კოლაბორაციონიზმი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს თანამშრომლობას.
24 საათი 27.02.10
კოლაბორაციონიზმი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს თანამშრომლობას.
ხოლო ამ სიტყვის იურიდიული განმარტება საერთაშორისო სამართლით გახლავთ "გაცნობიერებული, ნებაყოფლობითი და განზრახ თანამშრომლობა მტერთან, მისი ინტერესების შესაბამისად და საკუთარი ქვეყნის საზიანოდ".
ამდენად, კოლაბორაციონიზმი ითვლება დანაშაულად საკუთარი ქვეყნის წინაშე და ქვეყნების დიდი უმრავლესობის სისხლის სამართლის კოდექსში კოლაბორაციონიზმი კვალიფიცირებულია, როგორც სახელმწიფო ღალატი.
ახლა გავეცნოთ იმას, თუ როგორ კვალიფიცირდება საერთაშორისო სამართლით სახელმწიფო ღალატი.
თუ ჩავხედავთ იურიდიული ტერმინების ნებისმიერ განმარტებით ლეკსიკონს, წავიკითხავთ, რომ - სახელმწიფო ღალატი არის დანაშაული, რომელიც გამოიხატება სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ გაცნობიერებულ ქმედებაში. კერძოდ კი სახელმწიფო ღალატს განეკუთვნება: მტრის მხარეს გადასვლა ომის დროს, ომისა თუ მშვიდობის დროს უცხო ქვეყნისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემა და ცალკეა აღნიშნული, ასევე - "სეპარატისტული მოლაპარაკებები მოწინააღმდეგესთან ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ."
სულ ახლახან, 2009 წლის თებერვალში, საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ვიშის ხელისუფლებას (საფრანგეთის "კოლაბორაციონისტული" რეჟიმი მეორე მსოფლიო ომის დროს) დააკისრა პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა ნაცისტების მიერ საფრანგეთში 1940-1944 წლებში.
რადგან ვიშის რეჟიმი ვახსენეთ, მართებულად მიმაჩნია გავიხსენოთ მასთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი (ვიშის რეჟიმი იყო კოლაბორაციონიზმის კლასიკური მაგალითი).
1940 წელს, ნაცისტების მიერ უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულ საფრანგეთში (ამ დროისათვის ოკუპირებულია საფრანგეთის ჩრდილოეთი და პარიზი), საკურორტო ქალაქ ვიშში შეიკრიბა ეროვნული კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება - ქვეყნის სადავეები გადაეცათ მარშალ პეტენისთვის. აღეჭურვათ ის დიქტატორული ძალაუფლებით, რათა მას მიეღო ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილებები. ოფიციალურად, ვიშის ხელისუფლება ამ ომში იკავებდა ნეიტრალიტეტის პოზიციას.
ორი სიტყვით, თუ, ვინ იყო მარშალი პეტენი. საფრანგეთსა და გერმანიას შორის ბრძოლების დროს პირველ მსოფლიო ომში მას გააჩნდა საფრანგეთის წინაშე უზარმაზარი დამსახურებები და სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით. მას, "ვერდენის გმირს" უწოდებდნენ (ვერდენთან მიღწეული გამარჯვების გამო). დე გოლმა, რომელიც მისი სარდლობის ქვეშ იბრძოდა, თავის ვაჟს პეტენის საპატივცემულოდ ფილიპი დაარქვა.
1940 წლის 24 ოქტომბერს ანრი ფილლიპ პეტენი შეხვდა პირადად ადოლფ ჰიტლერს, რის შემდეგაც გააკეთა საჯარო განცხადება საფრანგეთის მოსახლეობისთვის და მოუწოდა მას "ოკუპანტებთან თანამშრომლობისაკენ" (collaborer).
მიუხედავად ამისა, 1942 წელს გერმანიამ მაინც მოახდინა მთელი საფრანგეთის ოკუპაცია. და ეს არც არის გასაკვირი. რადგან, ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ოკუპანტის მიზანი არასოდეს ყოფილა "ნაწილობრივი ოკუპაცია". მისი მიზანი არის სასურველი ტერიტორიის სრული ოკუპაცია და კონტროლის ქვეშ მოქცევა. ამ მიზნების მისაღწევად არის ისტორიულად აპრობირებული მეთოდები.
მაგალითად, აგრესორი ქვეყანა ცდილობს ოკუპირებული ქვეყნის დენაციონალიზაციასა და ელიმინაციას (ლათ. Elimino - მოშორება, გატანა. "არსებობისათვის ბრძოლაში, ვინც ვერ ეგუება ან, ვერ მოერგება - ის იღუპება".) ოკუპანტი ცდილობს დაამყაროს კავშირები რადიკალურ პოლიტიკურ წრეებთან, რათა მათი საშუალებით მოხდეს ოკუპანტის მორგება მოსახლეობაზე.
ცენტრალურ ევროპაში, მაგალითად, ხდებოდა შუღლის ჩამოგდება რუმინელებსა და უნგრელებს, უნგრელებსა და სლოვაკებს შორის. რის შემდეგაც ოკუპანტი გამოდიოდა მომრიგებლის როლში და ამ გზით ახორციელებდა კონტროლს ორივეზე. იუგოსლავიის ტერიტორიაზე ნაცისტები ცდილობდნენ კონფრონტაციის გაღვივებას ხორვატებსა და სერბებს შორის, პოლონელებს უპირიპირებდნენ დასავლეთ უკრაინელებს და ა.შ.
ასე რომ, იპყრობდნენ რა ტერიტორიებს, ოკუპანტები ითვალისწინებდნენ დაპყრობილ ქვეყანაში ყველა არსებულ ფაქტორს. რიგ შემთხვევაში აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ უმცირესობათა მოთხოვნებს. განსაკუთრებით, თუ ეს ეხებოდა მათთვის სასურველ ეთნიკურ ჯგუფებს (მაგ. სუდეტის გერმანელები და სხვ.) განსაკუთრებით წყალობდნენ უმცირესობათა იმ ჯგუფებს, რომელთა საშუალებითაც შეიძლებოდა აელაგმათ ამ ქვეყნის ეთნიკური უმრავლესობა.
ოკუპანტის ქცევის მანერა და სტრატეგია, რომ ერთი და იგივეა, მიუხედავად ეპოქისა, ამის მაგალითად მოგიყვანთ ერთ ციტატას სტატიიდან, რომელიც 1997 წლის 26 მარტს დაიბეჭდა ნåçჭâèñèìჭÿ დჭçåòჭ., კ. Çჭòóëèí, ა.მèჯðჭíèჭí “ჟნდ - íჭ÷ჭëî èëè êîíåö èññòîðèè”): ..."რუსეთმა, რომ წაახალისოს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ხელახალი გადანაწილება, უნდა გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება" - და, შემდეგ, ავტორთა აზრით "პრიორიტეტთა ცვლა რუსეთს მისცემს საბაბს, რათა მოახდინოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ რესპუბლიკებთან დადებული ყველა არსებული შეთანხმებებისა, დადგენილი საზღვრებისა და ტერიტორიალური დაყოფის სისტემის რევიზია". და შემდეგ, უკვე ყოველგვარი შეფარვის გარეშე ნათქვამია, რომ "მხოლოდ აქტიური ქმედებები, რეგიონების შიგნით შიდაპოლიტიკური სიტუაციების დესტაბილიზაციის ჩათვლით - მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამ ქვეყნების რუსეთისაგან მოწყვეტის პროცესის შეჩერება.” განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში, სადაც ანტირუსული და ანტიინტეგრაციული ძალები არიან გააქტიურებული.
კიდევ, ერთი პატარა ეპიზოდი მინდა შეგახსენოთ, რომელსაც აღწერს პაველ სუდოპლატოვი თავის წიგნში "ლუბიანკა და კრემლი 1930-1950 წლები". სუდოპლატოვი იგონებს ერთ თათბირს კრემლში, მოლოტოვის კაბინეტში. თათბირს მის გარდა ესწრებოდნენ: დაზვერვის სამსახურის უფროსი ფიტინი, ბერიას მოადგილე მერკულოვი, გენშტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსი ვასილევსკი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე პოტიომკინი, სამხედრო დაზვერვის უფროსი და ა.შ. ამ თათბირის დღის წესრიგში იდგა მხოლოდ ერთი საკითხი - "ბალტიისპირეთში სტრატეგიული ინტერესების დაცვა" და აი, მოლოტოვის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით: "ñîâåòñêîå ðóêîâîჰñòâî ïîëჭჯჭåò, ÷òî íჭèëó÷øèé ñïîñîხ çჭùèòèòü èíòåðåñû ჟჟჟპ â ოðèხჭëòèêå è ñîçჰჭòü òჭì íჭჰåæჰíóþ ჯðჭíèöó - ýòî ïîìî÷ü ðჭხî÷åìó ჰâèæåíèþ ñâåðჯíóòü ìჭðèîíåòî÷íûå ðåæèìû".
ასე რომ, როგორც ხედავთ, ოკუპანტის ბუნება არ იცვლება დროში და სივრცეში. და როგორც ტერორიზმს არ აქვს ნაციონალობა, ასევე არ გააჩნია ნაციონალობა ოკუპანტსაც.
სწორედ ამიტომ ითვლება კოლაბორაციონიზმი ძალზე მძიმე დანაშაულად და ის ისტორიულად არის დაგმობილი.
ქვეყნის ღალატი, თანამშრომლობა მტერთან, რომელიც თავს დაესხა შენს ქვეყანას, განიხილება საერთაშორისო სამართლით, როგორც დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე და სასჯელი ამ უმძიმესი დანაშაულისთვის გარდაუვალია, თუნდაც, მისი ჩადენიდან მრავალი წელი იყოს გასული.
საფრანგეთში 1945-46 წწ.-ში, დეოკუპაციის შემდგომ, კოლაბორაციონიზმის ბრალდებით გასამართლდა 13 607 ადამიანი. აქედან 43-ს მიესაჯა დახვრეტა, 27-ს სამუდამო პატიმრობა. არაფერს ვამბობ, იმ სახალხო შურისგებებზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი საფრანგეთში დეოკუპაციისთანავე. მაგალითად, ბორდოში, სახალხო შურისძიების მსხვერპლი 9 000 ადამიანი გახდა. აღარაფერს ვამბობ გაშიშვლებულ და გადახოტრილ ქალებზე. ასეთივე, განკითხვისა და სახალხო რისხვის მსხვერპლი გახდნენ კულტურისა და ხელოვნების რიგი წარმომადგენლები. მაგალითად, კოკო შანელი, რომელიც დაპატიმრებულ იქნა ოკუპანტებთან კავშირის გამო, ხოლო მოგვიანებით იძულებული იყო დაეტოვებინა საფრანგეთი და 1956 წლამდე თავს აფარებდა შვეიცარიას. დინა ვერნი, გამოჩენილი მოქანდაკის მაიოლის მეუღლე, პოეტი რობბერ ბრაზიაკი (დახვრიტეს), ჟან ჟენე (სამუდამო პატიმრობა).
თავად მარშალი პეტენი გერმანიიდან დეპორტირებულ იქნა მოკავშირეების მიერ, მისი სასამართლო შედგა 1945 წლის ივლისში. პეტენი ცნეს დამნაშავედ სახელმწიფო ღალატში. მას მიესაჯა დახვრეტა, ქონების კონფისკაციითა და ყველა პატივის ჩამორთმევით (მათ შორის განდევნით საფრანგეთის აკადემიიდან). ამ, დროისათვის ის იყო 89 წლის და გენერალმა დე გოლმა ის ხანდაზმულობის გამო შეიწყალა. პეტენს დახვრეტა შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით კუნძულ ივ-ზე (იქვე არის დასაფლავებული). ასევე დახვრეტა მიესაჯა და სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი ლავალის მიმართ, რომელიც ვიშის ხელისუფლების წევრი იყო, ხოლო 1942 წლიდან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი (მან სცადა თავის მოწამვლა საკანში, თუმცა გადაარჩინეს და შემდეგ დახვრიტეს). პოლ ანდრე მარიონი, ჟურნალისტი, რომელიც გაასამართლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთით.
"1941-1945 - ეროტიული წლები საფრანგეთისათვის" - ამ სახელწოდებით გამოვიდა წიგნი, რომლის ავტორიც გახლავთ პატრიკ ბრიუსონი, მწერალი და ჟურნალისტი, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მრჩეველი. მისი ცნობებით, კოლაბორაციონიზმის გამო საფრანგეთში დაკითხულ იქნა 1 500 000 ადამიანი.
კოლაბორაციონიზმს საქართველოში ხალხი "შადიმანობა"-ს უწოდებს და ისტორია ამ კატეგორიის ადამიანებს ისეთ დამღას ასვამს, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ იშლება.
ამიტომ, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკურ ლიდერს, რომლებიც ამ გზას ადგანან, ან უკვე საკმაოდ ღრმად შეტოპეს ამ მიმართულებით, მინდა შევახსენო: ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებენ რუსეთის მმართველ პარტიასთან, რომლის ლიდერებმაც გასცეს საქართველოს დაბომბვისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის ბრძანება - არის საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი.
ასე რომ, ოკუპანტებთან თანამშრომლობა არ არის სახუმარო საქმე და ამ საქმიანობის განკითხვის დრო აუცილებლად დადგება.
გია თორთლაძე
საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე