RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

მძიმე თვე

ერთ თვეზე მეტია, რაც ოჯახური პრობლემების გამო, არამცთუ არაფერი დამიწერია, არამედ ტვინიც, ემოციებიც, ფიქრებიც სულ სხვა, რადიკალურად განსხვავებული და ძალიან არასასიამოვნო, სევდითა და ტკივილით აღსავსე მიმართულებით მქონდა და ბოლომდე "ფორმაში", მგონი, არც ახლა უნდა ვიყო ჩამდგარი.

24 საათი 20.02.10

ერთ თვეზე მეტია, რაც ოჯახური პრობლემების გამო, არამცთუ არაფერი დამიწერია, არამედ ტვინიც, ემოციებიც, ფიქრებიც სულ სხვა, რადიკალურად განსხვავებული და ძალიან არასასიამოვნო, სევდითა და ტკივილით აღსავსე მიმართულებით მქონდა და ბოლომდე "ფორმაში", მგონი, არც ახლა უნდა ვიყო ჩამდგარი.

თუმცა დამერწმუნეთ, ამ, ასე ვთქვათ, მობოდიშებით, ახსნა-განმარტებით შესავალს, ისევე, როგორც ჩემს ერთთვიან პაუზას, ნამდვილად საპატიო და ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე მიზეზი აქვს. იანვრის ბოლოს დედა გარდამეცვალა. არ გეგონოთ, თავს გაცოდებდეთ, ან ჩემი განცდების აღწერას, ან მითუმეტეს, თქვენთვის ამის თავზე მოხვევას ვაპირებ. უბრალოდ, წლების წინ თქვენს წინაშე აღებული

სრული გულახდილობის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ვალდებულება უფლებას არ მაძლევს, რომ ჩემი ცხოვრების ამ უმძიმესი და ძალიან მტკივნეული მომენტის საქმის კურსში ოდნავ მაინც არ ჩაგაყენოთ. ცხოვრებაში არსებობს ისეთი წუთები, როდესაც ძალიან ბევრი და ერთი შეხედვით, არც თუ

უმნიშვნელო რამეები, მასშტაბში, თითქოს, იცვლება, პატარავდება. საქვეყნო უბედურებისას და ამაში დარწმუნების სამწუხარო საშუალება 2008 წლის აგვისტოში თითოეულ ჩვენთაგანს მოგვეცა, ყველა სხვა პრობლემა მართლაც რომ პატარავდება, მეორე პლანზე გადადის. პირადი უბედურების დროს კი სხვა, გვერდითი ამბები, რომლებიც დჰò კიდევ გუშინ ასე გადარდებდა, გაინტერესებდა, გახარებდა, გწყინდა ან აღგაშფოთებდა, თითქოს საერთოდ აღარ გახსოვს. ერთი ფატალური წამია საკმარისი, რომ ყველაფრის გადაფასება, გადახედვა მოხდეს და წინა პლანზე სულ ახალმა, შეიძლება, დღემდე უცნობმა ფასეულობებმა წამოიწიოს. ცხოვრებისეული ხედვის სრულიად ახალი რაკურსი გაჩნდეს და ის, რაც შენი სიცოცხლის მანძილზე მეტ-ნაკლებად დალაგებული გეგონა, ერთ წამში აგიტრიალდეს, ან დაგენგრეს კიდეც. თუნდაც დროებით, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების რითმიდან დაწყებული, ფიქრებით დამთავრებული, ყველაფერი შეიცვალოს. საინტერესო - უინტერესო, მნიშვნელოვანი - უმნიშვნელო, აქტუალური - სრულებით არააქტუალური… სასაცილოც კი გახდეს. მაგალითად, გამოგიტყდებით, რომ მთელი ამ, ჩემთვის ასეთი მძიმე თვის მანძილზე ნოღაიდელის სრულიად კლასიკური, საქართველოს ისტორიაში უამრავჯერ ნანახი, განცდილი, გადატანილი და შესაბამისად შეფასებული, ტიპური ღალატი ერთხელაც არ გამხსენებია. ერთი პატარა, რიგითი მოღალატის არც სიძულვილის, არც მითუმეტეს, შეცოდების თავიც არ მქონდა და სურვილიც. ან კი სად მეჩქარებოდა? ამაზე შეფასებას ქართული საზოგადოება როგორმე უჩემოდ, თან ჩემზე უკეთ და მკვეთრად გააკეთებდა. მე კი ჩემი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვას ყოველთვის მოვასწრებ. ღალატს და მის შეფასებას ვადა არ აქვს. ღალატი ის მარადიული ცოდვა, ტვირთია, რომელსაც ერთხელ თუ აიკიდებ, მერე უკვე მთელი ცხოვრების მანძილზე და შეიძლება, სიცოცხლის მერეც, სულ ასე ტვირთაკიდებული, დამძიმებული, სახელგატეხილი და თავმოჭრილი იქნები და იქნები. მეტიც, ამ ტვირთს შენს მომდევნო თაობებს მარადიული სირცხვილის ფორმით, მემკვიდრეობით, დაუნდობლად დაუტოვებ. მთელი ამ თვის მანძილზე ერთხელაც არ დავინტერესებულვარ, მორიგი ფული ფსბ-ს ხაზინიდან ვინმე ხუბუტიამ ვის მისცა. ხელოვნების სიყვარულისა და მეცენატობის ნიღბით აფარებულმა, კიდევ ვისი, რომელი ქართველი ხელოვანის მოსყიდვა შეძლო? ან რამდენად? რამდენად, ეს, ალბათ, ყველაზე კარგად ვინმე ებრალიძემ იცის, რომელმაც სულ ახლახან, მოგონილი ლიტერატურული პრემიის ფორმით ეს ძალიან წარმატებულად და რაც მთავარია, იაფად მოახერხა. მეორე მხრივ, შეიძლება ეს ებრალიძე ლიტერატურის მცოდნე მართლაც არის. უბრალოდ, მეტყველება უჭირს, თორემ წიგნი კი ესმის და ეს ჩვენი ღვაწლმოსილი და ამბიციური მწერლები და პოეტები, მათი ღირებულების შესაბამისად, სრულიად რეალურად და ასე მუქთად შეაფასა. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და კალმის ამ დიდოსტატების ღირებულება არც ამ თვეში მაინტერესებდა და დიდად, არც ახლა. მე რატომღაც, ასე ვიცი, რომ მწერალს მკითხველი და არა რომელიმე სპეცსამსახური აფასებს. არც იმით დავინტერესებულვარ, ისევ და ისევ ნოღაიდელი, რომ იტყვიან, "გორლაზე" ასე რამ მოიყვანა? რომ იმუქრება, რას ან ვისი ზურგით იმუქრება და ვის ემუქრება? ვის ეშინია ნოღაიდელის, თუნდაც თავის პეტრე მამრაძიანა? არც იმით დავინტერესებულვარ, "ინტელიგენტ" მამრაძეს და რბილად რომ ვთქვათ, არაინტელიგენტ ნოღაიდელს ასე რა აერთიანებს? თუმცა, ალბათ იოლად დამეთანხმებით, რომ ჩემი სუბიექტური უინტერესობა-ინდიფერენტულობა აქ არაფერ შუაშია და ეს ტანდემი თავისთავად ისეთს არაფერს წარმოადგენს, რომ მასზე საუბარი ან მითუმეტეს დაფიქრება ღირდეს. ისედაც ყველაფერი ნათელია. არც ის მაინტერესებდა, ამ გიორგი თარგამაძემ ივან ვასილიჩის როლი თავის თავზე რატომ დაიკისრა, დროის მანქანის დაქოქვა და ჩვენი ყველასი, შეიძლება არც თუ შორეულ, მაგრამ სრულიად არასიმპატიურ წარსულში, გია ჭანტურიას მეშვეობით დაბრუნება რატომ მოგვისაჯა? ფილარმონიაში გამართულ, ჭანტურიას მერობის კანდიდატად წარმდგენ მიღებაზე ერთი-ორი ყოფილი მაღალჩინოსნის და კიდევ შევარდნაძე-აბაშიძის გარდა, მგონი არც არავინ აკლდა. შეიძლება მეშლება, მაგრამ ჰიმნიც ისეთი მომეჩვენა, რომელსაც სეფიაშვილის ან პახმუტოვას მეტი ვერავინ შექმნიდა. მოკლედ, პომპეზური მიღების, თარგამაძის პათოსისა და თვით ჭანტურიას შემხედვარეს, თავი სადღაც ნაცნობ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მეგონა, მაგრამ ინტერესი არანაირი არ გამჩენია. არც, რა თქმა უნდა, ნოსტალგია. ეს უფრო ცეკას მდივნების და "ცეხავიკების" ნოსტალგიითა და სითბოთი აღსავსე საღამო იყო.

მთელი თვე ერთი წამითაც არ გამხსენებია არც ბურჯანაძე და მისი ბეწვეული; არც ექსრემბო ოქრუაშვილი; არც ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, კოლორიტული, ჩამცმელი ძმები გაჩეჩილაძეები; არც სრულიად არაკოლორიტული და ჩაუცმელი ძმები ბერძენიშვილები; არც უცვლელი, საკმაოდ სპეციფიური და გამორჩეულ გემოვნებაზე გათვლილი მომხიბვლელობის მქონე ბესელია; არც გემრიელი სადილის მოყვარული და ამის გამო ნებისმიერ კომპრომისზე წამსვლელი, გურმანი დავითაშვილი; არც გუბაზ სანიკიძე, რომელსაც ღმერთმა დაიფაროს და თუ მოშივდა, კობა დავითაშვილსაც კი ასე, ერთ ლუკმად, დესერტად მიაყოლებს; არც პროვინციულად ამბიციურ-აგრესიული ძიძიგური... არც ერთხელ არ დავფიქრებულვარ სად არის ახლა, ან რას საქმიანობს მაგალითად გუგავა, კუკავა, გუნავა... ისინი, ვინც დღევანდელი ქართული ოპოზიციის სავალალო სისუსტის, თუ არა უბადრუკობის, გარანტები არიან. მეტსაც გეტყვით, ჩემმა ინდიფერენტულობამ ისეთ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, რომ ინტერესი, ან ელემენტარული ცნობისმოყვარეობა ჩემში ალასანია-ლავროვის, შეიძლება ხანმოკლე, მაგრამ პოლიტიკოსების რანგიდან, წონადობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ კონსტრუქციულმა დიალოგმაც კი არ გააღვიძა. ნოღაიდელის მიერ "ედინაია როსიასთან" ხელმოწერილ დოკუმენტზე რომ აღარაფერი ვთქვა. ნოღაიდელი იმ ინდივიდუალურობის პოლიტიკური პერსონაა, რომელიც საკუთარ ერთპიროვნულ სახეს თვით სატანასთან გარიგების დროსაც არ დაკარგავს. ზურაბი ერთიან, დიდ რუსეთშიც ყოველთვის ზურაბი დარჩება! უბრალოდ, დღეს-დღეობით, შეიძლება ლამაზი, კოლორიტული, მაგრამ პატარა და სერიოზულად ზიანმიყენებული საქართველო მისი რანგის და ამბიციების მასშტაბს ვერაფრით აკმაყოფილებს. რას იზამ? თუმცა, ეს სულ მთლად არ მაღელვებს.

ამ მძიმე თვის მანძილზე ტელევიზორი “კავკასიაზე” ერთხელაც არ გადამირთავს და უნიკალური აქუბარდიასთვის თვალიც არ მომიკრავს. ალბათ, იოლად მიხვდებით, რომ რისი-რისი და იუმორის თავი და გუნება ნამდვილად არ მქონდა. აქუბარდიას მოსმენა-ყურება გულიანი სიცილის გარეშე კი, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია! რა ვანო ჯავახიშვილი და რა აქუბარდია! მგონი, ეს უკანასკნელი, კომიკურობის თვალსაზრისით, პროფესიონალებს ჯობნის კიდეც!

არ დავინტერესებულვარ, არც გამხსენებია და შესაბამისად ნანუკა ჟორჟოლიანის, მაია ასათიანის, ნანკა, თუ ნონკა, თუ… კალატოზიშვილის, ანუ ჩვენი ტელესივრცის ერთი-მეორეზე განუმეორებელი, მოკაშკაშე ვარსკვლავების გადაცემები არ მინახავს. ისე, ამბად ვიცი, მახსოვს, რომ საოცრად მონდომებულად და ძალდატანებით ერთი გაგიჟებულად "სვეტობს", მეორე ვითომ გულუბრყვილობს და გამუდმებით თვითონაც ტირის და ჩვენც გვატირებს, მესამე კი ისეთ დემონურობას აწვება, რომ მასზე რაიმეს თქმა, ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც. ქართულ ტელესივრცეში ბევრი საინტერესო, დასამახსოვრებელი, ინდივიდუალიზმით, მაღალი ინტელექტით, შარმით გამორჩეული სახეა, მაგრამ ვარსკვლავი ხომ იმის ვარსკვლავია, რომ სხვებზე კაშკაშად ანათებდეს. ამ ზემოთ ჩამოთვლილ სამ მშვენიერ ქალბატონს მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქართულ ტელევიზიაშიც კი ბადალი არ მოეძებნება. ამაზე, იმედია, არავინ შემეკამათება. ხომ ხედავთ, მათმა ნათებამ ჩემს უგუნებობა-ინდიფერენტულობაშიც კი შემოაღწია. მართალია, არ გაანათა, არ გაათბო. მოდით, ახლა ცოტა რეალისტები ვიყოთ და არარეალურ მაქსიმუმს ნუ მოვითხოვთ. მთელი ამ ხნის მანძილზე სრულებით არ მაინტერესებდა გარეთ როგორი ამინდია, წვიმს, თოვს, ქარი ქრის თუ მზეა. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა და სად ეცვა პრეზიდენტს. მეტსაც გეტყვით, ამ, ჩემი აზრით, სრულიად უმნიშვნელო საკითხისადმი საზოგადოების სნობური ყურადღებაც არ მაინტერესებდა. თბილისში “მეშჩანობას” რა გამოლევს? საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება, ერთი წამითაც ნერვები არ ამიშლია თბილისის ქაოტურ-უსისტემო საცობების გამო. აბსოლუტურად ინდიფერენტულად ვიდექი საცობებში საათობით, ქართველი მძღოლების ენითაღუწერელ მანევრებს ვუყურებდი და ჩემს პირად, სევდიან ფიქრებს მივყვებოდი. თითქმის არც ერთხელ არ მიყურებია საინფორმაციო გამოშვებებისთვის. ან, შეიძლება ვუყურებდი კიდეც, მაგრამ რაღაც უჩვეულო ზედაპირულობით. რომ იტყვიან, ერთ ყურში ვუშვებდი და მეორედან გამოვუშვებდი. წვრილ-წვრილ ჭორებზე, პატარ-პატარა პიკანტურ ამბებზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. მათთვის ყურიც არ მომიკრავს. სრულიად ბუნებრივად და ამას დიდი აღნიშვნა არ სჭირდება, არც თეატრში, არც კინოში, არც დაბადების დღეზე და არც საღამოს სტუმრად ჩაიზე მეგობრებთან არ ვყოფილვარ.

გასული თვე მართლაც ძალიან, ძალიან მძიმე მქონდა. დედის გარეშე დარჩენა დაუშრობელ ცრემლს, გაუსაძლის ტკივილს, მარტოობის, დაუცველობის შიშს, ცხოვრების ერთი, დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას… და კიდევ ბევრ სხვა, ერთი-მეორეზე რთულს გულისხმობს. ასე, ცალსახად, სუბიექტურად, დედის გარდა აღარასდროს, არავის ეყვარები… ალბათ, ჩემი ამგვარი ფიქრები კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა, ის ტრაგედია რომ არა, რომელიც კანადაში, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ მოხდა და რომელმაც არამარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა, დაამწუხრა, თვალზე გულწრფელი ცრემლი მოჰგვარა. კანადაში 21 წლის ულამაზესი, სიცოცხლითა და ოპტიმიზმით სავსე, ძლიერი, მომღიმარე, ყველასთვის საყვარელი და საამაყო სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ამ ენითაღუწერელმა უბედურებამ, თითქოს გამომაფხიზლა, ჩემი პირადი განცდებით გამოწვეული მძიმე აპათიიდან გამომიყვანა და ზოგადად, ტრაგედიის, ტკივილის უსასრულობაზე, უკიდეგანობაზე დამაფიქრა. მე დედა დავკარგე და ეს ჩემი, პირადი, ძალიან დიდი, მტკივნეული და აუნაზღაურებელი დანაკარგია. მთელმა საქართველომ თავისი ულამაზესი შვილი დაკარგა და ეს კი მთელი ერის ტრაგედიაა. ამ პატარა, სიცოცხლით სავსე ბიჭის დაღუპვამ, თითქოს, გამოფხიზლების მიზნით, სახეში მტკივნეული სილა გამაწნა. ცხოვრება გრძელდება და ტკივილებისა და დანაკარგების მიუხედავად, მაინც მშვენიერია. დედაჩემი ყოველთვის ჩემთან, ჩემს ყველაზე ღირებულ, ძვირფას მოგონებებში დარჩება. ნოდარ ქუმარიტაშვილი საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება და ამ ხსოვნას სათუთად შეინახავს, რათა მის მაგალითზე კიდევ ბევრი ასეთი ბიჭები გაზარდოს. ცხოვრება გრძელდება. მე, შევეცდები წერა გავაგრძელო. თქვენ, მოკრძალებული იმედი მინდა ვიქონიო, ჩემ დაწერილს წაიკითხავთ ხოლმე. სიტყვას გაძლევთ, ვეცდები თემების არჩევანი გავაფართოვო და მაქსიმალურად გავახალისო. აი, ნოღაიდელს კი რა ეშველება, მაინც არ ვიცი და რაღა დაგიმალოთ, ახლა უკვე მის ხვედრზე ვღელავ კიდეც. აი, აპათიისა და ინდიფერენტულობისგან ჩემი განკურნების პირველი ნიშნებიც!

თემების გაფართოვებას რაც შეეხება, ახლა სრული თავისუფლება მაქვს. წლების მანძილზე, ჩემ წერასთან დაკავშირებით ნერვიულობა დედაჩემს ოდნავაც არ შეუსუსტებია. წინასწარ სულ იმის დადგენას ცდილობდა, ამ კვირაში რაზე, ან, მითუმეტეს, ვისზე ვწერ. ჩემგან თუ ვერ იგებდა, ჩემი შვილების გამოტეხვას იწყებდა და ვაი ჩემი ბრალი, თუ ჩემი კრიტიკის ადრესატი, შემთხვევით, ვინმე მისი ნაცნობი ან ნაცნობის შვილი აღმოჩნდებოდა! წერილის თემის ან ადრესატის შესაცვლელად ხან მეჩხუბებოდა ხან მემუდარებოდა, ხან სათითაოდ ყველა შვილს მაფიცებდა და ხან საშვილიშვილოდ მებუტებოდა. მთავარ არგუმენტად კი ის მოყავდა, რომ შენი სულელური წერილების გამო, თბილისში აღარავინ მესალმებაო, ხვალ არა, ზეგ ვინმე გამლანძღავს და ვერც ვერაფერს ვუპასუხებო. მერე გაზეთს იყიდდა, წაიკითხავდა და ოდნავ ხმადაბლა მეტყოდა - ისე, ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ... და თავიდან იწყებოდა... იცით, ეს ყველაფერი როგორ მაკლია, როგორ მწარედ მენატრება?!

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი