"საქართველო აგრესორია!" - რეალობას მოკლებული, ფუჭი ოცნება
24 საათი 15.02.10

"საქართველო აგრესორია!" - რეალობას მოკლებული, ფუჭი ოცნება
საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები იმთავითვე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეძლო პირველ ხანებში წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომისათვის, რაზედაც მოსკოვი მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს, რათა მიეჩქმალა საქართველოში რუსეთის ინტერვენციისა და ოკუპაციის ფაქტები და ომის დაწყება საქართველოსათვის გადმოებრალებინა.
სამწუხაროდ, დასავლეთის პრესა, პოლიტიკოსები და ზოგი საერთაშორისო ექსპერტიც კი (განსაკუთრებით გერმანიაში) წამოეგენ ამ ანკესზე. პოლიტიკოსებს აწყობდათ შემოთავაზებული ვერსია, რადგანაც მომხდარში ლომის წილი სწორედ დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებს (საფრანგეთსა და გერმანიას) მიუძღვით - ნატოში საქართველოს უფრო ქმედითი ინტეგრაციის პროცესის შენელებამ ხელი შეუწყო რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაში ინტერვენციას.
ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დაჟინებით აბრალებდა საქართველოს აგრესიული ომის დაწყებას, თითქოს მან “პირველმა შეუტია" ცხინვალს და რუსეთის მიერ დაგებულ მახეში გაება.
ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭომ 2008 წლის 2 დეკემბერს დაავალა საქართველოში კარგად ცნობილ შვეიცარიელ დიპლომატს ჰეიდი ტალიავინის, შეექმნა “საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისია". მისიას დაევალა მომხდარი სამხედრო დაპირისპირების წარმოშობის, ომის დაწყების მიზეზების და მისი მსვლელობის დროს ჩადენილი დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტების მოძიება.
მოხსენებას, რომელიც ჰ. ტალიავინმა 2009 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ზოგი მის ობიექტურობას აქებდა, ზოგი მისიას ფაქტებისა და მათი შეფასების შეუთავსებლობას აბრალებდა, ცნობილმა რუსმა ექსპერტმა, ვ.პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა ა. ილარიონოვმა მოხსენების ძირითადი ნაწილი კი დაახასიათა, როგორც “სკანდალური", რადგანაც “მოხსენება... მხარს უჭერს აგრესორს, ამართლებს მომხდარ ინტერვენციას და წარმოადგენს ცრუ სამართლებრივ დასაბუთებას, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალში შესაძლო აგრესიებისა, რაც, სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის (А. Илларионов. Перевое впечатление - это скандал).
იმთავითვე შემეპარა ეჭვი მისიის სრულ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაში, რადგანაც მის შემადგენლობაში 19 წევრიდან 7 გერმანელი იყო, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში ადანაშაულებდნენ საქართველოს. ბელგიელი ექსპერტი ბრუნო კოპიეტერსი კი ტრადიციულად აფხაზი სეპარატისტების გულმოდგინე დამცველად გვევლინება, რის გამოც, მე პირადად, მასთან მწვავე კამათი არაერთხელ მომსვლია მოლაპარაკებებისა თუ საერთაშორისო სემინარების დროს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მოძიებული ფაქტების რაოდენობა და მათი შემზარავი ხასიათი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისიამ ვერ გაბედა რუსეთი მთლიანად “გაეთეთრებინა" და იძულებული გახდა, სააშკარაოზე გამოეტანა აღნიშნული ფაქტები, თუმცა მათი ზოგიერთი შეფასება აბსოლუტურად მიუღებელია.
მოხსენებამ საქართველოშიც გამოიწვია შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებას კარგად იყენებენ ცრუ მეცნიერები (ცრუ ექსპერტები) და დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს, როგორც ტელევიზიით, ასევე ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ ბიძინა სავანლი, რომელიც არა მარტო უხეშად ამახინჯებს ფაქტებს, არამედ - არც კი ცდილობს, შეეწინააღმდეგოს ჰ. ტალიავინის მოხსენებაში არსებულ უზუსტობებს და შეცდომებს, სწორედ რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. პირიქით, მოცემული პიროვნება ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს აგრესიაში დადანაშაულებაში, რისთვისაც იყენებს მისიის მოხსენებას. ზემოაღნიშნული დასკვნის გაკეთების უფლებას მაძლევს ბ. სავანელის ინტერვიუები, რომლებიც “საქართველოს რესპუბლიკაში" 2009 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით - “არა ნეიტრალიტეტი, არამედ ბლოკებს მიუმხრობელი პოლიტიკა" და - იმავე გაზეთის 2010 წლის 5 თებერვალს, ოდიოზური სათაურით - "სააკაშვილს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება". აღარაფერს ვამბობ სხვა გაზეთებზე, რომლებიც წალეკილია ცრუ ექსპერტის "შედევრებით".
ამჟამად განვიხილავ მხოლოდ პირველ ინტერვიუს, რადგანაც მეორე ინტერვიუ იმეორებს პირველს და მას მხოლოდ აბსურდულ სიცრუეს მატებს, რის გამოც მის დეტალურ კრიტიკაზე აღარ შევჩერდები.
პირველივე სტრიქონში ვკითხულობთ: “მისიას და მის მოხსენებას საერშთაშორისო სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა და აქვს(?), რადგან მისია შედგებოდა ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მიერ ოფიციალურად წარდგენილი პირებისაგან(?), მოკლედ ეს იყო ევროკავშირის სამთავრობათაშორისო(?) ოფიციალური(?) ორგანოს მოხსენება. ამიტომ, მისიის მოხსენებას იურიდიული ძალა აქვს(?) (ხაზგასმა ჩემია), მიუხედავად იმისა, მას რომელიმე მხარე დაეთანხმება თუ - არა."
როგორც ხედავთ, თითქმის ყოველ ფრაზაში კითხვის ნიშანი დაისვა, რადგანაც ფაქტებისა და არსის უპრეცედენტო უვიცობის და სიცრუის ნუსხას წარმოადგენს.
ა) ნებისმიერმა ექსპერტმა იცის, რომ ასეთი სახის მოხსენებებს არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს. მისიას მხოლოდ ფაქტების მოძიება, მათი კლასიფიკაცია და დამფუძნებელი ორგანოსათვის წარდგენა ევალება. იგივე ა. ილარიონოვი, იშველიებს რა ჰ. ტალიავინის მოხსენებას, წერს: “ევროკავშირის კომისია გამომძიებელთა და არა მოსამართლეთა კომისიაა. მოხსენების შესავალში სამართლიანად არის აღნიშნული, რომ კომისია არ არის ტრიბუნალი, კომისიის ნებისმიერი დასკვნა არ წარმოადგენს ვერდიქტს, მაგრამ შეიძლება საფუძვლად დაედოს ასეთ ვერდიქტს." (იხ. მოხსენება, (შემდგომ მითითებულია მხოლოდ ტომები I ან II) შესავალი, პარ. 8 - ლ.ა.). უფრო მეტიც, ევროკავშირი, გაეცნო რა წარდგენილ მოხსენებას, “მიესალმა მას" და ცნობად მიიღო მისი შინაარსი. (ევროპის კავშირის საბჭო, ბრუსელი, 2009, 13875/09)
ბ) თურმე მოხსენებას “იურიდიული ძალა აქვს, რადგანაც ეს იყო ევროკავშირის სამთავრობათაშორისი ოფიციალური ორგანოს მოხსენება".
მაგრამ თვით ჰ. ტალიავინი სულ სხვა რამეს ამტკიცებს - მას მიეცა სრული დამოუკიდებლობა არა მარტო მისიის პროცედურებისა და მეთოდების შემუშავებაში, არამედ მისი შემადგენლობის შერჩევაშიც. (I, პარ.3) “ექსპერტმა" უნდა იცოდეს, რომ მისია ვერ იქნებოდა სამთავრობათაშორისო ოფიციალური ორგანო, რადგანაც ტერმინი "სამთავრობოთაშორისო" სულ სხვა მნიშვნელობისაა. ასეთი ორგანო მთავრობების ან მათ მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დანიშნული პირებისგან უნდა შედგებოდეს და არა კერძო პირებისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში ყოფილი მინისტრები და ელჩები იღებდნენ მონაწილეობას. უფრო მეტიც, მოხსენება, აღნიშნავს რა თავის საგამოძიებო ფუნქციას, იქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “მიუხედავად მთელი ჩატარებული სამუშაოსი, მოხსენებას არ შეიძლება ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ “მოძიებული ფაქტები ჭეშმარიტი ან აბსოლუტურად ამომწურავი ხასიათისაა". (I, პარ. 9)
გ) "საქართველოს დანაშაულებრივი ქმედებების" დასამტკიცებლად, ცდილობს რა ამოეფაროს მოხსენებას, ბ. სავანელი თითქოს ობიექტურად ახდენს ციტირებას: "ქართული შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის და მისი მიმდებარე სოფლების დიდმასშტაბიანი და მასირებული დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი საქართველოში". ბ. სავანელი არ აზუსტებს, თუ რომელი პარაგრაფი შეიცავს ამ განცხადებას. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ფრაზა ამოგლეჯილია კონტექსტიდან. სინამდვილეში, სიტყვების "კონფლიქტი საქართველოში" შემდეგ, მისია აგრძელებს მსჯელობას: "თუმცა ეს იყო მხოლოდ კულმინაციური წერტილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციების და ინციდენტებისა", (I, პარ. 3)
სწორედ ამაშია საქმე: მისია ცალსახად ვერ ადანაშაულებს საქართველოს უეცრად, უმიზეზოდ ცხინვალზე თავდასხმაში, მაგრამ იგი მაინც ცდილობს მოიძიოს ფაქტები იმ განცხადების გასამყარებლად, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი. აღნიშნულის მტკიცება მისიას აშკარად გაუჭირდა, რადგანაც ყოველ ნაბიჯზე ის ხაზს უსვამს მოხსენების დებულებათა არასრულყოფილ ხასიათს.
“მოხსენება გვიჩვენებს, რომ კონფლიქტის წარმოშობის ნებისმიერმა ახსნამ არ შეიძლება ფოკუსირება მოახდინოს მხოლოდ ცხინვალზე 7-8 აგვისტოს საარტილერიო თავდასხმაზე, რაც შემდგომ გადაიზარდა საქართველოს სადავო შეტევაში სამხრეთ ოსეთზე და რუსეთის სამხედრო მოქმედებაზე. შეფასება აგრეთვე უნდა მოიცავდეს ომისკენ სვლას, რომელიც ხდებოდა მანამდე, წლების განმავლობაში, და მზარდ დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა სწორედ შეიარაღებული დაპირისპირების წინ". (I, პარ. 36)
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ “რუსეთმა დაახასიათა თავისი სამხედრო მოქმედებები საქართველოში, როგორც “მშვიდობის იძულებით აღდგენის ოპერაცია", ხოლო საქართველომ ამას “აგრესია" უწოდა. საერთაშორისო საზოგადოებამ, მთავარი მოქმედი პირების ჩათვლით, ასევე ევროკავშირმა, თავი აარიდა ფორმალურ კვალიფიკაციას." (I, “2008 წლის კონფლიქტი საქართველოში", პარ. 18). საბოლოო ჯამში, მისიამ მოწინააღმდეგე მხარეების ქმედებების დახასიათებისთვის გამოიყენა ტერმინები “პროპორციული" და “არაპროპორციული პასუხი". რუსეთის საქართველოში შემოჭრასაც კი, “თბილისის დაბომბვის ჩათვლით", უწოდეს “არაპროპორციული პასუხი", რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ცხინვალისათვის ცეცხლის გახსნას, ოსების მხრიდან გამუდმებული თავდასხმების გამო (ამის დასადასტურებელი მაგალითები უხვად არის მოყვანილი მოხსენებაში), ასევე კვალიფიცირებულია, როგორც “არაპროპორციული".
დ) ბ. სავანელი ბრძანებს: “ძალის გამოყენება ქართული მხარის მიერ, რაც გამოიხატა ცხინვალის და მიმდებარე სოფლების მიმართ გრადის და კასეტური ბომბების გამოყენებაში, შეიძლება შეფასდეს როგორც აგრესია (ხაზგასმულია ბ. სავანელის მიერ) გაეროს (სად გაქრა სიტყვები - “გენერალური ასამბლეის" - ლ.ა.) N3314 რეზოლუციის მუხლი 3(ა)-ს თანახმად. ვნახოთ რას გვაუწყებს აღნიშნული მუხლი: “მუხლი 3. აგრესია არის სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლინობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა, გაერო-ს წესდებასთან შეუთავსებელი ქმედება, როგორც ამას განსაზღვრავს დეკლარაცია.
მუხლი 3.ა) [აგრესია არის] სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ან თავდასხმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, როგორი დროებითიც არ უნდა იყოს ის, რაც ამ შეჭრის ან თავდასხმის შედეგია, ან ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ანექსია." [თარგმანი ლ.ა.]
ახლა ვნახოთ, რას წერს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, გაეროს მიერ შექმნილი რამდენიმე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის თავმჯდომარე ანტონიო კასესე, თავის სტატიაში - “მგელი, რომელმაც შეჭამა საქართველო” (Guardian 01.09.08): "რუსეთმა ჩამოაყალიბა რამდენიმე მიზეზი, რათა გაემართლებინა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, სადაც სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფებიან. რუსეთი ცდილობს დაასაბუთოს, რომ მისი ინტერვენცია მიზნად ისახავდა 1. შეეჩერებინა საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ; 2. აღეკვეთა ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და ომის დანაშაულები, რომლებსაც ჩადიოდა საქართველო; 3. დაეცვა რუსეთის მოქალაქეები... ვერც ერთი აღნიშნული იურიდიული არგუმენტი ვერ უძლებს კრიტიკას აგზავნიდა რა თავის ჯარებს, საქართველო უდავოდ მოქმედებდა ერთობ პოლიტიკურად წინდაუხედავად, მაგრამ მას არ დაურღვევია არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, როგორი ნომინალურიც არ უნდა ყოფილიყო მისი სუვერენიტეტი. მოცემულ შედეგებში არც გენოციდი ან ეთნიკური წმენდის ნიშნები არ იკვეთება, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ჩადენის შემთხვევაშიც კი, რუსების შეჭრა არ არის გამართლებული. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსებს აქვთ რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა რამდენიმე ხნის წინ ცალხმრივად მიანიჭა მათ თავისი მოქალაქეობა.”
ლონდონის საყოველთაოდ ცნობილი ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი როი ალისონი წერს: “რუსეთი დაუღალავად იმეორებდა, რომ საქართველო დაესხა თავს პირველი..." და მიუთითებდა აგრესიის იმ განსაზღვრებას, რომელსაც შეიცავს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 3314(1974), მაგრამ რუსეთის მცდელობა, დაადანაშაულოს საქართველო “აგრესიის ჩადენაში" სამართლებრივად ვერ ამართლებს რუსეთის თავდასხმას ან ჯარების გამოყენების სხვა ფორმებს საქართველოს წინააღმდეგ, რადგანაც სახელდობრ რუსეთის ტერიტორია არ იყო თავდასხმის ობიექტი. ეტყობა, სწორედ ამ “ხარვეზის" შესავსებად ვ. პუტინმა 2008 წლის 11 სექტემბერს სოჭში, ვალდაის კლუბის წევრებთან შეხვედრისას, ღიად განაცხადა: “რა გინდოდათ, რომ გაგვეკეთებინა... როდესაც აგრესორი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე (ხაზგასმა ავტორისა), უნდა გაგვერტყა სილა - აგრესორი უნდა დაისაჯოს" (როი ალისონი “რუსეთის მცდელობა გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია საქართველოში: საერთაშორისო სამართალი, ნორმები და პოლიტიკური გათვლები", ჟურ. European Security 18, 2,173-2009, გვ.170).
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ჰ. ტალიავინის მიერ მოძიებული ფაქტები არ იძლეოდა საქართველოს აგრესიაში დადანაშაულების საფუძველს, ამიტომაც მოხსენების შესავალში სიტყვა “აგრესია" არც ერთი მხარის მიმართ არ არის გამოყენებული, თუმცა II ტომში ფართოდ არის განხილული, თუ რამდენად თავსდება საქართველოს 2008 წლის 7 აგვისტოს ქმედება აგრესიის ჩადენის განსაზღვრებაში.
მისიის მოხსენებაში კარგად ჩანს ის ორჭოფული პოზიცია, რომელიც გამოიკვეთა მხარეთა ქმედებების შესწავლისა და შეფასების დროს. პირველ რიგში, ვნახოთ, თუ როგორ აფასებს მოხსენება რუსეთის შემოჭრას საქართველოში:
“რუსეთი ჩართული იყო კონფლიქტში რამდენიმე გზით. პირველი, რუსეთის სამშვიდობოები, რომლებიც დისლოცირებულნი იყვნენ სამხრეთ ოსეთში, სოჭის შეთანხმების საფუძველზე, ჩაერთნენ ბრძოლაში ცხინვალისათვის. მეორე, რუსეთის რეგულარული ჯარები იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და უფრო ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე. მესამე, ჩრდილო კავკასიის არარეგულარულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა ბრძოლაში. დაბოლოს, რუსეთი მრავალი საშუალებით ეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალებს, განსაკუთრებით მათი წვრთნით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, დაფინანსებით და სხვა მხარდაჭერით... გაერო-ს წესდების 2(4) მუხლისა და პარალელურად ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციებმა საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით)... დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ." (IIტ., გვ. 263-264)
მოხსენებაში უარყოფილია რუსეთის ყველა მცდელობა, სამართლებრივად გაემართლებინა ინტერვენცია: ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით (II, გვ.264-268), ინტერვენცია სამხრეთ ოსეთის თხოვნით (II, გვ.282), “კოლექტიური თავდაცვა" (II, გვ.283), სამშვიდობოების დაცვის საჭიროება (II, გვ.270), რუსეთის მოქმედებების აუცილებლობა და პროპორციულობა (II, გვ.274-289), “ჰუმანიტარული ინტერვენცია" რუსეთის მოქალაქეების და ოსების მიმართ გენოციდის აღკვეთის მიზნით (II, გვ.284).
საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი ობიექტური ექსპერტისათვის ზემოთ ჩამოთვლილი “ქმედებანი" მთლიანად თავსდება გაერო-ს წესდების 2(4) მუხლით აკრძალული პრინციპის და გენერალური ასამბლეის 3314 რეზოლუციის ჩარჩოებში, ე.ი. ეს ქმედებები აშკარად აგრესიულ ხასიათს ატარებდნენ, თუმცა მისიამ თავი შეიკავა მსგავსი კვალიფიკაციისაგან.
რაც შეეხება საქართველოს, მისია არ უარყოფს ოსების მხრიდან ქართულ სოფლებზე და სამშვიდობოებზე თავდასხმებს, რაც მსხვერპლითაც კი მთავრდებოდა; არც იმას უარყოფს, რომ 7 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩრდილო კავაკასიიდან როკის გვირაბით და უღელტეხილებით გადმოსული შეიარაღებული “მოხალისეებისა და დაქირავებული პირების უწყვეტი ნაკადი მოედინებოდა" (II, გვ.221). ამავე დროს, მისია ცდილობს, უარყოს რუსეთის რეგულარული ჯარების შემოსვლა როკის გვირაბით, თუმცა არსებული წყაროების მიხედვით, უკვე დიდი ხანია დადასტურდა, რომ სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტომდე დისლოცირებული იყო რუსეთის რეგულარული ძალების რამდენიმე ნაწილი, რომლებიც იქ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ (იხ. ალისონი, გვ.176-177; ილარიონოვი, “Как готовилась война" - “Новая Газета”, 2009, 24-26 ივნისი, 1 ივლისი)
საზღვარგარეთ მოღვაწე საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ექსპერტების უმეტესობა იმ აზრისაა, რომ საქმე ის კი არ იყო, რომელმა ჯარისკაცმა ისროლა პირველმა, არამედ - იმ კრიტიკულ სიტუაციაში, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო და რამაც მას უბიძგა თავიდან აეცილებინა ფართომასშტაბიანი შტურმი. როგორც ვაცლავ ჰაველი, ვალდას ადამკუსი და სხვა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები აღნიშნავდნენ, “საკვანძო კითხვა ის უფროა, თუ რომელი ქვეყანა შეიჭრა მეორეში, ვიდრე ის, თუ რომელმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველმა." (“ევროპა უნდა დადგეს საქართველოს დასაცავად" - ღია წერილი, http://www.guardian.co.uk, 2009 წლის 22 სექტემბერი)
მისიას გაერო-ს წესდებით აღიარებული ძალის აკრძალვის პრინციპის საქართველოს მიერ დარღვევად მიაჩნია ის, რომ სამხრეთ ოსეთის მხრიდან, თუნდაც ინტენსიური სროლის საპასუხოდ, საქართველომ სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებიდან ფართომასშტაბიანი ცეცხლი გახსნა, რა დროსაც კასეტური იარაღი იქნა გამოყენებული. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ იმთავითვე აღიარა ეს ფაქტი, მაგრამ ასაბუთებდა თავის მოქმედებას იმით, რომ ცხინვალში და მიმდებარე რაიონებში რუსეთის რეგულარული და არარეგულარული (ე.წ. “ბოევიკები") ჯარების მასიური იერიში იწყებოდა. (II, პარ. 29) შედარებისთვის გავიხსენოთ, რომ მისიამ დაგმო რუსეთის მცდელობა, დაემალა მის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისას.
რაც შეეხება საქართველოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ მან შეუტია მაშინ, როდესაც "რუსეთის რეგულარული ჯარების მასიური იერიში იწყებოდა, მისიამ ვერ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, თუმცა აქვე აღნიშნა: “არ არის გამორიცხული, რომ გამოიკვეთოს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა ადასტურებენ რუსეთის ჯარისკაცების საქართველოში ყოფნას 2008 წლის 7 აგვისტომდე" (II, გვ.254).
ამგვარად, ყველაფერი დაყვანილ იქნა რუსეთის რეგულარული ძალების სამხრეთ ოსეთში შემოდინების და შტურმის დაწყების შესახებ ფაქტების უქონლობამდე.
რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენცია და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, დღეს დიპლომატიური, პოლიტიკური და, რაც მთავარია, საერთაშორისო სამართლის სწორი ინტერპრეტაციისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. როგორც აღვნიშნე, დასავლეთის და თვით რუსეთის ყველა ექსპერტი არგუმენტირებულად აკრიტიკებს ჰ. ტალიავინის მისიის მოხსენებას მისი პრორუსული ტენდენციის გამო. ისინი უკომპრომისოდ იცავენ საქართველოს სიმართლეს და აკრიტიკებენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. საქართველოში კი ირაზმებიან ცრუ ექსპერტები, რომლებიც თუთიყუშებივით იმეორებენ მოხსენების სადავო დებულებებს და აქცენტი გადააქვთ სწორედ საქართველოს დანაშაულებზე, თუმცა მოხსენებაში უხვად არის ჩამოყალიბებული რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად აგრესიული ქმედებების ნუსხა. მე უკვე გავაცანი საზოგადოებას ის პრინციპული განსხვავება, რომელიც არსებობს "აგრესიასა" და "პრევენციულ სელფ-დეფენსს" შორის (გაზეთი "კვირის პალიტრა" 5-11, 2009 წელი), ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. ბ. სავანელი და მისი მსგავსი ადამიანები, ნებსით თუ უნებლიედ, წყალს ასხამენ ოკუპანტთა წისქვილზე, რამაც გამოუსწორებელ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ჭეშმარიტად, უტიფარი უვიცი ტანკზე საშიშია. აქვე აღსანიშნავია, რომ იგივე ჰ. ტალიავინმა, როგორც მოხსენებაში, ასევე მოხსენების პრეზენტაციის დროს, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად ჩაერთონ დიდი და პატარა კონფლიქტების მოწესრიგებაში და არ დაუშვან დიდი სახელმწიფოების მიერ პატარა სახელმწიფოების დაშინება. (I, პარ. 36; მოხსენების პრეზენტაცია, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 30 სექტემბერს)
ცნობილია, რომ კოლაბორაციონისტები ("კოლაბორაციონიზმი" ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს თანამშრომლობას) ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ოკუპირებულ საფრანგეთში ოკუპანტ გერმანელებთან თანამშრომლობდნენ. ომის დამთავრების შემდეგ, ვინც გადაურჩა პარტიზანების რისხვას, დაპატიმრებულ და გასამართლებულ იქნენ. მათ ხელმძღვანელს, მარიონეტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრ პეტენს, საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ 1945 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ეს ამბავი გამახსენდა, როდესაც აღმაშფოთებელი მოვლენის მოწმე გავხდი - ჯირითი, რომელიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გამართა "მოსკოველი ხონთქრის" კარვისკენ ხელისუფლების შეცვლისათვის ბრძოლაში დახმარების მოსაპოვებლად (ისინი ხომ ამას არც მალავენ). მაგრამ ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს უნდა ახსოვდეთ, რომ "კარავში" შეღწევა შესაძლებელია მხოლოდ "ქედმოხრილად" და ძღვენით სავსე ხელებით.
რუსეთის დიპლომატია ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აქტიურად იყენებს ყოველ ნათქვამს, რომელიც "ათეთრებს" მის ქმედებებს. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ერთ დღეს პუტინი გამოგვეცხადება და მთხოვნელებს ფეხებთან დაუდებს სეპარატისტების თავებით სავსე ხურჯინს, მწარედ ცდება. "მოსკოველი ხონთქარი" ტანკზე ამხედრებული ჩამოვა, რათა დაამთავროს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში ვერ დაასრულა, მახსენდება ჩემი მეგობრის, აკაკი ბაქრაძის სინანულით ნათქვამი სიტყვები: "საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოველთვის შიდა ქიშპის მსხვერპლი იყო".
რუსეთის იმპერია ისევე, როგორც ირანი და ოსმალეთი, სწორედ შიდა ქიშპის ფაქტორს იყენებდნენ საქართველოს ნაწილ-ნაწილ ხელში ჩაგდებისათვის. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად შეძლო რუსეთმა "საქართველოების" შესუსტება და მათი ანექსია. ამისათვის რუსეთი არც საქართველოს ღალატს ერიდებოდა. გავიხსენოთ, თუნდაც, 1895 წელს აღა-მახმად-ხანის შემოსევა ერეკლე მეორის მიერ რუსეთთან "გეორგიევსკის ტრაქტატის" დადების გამო დასასჯელად. მაშინ რუსეთმა თავი აარიდა საქართველოს შეიარაღებული ძალებით დაცვას. 1921 წელს რუსეთის მიერ კი ურჩი, იმ დროისათვის უკვე გაერთიანებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამორჩილება ისევ და ისევ ქვეყნის შიგნით და მოსკოვში მოკალათებული ქართველი პოლიტიკოსების ხელშეწყობით მოხდა.
ნუთუ ეს ისტორიული გაკვეთილები არაფრისმთქმელია?! ნუთუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი პოლიტიკოსების ამბიციებს უნდა შეეწიროს?!
რა აქვთ საერთო პუტინსა და “მისი კარვისკენ მოჯირითე ქართველ პოლიტიკოსებს"? - მხოლოდ ერთი რამ: არსებული ხელისუფლების მიმართ პიროვნული ზიზღი და რევანშიზმი. განსხვავება კი ისაა, რომ პუტინს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ჩვენი ქვეყნის რუსეთის იმპერიაში დაბრუნება სურს, მის “კარავთან" მოგროვებულ ახალ მოკავშირეებს კი - ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება. მაგრამ დღეს, განსაკუთრებით რონალდ ასმუსის წიგნის - “მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო" - გათვალისწინებით ბევრ მოვლენას ნათელი ეფინება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო იძულებული იყო, დაეცვა თავი და პრევენციული თავდაცვისათვის მიემართა, რათა შეეჩერებინა რუსეთის და მისი მარიონეტების შემოსევა. რაც მან შეძლო კიდეც: ორ დღეში დასავლეთი “გამოფხიზლდა" და “შეუტია" რუსეთს, თუმცა მხოლოდ დიპლომატიით, ისიც არაპროფესიულ დონეზე. სინამდვილეში, “ურდოების" შეჩერება მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდა ჯარის თავგანწირულმა ბრძოლამ შეძლო; აგრეთვე - ქართველი ხალხის ერთსულოვანმა პროტესტმა - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად გამართულმა მილიონნახევარიანმა დემონსტრაციამ რუსეთს გაუქარწყლა მოლოდინი, რომ მას თბილისში ყვავილებით შეხვდებოდნენ.
ლევან ალექსიძე