ბაქოში დმიტრი მედვედევის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა.
24 საათი 04.09.10

ბაქოში დმიტრი მედვედევის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა.
მედვედევი ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
ვიზიტის მთავარი საჯარო შედეგია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმება.
დოკუმენტს შეხვედრის დასრულებისთანავე მოეწერა ხელი. შეთანხმებასთან ერთად ხელი მოეწერა დამატებას, რომელშიც საზღვარია აღწერილი.
რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მომზადებაში პრეზიდენტები უშუალოდ მონაწილეობდნენ. დოკუმენტში აღწერილია ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლი, მდინარე სამურზე მდებარე ხიდის გამოყენების წესი და სამურის წყლების დაცვისა და რაციონალური გამოყენების ვალდებულება.
ვიზიტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი მათგანია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაზის საკითხზე შეთანხმება.
რუსეთი დიდი ხანია, დაინტრესებულია აზერბაიჯანული გაზით, კონკრეტულად კი იმით, რომ ოფიციალურმა ბაქომ უარი თქვას პროექტ "ნაბუკოში" მონაწილეობაზე და რუსეთში გაზის ექსპორტი გაზარდოს.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევი ორივე პროექტის მიმართ გამოხატავს ინტერესს. თუმცა გაზის სფეროში რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობამ უკვე ერთი ნაბიჯით წაიწია. მედვედევის ვიზიტის დროს აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის კომპანია და რუსული "გაზპრომი" შეთანხმდნენ, რომ ოფიციალური ბაქო "გაზპრომს" 2011-2012 წლებში მეტი მოცულობის გაზს მიაწვდის.
პრეზიდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მთიანი ყარაბაღის პრობლემას. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დმიტრი მედვედევს ამ საკითხის და ასევე რუსეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დასმულ მწვავე კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა.
დიმიტრი მედვედევი ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც მხარეებმა სომხეთში ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის მოქმედების ვადის გაზრდის შესახებ მიაღწიეს შეთანხმებას. დმიტრი მედვედევის ბაქოში ჩასვლის შემდეგ კი ოფიციალურმა ერევანმა განაცხადა, რომ მედვედევის ერევანში ვიზიტს ბაქოს ვიზიტზე უფრო მაღალი სტატუსი და მნიშვნელობა ჰქონდა.
თუმცა, თავად დმიტრი მედვედევმა შენიშნა, რომ ბაზისთვის ვადის გაგრძელება გადამეტებულად არ უნდა შეფასდეს. "ბაზა იმისთვის არსებობს, რომ მშვიდობა და წესრიგი უზრუნველყოს და რეგიონში სტაბილურობა შეინარჩუნოს," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მედვედევმა კვლავ გაიმეორა ყბადაღებული ფრაზა, რომ ის ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო ინტენსიურ დიალოგს უჭერს მხარს და რომ რუსეთი მზად არის, ამ პროცესს ხელი შეუწყოს.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ილჰამ ალიევმა დმიტრი მედვედევს სამი მართლმადიდებლური ხატი გადასცა, რომლებიც აზერბაიჯანმა კონტრაბანდისტებს ჩამოართვა. მე-20 საუკუნის დასაწყისის ხატები რუსეთის ერთ-ერთი მონასტრიდან არის გატაცებული.
გარდა ამისა, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მედვედევს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს ხარისხი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. კონკრეტულად რომელ დისციპლინაში მისცეს მედვედევს ხარისხი, უცნობია. დღემდე მედვედევს ორი სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა: იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საპატიო დოქტორის.
დმიტრი მედვედევი ბაქოში 2 სექტემბერს ჩავიდა, თუმცა ოფიციალური შეხვედრა მხოლოდ ვიზიტის მეორე დღეს გამართა. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა თავიანთი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.