RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

"გოშები" და "ბოშები"

"გოშ" ფრანგულად მარცხენას, მარცხიანსა და მემარცხენეს ნიშნავს, სიტყვით "ბოშ" კი ფრანგები გერმანელებს იხსენიებენ. ახლა კი საქმე:

24 საათი 25.04.10

"გოშ" ფრანგულად მარცხენას, მარცხიანსა და მემარცხენეს ნიშნავს, სიტყვით "ბოშ" კი ფრანგები გერმანელებს იხსენიებენ. ახლა კი საქმე:

უცხოური პრესიდან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექსტების ქართულად თარგმნა მართლაც საშური საქმეა, თუმცა ამ საქმის ძირითადი მიზანი არ უნდა დავივიწყოთ. მიზანი კი, როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს მისი სიმარტივე, ის არის, რომ მკითხველმა ტექსტის ზოგადი აზრიც გაიგოს და დეტალებიც არ გამორჩეს, რადგან გაუგებარი დეტალების სიუხვე დროზე ადრე გვაფიქრებინებს ხოლმე კითხვის შეწყვეტას...

15 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჩვენთვის უკვე ცნობილი ფრანგი მოაზროვნის, ანდრე გლუკსმანის სტატია "გერმანულ-რუსული ევროპის ნათლობა". უპირველეს ყოვლისა, სტატიის წყარო მაინც უნდა მივუთითოთ შეუცდომლად: "24 საათი" გვარწმუნებს, რომ სტატია გაზეთ "ლე მონდში" დაიბეჭდა, სინამდვილეში კი გლუკსმანის წერილი გაზეთმა "ლე ფიგარომ" მოუვლინა ქვეყნიერებას 2010 წლის 13 აპრილს.

ესეც არაფერი: სტატიის დასაწყისი აღსავსეა ქართველი მკითხველისათვის ძნელად მისაწვდომი ინფორმაციით. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა დავამატოთ კომენტარი, რადგან თარგმნა აზრის გადმოცემაა და არა სიტყვებისა. ვოლფგანგ შოიბლე რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრია, თვით ავტორმა დაწერა, მაგრამ მანვე კომენტარების გარეშე დატოვა ორი სახელი: ჟაკ დელორი და ჟან-კლოდ ტრიშე. თარგმანის სიზუსტე მხოლოდ გაიზრდებოდა, პირდაპირ ტექსტში რომ ჩაგვემატებინა პირველთან - "ცნობილი ფრანგი ეკონომისტი, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი", მეორესთან კი "ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე". ასევე არ იქნებოდა უსარგებლო აბრევიატურების ახსნა: CEA (Commissariat ჭ l'იnergie Atomique) - საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისარიატი (ხომ შეიძლება მკითხველმა უნებლიედ აურიოს ეს პატივსაცემი ორგანიზაცია, მაგალითად, ევროპული დაზღვევის ფედერაციასთან, ან აშშ-ს ცნობილ სტუდენტურ ორგანიზაციასთან, რომელიც საზღვარგარეთის კულტურულ გამოცდილებას აზიარებს მსურველებს); EADS (European Aeronautic Defence and Space Company) კი პირდაპირ შეიძლება ვახსენოთ როგორც ევროპის საავიაციო თავდაცვისა და კოსმოსური კომპანია. ეს კიდევ არაფერი, რადგან მართლაც რომ კომიკურად ჟღერს ფრაზა: "ახლა კი, როცა Siemens-მა Areva მისი რუსი კონკურენტის გამო მიატოვა, ჩვენ მხარეთა შერიგების მცდელობის მოწმენი არ გავმხდარვართ". საქმეში ჩაუხედავმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ მთარგმნელს ქართულ შრიფტზე გადართვა დაავიწყდა და იმის თქმა სურს, რომ კომპანია "სიმენსი" მაგრად ურევდა, სანამ რომელიღაც რუსმა კონკურენტმა წესრიგისკენ არ მოუწოდა. ეს არ მოხდებოდა, თუ ხსენებულ ფრაზას ასე მივაწოდებდით მკითხველს: "ახლა კი, როცა გერმანულმა"’სიმენსმა" ბირთვული ენერგიის ფრანგული კონგლომერატი მიატოვა და მის რუს კონკურენტს შეუერთდა, ვხედავთ, რომ მხარეებს არც კი უცდიათ ერთმანეთთან შერიგება".

კომენტარებმა გაუგებრობის შეგრძნება რომ არ გააძლიეროს, ვთქვათ, რომ სტატიის დასაწყისში ავტორი ორ რამეზე წუხს: 1) გერმანია უკვე აღარ არის "ევროპის" ლოკომოტივი; 2) გერმანიასა და საფრანგეთს შორის შავმა კატამ გაირბინა.

დავიწყოთ თავიდან, ოღონდ უნდა გავაფრთხილო მკითხველი, რომ ამიერიდან საკუთრივ გლუკსმანის სტატიას განვიხილავ და არა "24 საათში" გამოქვეყნებულ მის ქართულ თარგმანს. ასე რომ საჭირო ციტატებს მე თვითონ ვთარგმნი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

მაშ ასე, ტექსტში ერთობ საგულისხმო წინადადებას ვაწყდებით: "შორეულ წარსულში დარჩა ის მშვენიერი ეპოქა, როცა ბონი [გაერთიანებამდელი დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი] ძალებს არ იშურებდა, მისი და მეზობლების მიერ შექმნილი დემოკრატიული ბლოკის ერთიანობის შესანარჩუნებლად". მშვენიერი ეპოქა! - მაინც რატომაა მშვენიერი? იმიტომ რომ ევროპას რაღაც ღირებულებები ჯერ კიდევ ჰქონდა, თუ იმიტომ, რომ გერმანია იყო გახლეჩილი? ამბობენ, მარგარეტ თეტჩერს ეკუთვნის ფრაზა: "ისე მიყვარს გერმანია, რომ მინდა ორი იყოს". მაგრამ აქ სულ სხვა მოტივები აქვს ჩვენს ავტორს, თანაც არანაკლებ საინტერესო.

რა თქმა უნდა, ანდრე გლუკსმანი პუტინისაგან არა მარტო შეხედულებებით, არამედ გემოვნებითაც განსხვავდება და მისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ღიად და გულახდილად განაცხადებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო ბისმარკის მიერ გერმანიის გაერთიანება. და მაინც, საკმაოდ ძნელი დასადგენია, ვინ უფრო იგრძნობა მის ტექსტში: მაღალ იდეალთა გახუნების გამო მოტირალი ევროპელი, თუ ტევტონთა მარიფათიანობით გაღიზიანებული ფრანგი.

დავაკვირდეთ, რას წერს. აზრი საკმაოდ დახვეწილად ვითარდება: გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ქორწინება გაზპრომთან სულაც არ არის მოულოდნელობა ან გამონაკლისი, რადგან ისტორიულ ტრადიციას უპასუხებს. ერთი მხრივ, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის დროიდან სწორედ გერმანელებმა შეიტანეს ყველაზე დიდი წვლილი რუსეთის მოდერნიზებაში; მეორე მხრივ, ახლაც იგივე ან მსგავსი პროექტი უქადის გერმანელ მეწარმეებს უდიდეს მოგებას, რომლის გაყოფა მათ სხვა ევროპელებთან არ სურთ. ამ პროექტს გლუკსმანი ოდნავ პლეონასტურად უწოდებს "ახალ ნეოკოლონიალურ პაქტს".

მაგრამ... არა, ვერ მოვიშორეთ ეს "მაგრამ". ვერც მოვიშორებთ... ჰოდა, გლუკსმანიც მართალია, მაგრამ... ახლავე ავხსნი:

გერმანელები გიჟდებიან ამერიკელების ერაყში შესვლაზე და დუმილით გვერდს უვლიან რუსების მხეცობას ჩეჩნეთში. და ფრანგები? - განა მათზე იგივე არ ითქმის?

გერმანელები პატივს სცემენ ძალას, რადგან ახსოვთ სტალინგრადთან განცდილი მარცხი. მაშ ფრანგებს დაავიწყდათ მოსკოვიდან უკანდახევისას ნაჭამი ცხენის ლეშის გემო და რუსეთის წინაშე მონური აღფრთოვანება სრულიად უცხოა მათთვის?

"პატარა შიშები და დიდი ფული, ოცნებები ეკონომიკური გავლენის გაფართოებაზე და მოქნილი იდეოლოგია" - რაო, მხოლოდ გერმანელებს აკანკალებთ ამ ყველაფერზე, ფრანგები კი ასკეტის შესაშურ აპათიაში ნეტარებენ?

ერთი შეხედვით, ჩვენი ავტორის პირადი მოტივაცია არც არის არსებითი: რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ამბობს? - განა მთავარი ის არ არის, რას ამბობს? მართალია, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ახლავე ვნახავთ, როგორც კი გავარკვევთ, რას ამბობს...

მისი აზრით, მთავარი უბედურება ის არის, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ცხადად გარკვეული მიზანი, რომლისკენ სწრაფვა ღირს. დიახ, ეს მართალია. მაგრამ რაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას? განვაგრძოთ კითხვა და აღმოვაჩენთ, რომ ეს მრავლისმეტყველი განცხადება მაშინვე იკარგება: "ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო, თითოეული სახელმწიფო საბანს თავისკენ ეწევა" - ანუ, "საბნის თავისკენ ქაჩვის" მიზეზი ის ყოფილა, რომ ევროპის ქვეყნებს ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა არ გააჩნიათ.

შემდეგ: "სახელმწიფოებს სოლოს დაკვრა ურჩევნიათ და ძალ-ღონეს არ ხარჯავენ კრიზისიდან გამოსასვლელი პროგრამების კოორდინაციის, ევროს მხარდაჭერის ან გარემოს დაცვისათვის" - ამ უბედურებების მიზეზი კი ავტორს საერთოდ არ მოჰყავს, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ახდენს: "ურჩევნიათ" და "ძალღონეს არ ხარჯავენ".

შემდეგ: "ვერავინ იყურება საკუთარ ცხვირზე შორს, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ გლობალურ პრობლემებს" - ისევ მხოლოდ სიმპტომი, მაგრამ სად არის დაავადება?

დიახ, თითქოს დაასახელა კიდეც დაავადება, როცა თქვა, რომ ევროკავშირს ერთიანი მიზანი არ გააჩნია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითონ ეს დაავადება მხოლოდ სიმპტომების ჯამად ესმის, პათოლოგიის ბუნებას კი ვერ წვდება. რა ერთიანი მიზანია ეს, რაც ევროკავშირს არ გააჩნია? - ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა? არა, ეს მიზანი ვერ იქნება, ეს საშუალებაა.

რამ უნდა აგრძნობინოს ამ ცალკეულ სახელმწიფოებს, რომ მათ ერთად ყოფნას რაღაც აზრი აქვს? - ენერგეტიკამ, ვაჭრობამ, კეთილდღეობამ? ეს მხოლოდ საშუალებებია, მიზნობას კი ვერც ერთი ვერ ქაჩავს. მაგრამ საქმე ბევრად უფრო უარესადაა: ერთ-ერთ ბოლო სტატიაში იულია ლატინინამ ძალიან ბასრად აღნიშნა, რომ პუტინი ევროპასთან ურთიერთობაში მშვენივრად იყენებს ერთ გარემოებას: ბიუროკრატიის პრინციპულ სწრაფვას ანგარებისკენ. სიტყვა "ბიუროკრატია" აქ ძალიან სწორადაა გამოყენებული. არა მარტო იმიტომ, რომ კონკრეტული პირები, ვინც კი ევროპასა და რუსეთს შორის რეალურ ურთიერთობაშია ჩაბმული, ობიექტურად ბიუროკრატები არიან, არამედ იმიტომ, რომ ერთიანი ევროპა სხვა არაფერია, თუ არა ბიუროკრატია, ანუ შინაარსს მოკლებული ფორმა.

ნაცნობი სურათია: ზუსტად ეს იყო საბჭოთა კავშირი. თვით გლუკსმანის სტატიაშიც გამოიკვეთა ერთობ ნიშანდობლივი პარალელი. სტატიის ლამის დასაწყისში, იქ, სადაც მოუხეშავმა მთარგმნელმა უკვე მოასწრო ქართველი მკითხველის დაფრთხობა უცნობი დეტალების კორიანტელით, ავტორი გაკვრით შენიშნავს, რომ გერმანიის კანცლერს მოიხსენიებენ ეპითეტით "ქალბატონი არა"... ზუსტად ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო ასპარეზზე სსრკ მარადიულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრია გრომიკოს - "მისტერ არა".

ერთგან მარჯვენა ხელით შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავებს ურიგებდნენ მოწინავე კომბაინერებს, მარცხენა ხელი კი იმავე ოქროს კოლოსალურ რაოდენობას ხარჯავდა ყოველწლიურად კანადიდან ხორბლის შესაძენად; მეორეგან მორალს გვიკითხავენ ნატოში შესასვლელად დასაკმაყოფილებელ მაღალ კრიტერიუმებზე, ამავე დროს კი სრულიად უაზროდ და ამავე კრიტერიუმების საწინააღმდეგოდ ვაჭრობენ სამხედრო გემებით. ამ უკანასკნელი მოვლენის მიზეზად გლუკსმანი მხოლოდ იმას ასახელებს, რომ საფრანგეთს მესამე თაობის ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად ხარჯების დაფარვა სჭირდება - ამ მაგალითზეც ვერ განმარტავს პათოლოგიის ბუნებას.

ბუნება კი მარტივია: თეორიულადაც გაქრა იდეალი, ღირებულებებიც გამოიფიტა - სპეციალურ ტერმინოლოგიად გადაგვარდა... სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომ ყველა საბანს თავისკენ ექაჩება, რომ... რომ... რომ...

გლუკსმანი წერს: "რუსი ექსპერტები გამარჯვებას ზეიმობენ: მათ არასოდეს სწამდათ "ევროპული ერთიანობის" პერსპექტივები". არ სწამდათ იმის გამო, რომ შესაბამისი გამოცდილება აქვთ: ზუსტად ამგვარ ღირებულებებისაგან განძარცვულ საზოგადოებაში გაუტარებიათ ცხოვრების უდიდესი ნაწილი. მაგრამ განა მარტო რუს ექსპერტებს ჰყოფნით გამოცდილება ვითარების შესაფასებლად? - ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან თვით ევროპაშიც ხშირად ისმოდა გამოცდილებით დატვირთული ხმა, რომელსაც არავინ უგდებდა ყურს. სამ თუ ოთხ საერთაშორისო კონფერენციას დავსწრებივარ და ყველგან იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ახალი ევროპის პერსპექტივები საკმაოდ საეჭვო და მყიფეა, ხოლო ამის მიზეზი კი საერთო და შემაკავშირებელი იდეალების თანდათანობითი დასუსტებაა XVIII საუკუნიდან დღემდე.

ამ ხმას არ უსმენდნენ ევროპაში და ალბათ მიზეზიც ჰქონდათ, რადგან კათოლიკური ეკლესიის წიაღიდან მოდიოდა - ინსტიტუციიდან, რომელმაც თვითონ უწყალოდ გაფლანგა თითქმის მთელი სიმბოლური კაპიტალი. რას იზამ, ევროპა ხარზე შემოსკუპებული ქალია, ქალები კი დამარცხებულებს ყურს არ უგდებენ - ფემინისტები და პოლიტკორექტულებიც კი...

აბა, სხვა რა უნდა ვთქვა მე, ვისაც გასულ ხუთშაბათს ფრანგული გაზეთის, "ლიბერასიონის" კორესპონდენტმა ჰკითხა: "ოკუპაციის მუზეუმი რაში გჭირდებათ ქართველებს, იმისთვის რომ რუსები მტრად დაისახოთ და საკუთარი თავად-აზნაურობა განადიდოთ?"

დიახ, საბოლოოდ მაინც მართალს ამბობს ევროკავშირზე ანდრე გლუკსმანი, თუმცა კი გვიან: მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ხმა, რაც თავის მთავარ წუხილს ვეღარ მალავს - აკი "ევროპის ლოკომოტივმა" გერმანიამ პარიზს ზურგი შეაქცია და მოსკოვს უნაბავს თვალებს. ჩვენ კი რა უნდა ვთქვათ გარდა იმისა, რომ გაზეთ "კომერსანტისადმი" ვანო მერაბიშვილის გახმაურებული ინტერვიუს სწორედ იმ ნაწილს მივიჩნევთ ჭეშმარიტად, რომელზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გაყალბებულიაო: ევროპას თითქმის არაფერში უნდა ენდო, რადგან მარტო გერმანიას კი არა რუსული გაზის ვიწრო საბანზე ერთმანეთს წაკიდებულ ყველა ამ ქვეყანას კარგა ხანია დაემართა ყოველი იმპერიული დეგრადაციის მთავარი სიმპტომი, ყნოსვითი აგნოსია, რომელმაც თავის დროზე, რომის დასასრულის დასაწყისში, ერთხელ უკვე ათქმევინა იმპერატორ ვესპასიანეს: ფული არ ყარს...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი