მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არ შედგა, ამის მიზეზი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა გახდა.
24 საათი 07.09.10

მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არ შედგა, ამის მიზეზი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა გახდა.
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მოლდოვას პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. 2001 წლიდან დღემდე ქვეყნის ლიდერის პოსტს მმართველი "კომუნისტური პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ვორონინი შეუცვლელად იკავებდა.
თუმცა გასული წლის გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებზე "კომუნისტებმა" მარცხი განიცადეს. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ თავდაპირველად "კომპარტიის" მორიგი გამარჯვება გამოცხადდა, რასაც კიშინიოვში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. შემდეგ "კომუნისტებს" პრეზიდენტის ასარჩევად მანდატები არ ეყოთ და ხელმეორე არჩევნები ზაფხულისთვის დაინიშნა.
ქვეყნის სათავეში ლიბერალური ძალები მოვიდნენ და ალიანსი "ევროპული ინტეგრაციისათვის" ჩამოაყალიბეს. ალიანსს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ ჩაუდგა სათავეში.
პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტის მრავალი მცდელობის მიუხედავად, 2009 წლის აპრილიდან დღემდე ქვეყანა პრაქტიკულად ლიდერის გარეშე ცხოვრობს. ვერც ახალმა მმართველმა ძალამ შეძლო თავისი კანდიდატის მხარდასაჭერად პარლამენტართა სამი მეხუთედის მოგროვება - მოქმედი კანონმდებლობით, სწორედ ამდენი დეპუტატის ხმაა საჭირო პრეზიდენტის ასარჩევად. "კომუნისტები" საკანონმდებლო ორგანოში კვლავინდებურად ბევრ ადგილს იკავებენ. თუმცა კანონის თანახმად, ერთ წელიწადში არჩევნების დანიშვნა მხოლოდ ორჯერ შეიძლება
რეფერენდუმზე მოლდოვას მოსახლეობას შესთავაზეს, მხარი დაეჭირათ ან უარი ეთქვათ პრეზიდენტის არჩევის ახალი სისტემისთვის - საყოველთაო ხმის მიცემისთვის.
თუმცა რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 30 პროცენტზე ოდნავ მეტი შეადგინა. მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იური ჩოკანის თქმით, რეფერენდუმი იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მასზე ამომრჩეველთა, სულ მცირე, 33 პროცენტი გამოცხადდებოდა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის საერთო კენჭისყრის წესით არჩევის საკითხი რეფერენდუმზე უახლოესი 2 წლის განმავლობაში ვეღარ გავა.
"ასეთი შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა იგი საჩვენებელი გახდა დემოკრატიული პარტიებისთვის," - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა.
"კომუნისტები", რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი უდგათ სათავეში, მოსახლეობას რეფერენდუმის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ფილატის თქმით, მხოლოდ ეს არ ყოფილა რეფერენდუმის ჩავარდნის მიზეზი. მისი განცხადებით, სერიოზული როლი თავად ალიანსში არსებულმა განხეთქილებამაც ითამაშა.
ექსპერტთა ვარაუდით, რეფერენდუმის ჩავარდნას შესაძლოა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოჰყვეს. თუმცა მისი წარმატება და მოლდოვას "ნახევრად საპრეზიდენტო" რესპუბლიკად ქცევა შესაძლოა, თავად პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის განხეთქილების მიზეზი გამხდარიყო.
არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი, საერთო ჯამში, ყველგან მშვიდობიანად ჩატარდა - მოლდოვასა და დნესტრისპირეთის სასზღვრო რეგიონების გარდა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, "კომუნისტების", დაახლოებით, 400-მა მომხრემ სოფელ კორჟევოს რაიონში ცოცხალი კედელი გააკეთეს და ამომრჩეველს უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევნენ. ოფიციალური კიშინიოვი ვარაუდით, ამ ინციდენტის უკან ტირასპოლის სეპარატისტი პოლიტიკოსები დგანან.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის უუნარობა ქვეყნის ახალი მმართველი ძალისთვის, რომელიც მოლდოვას ევროკავშირში შესვლას უჭერს მხარს, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგში შესაძლოა, დიდ მინუსად იქცეს.