კარგა ხანია, რაც ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე ქვეყნდება განცხადება, უფრო ზუსტად კი ანონსი:
24 საათი 29.03.10

კარგა ხანია, რაც ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე ქვეყნდება განცხადება, უფრო ზუსტად კი ანონსი:
მალე!
განახლებული "24 საათი", ყოველდღიური გაზეთი. მხოლოდ ინფორმაცია. ახალი ამბები სხვადასხვა რაკურსით და კომენტარებით. WEEKEND - ყოველკვირეული გაზეთი, პარასკევობით. ანალიტიკა, პროგნოზი, თვალსაზრისი, ინტერვიუ, საავტორო სვეტები, მკითხველთა წერილები...
ამ ტექსტს მხოლოდ იმიტომ არ ვიმეორებ, რომ გამცნოთ: მალე ჩემი ყოველკვირეული სტატიაც პარასკევს გადაინაცვლებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია "მხოლოდ ინფორმაცია". სიტყვებს განმარტებაც მოსდევს: "ახალი ამბები სხვადასხვა რაკურსით და კომენტარებით".
დღეს იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებას მართლაც სჭირდება ინფორმაცია. თანაც სიტყვა "სჭირდება" იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია საზოგადოებას არ მიეწოდება.
უცნაურია: ერთი შეხედვით, თითქოს საინფორმაციო ნაკადმა წაგვლეკოს, ყოველი მხრიდან გვაწვდიან რაღაც ცნობებს, სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერნეტის წილი ჩვენს ცხოვრებაში, ტელევიზიამაც უკვე კარგა ხანია დაიჭირა ლამის წამყვანი ადგილი - იმდენად მაინც, რომ "24 საათის" ერთი წარმატებული მესვეტე ყველას "ტელეცხოველებს" გვეძახის...
და მაინც, ინფორმაცია არ მოგვეწოდება.
დავიწყოთ საერთაშორისო ამბებიდან. ოდესღაც უკვე მოვიხსენიე მე-18 საუკუნის ფრანგი მოაზროვნის, ნიკოლა შამფორის ერთი გამონათქვამი: "ქალებში კარგი ისაა, რაც მათში საუკეთესოა". ცხონებულს იმის თქმა უნდოდა, დანარჩენი საერთოდ არაფერში ვარგაო. თუ ქალებისადმი ამგვარი მიდგომა საკამათოა, ქართველი პოლიტიკური მიმომხილველების საკითხში ასი პროცენტით ამართლებს. აბა, ალექსანდრე რონდელს, თემურ იაკობაშვილს ან დავით დარჩიაშვილს ხომ არ ვაწერინებთ საგაზეთო მიმოხილვებს და მოვამზადებინებთ საინფორმაციო ტელესიუჟეტებს? უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო მიმოხილვის კი არა და, უბრალოდ, უცხოეთზე ინფორმაციის მიწოდების არც კულტურა გაგვაჩნია და არც საამისო ადამიანური რესურსი.
რა შეიძლება გავიგოთ უცხოეთზე, მაგალითად, "კურიერიდან"? - რუსეთში ვინ თქვა პუტინზე "ხიხი", დუმაში ვინ მოუწოდა თბილისის დაბომბვისკენ, ვის სთხლიშა სიფათში ნაომი კემპბელმა... დიაპაზონი ამოიწურა. თუ ვინმეს მეტი გაგება უნდა, "მაესტროზე" უნდა გადართოს, რადგან იქ რომელიღაც არხის მასალებს გადმოსცემენ ქართულად - ეს, რა თქმა უნდა, იგივეა, რაც ულიცენზიო ფილმების ჩვენება, მაგრამ საინფორმაციო მაუწყებლობის სფეროში.
თუ "24 საათის" ფურცლებს გადავხედავთ, უცხოეთის მიმართულებით დიდ ნაკლოვანებებს ვერ შევნიშნავთ. უბრალოდ, სტრუქტურირება აკლია. აი, მაგალითად, ორი მოკლე ცნობა 25 მარტის ნომრიდან: "კალკუტაში ხანძარს დიდი მსხვერპლი მოჰყვა" და "ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში დიდი გვალვაა". ნუ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ეს მოვლენები მოხსენიების ღირსი - შევთანხმდეთ, რომ არის. მაგრამ მათ შორის ვერტიკალზე განლაგებულია კიდევ ერთი ცნობა: "აშშ-ს ჯანდაცვის რეფორმას 14 შტატში აპროტესტებენ". თემატიკას რომ თავი დავანებოთ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცნობაა (მომიტევონ ინდური ხანძრისა და ჩინური გვალვის მსხვერპლთა ჭირისუფლებმა) და მისი ადგილი სხვაგან უნდა იყოს.
თანაც ამერიკული ჯანდაცვის რეფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელმაც ქართულ მედიაში ვერ მოიპოვა ადგილი ჯეროვანი განხილვისთვის. სამაგიეროდ, გვერდის მესამედი უჭირავს ფერადი ფოტოთი გაწყობილ პუბლიკაციას: "გაერო ხორცსა და გლობალურ დათბობას შორის კავშირს გადახედავს". არა, ამ პუბლიკაციას არც არაფერს ვემდური: ტექსტიც კარგად არის შედგენილი და შინაარსიც ჭკუასთან ახლოსაა - გლობალური დათბობის საფრთხით ატეხილი აჟიოტაჟი, როგორც ეტყობა, რაციონალურ ფარგლებს უბრუნდება. უბრალოდ, თვალში მომხვდა და იმ ზოგადი იდეის გამოსახატად გამოვიყენე, რომ ინფორმაციაში იერარქიის აღმოჩენა და დაცვა არის პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი.
მაგრამ არც შინაგან ინფორმაციასთან გვაქვს საქმე უკეთესად. ჩვენში ვერა და ვერ მიხვდნენ, რომ ნათელაშვილის ბრიფინგისა და უგულავას რომელიმე მშენებარე თუ აშენებულ ობიექტზე ვიზიტის ამსახველი სიუჟეტები საინფორმაციო თვალსაზრისით ერთი და იგივეა - არაფერს იძლევა. როგორც ეტყობა საქართველოში სიტყვა "ინფორმირება" სწორედ რომ პირველადი მნიშვნელობით ესმით: "ინ" (შიგნით) და "ფორმირება" (შექმნა, ჩამოყალიბება) შუა საუკუნეებში გულისხმობდა სენიორის მიერ ვასალთა გულებში თუ ტვინებში მისი ნების შესაბამისი განწყობის შექმნას.
ინფორმაცია კი უნდა შეეხებოდეს იმ კონკრეტულ სარგებელს (სულიერსა თუ მატერიალურს), ან კონკრეტულ საფრთხეს (ასევე სულიერსა თუ მატერიალურს), რასაც შეიძლება მოასწავებდეს ინფორმაციის ობიექტი.
სარგებლისა და საფრთხის მომენტი საქართველოში საერთოდ გაუცნობიერებელია. თუმცა ამასაც აქვს "ობიექტური" მიზეზები: სარგებლის შემცველი რამ ძნელი საპოვნელია, საფრთხის ხსენებას კი ყველანი ერთნაირად გავურბით - გულადებიცა და მხდალებიც.
მაგრამ ეს არ არის ნიშნადი მიზეზები, რადგან შინაგანი ინფორმაცია, ჩვეულებრივ, ორი თემით ამოიწურება: პოლიტიკა და უბედურება. პოლიტიკაში არა მარტო სხვადასხვა ჯურის ოპოზიციის ძნელად გასაანალიზებელი "დვიჟენიები" იგულისხმება, არამედ მმართველი უმრავლესობის "სვეტსკი" ქრონიკებიც. უბედურება კი, როგორც ყოველთვის, უაღრესად მრავალფეროვანია: სადმე ჩამოწოლილი მეწყერიდან ვინმე კონსერვით მოწამლულამდე.
ცხოვრების უდიდესი ნაწილი კი, საინფორმაციო თვალსაზრისით, ყამირად რჩება.
მოვიდა კულტურის დროც. რას ნიშნავს "ეს რომელია?" - ის არის, ამინდის შემდეგ რომ აცხადებენ ხოლმე.
ამ თვალსაზრისით, "24 საათი" რომ ლიდერია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ წინა ორშაბათს. ეს ლიდერობა იმაში გამოიხატება, რომ გაზეთი დროის მოთხოვნებს არ ჩამორჩება და ვიწრო სპეციალიზაციას აქცევს ყურადღებას. ჩვენს შემთხვევაში რომ ეს სპეციალიზაცია იტალიური რენესანსია, უკვე გავარკვიეთ. გასული კვირის განმავლობაშიც დადასტურდა ეს განსაკუთრებული მიდრეკილება: გამოქვეყნდა სტატია კარავაჯოს ძვლების იდენტიფიკაციის შესახებ და კიდევ ერთი, რომელიც, ზარმაცის ოცნებისა არ იყოს, მწიფე მსხალივით ჩამივარდა პირში.
25 მარტის ამ შედევრს ჰქვია "ანგელოზებს ფრენა არ შეძლებიათ". ხელმოუწერელი ტექსტის დასაწყისში ვკითხულობთ: "იტალიელი მკვლევრები, რომლებიც მხატვრობაში “საიდუმლო სერობის” თემას იკვლევენ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ თემატიკის სურათების დაკვირვებით ნამუშევრების თანამედროვე საზოგადოების მადის განსაზღვრა არის შესაძლებელი". ქართულის მცოდნეთათვის განვმარტავ, რომ ავტორს შემდეგი რამის თქმა სურს: იტალიელმა მეცნიერებმა "საიდუმლო სერობის" სიუჟეტიდან გამომდინარე შეისწავლეს იტალიური საზოგადოების რაციონის ცვლილება დროთა განმავლობაში.
განვაგრძოთ კითხვა: "სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და შეისწავლეს 52 სურათი, რომლებიც 1000-1750 წლებშია შესრულებული და დაადგინეს, რომ დროის ამ შუალედში მაგიდების ზომა უფრო და უფრო იზრდება, თეფშების ზომაც ასევე. მთავარი კი ისაა, რომ მაგიდებზე საკვები სულ უფრო უხვად არის წარმოდგენილი ... თუ ასე გაგრძელდა მეცნიერთა ინტერესების გაფართოება, გამორიცხული არ არის, მალე ისიც დადგინდეს, რომ სურათის ავტორის მიზანი და მისწრაფება იყოს იმ სიუხვის, დოვლათისა და ბარაქის ხაზგასმა და წარმოჩენა, რაც დედამიწაზე ქრისტეს ყოფნის პერიოდში იყო".
გასაოცარია! - თან ეს მიზანი და მისწრაფება რომ "უფრო და უფრო იზრდება" 1000-დან 1750 წლამდე! მერე კიდევ უბრალოდ კი არ იზრდება, არამედ მაგიდებისა და თეფშების ზომის პირდაპირპროპორციულად! ამ იტალიელების თავხედობამაც უნდა გაგვაკვირვოს: თუ ასე გაგრძელდა, ვინ იცის, კიდევ რა დასკვნამდე მივლენ! - აღარ უშლიან?! ამასობაში კი ჩვენმა ანონიმმა ავტორმა რამდენიმე საუკუნით წარსულში გადასწია ისტორიზმის წარმოშობის ვადა.
მაგრამ შევეშვათ ამ მაღალ მატერიებს და ბოლო აბზაცს დავეწაფოთ: "აღსანიშნავია, რომ ახლახან დაიბეჭდა ბრიტანელი მკვლევრის ნაშრომი, რომელიც ასევე რელიგიურ თემაზე შესრულებულ ტილოებს ეხებოდა. ერთმანეთს შეადარეს სურათები, რომლებზეც ანგელოზები და ისეთი ცოცხალი არსებები იყო გამოსახული, რომელთაც ფრენა შეეძლოთ. ისინი საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანგელოზებს ფრენა არ შეეძლოთ". ვინ ისინი? - თუ ინგლისელ მკვლევარზეა ლაპარაკი, მაშინ "ის" და არა "ისინი". მაგრამ ალბათ იგულისხმება "ის ცოცხალი არსებები, რომელთაც ფრენა შეეძლოთ". ამათ, თურმე ანგელოზების ბოღმა სჭირდათ და იმიტომაც მივიდნენ ასეთ გასაოცარ დასკვნამდე.
ახლა კი დაახლოებით შევეცადოთ იმის აღდგენას, თუ რისი თქმა სურდა ჩვენს ანონიმს: "ახლახან დაიბეჭდა ბრიტანელი მკვლევრის ნაშრომი, რომელშიც ავტორი იკვლევს მხატვრულ ტილოებზე გამოსახული ანგელოზებისა და სხვა ფრთოსანი არსებების აეროდინამიკურ შესაძლებლობებს. შესწავლის შედეგად ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ანგელოზებს ფრენა არ შეეძლოთ."
ანგელოზები თავიანთ თავს მოუვლიან, მაგრამ ჩვენ თუ გავფრინდებით ინფორმაციის ასეთი ფორმითა და შინაარსით?