებებს უკეთესი გამოყენება ვერ მოუძებნა და სასროლ კენჭებად ჩაილაგა ჯიბეებში. ძნელია, ნამდვილად ძნელია იმის მტკიცება, რომ მიკროსკოპი არ გამოიყენება ლურსმნების დასაჭედად.

საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანი? თუ აქამდე ვერ გავიგეთ, გადავშალოთ "უიკენდის" იმავე ნომრის რამდენიმე გვერდი და ვკითხოთ ზურაბ კიკნაძეს. ისიც მისთვის საყვარელი ებრაული ტრადიციისამებრ კითხვითვე გვიპასუხებს: "გასაკვირია, რატომ არ დაატყდა თავს ისეთივე რისხვა გია ნოდიას ამ აზრისათვის - «გორბაჩოვისა და ელცინის დამსახურება (თუნდაც უნებლიე) საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ქართველებისა», როგორც მამარდაშვილს ცნობილი თეზისისთვის, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას?".

არის რამდენიმე ახსნა. ჯერ ერთი, ისტორიულად არ გვიჭირს იმის ხმამაღლა განცხადება, რომ ჩვენი წარმატებები არსებითად გარეგანი პირობების წყალობით მიიღწევა, სხვა სიტყვებით კი საქართველოს ბედი საქართველოს საზღვრებს გარეთ წყდება. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: "ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი".

მეორეც, როგორც რელიგიაში, ასევე სხვა ნებისმიერ იდეოლოგიაში "ერეტიკოსთა" რიგითი მაძიებლები, ჩვეულებრივ, უვიცი ხალხია: ყველაფერს ვერ ამჩნევენ და გია ნოდიაც ამის გამო, სრულიად შემთხვევით გადაურჩა რისხვას.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე ახსნა. თუ მამარდაშვილის თეზა ზედაპირულ ან, თუ გნებავთ, პრიმიტიულ ცნობიერებაში "სამშობლოს" პირდაპირ დამცირებად აღიქმება, გია ნოდიას ნათქვამს იგივე პრიმიტიული ცნობიერება სულ სხვანაირად კითხულობს და აგრძელებს კიდეც: "დიახ, აბა, ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენით... თუ ვინმე ძლიერმა არ გვიპატრონა". ეს "ძლიერი პატრონი" მათი შეგნებით აუცილებლად რუსეთი უნდა იყოს, რადგან დასავლეთისკენ თუნდაც პასიური ორიენტაცია მინიმალურ თავდაჯერებულობას მაინც მოითხოვს. ამიტომაც ყველა მხდალისა და ბეჩავის ფარულ, გაუცნობიერებულ წადილს ელამუნება სიტყვები, რომლებიც გია ნოდიამ იმისთვის თქვა, რომ თვით ეს სიბეჩავე გაეკიცხა.

დღეს მხდალებმა და ბეჩავებმა სწორედ ლიბერალურ ღირებულებათა ჩრდილქვეშ ჰპოვეს საიმედო თავშესაფარი. იქიდან იბღვირებიან და თითქოს ბრძნული უნდობლობით დასცქერიან ბუნებრივ ადამიანურ გრძნობებს. მე კი არა მგონია, ლიბერალიზმი სიძულვილის ატროფირებას ნიშნავდეს, და, სხვათა შორის, ბევრი ისეთი რამეც მძულს, რაც "პროგრესულ კაცობრიობას" ერთხმად არ უღიარებია ბოროტებად.

მაგრამ დღეს არ მსურს განხილვა, ასე ვთქვათ, ემოციურ დონეზე შევაჩერო. ჩვენი განხილვა უფრო ღრმა დონეზე წარვმართოთ. ჯერ კიდევ წმინდა მოციქულმა პავლემ შენიშნა, რომ წიგნი კლავს, სული კი აცხოვნებს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის პარიზული ვიზიტისადმი მიძღვნილ ტექსტში ერთ-ერთმა წამყვანმა ფრანგულმა გაზეთმა "ლე ფიგარომ" დაწერა, რომ სააკაშვილი "საკუთარი ანტირუსული რიტორიკის ტყვეა". ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა ჩვეული და ვრცელი მსჯელობა იმის შესახებ, რომ უფრო ნაყოფიერი იქნება მოვლენების მიმართ უფრო პრაგმატული მიდგომა.

მაგრამ არის ერთი გარემოება... გარემოება კი არა... არც კი ვიცი, რა დავარქვა, რადგან არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ გულცივად და მშვიდად შეგვეძლოს დინჯი და პატივსაცემი მეცნიერული ან თუნდაც საზოგადო განხილვის სფეროში მისაღები ტერმინების გამოყენება: "გარემოება", "ფაქტორი", "მიზეზი"... ეს სიტყვები ძალზე მკრთალია იმ უბედურების ფონზე, რომელიც ასე ხატოვნად და ამავე დროს ზუსტად აღწერა ზურაბ კიკნაძემ: "პეტერბურგში ეკატერინეს არხის ნაპირას ... აღმართულია ტაძარი Храм Спасителя на Крови, რომლის კედელზე მიკრული უამრავი დაფა აუწყებს ქვეყანას, თუ რა ბრძოლები გადახდა რუსეთს იმპერიის შესაქმნელად ერმაკის ლაშქრობებიდან მოყოლებული კავკასიის ომებამდე. ამ მონაპოვრის შენარჩუნება ეროვნულ მოვალეობად არის აღქმული არა მხოლოდ ხელისუფალთა, არამედ ხალხის მხრიდანაც. ასე შეიკრიბა რუსეთი და ვისა აქვს მისი განიავების უფლება? ეს რუსეთის პოლიტიკური რელიგიაა და, როგორც ყოველი რელიგია, ისიც რწმენაზეა დაფუძნებული. ამ რწმენას მხოლოდ უძლურება ან გარდაქმნა (არა პერესტროიკა) თუ შეარყევს".

ახლა არ არის საიმისო დრო, რომ რუსეთის მოახლოებულ დაშლა-დაუძლურებაზე ვილაპარაკოთ იმის იმედით, რომ "შაქარი-შაქარის" ძახილით სასა დაგვიტკბება. არც რაღაც შინაგანი "გარდაქმნის" უტოპია გამოდგება სერიოზული მსჯელობის საგნად. აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი.

ალბათ რომელიღაც განყენებულ მიახლოებაში მართლები არიან ისინიც კი, ვინც ორ ან მეტ რუსეთზე ლაპარაკობდნენ, ნამდვილად მართლები არიან, ვინც ერთმანეთს უპირისპირებს "ხალხსა" და "ძალაუფლებას". მაგრამ ამ სწავლული ან, თუ გნებავთ, მაღალინტელექტუალური განაზრებების შინაარსი კრთება და ჰაერში იბნევა, როცა შეიგნებ: არის რაღაც, რაც აერთიანებს და ხმატკბილ სიმფონიად აქცევს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არბილებს და შლის ყველა შინაგან წინააღმდეგობას, და ეს რაღაც არასოდეს შეურიგდება საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას, თვით ჩვენს არსებობას.

ამ კონტექსტში უბრალოდ შეუძლებელია დეტალების მიმართ უქმი ყურადღება. ჩვენ ისევე თავისუფლად და დაუბრკოლებლად უნდა გამოვხატოთ საკუთარი გულისნადები, როგორც მშობიარე ქალი ივიწყებს სირცხვილის გრძნობას, რადგან მის თავზე სიცოცხლეს, ანუ სიკვდილის სწორ გარდაუვალობას აღუმართავს მახვილი. არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, არამედ ყოველი ჩვენგანისათვის ის, რასაც "ლე ფიგარო" "ანტირუსულ რიტორიკას" უწოდებს, სინამდვილეში არსებითი აუცილებლობაა.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ ყოველი, თუნდაც ყველაზე ჭეშმარიტი აზრის გამოთქმისას საჭიროა მსმენელის განწყობისა და მომზადების გათვალისწინება, ამით მაინც ვერ აუვლიან გვერდს იმ საყოველთაოდ მიღებული და ყველასათვის გასაგები წესების არსებობას, რომლებმაც ათქმევინეს ფრიდრიხ ნიცშეს: "არაადამიანურია კურთხევა იქ, სადაც წყევლა ისმის". დასავლეთიც ვერ დაიძვრენს თავს პასუხისმგებლობისაგან ვერც პრაგმატიზმისკენ ბრძნული მითითებით და ვერც პოლიტიკური კორექტულობის გაიდლაინებით, რადგან თვით მის წიაღში შემუშავდა ადამიანური ღირსების ის გაგება, რომელიც სიძულვილისა და განრისხების უფლებას გვაძლევს.

ეს უფლება კი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, სრულად უნდა განვახორციელოთ - ნუ გვექნება იმის იმედი, რომ, თუ დავდუმდებით, ქვები დაიწყებენ ღაღადს, რადგან, რაოდენ ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს წყარო, ეს უკვე მართლაც რომ რიტორიკაა და მეტი არაფერი...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი