RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ჩვეულებრივი გამოფენა

რამდენჯერ გამიგონია დარდიანად ნათქვამი: "ქართული კინო სულს ღაფავს!".

24 საათი 02.05.10

რამდენჯერ გამიგონია დარდიანად ნათქვამი: "ქართული კინო სულს ღაფავს!".

მე კი იმას ვიტყვი: ნეტავი აქამდე მომკვდარიყო - "მაიტა ნასოსს" მაინც გადავრჩებოდით...

ეკრანს საკმარისად გაათბობდა ძველი დიდების კვალი. ჩვენი გულის სწორედ ამგვარად გათბობას ცდილობს 23 აპრილის "უიკენდში" მიხეილ ბასილაძე. ვგულისხმობ ინტერვიუს ელდარ შენგელაიასთან: "ცისფერი ამბავი, ანუ დაუჯერებელი ფილმი". ამ ტექსტის გმირი, რა თქმა უნდა, თვით რეჟისორია - ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სწორედ იგია რესპონდენტი, მაგრამ საწყენია, რომ მისი მასშტაბის შესაფერი შეკითხვები არ დაუსვამთ...

და მაინც, ინტერვიუს ავტორს უეჭველად უნდა დავუფასოთ შემდეგი ფრაგმენტი სტატიის შესავლიდან: "ძალიან ხშირად, ისე რომ არც კი ვუკვირდებით, ჩვენ შენგელაიას მიერ შექმნილი გმირების ენით ვლაპარაკობთ. მისი ფილმების დიალოგებმა უკვე კარგა ხანია, რაც ყოველდღიურ სასაუბრო ფორმებში დაიმკვიდრეს ადგილი. ჩვენ ვბაძავთ მათ, ვიმეორებთ მთელ ფრაზებს, მაგალითად მოგვყავს, ვადარებთ, ვკამათობთ".

ვერაფერს იტყვი, მართლაც ასეა. ამის დადგენას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. ბევრად უფრო საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ასე. ეს შეკითხვა იმდენად ელდარ შენგელაიას ფილმებს კი არ ეხება, რამდენად ლიტერატურისა და კინოს განსხვავებულ ეფექტურობას. ფილმისაგან განსხვავებით, წიგნი საქართველოში არ არის ცოდნის წყარო. ილიკოსა და ილარიონის ოხუნჯობათა ციტირებაში ქართველები ნოდარ დუმბაძის რომანს კი არ ეყრდნობიან, თუნდაც წაკითხული ჰქონდეთ, არამედ თენგიზ აბულაძის ფილმს.

რატომღაც მგონია, რომ ამავე მიზეზითაა განპირობებული ყბადაღებული "სახელისუფლო კონტროლის" ერთგვარი ცალმხრივობა. კლასიკური განათლების მქონე ჟურნალისტების გასაგონად განვმარტავ, რომ ზემოთ მოყვანილი ორი სიტყვა ბრჭყალებში იმიტომ კი არ ჩავსვი, რომ ამ კონტროლის არსებობას უარვყოფ, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული გუნდებისა და ანსამბლებისთვის ხმის შეწყობა არ მსურს. ცალმხრივობა კი შემდეგშია: ტელევიზიას უფრო ყურს უგდებენ, ბეჭდვითი პრესა ძევს ავად. "ცენზორებიც" ამ ბედკრული ქვეყნის შვილები არიან და, ბუნებრივია, არ სჯერათ, რომ წაკითხული რაიმე გავლენას მოახდენს ქართვლის გულზე.

ეკრანზე ნანახი კი სულ სხვაა! - ამიტომაც არავის ადარდებს, რომ კაცთა მოდგმისათვის ძვირფასი ძირითადი ტექსტებიდან ძალზე ცოტა რამ თუ არის ნათარგმნი ქართულად, სამაგიეროდ ბევრს კამათობენ იმაზე, რომ ქართულად გახმოვანდეს ფილმები. მე არ ვამბობ, რომ ფილმები ქართულად არ უნდა აჟღერდეს, მე ვამბობ, რომ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყურადღების ასიმეტრია...

ამ ასიმეტრიის ერთ-ერთი ირიბი შედეგია, მაგალითად, ასეთი ფრაზა, რომლითაც ინტერვიუიერი მიმართავს რესპონდენტს: "ცისფერ მთებს» ზოგი კომედიად აღიქვამს, ზოგი სატირად, სხვები კი საბჭოთა ეპოქის პაროდიად". იქნებ ვინმემ მითხრას, გამოხატავს თუ არა ეს რამდენიმე კვალიფიკაცია აზრთა ნამდვილ და მნიშვნელოვან სხვადასხვაობას? კომედია თავისუფლად შეიძლება იყოს სატირული, სატირაც საკმაოდ ბუნებრივად იყენებს პაროდიას. ამასაც გულისშემძვრელი შეკითხვა მოსდევს: "რისი თქმა გინდოდათ ამ ფილმით?".

არა, არ შეიძლება ასეთი შეკითხვების დასმა! ჯერ ვამბობთ, რომ ფილმმა საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა, მისი დიალოგებიც კი ყოფით ენობრივ უზუსში შევიდა, ამის მერე კი რეჟისორს ვეკითხებით, რისი თქმა გინდოდაო. სულ მცირე სამი უბედურება გველის:

1) ინტერვიუერს ჰგონია, რომ რესპონდენტი ადეკვატურობას დაკარგავს და იტყვის, რომ ჩვენ სულ სხვა რამისთვის გვიყვარს ეს ფილმი, რადგან თვითონ სულ სხვა რამის თქმა უნდოდა.

2) ინტერვიუერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგო ფილმის მნიშვნელობა და რეჟისორისაგან დამატებითი განმარტება სჭირდება.

3) ინტერვიუერი უშვებს აზრს, რომ ფილმი იმდენად უხარისხოა, რომ უკვე დაკარგა აზრობრივი კავშირი დღევანდელ მაყურებელთან, ასე რომ თვით რეჟისორმა უნდა მოგვამზადოს მისი გაგებისათვის.

შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს შენიშვნები ზედმეტი პედანტიზმის ნაყოფია. არც პედანტიზმია და არც, მით უმეტეს, ზედმეტი. რატომ? - გავიხსენოთ, მაგალითად, ზვიად ძიძიგურის წინასაარჩევნო აგიტაციის ორი მომენტი, სადაც მერობის კანდიდატი განიხილავს საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან:

ა) კარის მეზობელს ყოველდღე რომ აგინო, ერთ მშვენიერ დღეს თავს გაგიტეხს.

ბ) კედელს თავი კი არ უნდა ურტყა იმის მოლოდინში, რომ დაინგრევა, არამედ უნდა შემოუარო.

გასაგებია, რომ საზოგადოების ფართო ფენებს მარტივად უნდა ელაპარაკოს პოლიტიკოსი, მაგრამ თუ საქართველოში ამგვარ პრიმიტივიზმს უწოდებენ სიმარტივეს, ამაში დამნაშავე სწორედ ისინი არიან, ვინც ტექსტებით ამარაგებს წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობას. პოლიტიკური დისკურსის შინაარსი და ფორმა სწორედ დაწერილი სიტყვის მეშვეობით იქმნება, ყალიბდება და ვითარდება, თუნდაც ეს სიტყვა პირდაპირ არ ეხებოდეს პოლიტიკას, არამედ ფილმის, წიგნის, სათეატრო დადგმის თუ ეკონომიკური სიახლის პოპულარული განხილვა იყოს. როდესაც პოლიტიკური დისკურსი შესაფერ დონეზეა ასული, მაშინ არათუ პოლიტიკოსები ვერ გაბედავენ ზემოთ მოყვანილ უგანაჩენო ბოდვას, არამედ ამ ბოდვითი არგუმენტებით შეიარაღებულნი ვერც დაიწყებენ პოლიტიკურ კარიერას.

ამიტომაც არ არის ჩემი შენიშვნები პედანტიზმით ნაკარნახევი - ეს მხოლოდ გაშლაა იმისა, რასაც თითოეული ინტუიციურად უნდა გრძნობდეს: ხელოვანს არ ეკითხებიან, რისი თქმა გინდოდაო, ეს ინფანტილური უტაქტობაა. არა, არც უზრდელობაა და არც თავხედობა, უტაქტობაც ხელოვანის მიმართ კი არა, მკითხველის მიმართაა, რადგან ჩვენ მეტს უნდა მოველოდეთ ინტერვიუსაგან, ვიდრე იმის ახსნას, რატომ გაგვაცინა გუშინ მოყოლილმა ამბავმა. როდესაც ინტერვიუერი ამ დონეზე წარმართავს საუბარს, გამოდის, რომ ის არცთუ მაღალი აზრისაა საკუთარ მკითხველზე და ამ დამიკიდებულებას უნებლიედ რესპონდენტსაც ახვევს თავს.

დასტურისათვის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. "უიკენდის" იმავე ნომერში დაიბეჭდა მაია ჭალაგანიძის ინტერვიუ ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვთან. დადგა დრო, ოლეგ პანფილოვი ქართველ ჟურნალისტად მოვიხსენიოთ, რადგან ამას არა მარტო მისი პასპორტი მოწმობს, არამედ მისი საქმიანობაც. ინტერვიუს ერთ-ერთი შეკითხვაა, ელის თუ არა რესპონდენტი საქართველოში ბიშკეკს. პასუხი უარყოფითია, რადგან, რესპონდენტის აზრით, ჩვენს ქვეყანაში სოციალურად ნიშნად ფენებს პოლიტიკოსებისადმი მაღალი მოთხოვნები აქვთ: "საქართველოში სხვაგვარი ახალგაზრდობაა და გაცილებით ჭკვიანი. მათ ესმით, რას ნიშნავს რადიკალური ლოზუნგები. მე ვასწავლი ილიას უნივერსიტეტში და როცა ხანდახან ვეკითხები, რომელი პოლიტიკოსია მათთვის ავტორიტეტი, მისახელებენ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ზოგჯერ ალასანიასაც და მიზეზს რომ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ ესაა ხალხი, ვინც რამდენიმე ენა იცის". რა თქმა უნდა, მივულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს ამგვარი შთაბეჭდილების შექმნას - ეს კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ აღქმაა რეალობა. აქ მთავარი ის კი არ არის, რამდენად ადეკვატურად აფასებს რესპონდენტი კონკრეტულ ვითარებას, არამედ ის, რომ იგი სწორი მიმართულებით ეძებს პასუხს: პოლიტიკოსებისადმი მაღალი მოთხოვნები მომავლის ყველაზე მტკიცე გარანტიაა.

სხვა საკითხია, არსებობს თუ არა ეს მაღალი მოთხოვნები ჩვენში. სწორედ ამის მისაღწევი გზაა პრესაში გამოქვეყნებული მასალის გადმოცემის დონე და შინაარსი.

ელდარ შენგელაიასთან ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, ინტერვიუიერის ინფანტილური უტაქტობა მხოლოდ იმ ერთი შეკითხვით არ ამოიწურება. მთელი ფილმი ისეა განხილული, თითქოს მისი ერთადერთი ღირსება აბსურდული საბჭოთა სინამდვილის მხილება იყო და ეს მისია, ასე ვთქვათ, სავსებით შესრულებულია.

აბა რატომ უნდა გავიმეოროთ მეათასეჯერ, რომ ფილმის ბევრი ეპიზოდი დადიანის ქუჩაზე, მთარგმნელთა კოლეგიის შენობაში იქნა გადაღებული? ან ამ შენობის ჩამოქცევაში რატომ უნდა ვხედავდეთ დღეს საბჭოთა კავშირის დაშლის მოყირჭებულ მეტაფორას? — მით უმეტეს, რომ დანგრევას არანაირი კათარსისი არ მოჰყვება. იქნებ დრო მოვიდა და სხვანაირად წავიკითხოთ ფილმის თავისთავად მშვენივრად მომზადებული და ბრწყინვალედ განხორციელებული ფინალი? - წარსულმა თაობებმა ძალიან მცირე საფუძველი დაგვიტოვეს ღირსეულად ცხოვრებისთვის და თუ ამ მწირ საფუძველზე კვლავ ძველებური დაუდევრობით დავაშენებთ კედლებს, ბოლოს და ბოლოს ჩვენი რის ვაივაგლახით გადაჭიმული "ბიაზიც" გასკდება...

ამის მაგიერ კი კვლავ გაუთავებელი მოგონებები იმის შესახებ, რა სასტიკი იყო საბჭოთა ცენზურა, რა ბრიყვი იყო საკავშირო კინოკომიტეტის თავმჯდომარე, ვინმე ერმაში. ამ გაუთავებელი დავიდარაბიდან კი კვლავაც ერთადერთი გამოსავალია: ბიჭვინთაში მონებივრე გორბაჩოვის კეთილგანწყობა.

ინტერვიუ აშკარად ნოსტალგიური გამოვიდა, ნოსტალგიის საგანი კი დიდი საბჭოთა კავშირია, რომელიც გამუდმებით გირაკუნებდა თავში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სადმე სამთავრობო აგარაკზე შენს ფილმს მიწიერი ღმერთი ნახავდა, რაიმე ბანალურს იტყოდა და თავიც ქუდში გქონდა - ამის შემდეგ ადვილად გაუძლებდი, კიდევ ორიოდე წელი განუწყვეტლივ რომ ერაკუნათ!

ახლა კი რა? - "ქართული ფილმის" პავილიონში ბოროტი ტელეკომპანია "იმედი" ჩასაფრებულა, ყველაზე ძლიერი ქართველი ოპერატორი მოსკოვში ცხოვრობს, ყველაზე მაგარი ქართველი კომპოზიტორი - ბელგიაში, მოაზროვნე მსახიობები საერთოდ საიქიოს გადასახლებულან... ერთი სიტყვით, ეპოქის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედის სრული კომპლექტი გადაიშალა ჩვენ თვალწინ.

დამთრგუნველ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს შემდეგი ფრაგმენტი: "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადავიღე «ექსპრეს-ინფორმაცია», მაგრამ ეს ფილმი საქართველოში მგონი არავის უნახავს. ერთხელ გაიმართა საპრემიერო ჩვენება ფილარმონიაში და მორჩა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქში ელექტროენერგია საერთოდ არ იყო. პრემიერისათვის ფილარმონიას დენი ედუარდ შევარდნაძის პირადი მითითებით მიაწოდეს".

აქ თითქოს ვერც ამჩნევ, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური რღვევა საქართველოში რეალურად ბევრად უფრო გვიან მოხდა, მისი სულიერი დაძლევა კი ჯერ კიდევ წინ არის. ვერ ამჩნევ იმიტომ, რომ ინტერვიუერმა ხელოვანი მარად ბუზღუნა "ცნობად სახედ" აქცია, უჩვეულო ადამიანი ქართული ყოფითი ცნობიერებით გაშლილ პროკრუსტეს სარეცელზე დააწვინა და იმდენად ჩვეული სახე მისცა, რომ ვეღარ ვცნობთ - გაოგნებულნი ვკითხულობთ: "ცხვირი გავს?.. თვალები გავს?"...

გასაღები კი მარტივია: ხელოვნების მონაპოვართან ყოველი დაბრუნება ახლის მოცემა უნდა იყოს და არა ძველი ინტერპრეტაციების გამეორება; მომავალში უნდა იცქირებოდეს და არა წარსულს ქექავდეს.

სწორედ აქედან მოდის ჩემი კრიტიკა, უფრო ზუსტად კი კირკიტი. თანაც ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: თუ ვითარება ამის საშუალებას იძლევა, ჯობია წვრილმანებს ვუკირკიტოთ დიდხანს, ვიდრე მსხვილმანები გადავჭრათ ნაჩქარევად და მაგიდაზე დაგდებით - მერე რა, თუ არ ტყდება და წყალიც არ შესდის...

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი