სლოვენიაში მიაგნეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მასობრივ სამარხს.
24 საათი 09.09.10
სლოვენიაში მიაგნეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მასობრივ სამარხს.
ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელ მარკო სტროვესის ინფორმაციით, სოფელ პრევალის მახლობლად მდებარე 20 მეტრის სიგრძის თხრილში, დაახლოებით, 700 ქალისა და მამაკაცის სხეულის ნარჩენები აღმოაჩინეს.
ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთით, პრევალის ტყეში განხორციელებული მასობრივი მკვლელობის შესახებ ათეულობით წლის განმავლობაში საუბრობდნენ. ასეთი ინფორმაციის წყარო იყო მოზარდი, რომელიც, როგორც ამტკიცებდა, ხის უკან დამალული ადევნებდა თვალს მკვლელობას. სამარხი გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული მეწყერის შემდეგ გამოჩნდა. მკვლევარები უკვე პრევალში იმყოფებიან.
გვამების ზოგიერთ ფრაგმენტს ცეცხლსასროლი იარაღითა და ბასრი საგნებით მიყენებული დაზიანება აღენიშნება. როგორც წინასწარმა შესწავლამ აჩვენა, ბევრ გარდაცვლილს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული.
მარკო სტროვესის თქმით, სამარხში აღმოჩენილი ფეხსაცმელები მოწმობს, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი სამოქალაქო პირი იყო. გვამების ექსჰუმაცია პროკურორის ოფიციალური ნებართვის შემდეგ მოხდება. მასობრივი სამარხის შემსწავლელ საგანგებო სახელმწიფო კომისიას მარკ სტროვესი ხელმძღვანელობს.
მკვლევართა ვარაუდით, ეს იმ ადგილობრივი მცხოვრებლების ცხედრებია, რომლებსაც კომუნისტები მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გაუსწორდნენ. იმ პერიოდში, იუგოსლავიაში, კოლაბორაციონიზმის ბრალდებით ბევრი ადამიანი დახოცეს, თუმცა მათი უმეტესობა უდანაშაულო იყო.
ყოფილი იუგოსლავიის ხელისუფლება მასობრივი მკვლელობების ფაქტის უარყოფას ან მათი მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდა. ამ ადგილებში ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მასობრივი სამარხი იპოვეს.