ტექნოლგიამ შესაძლოა, ერთმანეთს დაგვაკავშიროს, მაგრამ უქონელნი მაინც უკან რჩებიან.
24 საათი 02.02.10

ტექნოლგიამ შესაძლოა, ერთმანეთს დაგვაკავშიროს, მაგრამ უქონელნი მაინც უკან რჩებიან.
ქალაქი ჰო ში მინი
ვიეტნამში ვიმყოფებოდი, მაგრამ, ისეთივე წარმატებით შეიძლებოდა ნებისმიერ სხვა განვითარებად სახელმწიფოშიც აღმოვჩენილიყავი. ჰაერის კონდიციონერით აღჭურვილი Starbucks-ის მსგავსი კაფე Highlands-დან გამოვედი. ამ კაფეში ყავა ლატეს სხვადასხვა სახეობასა და ქლაბ-სენდვიჩებს ყიდიან. გამოვედი და… მშრომელი სამყაროს ტალახში აღმოვჩნდი.
გზისპირა ყავის დახლთან პლასტმასის დაბალ სკამზე ჩამოვჯექი. პლასტმასის მაგიდებს ქვეშ ქათმები გაბღენძილნი მიმოდიოდნენ. უცნობმა ქალბატონმა სიგარეტის ნამწვავები არხში ჩაგავა. ქათმებს ამ ქალბატონის მიერ ამ არხში ახლახანს გადაყრილი ნარჩენებიც ელოდნენ.
თეთრი პერანგებითა და წითელი ჰალსტუხებით გამორჩეულმა ტაქსის მძღოლებმა მანქანები იქვე გააჩერეს, რათა ტკბილი ნაზავი ეყიდათ, რომელიც შედედებული რძის ძლიერ ყავასთან შერევით კეთდება. დიდი მხიარულება სდევდა თან ტვირთით ისედაც დამძიმებული მოტო-სკუტერზე ძაღლის აყვანას. მოტოციკლი დაიძრა და თავისი წილი წკმუტუნი შემატა ვიეტნამის ორთვლიან კაკაფონიას, რომელშიც, იმ მომენტისთვის ყვავილების უზარმაზარი თაიგულით მორთული ბაიკერიც მონაწილეობდა: პრინციპში, - გავიფიქრე, - სატვირთო მანქანას თუ შეუვარდება, შესაფერისად დაკრძალავენ.
ააჰ, - ამოვიოხრე, - რეალური სამყარო. სიღარიბე რეალურია, ის ფართოდაა გავრცელებული და რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად არ შეესაბამება მომაჯადოებელ არომატთა გამზირებზე განთავსებულ მოდურ, მბრწყინავ და ბრენდებით სავსე სავაჭრო ცენტრებს, სადაც საყიდლებზე მხოლოდ ფულიანი ხალხი დადის. მაგრამ რა თქმა უნდა, შან-ჰაიდან სან პაულომდე გადაჭიმული სიმდიდრის ეს გრანდიოზული ატრიუმები, იმ ქაოსზე არანაკლებ "რეალურია", რომლიდანაც ისინი წარმოიშვნენ. თუკი ბრძოლასა და მუხლჩაუხრელ შრომას რეალურს ვუწოდებთ, ხოლო საყიდლებზე დაცემამდე სიარულის მოზღვავებას ხელოვნურობას ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ საჭირო სიტყვები არ გვყოფნის.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კონტრასტი ხშირად სულისშემძვრელია: დანგრევის პირას მყოფი ქოხმახი ხუთვარსკვლავიანი სანაპირო კურორტის გვერდით; უზარმაზარი ვილა (რომელიც უძრავი ქონების კომპანია Sotheby’s International Real Estate-ის მიერ იყიდება) ჯურღმულის გვერდით; ფეშენებელური საცხოვრებელი რაიონები პლებეების გვერდით; ბრენდების ნაწარმით სავსე უნივერსალური მაღაზია, სადაც უხეშ ნაკვთებიანი სახეების მქონე გლეხები სალათის ფურცლების შეკვრას, ან ციმბოპოგონის კონას გთავაზობენ. ეკონომისტები ამ მოვლენას "ანკლავურ განვითარებას" უწოდებენ. მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს ანკლავების მათ გარემოსთან დაკავშირება? როგორ უნდა გავრცელდეს სიმდიდრე?
ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია. ტექნოლოგიამ და კაპიტალის მუდმივმა მოძრაობამ ძალაუფლებითა და სიმდიდრით ცოტა ადამიანი აღჭურვა. გლობალიზაციის ტალღებს ზევიდან იახტები კი მოექცნენ, მაგრამ ამას პატარა კარპაჭები ხშირად, ვერ ახერხებენ. მე-19 საუკუნეში განვითარებული სწრაფი ინდუსტრიალიზაციის საპასუხოდ, მშრომელთა პროფკავშირები შეიქმნა, რომლებიც, დროთა განმავლობაში, შეღავათების გავრცელების ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა. მაგრამ, როგორც 2008 წლის დიდმა ფინანსურმა კატასტროფამ აჩვენა, 21-ე საუკუნეში მიმდინარე სწრაფი ინდუსტრიალიზაცია მიდრეკილია გაექცეს ყველა სახის ორგანიზებულ კონტროლს, ან “ჩენელინგს” - პასუხისმგებლობის ერთ მხარეზე დაკისრებას. ეროვნულ პროფკავშირებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეროვნული მთავრობები გლობალიზებულ ძალებზე სუსტნი არიან. სოციალ-დემოკრატიამ თავისი ალტერნატიული დანახარჯებით, გავლენიანობა ინდივიდუალიზმს დაუთმო.
მაგრამ, რა თქმა უნდა, სურათი მთლიანად ბნელი არ არის. აზიაში ასობით მილიონმა ადამიანმა დასძლია უკიდურესი სიღარიბე ეკონომიკაში საერთაშორისო კაპიტალის სასიცოცხლო შეშვების შედეგად. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩინეთიდან აფრიკამდე - ძალ-ღონეს არ იშურებენ მოქალაქეთა თვითშეგნების ასამაღლებლად მათი შრომითი უფლებების, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ქალთა უფლებების საკითხებში. ტექნოლოგიამ, გახსნილობის განსახიერებამ, შეზღუდა მთავრობათა უნარი რეპრესიები მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი სისასტიკით განეხორციელებინათ. მათ ნებადართულსა და დაუშვებელს შორის ხაზის გავლების საკითხში მეტი სიფრთხილის გამოჩენა უწევთ.
და მაინც, გაოგნებული ვარ, თუ რამდენად ასიმეტრიულია მსოფლიო. შრომასა და ანაზღაურებას შორის კავშირი დარღვეულია. საოცრად ბევრი ფული საოცრად სწრაფად კეთდება ფარული გარიგებების მეშვეობით, რომლებიც უკონტროლო გლობალურ საფინანსო გარემოში აგრერიგად ყვავის. პრეზიდენტმა ობამამ შესაძლოა, გაილაშქროს გაუმაძღარი ბანკების წინააღმდეგ, დასავლელ პოლიტიკოსებს კი შეუძლიათ უფრო მკაცრი რეგულირების აღთქმა დადონ, მაგრამ ძალები, რომელთაც ისინი ებრძვიან, როგორც ჩანს, მათზე ძლიერნი არიან. ჩინეთი, რომელიც გარკვეულწილად, 21-ე საუკუნის სინონიმი გახდა, იმის მაგალითია, თუ როგორ იღებენ შეძლებულნი შეღავათიან გარიგებებს, უქონელნი კი წელებზე ფეხს იდგამენ.
ტექნოლოგიით შეკავშირებულნი, მაგრამ ანკლავებში გაფანტულნი განვაგრძობთ ქროლვას გარდაუვალი მომავლისკენ, რომლის ფორმის წარმოდგენაც კი მიჭირს.
როჯერ კოენი
როჯერ კოენი