ხუთშაბათ საღამოს სამარის ოლქში, ქალაქ ტოლიატთან გაჩენილმა ხანძარმა ტყის დიდი მასივი მოიცვა.
24 საათი 04.09.10

ხუთშაბათ საღამოს სამარის ოლქში, ქალაქ ტოლიატთან გაჩენილმა ხანძარმა ტყის დიდი მასივი მოიცვა.
ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. "ცეცხლი დიდ ფართობზეა გავრცელებული. სიტუაცია საშიშია. ამის გამო კვლავ გადავწყვიტე ქალაქის მასშტაბით საგანგებო სიტუაციის გამოცხადება," - განაცხადა ტოლიატის მერმა ანატოლი პუშკოვმა.
ტოლიატში ხანძარი 200 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა. კვამლის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, გზის ნაწილი ჩაეკეტა და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ზელიონოვკას დასახლებაში ცეცხლის ჩასაქრობად ყაზანიდან ვერტმფრენები გამოეძახებინა.
წინასწარი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მოკლე ჩართვა ტყეში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება პარასკევ დილას მოხერხდა. ცეცხლს 900 ადამიანი აქრობდა.
მანამდე გამოცხადებული საგანგებო სიტუაცია მხოლოდ 1 სექტემბერს მოიხსნა. ამ ზაფხულს რუსეთის ევროპულ ნაწილში ხანძარი მრავალ ადგილზე გაჩნდა, რასაც გვალვამაც შეუწყო ხელი.
ხუთშაბათს ვოლგოგრადში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 500 შენობა დაზიანდა - მათ შორის 380 საცხოვრებელი სახლი. 957 ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ვოლგოგრადისა და სარატოვის დასახმარებლად 1 მილიარდი რუბლის გამოყოფის ბრძანება გასცა. თანხა, ძირითადად, დაზარალებული სახლების აღდგენაზე დაიხარჯება. თითო მილიონი რუბლი დაღუპულთა ოჯახებს გადაეცემათ.
ხანძრის მიზეზად დაუდევრობას ასახელებენ. პარასკევ დილას არსებული მონაცემებით, ვოლგოგრადის ოლქში 20 კერიდან 15-ის ჩაქრობა მოხერხდა.
პუტინმა ხუთშაბათს საგანგებო სიტუაციების მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მინისტრს ხანძრის რაც შეიძლება სწრაფად ლიკვიდაცია დაავალა.