ღია პასუხი ალექსანდრე ებრალიძეს
24 საათი 06.02.10
ღია პასუხი ალექსანდრე ებრალიძეს
ნამდვილად არ ღირდა ჩიტი ბდღვნად, რომ არა ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქართველმა მწერალმა შესაძლებლად ჩათვალა თქვენგან მიეღო ლიტერატურული პრემია. ამ პრეცედენტმა გვაიძულა, ეს წერილი დაგვეწერა
ამ რამდენიმე დღის წინ თქვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ თავი და თქვენთვის დამახასიათებელი რუსული აქცენტით დიასპორების საყურადღებოდ განაცხადეთ, "როგორც მე გამაღვიძა 2008 წლის აგვისტოს ომმა, ისე მსურს, გავაღვიძო ყოველი ჩვენი თანამემამულე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს".
უნდა დაგამშვიდოთ, ბატონი ალექსანდრე და გითხრათ, რომ თქვენგან განსხვავებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები დიდი ხანია გაღვიძებულები ვართ და სუნთქვაშეკრულები ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ყიდის საქართველოს და ქართულ ინტერესებს ზოგიერთი გაუცხოებული ქართველი, რომელსაც "ქართველობა" პროფესიად გაუხდია და ახლა საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესების გატარებაში მოკავშირეებს აგროვებს.
ამ წერილს ვწერთ ქართველები, ვინც თავის შრომით და საქმის ერთგულებით გამოვირჩევით აქაც და ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს სახელს შორს წამოსულები ღირსეულად წარმოვაჩენთ. ჩვენი შვილები უცხოეთში გაიზარდნენ. ბევრმა ოჯახმა მიატოვა სამშობლო სწორედ თქვენი თანამოაზრეების და მეგობრების მიერ 1991 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. მაშინ რუსეთის არმიას არ დასჭირდა როკის გვირაბიდან შემოგრიალება. ჯერ კიდევ აქ იყო და სამწუხაროდ, ადგილობრივი ქართველი მოღალატეების ხელშეწყობით ადვილად მოუსწრაფა სიცოცხლე ახლადფეხადგმულ დამოუკიდებელ საქართველოს. შეგახსენებთ, რომ ბევრმა ქართველმა დატოვა საქართველო არა თავისი ნებით, არც უცხოეთში გამდიდრების სურვილით. ოთხმოცდაათიან წლებში თქვენი ხმა არ გვესმოდა. მაშინ არ გაწუხებდათ არც მუხლებზე დაჩოქილი საქართველოს ბედი და არც ის დაკარგული ტერიტორიები, რომლებზეც ახლა დაიწყეთ ზრუნვა. 2008 წლის აგვისტომდე თქვენ თვითონ ან ღრმად გეძინათ, ან თავად ბრძანდებოდით იმ ტოტალური განუკითხაობის მონაწილე, რომელმაც ოთხმოცდაათიან წლებში მოიცვა ჩვენი ქვეყანა. მრავალმა ქართველმა სწორედ სამშობლოში დარჩენილი ახლობლების გადასარჩენად მიატოვა სახლ-კარი და წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით ინახავს სამშობლოში დარჩენილ მოყვასს.
თქვენ რომ სამშობლოსთვის მართლა ზრუნავდეთ, აქამდე ბევრჯერ ურჩევდით თქვენ მეგობრებს, ნუ შეუშლიან ხელს საქართველოს განვითარებას. ძლიერი და წელგამართული მეზობელი მხოლოდ საიმედო პარტნიორი იქნება. გულის სიღრმეში თქვენც ასე უნდა ხედავდეთ და გესმოდეთ. მაგრამ, ვაი, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულების პროცესში ზოგიერთ ადამიანს, ეტყობა, ავიწყდება სამშობლო. ტერიტორიების დაბრუნების თქვენეული "რეცეპტი" მთლიანად საქართველოს მტრისთვის ჩაბარებაცაა და ამდენად, დაკარგული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტაც.
ჩვენ ნათლად ვხედავთ თქვენ თამაშებს. ამიტომაც გწერთ ამ წერილს. თქვენი ეს პოლიტიკა როგორც თქვენ სულიერ სამშობლოში იტყოდნენ, ‘შავით თეთრზეა ნაკერი”. ვხედავთ, თუ რამდენი მცდელობა იყო საქართველოს უკან უფსკრულში გადაჩეხვისა და ყველა მარცხით დამთავრდა, იმიტომ რომ ბოროტის ბოლო მოკლეა. ახლა კი ეტყობა, ჯერი დიასპორაზე მიდგა. ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ. მას შემდეგ, რაც კრემლის მანქანა ამუშავდა, არც ჩვენ მოგვიხუჭავს თვალი. იმიტომ რომ, განურჩევლად იმისა, თუ სად ვცხოვრობთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მისი ინტერესები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ უანგაროდ გვიყვარს სამშობლო; არა გამორჩენისთვის, არა საქართველოს ხარჯზე კარიერის გაკეთებისთვის, არა გამდიდრებისთვის.
ყველაფერი ფულზე არ იყიდება!
ნანა ხიზანიშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, დოდონა კიზირია, ანა ახალკაცი, გიორგი ხევსურიანი, ირმა მურვანიშვილი, ია მერკვილაძე, მაკა ბოკერია, ბესო კანკია, მანანა ჯინჯიხაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატები; მედეა თუშმალიშვილი, რევაზ ბოჭორიშვილი, თამრიკო თურმანიძე - საფრანგეთი; მაია სიმონია - ჰოლანდია; ივანე ნასიძე - გერმანია; ზაზა მესხი - დიდი ბრიტანეთი.
2010 წლის თებერვალი